13 ოქტომბერი, კვირა, 2024

„ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა

spot_img

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, „ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებს საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.

წელს „ჯარის ბანაკს“ სამ ლოკაციაზე: კოჯორში – სერჟანტთა აკადემიაში, საჩხერეში – პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლასა და ახალქალაქში – უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში განხორციელდა. რვა როტაციის ფარგლებში, მე-10 და მე-11 კლასების 2200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. სკოლის მოსწავლეებმა, სერჟანტების დახმარებით, ძირითად სამხედრო დისციპლინებში თეორიული და პრაქტიკული მომზადება გაიარეს. მათ სამხედრო ისტორიკოსებთან, ასევე სასულიერო პირებთან შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრის შესაძლებლობაც ჰქონდათ. „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებისთვის, საპატრიარქოს ორგანიზებით, ისტორიული თემატიკის წარმოდგენებიც გაიმართა.

„ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე. მათ მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს, ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების როლზე, განათლების მნიშვნელობასა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საკითხებზე.

პროექტ „ჯარის ბანაკის“ განხორციელება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, 2023 წელს დაიწყო.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები