4 ოქტომბერი, სამშაბათი, 2022

ჰანგების სამფლობელოში

spot_img

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციამ (საპატიო თავმჯდომარე – ვანო ნატროშვილი, თანათავმჯდომარე – ნანა ჭიჭინაძე), მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვედრა მოუწყო. მათ ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს ამავე ასოციაციის გამგეობის წევრებმა: გაზეთ „შირაქის“ მთავარმა რედაქტორმა, საქართველოს მასშტაბით გამოვლენილმა 2020 წლის საუკეთესო ადამიანმა, ინგა შიოლაშვილმა და ასევე საქართველოს მასშტაბით გამოვლენილმა, 2015 წლის `საუკუნის ლეგენდის~ ტიტულის მფლობელმა, გაზეთ „შირაქის“ პასუხისმგებელმა რედაქტორმა, ნაირა გორაშვილმა.

პედაგოგებს თბილი სიტყვებით მიმართა დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სპეციალისტმა, თამარ ჯავაშვილმა: სკოლა და მასწავლებელი განუყოფელია ერთმანეთისგან. დიახ, დღეს თქვენი დღეა, პატივცემულო მასწავლებლებო. ვის არ გაჰყოლია ცხოვრების საგზლად თქვენი გულის სითბო და მადლიანი ღიმილი.

 სკოლამ გამოგვატარა იაენძელებით მოჩითული ველმინდორი და მიგვიყვანა მთის ძირამდე, იმ მთის წვერზე კი ნატვრისთვალია, იმ თვალის აღება მოსწავლის ჯერია და ეს ყველამ უნდა შეძლოს. მასწავლებელი აცისკროვნებს ყველაფერს, რასაც კი მისი მადლიანი ხელი შეხებია. იგი წყაროა სიკეთისა და სიხარულისა. აქვე მოვიშველიებ იოსებ ნონეშვილის უკვდავ სტრიქონებს მასწავლებელზე:

„…ქვეყნად არც ერთი ბრძენი არ იყო,

მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა…“

 მიკროპედიატრმა, მარინა ხარაშვილმა, მუნიციპალიტეტის სამედიცინო პერსონალის სახელით, პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

მწიგნობართა ასოციაციის თანათავმჯდომარე, შეხვედრის ორგანიზატორი ნანა ჭიჭინაძე: ძვირფასო მასწავლებლებო! 2019 წლის 5 ივნისს, დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლის საკონცერტო დარბაზში, სპეციალურად თქვენთვის, გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ლიანა კალმახელიძე, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და კომპოზიტორთა კავშირის ტრიო. დღევანდელ შეხვედრაზეც მოწვეული გვყავდა ოპერის სოლისტი მაყვალა ასპანიძე, რომელმაც მიმდინარე რეპეტიციების გამო, ჩამოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ მიგიწვიათ 7 ნომბერს, ოპერის თეატრში, პრემიერაზეჯუზეპე ვერდისბედის ძალა“. წინ დიდი სიამოვნება გელით.“

ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრას ფონად გასდევდა დედოფლისწყაროს ხელოვნების სკოლის ცნობილი პედაგოგის, ნინო ნიკვაშვილის მიერ შესრულებული ქალაქური სიმღერები, გიტარის თანხლებით. „კართან მოდგა შემოდგომა“ – ამ სიმღერას, ნინოსთან ერთად, ყველა პედაგოგი მღეროდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ნინო ნიკვაშვილის უნიკალურ ხმას ჰარმონიულად ერწყმოდა ციცინო ჩაფიაშვილისა და ციცინო ჯანიაშვილის გულში ჩამწვდომი ხმები.

…პრემიერის დღეც დადგა. ჯუზეპე ვერდის ოპერის „ბედის ძალა“ დამდგმელი დირიჟორი გახლდათ ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი, სცენოგრაფი, კოსტიუმების მხატვარი – სტეფანო პოდა; 7 ნოემბერს მთავარ პარტიებს მღეროდნენ: მარკიზი – გიორგი გოდერძიშვილი, დონა ლეონორა – მაყვალა ასპანიძე, დონ კარლო დი ვარგასი – სულხან გველესიანი, დონ ალვარო – კონსტანტინე ყიფიანი, კურა – მანანა იორდანიშვილი, პრეციოზილა – ირინა შერაზადაშვილი და სხვ.

მთავარი პარტიების თითოეული შემსრულებელი გამოირჩეოდა უმაღლესი პროფესიონალიზმით, მათი საოცარი, ულამაზესი ხმები მსოფლიოს ნებისმიერ სცენას დაამშვენებენ. გამორჩეული იყო, ასევე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი, ორკესტრი და საბალეტო დასი, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვით უნიჭიერეს დირიჟორს, ზაზა აზმაიფარაშვილსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, ბადრი მაისურაძეს.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ, სახელდახელოდ ვთხოვე კომენტარი ღვაწლმოსილ პედაგოგებს:

ნანული ნატროშვილი, ისტორიკოსი: „ჩვენი საუკუნე მდიდარია საშემსრულებლო ტალანტებით, მაგრამ ის, რისი მოწმენიც აქ გავხდით, მართლაც გასაოცარია. უმაღლესი, მსოფლიო კლასის ხელოვნება გამოამჟღავნა უმშვენიერესმა სოპრანომ, მაყვალა ასპანიძემ, რომელიც ნანა ჭიჭინაძის შვილობილია.“

ციცინო ჩაფიაშვილი: დიდი ხანია ოპერაში არ ვყოფილვარ. ბრწყინვალე წარმოდგენა იყო. მაყვალა ასპანიძის არტისტული საშემსრულებლო მანერით მოვიხიბლე, ბრწყინვალე, არაჩვეულებრივი ხმა, ალბათ ვერდი ამ ოპერას რომ წერდა, მას გულისხმობდა…“

 ციცინო ჯანიაშვილი: მაყვალა ასპანიძე, დღესდღეობით, უმაღლესი კლასის დრამატული სოპრანოა, ეს არის მომღერალი, რომლის ღვთაებრივი ხმა აღაფრთოვანებს მსმენელს.“

 ციალა გოგილაშვილი, ფილოლოგი: მაყვალა ასპანიძის ხმამ სრულიად მომნუსხა და მომაჯადოვა. იგი საოპერო ხელოვნების სამკაულია. დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს საოპერო სცენაზე სულხან გველესიანმა, ირინა შერაზადაშვილმა, ლეგი იმედაშვილმა, მანანა იორდანიშვილმა და, რასაკვირველია, კონსტანტინე ყიფიანმა. არასოდეს დამავიწყდება დონა ლეონორას და დონ ალვაროსმაყვალა ასპანიძისა და კონსტანტინე ყიფიანისფინალური სცენა. სპექტაკლს უდიდეს ხიბლს მატებდა სტეფანო პოდას სცენოგრაფია და კოსტიუმების სილამაზე, დიდი მაესტროს, ზაზა აზმაიფარაშვილის მაღალი საორკესტრო აზროვნება და მასშტაბურობა.“

 მარიკა პოპიაშვილი

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები