თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის აპარატის მიმართვა და სასწავლო მასალის ჰომოფობიური შინაარსის მატარებელი ლიტერატურა სხვა შესაბამისი სახელმძღვანელოებით ჩაანაცვლა.
სახალხო დამცველის აპარატმა ფაკულტეტის ადმინისტრაციას მას შემდეგ მიმართა, რაც ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადების საფუძველზე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არჩევითი დისციპლინის „პოლიტიკური კულტურის“ სავალდებულო ლიტერატურა შეისწავლა. „შესწავლამ ცხადჰყო, რომ სასწავლო მასალა ჰომოფობიური შინაარსის შემცველი იყო.“ – აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უმაღლესი განათლების სფეროში საგანმანათლებლო მასალების ადამიანის უფლებების პრინციპებთან შესაბამისობის მიზნით, სასწავლო პროგრამებს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტი შეისწავლის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.
2020 წელს სახალხო დამცველის რეკომენდაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმაც გაითვალისწინა და ორი სასწავლო კურსის მასალის ჰომოფობიური შინაარსის შემცველი სახელმძღვანელოები სხვა ლიტერატურით შეცვალა.
ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან რეკომენდაციების გაზიარება სამომავლოდ კარგ პრეცედენტს შექმნის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სასწავლო მასალების უფლებათა უნივერსალურ პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.