27 ივლისი, შაბათი, 2024

ჰიპოდინამია – რეალური საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის!

spot_img
ლელა კაპანაძე
სსიპ საჩხერის 2 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი

 

 

მოძრაობა – სიცოცხლის ერთ-ერთი უმთავრესი ფორმა. 21 -ე საუკუნეში ტექნოლოგიების განვითარებამ და პროგრესმა  მაქსიმალურად შეამცირა ადამიანების მოძრაობითი აქტივობა. უმოძრაო ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობის დაბალი დონე უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციაზე და ცხოვრების ხარისხზე.

ჰიპოდინამიის სინდრომი (ბერძნ. hypo – ქვევით, დაბლა, dynamis – ძალა) – ორგანიზმის ფუნქციის დარღვევა დაქვეითებული მოძრაობითი აქტიურობის შემთხვევაში,  დამახასიათებელი იმ პირებისათვის, რომლებიც ნაკლებმოძრავ ცხოვრებას ეწევიან – ჩვენი საუკუნის დაავადებად და ტექნიკური პროგრესის თანმხლებ უარყოფით მოვლენად განიხილება.

დღეს ადამიანთა უმრავლესობა დროის უდიდეს ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებს, ფეხით სიარულის ნაცვლად, ავტომობილებით გადაადგილდება. მოძრაობის ნაკლებობა, მუდმივად ჯდომა და წოლა, ზიანს აყენებს არა მხოლოდ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, არამედ გონებრივი შესაძლებლობების შეზღუდვას იწვევს და ქსოვილების სისხლით მომარაგების პროცესსაც აუარესებს.

უმოძრაო ცხოვრების წესის გამო, ადამიანის კუნთები სუსტდება და ატროფირდება კიდეც. კუნთების დასუსტებისა და განლევის შედეგად ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურაც იცვლება და დარღვევები ორგანიზმის სხვა სისტემების მუშაობაშიც ვლინდება. ცენტრალური ნერვული სისტემა კარგავს სათანადო ტონუსს, რადგან ნერვულ-რეფლექტორული კავშირი კუნთებსა და ტვინს შორის მუდმივად ვარჯიშს საჭიროებს. კუნთოვანი მასის დასუსტებისა და ატროფიის შედეგად იზრდება ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობა, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესი, იცვლება ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა, ვითარდება სისუსტე, მოდუნებულობა, ადვილად დაღლა, ჭარბი წონა, დიაბეტი, სიმსივნე, მოხრილობა, ოსტეოქონდროზი და სხვა დაავადებები.

განსაკუთრებით საშიშია ჰიპოდინამია ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში. ის აფერხებს ორგანიზმის ნორმალურად ფორმირებას და უარყოფით გავლენას ახდენს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარებაზე.

ხანგრძლივი ჯდომა, პირველ რიგში, ზურგს და ხერხემალს აზიანებს. თუ მოზარდი დიდხანს ზის, ზურგის მუდმივად სწორ მდგომარეობაში შენარჩუნება უჭირს და ბეჭებში იხრება, რაც დროთა განმავლობაში გამრუდების და სქოლიოზების წარმოქმნას იწვევს. საბოლოოდ, ამას ზურგის ტკივილი, ფეხების ნაწილობრივი (ზოგჯერ სრული) დაბუჟება, სხეულის შინაგანი სისტემების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა მოსდევს.

იმუნიტეტის დაქვეითება და ბევრი დაავადების ქრონიკული მიმდინარეობა ხშირად სწორედ ჰიპოდინამიითაა განპირობებული.

სწორედ ამიტომ, ფიზიკური აღზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დისციპლინაა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ბავშვის როგორც ფიზიკური, ისე კოგნიტური და სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებაში. მოზარდმა დაწყებითი კლასებიდანვე უნდა შეიმეცნოს ფიზიკური აქტივობის აუცილებლობა. გააცნობიეროს, რომ ჯანმრთელობა ნიშნავს არა რომელიმე დაავადების არქონას, არამედ ამ დაავადების თავიდან აცილებას, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვითაა შესაძლებელი. მას უნდა ესმოდეს, რომ ფიზიკური აქტივობა სიცოცხლის გახანგრძლივების საწინდარია. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებზე შეძენილი ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები მოსწავლეებს მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გაჰყვეთ, რაც მყარი საფუძველი იქნება იმისა, რომ ისინი აქტიური და შრომისუნარიანი მოქალაქეები გახდნენ.

მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა საშუალებას იძლევა, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ხალისიანმა და შედეგიანმა გაკვეთილებმა დაარწმუნოს მოსწავლეები საკუთარი ფიზიკური უნარების ამაღლების შესაძლებლობასა და აუცილებლობაში, ხელი შეუწყოს მათ თვითდამკვიდრებას. ფიზიკური ვარჯიშების მრავალფეროვნება ვაჟებსა და გოგონებს თანაბრად აძლევს საშუალებას, გამოავლინონ და განავითარონ თავიანთი ფიზიკური უნარ-ჩვევები.

რეგულარული ფიზიკური აქტივობა ეხმარება ბავშვის ჩონჩხისა და კუნთოვანი სისტემის ჩამოყალიბებას, უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულაციას, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის სრულყოფას, აჯანსაღებს და აკაჟებს ორგანიზმს, ამცირებს მრავალი საშიში, ქრონიკული დაავადების განვითარების რისკებს (დიაბეტი, ჭარბი წონა, კიბო, მაღალი არტერიული წნევა და სხვ.) არა მხოლოდ ბავშვობის, არამედ მოზრდილობის ასაკშიც და საუკეთესო საშუალებაა მავნე ჩვევების პრევენციისთვის. ფიზიკური აღზრდა ხელს უწყობს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებსაც ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე იყენებს.

მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტით დადასტურებულია, რომ ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია არა იმდენად დატვირთვა, რამდენადაც რეგულარობა. ჯანმრთელობისთვის სრულებითაც არ არის აუცილებელი ძალისმიერი ვარჯიშები, ფიტნეს კლუბში ან საცურაო აუზზე სიარული, საკმარისია, დღეში ნახევარი საათით მაინც, სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული.

ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან არიდება მარტივი რჩევების გათვალისწინებითაა შესაძლებელი. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა მნიშვნელოვანია ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელი, იმოძრავეთ მეტი, რეგულარულად იარეთ ფეხით, შეასრულეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები, იცეკვეთ ან მისდიეთ სპორტის ამა თუ იმ სახეობას.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები