USAID-ის სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა საქართველოს სკოლებში წარმატებით ხორციელდება. პროგრამაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩართულია 650 სკოლა, რომელთა მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და ადმინისტრაციის წევრები, შემდეგი 5 წლის განმავლობაში, მრავალ საინტერესო აქტივობას განახორციელებენ.
პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის დანერგვის ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH INTERNATIONAL საქართველოს მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორები არიან: სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში, ჯეოლაბი, რეზონანსი (აშშ) და 11 რეგიონული ორგანიზაცია.
ამჯერად, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორის – ჯეოლაბის საქმიანობას და საზაფხულო ონლაინ სკოლის მუშაობას გაგაცნობთ. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ონლაინ სკოლა, 4 წლის განმავლობაში, ყოველ ზაფხულს ჩატარდება.
რა არის ჯეოლაბი? ჯეოლაბი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრია, სადაც ისწავლება თანამედროვე ტექნოლოგიები: პროგრამირება, დიზაინი, ციფრული კომუნიკაციები. ჯეოლაბი დაარსდა 2015 წელს და მას შემდეგ არაერთი ტექნოლოგიური პროექტი განუხორციელებია, 2017 წლიდან კი ჰიბრიდულ რეჟიმში ატარებს კურსებს ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით. აქ შექმნილ საგანმანათლებლო რესურსებს მასწავლებლები სასწავლო პროცესში იყენებენ, დაწყებით კლასებში.
მობილური და ვებაპლიკაციების ლაბორატორია ჯეოლაბი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომლის დახმარებითაც, შესაძლებელი გახდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამამ საზაფხულო ონლაინ სკოლა ჯეოლაბთან პარტნიორობის ფარგლებში განახორციელა. მოსწავლეები, დისტანციურ ფორმატში, სამოქალაქო განათლების საკითხებსა და ახალი ტექნოლოგიების საწყისებს გაეცნენ.
ლანა ლაბაძე, ჯეოლაბის აღმასრულებელი დირექტორი: „ჯეოლაბი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ტექნოლოგიური კომპონენტითაა ჩართული. ჯეოლაბში შეიქმნება პლატფორმა, რომელიც გამოყენებული იქნება სწავლა-სწავლების პროცესში. ძირითადი ჩართულობა კი ეთმობა ტექნოლოგიების სწავლებას, რომელიც მოიცავს რამდენიმე ეტაპს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, ნულიდან დაიწყონ სწავლა შემდეგი მიმართულებებით: ვებდიზაინი, თამაშების დეველოპმენტი და მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი; შესაძლებლობა ექნებათ, გაიღრმაონ ცოდნა ამავე მიმართულებით და შეძლონ რეალური პროექტების შექმნა. მთავარი ამოცანაა, ტექნოლოგიური ცოდნით თავად შეძლონ ელექტრონული რესურსების შექმნა, რომლებიც მათ თანატოლებსა და უფროსებს ციფრულ სამყაროში ნავიგაციაში ან პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება, ამასთანავე, დაკავშირებული იქნება სამოქალაქო განათლებასთან, არსებული გამოწვევების გადაწყვეტებსა თუ ცნობიერების ამაღლების საკითხებთან“.
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ამ პროგრამაში ჩართული სკოლების VII-XII კლასების მოსწავლეებს აქვთ. როგორც ჯეოლაბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლანა ლაბაძემ გვითხრა, მიმდინარე ონლაინ სკოლაში დაგეგმილზე (200 მოსწავლე) მეტი – 286 მოსწავლე მონაწილეობდა.
საზაფხულო ონლაინ სკოლის ფარგლებში, მოსწავლეები სამოქალაქო განათლებიდან ეცნობიან ისეთ თემებს როგორებიცაა: ციფრული მოქალაქეობა, ფინანსური წიგნიერება, კიბერჰიგიენა, კიბერუსაფრთხოება, კიბერბულინგი, მედია და ინფორმაციული წიგნიერება; ამავდროულად, შეისწავლიან ახალი ტექნოლოგიების საწყისებს სამი მიმართულებით: ვებდიზაინი, თამაშების დეველოპმენტი და მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი; დასასრულს კი, შექმნიან მინი-პროექტებს.
„ონლაინ სკოლების პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა სამოქალაქო განათლების ვებპორტალზე, სადაც განთავსდება კურსები ვებდიზაინის, მობილური აპლიკაციებისა და თამაშების დეველოპმენტის მიმართულებით. ასევე, იქმნება პრაქტიკული კურსი – პროექტების ლაბორატორია და ჩატარდება ჰაკათონები,“ – გვიამბობს ჯეოლაბის დირექტორი ლანა ლაბაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მოსწავლეებს, ახალი ტექნოლოგიების შესწავლა დაწყებითი კლასებიდან შეუძლიათ. „არსებობს პროგრამები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ვიზუალური პროგრამირება, რაც ბავშვებს ლოგიკური აზროვნების განვითარებაში ეხმარება. პროგრამაში მუშაობა მათთვის, ერთდროულად, სახალისო და საინტერესოა.
ამასთანავე, თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინფორმაციის ნაკადი მუდმივად იზრდება. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა სასკოლო ასაკიდანვე იცოდნენ ინფორმაციის ანალიზი; შეძლონ პირადი ინფორმაციის, სოციალური, ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა; განივითარონ კრიტიკული აზროვნების უნარი და თავად შეძლონ ელექტრონული რესურსების შექმნა“.
პროგრამის ფარგლებში, ჯეოლაბი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის სპეციალურ ტრენინგს ჩაატარებს, სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირების შესახებ. ასევე, გაიმართება ტექნოლოგიური ვორქშოპი, სადაც სამოქალაქო განათლების საკითხები და ახალი ტექნოლოგიები გაერთიანდება. „მასწავლებლები, სამოქალაქო განათლების საკითხებთან ერთად, გაეცნობიან თუ რა პლატფორმები არსებობს, რომელსაც ინტერაქტიური სასწავლო პროცესის წარმართვისთვის გამოიყენებენ. ასევე გაეცნობიან ელექტრონული რესურსების შესაქმნელ პლატფორმებს,“ – ამბობს ლანა ლაბაძე.
USAID-ის სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის ორგანიზატორები საზაფხულო ონლაინსკოლისგან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდის აღმოჩენას ელიან, რომლებიც მათი რეგიონისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით საინტერესო და ინოვაციურ პროექტებს განახორციელებენ. ჯეოლაბის დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ ონლაინ სკოლის დასრულების შემდეგ, ბავშვების ცნობიერება ამაღლდება და იქნებიან უფრო მეტად დაცულები ციფრულ სივრცეში, შეძლებენ პირადი ინფორმაციის, სოციალური, ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვას. გადასცემენ ამ უნარებს და ცნობიერებას თანატოლებს. „ამასთანავე, ბევრ ბავშვს დავაინტერესებთ თანამედროვე პროფესიებით, გავაცნობთ ამ სფეროში არსებულ შესაძლებლობებს. სამომავლოდ კი ტექნოლოგიური უნარებით და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით შეძლებენ ინოვაციური პროექტების შექმნას. იქნებიან იმ უნარებით აღჭურვილები რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანისთვის“.
საზაფხულო ონლაინ სკოლაში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლების 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათ საინტერესო ლექციები მოისმინეს შემდეგ თემებზე: ციფრული მოქალაქეობა, მედიაწიგნიერება და ინფორმაციული წიგნიერება, კიბერჰიგიენა და კიბერუსაფრთხოება; კიბერბულინგის პრევენცია; ფინანსური წიგნიერება; ვებდიზაინი; თამაშების დეველოპმენტი; მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი.
ჯეოლაბის პარტნიორობით განხორციელებული საზაფხულო ონლაინ სკოლის მოსწავლეები, მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოსაყენებლად, პროგრამის ფარგლებში, მათი სურვილისამებრ შერჩეულ თემაზე, პროექტებს მოამზადებენ.
ჯეოლაბის საზაფხულო ონლაინ სკოლის მონაწილეებმა შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს:
მართა მამსიკაშვილი ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის №42 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეა. საზაფხულო ონლაინ სკოლაში მონაწილეობა ციფრული სამყაროს მიმართულებით უფრო მეტი ცოდნის მიღების გამო გადაწყვიტა. ონლაინ სკოლაზე ინფორმაციის გაცნობისას, შეთავაზებული თემით – კიბერუსაფრთხოება – დაინტერესდა: „ვინაიდან ჩვენს თაობას უწყვეტი შეხება აქვს ციფრულ სამყაროსთან, ძალიან მაინტერესებდა, როგორ შემეძლო თავის დაცვა ყოველდღიური საქმის კეთებისას. გარდა ამისა, პროექტი კიდევ ერთი გამოწვევა იყო როგორც შემეცნების, ასევე ახალი, საინტერესო ადამიანების გაცნობის კუთხით.
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ყველა ლექცია განსაკუთრებულად საინტერესო, ამომწურავი პასუხებით, მრავლისმომცველი იყო. ყოველ დღე ვმსჯელობდით ისეთ თემებზე, რომლებიც ცხოვრებაში ძალიან გამოგვადგება. თუმცა, ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მედიაწიგნიერების ლექციები იყო, სადაც ვსაუბრობდით ციფრულ სივრცეში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, მის შედეგებსა და ყალბი ინფორმაციის ქსელში გავრცელების თავიდან აცილების გზებზე.
ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, რაც ამ პროექტმა მომცა, არის ის, რომ ვისწავლე როგორ დავიცვა თავი ინტერნეტის გამოყენებისას, რაც ,რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის, XXI საუკუნის ადამიანისთვის, მნიშვნელოვანია, რადგან, კომპიუტერული ტექნოლოგიების თავბრუდამხვევი განვითარების ფონზე, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ კიბერ საფრთხოება.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ლექტორი თავისი საქმის პროფესიონალი, აქტიური და ჩვენდამი თბილი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ისინი ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდიდნენ განსახილველ თემასთან დაკავშირებით. ერთად ვმსჯელობდით საკითხის კარგ და ცუდ მხარეებზე. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ლელე მაისურაძის ვებდიზაინის ლექციები, სადაც უამრავი საინტერესო ინფორმაცია და გამოცდილება მივიღე. ვფიქრობ, პროექტი დამეხმარა როგორც ინფორმაციის მიღებაში, ასევე პიროვნულ განვითარებაში. ამ კუთხით, თითოეული ლექცია მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ცოდნას, რომელიც ამ პრაქტიკიდან დამიგროვდა, უკვე ყოველდღიურობაში ვიყენებ, ვამოწმებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციების სანდოობას. შემიძლია საკუთარი თავიც დავიცვა ციფრულ სამყაროში გავრცელებული საფრთხისგან და სხვასაც დავეხმარო“.
თეკლა ნაგლიაშვილი მცხეთის №2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეა. საზაფხულო ონლაინ სკოლაში მონაწილეობა საკუთარი თავის გამოსაცდელად გადაწყვიტა, ციფრულ სფეროში უკეთ გასარკვევად და ამ მიმართულები მეტი ცოდნის შესაძენად: „ვიცოდი, პროექტში შევძლებდი მეტად განვითარებას და უფრო მეტის გაგებას ვებდიზაინზე. დავესწარი სხვადასხვა ტრენინგს, თითოეული საინტერესო იყო, მაგრამ მათ შორის, ციფრულ მოქალაქეობას და მის ტრენერს, ქალბატონ ხათუნა ციხელაშვილს გამოვყოფდი. მისი ლექციები უაღრესად საინტერესო იყო. ჩვენდამი მისი პოზიტიური განწყობა გვაძლევდა საშუალებას, თავისუფლად გამოგვეხატა ჩვენი აზრი. პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მიღებულ ცოდნას არა მარტო ჩემთვის გამოვიყენებ, არამედ ამ სფეროთი დაინტერესებულ თანატოლებსაც გავუზიარებ“.
სათენიკ გომციანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის №2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეა, რომელსაც საზაფხულო ონლაინ სკოლაში მონაწილეობა თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებამ და სიყვარულმა გადააწყვეტია: „როცა გავიგე პროექტის შესახებ, ძალიან გამიხარდა, რადგან ეს იყო შანსი, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამეღრმავებინა ცოდნა. ასეც მოხდა, ონლაინ სკოლის გაკვეთილები ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი იყო, უამრავი ინფორმაცია მივიღე და გავიღრმავე ცოდნა. ჩემი დაინტერესება ვებდიზაინის გაკვეთილმა გამოიწვია. სიამოვნებით ვისმენდი ლექციებს და ვასრულებდი მოცემულ სამუშაოს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ვებდიზაინის ტრენერმა, ლილე მაისურაძემ. არასოდეს დამავიწყდება მისი ლექციები და ზოგადად, ონლაინ სკოლის პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნა. ჩემი სურვილია, მომავალში, სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელო სწავლა.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, პროგრამის ორგანიზატორებს იმისთვის, რომ სიახლეების დაუფლების, განვითარებისა და საინტერესო ადამიანების გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცა“.
მოამზადა მაკა ყიფიანმა