27 ივლისი, შაბათი, 2024

ჯილდო, როგორც საკუთარი პროფესიონალიზმის აღმოჩენისა და ახალი შესაძლებლობების ფანჯარა

spot_img

2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე ნომინირების და აპლიკაციის წარდგენის პერიოდი დაიწყო. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება 4 აპრილიდან 13 მაისის, ხოლო აპლიკაციების მიღება 4 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

წლევანდელი ჯილდოს კამპანია საზეიმო ღონისძიების გარეშე და შედარებით გვიან დაიწყო. მიზეზი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გახდა.

უპირველეს ყოვლისა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან თავისი ქვეყნისთვის და თავისუფლების იდეის ერთგულების საოცარ მაგალითს იძლევიან, – განაცხადა  განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ, ირინა ხანთაძემ, –  გვინდოდა, მორალური მხარდაჭერა გამოგვეხტა ჩვენი კოლეგებისთვის – „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის“ უკრაინაში და ამ უსამართლო ომში მათ გვერდში, შორიდან მაინც, ვყოფილიყავით. ამის გამო, წელს, ცოტა გვიან გადავწყვიტეთ და ფორმალურად გავხსენით კამპანია. ვფიქრობთ, აბსოლუტურად მისაღები და გასაგები იქნება ეს ჩვენი მასწავლებლებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გულშემატკივრობენ კონკურსს.

არსებულ ვითარებაში კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ განათლება მნიშვნელოვანი იარაღია თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლაში.

ძლიერ საზოგადოებას განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული ადამიანები ქმნიან, ხოლო განათლების ერთერთი მთავარი ღერძი სკოლა და მასწავლებელია. გვინდა ეს გზავნილი კიდევ უფრო გავაძლიეროთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი კამპანიის ფარგლებში“.

რაც შეეხება ცვლილებებს, წელს, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი, ჯილდოს ფარგლებში, მოზარდებთან და ახალგაზრდებთან მიმართებით გაკეთდება და ამ მიმართულებით, ჯილდოს ორგანიზატორები გარკვეულ სიახლესაც შესთავაზებენ კამპანიის მიმდევრებსა და დაინტერესებულ პირებს.

ირინა ხანთაძე: „ჩვენი სურვილია, მეტი კომუნიკაცია გვქონდეს ახალგაზრდებთან და მოზარდებთან. ამ მიმართულებით, ცალკე ვაწარმოებთ სპეციფიკურ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც, ვეცდებით მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზებას და განათლების იდეის მხარდაჭერაში ახალგაზრდებისა და მოზარდების აქტიურად ჩართვას. კონკრეტულად, ეს კამპანია ცოტა მოგვიანებით, მაისში დაიწყება, მას შემდეგ, რაც აპლიკაციების შეტანის ვადა ამოიწურება. გვინდა, შემდგომი პერიოდი, მთელი ზაფხულის განმავლობაში, ძალიან აქტიური კამპანია ვაწარმოოთ ამ მიმართულებით – დავაინტერესოთ, მოვიზიდოთ მოზარდები და ახალგაზრდები და გვერდით დავიყენოთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალიც ისინი არიან და ამ პროფესიის მომავალ განვითარებაზეც სწორედ მათ უნდა იზრუნონ. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოების ამ ნაწილში გავზარდოთ ცნობიერება როგორც პროფესიის მნიშვნელობის, ისე, ზოგადად, განათლების მნიშვნელობის შესახებ. ეს აქცენტი იმითაც არის განპირობებული, რომ პანდემიის პირობებში ჩვენი ბავშვები ძალიან დაიჩაგრნენ, მათ ჩვეული ცხოვრების რიტმისა და ჩვევების დათმობა მოუწიათ, გარკვეული პერიოდი იზოლაციაში იმყოფებოდნენ. დისტანციური სწავლების პროცესი (რომელიც თავისთავად იმდენად ეფექტიანი არ არის) რიგ დისტანცირებას და იზოლაციას იწვევს როგორც სასწავლო პროცესების მიმართ, ისე თანატოლებთან ურთიერთობისას. რეალურად, ახალგაზრდებს, მოსწავლეებს ურთიერთობის დეფიციტიც ჰქონდათ. ამიტომ გვინდა, ჩვენი კამპანიით ახალგაზრდებთან მიმართებაში, რომელიც ჯილდოს ფარგლებში ჩატარდება, წავახალისოთ ისინი და მივცეთ მეტი მოტივაცია და ძალა, უფრო აქტიურად ჩაერთონ საკუთარი განათლების თუ თანატოლების მხარდაჭერის პროცესში. მათი მომავალიც ხომ სწორედ განათლებაშია, კამპანიაც ამ სლოგანით ჩატარდება.“

მისივე თქმით, ეს ინიციატივა ძალიან დროული და მნიშვნელოვანია. ამის გარდა, კამპანიის ფარგლებში, ეცდებიან, მუდმივად ხაზზე იყვნენ უკრაინელ კოლეგებთან და რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, მხარდაჭერა აღმოუჩინონ მათ სხვადასხვა სახით. „იმედი გვაქვს, ამის შესაძლებლობა მოგვეცემა და მათ მიმართ, კამპანიის პროცესის განმავლობაში, აუცილებლად ვიქნებით სოლიდარულები. დიდი სურვილი გვაქვს, ცხელი ომის დასრულებისთანავე, უფრო ქმედითი მხარდაჭერაც აღმოვუჩინოთ იმ ადამიანებს, ვინც ახლა ამ კატასტროფულ უსამართლობასა და სისასტიკეს უსწორებს თვალს.“

ეს არის წლევანდელი ჯილდოს კამპანიის მთავარი აქცენტები, რაზეც კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე საუბრობს, სხვა მხრივ, რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ იგეგმება, მათ შორის, არც პროცედურულ ნაწილში. თუმცა, წლევანდელი ჯილდოს კამპანია გაცილებით ფართოდ გაიშლება გეოგრაფიული თვალსაზრისით და როგორც ორგანიზატორები აანონსებენ, ეცდებიან, ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიებით, მაქსიმალურად მოიცვან სხვადასხვა ლოკაცია, ქვეყნის მასშტაბით.

„გვინდა, კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებები სხვადასხვა ქალაქსა და ადგილას ჩავატაროთ და ამ მხრივაც უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ მარათონი, რომელიც 5 ოქტომბერს დაგვირგვინდება. დაგეგმილი გვქონდა, გახსნის ღონისძიება არა თბილისში, არამედ სხვა ქალაქში ჩაგვეტარებინა, თუმცა, როგორც გითხარით, ეს გადაწყვეტილება შევცვალეთ, რადგან არსებული ვითარებიდან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ გაცილებით სწორი იქნებოდა, უფრო მოზომილი ყოფილიყო კამპანიის დაწყების გამოცხადება,“ – ამბობს ირინა ხანთაძე.

ჯილდოს კამპანიის დაწყების შემდეგ, ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ აპლიკაციების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების გააქტიურება. შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი გამორჩეული მასწავლებლის წარდგენისკენ უბიძგონ მათ – გასულ წელს შვიდასზე მეტი წარდგენა იყო. აქვე განვმარტავთ, რომ რჩეულის წარდგენა შეუძლია როგორც ერთ პიროვნებას, ისევე ჯგუფს და საკმაოდ მარტივი პროცედურაა. თუმცა, ამ მიმართულებით, საზგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია იგეგმება. ამის გარდა, მედიითაც მაქსიმალურად გავრცელდება ინფორმაცია, რომ მოქალაქეებმა იაქტიურონ – თუ იცნობენ თავიანთ სკოლებში, თემში, სოფელში, ქალაქში ან სამეგობროში გამორჩეულ მასწავლებელს და მიიჩნევენ, რომ მისი მონაწილეობა კონკურსში მნიშვნელოვანია, არ დაიზარონ და წარადგინონ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე. ქალბატონი ირინა ამბობს: „უკვე ხუთწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მასწავლებელს სწორედ ის ანიჭებს განსაკუთრებულ ბედნიერებას, როდესაც მისი ყოფილი მოსწავლეები, თანასოფლელები, თანამოქალაქეები თუ კოლეგები აფასებენ და წარადგენენ. ამ მხრივ, გვინდა, წელსაც აქტიური იყოს ჩვენი საზოგადოება. დღევანდელი ფონი, საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გვიმახვილებს ყურადღებას, რაოდენ მნიშვნელოვანია კარგი განათლება, კარგი სკოლა; რომ სწორედ ეს ქმნის ძლიერი საზოგადოების ფუნდამენტს, რომელსაც შეუძლია გაუძლოს როგორც მტრულ პროპაგანდას, ასევე მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, იხელმძღვანელოს ფუნდამენტური და სწორი ღირებულებებით, უყვარდეს თავისუფლება და იბრძოლოს მისთვის; რაც მთავარია, ამ იდეებით უნდა აღვზარდოთ მომავალი თაობა. ეს განწყობა ჩვენ ყველას გვაქვს და ვხვდებით, რომ კიდევ უფრო განსაკუთრებულად ვიზიარებთ მისიას, რომელიც ამ კამპანიას აკისრია – თანამედროვე გმირები შევთავაზოთ საზოგადოებას და ვაჩვენოთ სახე, როგორი უნდა იყოს დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის მასწავლებელი.“

წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საპრიზო ფონდი გაიზარდა. 2022 წლის გამარჯვებული,  გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისგან, 15 000 ლარს მიიღებს, ხოლო ლიბერთი ბანკი თითოეულ ფინალისტს 5 000 ლარით დააჯილდოებს.

ჯილდოს გენერალური სპონსორის, „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი ამბობს, რომ ფონდისთვის საქველმოქმედო საქმიანობა, ხუთი წლის წინ, სწორედ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსით დაიწყო და ეს მათ მიერ მხარდაჭერილი პირველი პროექტია. „ჯილდოს პირველმა შედეგებმა, საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე საზოგადოების დამოკიდებულებამ და ორგანიზატორების ძალისხმევამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სწორედ ამ მიმართულებით გაგვეგრძელებინა საქმიანობა. უკვე ხუთი წელია პროექტის აქტიური მხარდამჭერები ვართ და, წლიდან წლამდე, ვზრდით ჩვენს ინვესტიციას როგორც აღნიშნულ პროექტში, ისე სხვა მიმართულებებით, რაც შეუწყობს ხელს მასწავლებლის პროფესიის წახალისებას,“ – აღნიშნა ზურაბ კერვალიშვილმა.

ფონდის დირექტორი ამბობს, რომ გარკვეულწილად ამაყებიც არიან, რადგან ამ მნიშვნელოვან საქმეში საკუთარ წვლილსაც ხედავენ: „ფონდის სტაბილური ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზატორების ძალისხმევით, ჯილდოს მოპოვება ერთგვარ მოტივატორადაც კი იქცა პედაგოგებისთვის, რომ ჩაერთონ კონკურსში, წარადგინონ კოლეგები და მოხვდნენ რჩეულთა შორის.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს კონკურსში მონაწილეობა პრესტიჟულობასა და განვითარებასთან ასოცირდება. გვახარებს ისიც, რომ ხუთი წლის განმავლობაში ბევრ ორგანიზაციასა თუ კომპანიას მივეცით სტიმული, გამხდარიყვნენ მხარდამჭერები, თანადამფინანსებლები და წვლილი შეეტანათ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ სახალხო წარმატებაში.

გვჯერა, კონკურსი წელსაც საინტერესო იქნება, აღმოვაჩენთ ახალ პედაგოგებს, რომლებიც თავიანთი საქმისადმი ერთგულებითა და თავდადებით ცვლიან რეალობას და ახალ თაობებსაც სწორ ღირებულებებს აწვდიან. ყოველი ახალი კონკურსანტი და ათეულის წევრი კი ახალი სიტყვაა სასკოლო განათლებაში, რადგან ისინი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც თავისი საქმით ახდენენ გავლენას არა მხოლოდ მიკროგარემოზე – საკუთარ მოსწავლეებზე, არამედ მაგალითს აძლევენ როგორც კოლეგებს, ისე მომავალ თაობებსაც, რომ აირჩიონ მასწავლებლის რთული, საპასუხისმგებლო, მაგრამ და საამაყო პროფესია.“

 

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2021 წლის გამარჯვებული ხათუნა რაზმაძემბობს, საქართველოს რომ კარგი მასწავლებელი ჰყავდეს და ამ პროფესიაში შემოსვლის რაც შეიძლება მეტი მსურველი, ამას ყველაზე კარგად სწორედ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ უწყობს ხელს.

გასული წლის ჯილდოს მფლობელი, პირველ რიგში, მადლიერია, რომ მონაწილეობა მიიღო კონკურსში, რომელმაც მისი პროფესიონალიზმი, ამდენი წლის შრომა, საქმისადმი ერთგულება და სიყვარული დააფასა. გამარჯვებამ კი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაადგმევინა ცხოვრებაში. ამიტომ მთელი გულით მოუწოდებს კოლეგებს, ჩაერთონ ჯილდოს კონკურსში: „ამ მცდელობით აუცილებლად მიხვალთ საკუთარი თავისა და ჩვენი პროფესიის სიდიადის აღმოჩენის გზაზე. ჯილდო სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს, მე აღმოვჩნდი ახალ აღმოჩენათა გზაზე.

საერთოდ, მასწავლებლობა დიდი თავგადასავალია და, ყოველდღიურად, ღრმა სათავგადასავლო ამბებში ვეხვევით, ბავშვებთან ერთად, სწავლა-სწავლების პროცესში, მაგრამ ეს კიდევ ცალკე ახალი თავგადასავალია, რომელიც თითქოს სკოლას უკავშირდება, ისევ განათლებას და შენს საყვარელ პროფესიას, ოღონდ თავგადასავალი სხვა კუთხითაა დანახული – კიდევ უფრო გაახლოებს მასწავლებლის პროფესიის სიდიადესთან.

კონკურსში მონაწილეობა საკუთარ თავზე ფიქრის, ზრდის, გაკეთებული საქმეების დალაგების, პროფესიონალიზმში ჩაღრმავების მეტ საშუალებას იძლევა, გამარჯვება კი, საერთოდ ახალ შესაძლებლობებს ხსნის.

ჩემი გამარჯვებით, უფრო მეტად მივედი თითოეულ მასწავლებელთან/კოლეგასთან, ცოდნის გაცემის თვალსაზრისით, უფრო მეტად ჩავიხედე ამ პროფესიის სიღრმეებში. მასწავლებლობას ნამდვილად აქვს სიღრმეები და ეს პროფესია არ არის ზედაპირული – მხოლოდ სწავლება. ნებისმიერი მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია ინტელექტი, ღირებულებები, წინარე ცოდნა, მისი დამოკიდებულება საზოგადოების, კოლეგების მიმართ და, რაც მთავარია, მოსწავლეების მიმართ. ეს იყო უდიდესი ნახტომი, ხშირად ვამბობ ხოლმე, „ირმის ნახტომი“ საკუთარი პროფესიული წარმატების გზაზე; სიყვარულის გაათმაგება იმ საქმისადმი, რასაც ვაკეთებ. როცა შენი საყვარელი საქმით პოულობ ბედნიერებას, ამაზე დიდი სიხარული არ არსებობს, მით უფრო, როცა ამას გიფასებენ. მეტიც, ჯილდოს კონკურსში გამარჯვებამ კიდევ უფრო მეტად დამაახლოვა და შემაყვარა ჩემი პროფესია. არ მავიწყდება ის ემოციები, რომელიც ამ აღიარებამ მომიტანა. მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ასეც კი დავარქვი – დღე, რომელიც ბრწყინავს მარად.

რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ამ სიხარულმა ისეთივე დადებითი ემოცია და მუხტი არ გამოიწვიოს, რაც 2021 წელს განვიცადე სცენაზე ასულმა. ამიტომ, ვურჩევ ყველა მასწავლებელს, დამწყებ პედაგოგებსაც კი, რომლებსაც სურვილი აქვთ, ამ პროფესიაში გადადგან ნაბიჯები, მიიღონ მონაწილეობა ჯილდოში და მიაღწიონ წარმატებას. თავისთავად მონაწილეობის მიღებაც უკვე სერიოზულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. მერწმუნეთ, ამით იწყებთ ახალი ნაბიჯების გადადგმას ცხოვრებაში, თქვენს საქმიანობაში; იმ სიღრმეებში ჩასვლას, რაც ჩვენს პროფესიას აქვს – ჩვენს საკლასო ოთახებში წყდება ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები განათებულ სამყაროში სწორედ განათლებას შეჰყავს. აქ კი, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზება და დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში.

მე თვითონ ბევრ მასწავლებელს ვუწევ რეკომენდაციას, რომ მიიღონ გადაწყვეტილება და გახდნენ კონკურსის მონაწილეები. მზად ვარ, თითოეული ნაბიჯი მათთან ერთად გავიარო და გავუზიარო გამოცდილება. სხვათა შორის, ჩემი სკოლიდანაც მყავს შერჩეული ორი-სამი მასწავლებელი, რომლებმაც მთელი გულით მინდა, რომ მიიღონ მონაწილეობა. ტრენინგებზეც ხშირად აღმომიჩენია ისეთი მასწავლებლები, რომლებსაც ვეკითხები: ხომ არ ცდიდით ბედს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოში?

დამერწმუნეთ, კოლეგებო, ეს ამად ღირს – შენს პროფესიაში გამოსცადო ბედნიერი წუთები, რომელსაც შეუძლია მოგიტანოს წარმატება, დაფასება, ახალი შესაძლებლობების გახსნა, საინტერესო თავგადასავლები, კარგი გამოწვევები, ბედნიერება.

კონკურსი პროფესიონალიზმის აღმოჩენასა და საკუთარი საქმის უკეთ დანახვაში დაგეხმარებათ. ეს ყველაფერი ქარბორბალასავით დატრიალდა ჩემს თავს.“

♦♦♦

კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები არიან: განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“. 

ლალი ჯელაძე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები