3 მაისი, პარასკევი, 2024

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა დაწყებით კლასებში

spot_img
დიანა ბერიძე
სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის №1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი
 

 

სპორტი ყოველი ადამიანის მემკვიდრეობის ნაწილია და მისი უქონლობა ვერასდროს ვერაფროთ კომპენსირდება.

პიერ დე კუბერტენი

 

მდგრადი განვითარების მესამე მიზანი – ჯანსაღი ცხოვრება და კეთილდღეობა. კეთილდღეობა – ცხოვრების კმაყოფილების გრძნობა, ადამიანისთვის ეს მდგომარეობა მოიცავს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებას. ჯანსაღი ცხოვრება გულისხმობს ადამიანზე ზრუნვას და ყველაფრის გაკეთებას, რაც შესაძლებელია მის დასაცავად დაავადებისაგან. ეს მდგრადი განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთია, რომლის შესრულებაზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა, უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად.

იმისათვის, რომ მოსწავლეებში სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი გახდეს აქტუალური, აიმაღლონ ცნობიერება და გააზრებულად მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს, დავგეგმე პროექტი.

 პროექტის აქტუალობა

სამწუხაროდ, კაცობრიობის სწრაფმა პროგრესმა შეცვალა ადამიანების ცხოვრების სტილი. ეს პროგრესი თავისთავად შეეხო ბავშვებსა და მოზარდებსაც. ისინი ეწევიან ჰიპოდინამიურ ცხოვრებას და ძირითად დროს, 12-14 საათს, ატარებენ მერხთან სკოლაში, ასევე კომპიუტერთან და ტელევიზორთან სახლში და გადაადგილდებიან სკოლის ტრანსპორტით. თითქოს აქ საგანგაშო არაფერია, მაგრამ ბოლო წლებში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა, საქართველოში, არასახარბიელო სურათი აჩვენა. 18 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში იმატა სხვადასხვა დაავადებებმა, როგორიცაა: სქოლიოზი, გულსისხლძარღვთა, ნერვული, საჭმლის მომნელებელი და სხვა სისტემების ფუნქციურმა და ორგანულმა დაავადებებმა. მოსწავლის პასიური ცხოვრება და მოდუნებული კუნთოვანი სისტემა მთელ ორგანიზმში, ფიზიკური დატვირთვის მხრივ, „შიმშილს“ განიცდის. ბავშვები გახდნენ აპათიურები, იმატა მიმართვიანობამ ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებებში. აღნიშნული პრობლემები ჩემს მოსწავლეებსაც აწუხებთ. ხშირად ავადმყოფობენ, ვერ ერევიან მარტივად სეზონურ ვირუსულ დაავადებებს და დიდხანს გადიან რეაბილიტაციას. ჩემს მოსწავლეებს დავუსვი მარტივი შეკითხვა – დილაობით ატარებენ თუ არა დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს. კლასში ერთი მოსწავლეც არ აღმოჩნდა, რომ დადებითი პასუხი მოეცა. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ ცნობიერების ამაღლება და აქტიური ჩართულობა ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად.

მსოფლიოს გლობალიზაციის პირობებში, სპორტი წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას მოსახლეობის ჯანმრთელობის განმტკიცების, თითოეული მოქალაქის სრულფასოვან პიროვნებად ფორმირების თვალსაზრისით. გამოთვლილია, რომ სპორტში ინვესტირებულ ყოველი ევროდან, დაახლოებით, 12 ევრო იზოგება ჯანდაცვაში

მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა

აქტივობა 1. მეოთხეკლასელებმა სკოლაში, დილით, დავიწყეთ გამამხნევებელი ვარჯიშები, რაშიც მხარი აგვიბეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. ჩვენი მიზანია, მოსწავლეები მიეჩვიონ დილით ვარჯიშს და შემდეგ იგივეს სახლშიც გააკეთებენ. ვარჯიში გამოდგა სახალისო, რადგან მათთვის მისაბაძი გავხდით მასწავლებლებიც. დაწყებით საფეხურზე ფიზიკური აღზრდის მიზანიც ესაა – ზოგადგანმავითარებელ ვარჯიშთა კომპლექსების შესწავლა და გამოყენება.

აქტივობა 2. სწორი კვება და ჯანსაღი საკვები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. იმისათვის, რომ მოსწავლემ გააცნობიეროს ჯანსაღი საკვების მიღების სარგებელი. ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს ვაჩვენე საინტერესო-სასწავლო ვიდეოფილმები სწორ კვებაზე. ისინი თავად მუშაობენ კვების პირამიდაზე და ქმნიან კვების რაციონს, სადაც ითვალისწინებენ ზრდის, ენერგიისა და აზროვნების ვიტამინების შემცველი პროდუქტების სწორად არჩევას და ამის მიხედვით ქმნიან დღის მენიუს.

აქტივობა 3. მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმილი დღის რეჟიმი, ამიტომ მოსწავლეები ჯერ იხსენებენ თავიანთი დღის რეჟიმს, შემდეგ შეაქვთ ცვლილებები და ადგენენ ახალ დღის რეჟიმს.

აქტივობა 4. სუფთა ხელების პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი ასპექტი. ჩვენ ხშირად ვატარებთ ამ აქტივობას, ხელების დაბანის წესის სიმულაციებს – ხელების სწორად და დროულად დასაბანად;

ჰიგიენა მოიცავს პრაქტიკას, რომელიც ასოცირდება ჯანმრთელობისა და სისუფთავის უზრუნველყოფასთან. მოსწავლემ უნდა იცოდეს როგორ დაიცვას სწორად პირადი ჰიგიენა, შესაბამისად, იგი გააზრებულად მოახერხებს თავის მოვლასა და დაცვას ინფექციებისგან.

აქტივობა 5. მშობელთა ჩართულობა. ჩავატარე მშობელთა გამოკითხვა, შვილის აქტიური ცხოვრების შესახებ. ერთად გავეცანით უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის ფიზიკური აქტივობის პირამიდას, ერთად დავგეგმეთ ბავშვების აქტივობა სკოლასა და ოჯახში. ფიზიკური აქტივობის პირამიდაზე დაყრდნობით, მშობლებმა გაითვალისწინეს, როგორ გაანაწილონ ბავშვის დრო ისე, რომ სასიამოვნო და სასარგებლო იყოს ფიზიკური აქტივობა.

აქტივობა 6. ფიზიკური ვარჯიში ფიზიკური აღზრდის ძირითადი სპეციალური საშუალეებაა. ფიზიკური ვარჯიში ვლინდება ტანვარჯიშში, თამაშებში ,სპორტსა და ტურიზმში. ამიტომ, დავგეგმეთ ტურისტული ლაშქრობა ჩვენი სოფლის მიმდებარე ტყეში. დაწყებით კლასებში მოსწავლეებს ბეზრდებათ რუტინული სამუშაოები, ლაშქრობამ სიხარული და ინტერესი გამოიწვია.ლაშქრობის დროს, მოსწავლეებს უყალიბდებათ გუნდურობის პრინციპი, ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას, სწავლობენ საქმის ერთად კეთებას, სირთულეების დაძლევას. ლაშქრობის დროს, უვითარდებათ მშობლიური გარემოს სიყვარული და გარემოზე მზრუნველი დამოკიდებულება.

აქტივობა 7. ველოტური. მნიშვნელოვანია, ბავშვის გასავითარებლად, აქტიური მონაწილეობა ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეჯიბრებებში. მხიარული და სახალისო გამოდგა III-IV-V კლასებში ჩვენ მიერ ორგანიზებული შეჯიბრება ველოსიპედების ტარებაში. სპორტულ აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩაბმული მოსწავლეების მშობლებიც. შეჯიბრების ჩატარებისას გათვალისწინებული იყო უსაფრთხოების ზომები. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

აქტივობა 8. მოსწავლეებთან ერთად, შევქმენით ბროშურა და გავავრცელეთ სკოლასა და სასკოლო თემში.

აქტივობა 9. სკოლაში ჩავატარეთ მხიარული სტარტები. მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ თამაშებში (სკეიტბორდებით სრიალი, სირბილი მოკლე დისტანციაზე, კალათბურთი და ფეხბურთი), ეუფლებიან გუნდური თამაშის აუცილებელ ძირითად ელემენტებს, რაც ზრდის მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

აქტივობა 10. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩაბმული აერობიკისა და სპორტული ცეკვების წრეებში. აერობიკა და სპორტული ცეკვები ადვილი და ეფექტური საშუალებაა მოსახლეობაში ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად. არ არის სარისკო ჯანმრთელობისათვის, პირიქით * აყალიბებს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, ხეხრხემლის გამართულობას, სწორ სუნთქვას, მოძრაობის დაუღლელად შესრულებას და სხვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია სკოლაში სპორტის ამ სახეობის გამოყენება.

შედეგი: მოსწავლეებმა გაითავისეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორად ადგენენ დღის კვების რაციონს, იცავენ პირად ჰიგიენას, ინარჩუნებენ ტანადობას და აქტიურად არიან ჩაბმული აქტიურ სპორტულ ცხოვრებაში. ისინი აცნობიერებენ, რომ ჯანმრთელობა რაიმე დაავადების არქონა კი არა, ამ დაავადების თავიდან აცილებაა, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვითაა შესაძლებელი.

დასკვნა: ამრიგად, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის უპირატესობის აქტიური პროპაგანდა თანამედროვე მოთხოვნების დონეზე, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება განათლების დანიშნულებისა და მასობრივი სპორტის განვითარების განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული მნიშვნელობის თაობაზე. აუცილებელია მშობლების, სკოლის ხელმძღვანელთა და პედაგოგთა ორიენტირება ჯანსაღი ცხოვრების წესზე, აქტიურ მონაწილეობაზე სახალისო თუ სპორტულ ღონისძიებებში. ეს კი გონებრივად და ფიზიკურად განვითარებული თაობის აღზრდის საწინდარია.

დასასრულს, მინდა ჩემი სტატია დავასრულო ნიკო ნიკოლაძის სიტყვებით: „ბავშვის აღზრდა დიდი პასუხისმგებლობაა, რაც შეიძლება შევადაროთ ურემს, რომელსაც ეზიდება ორი ხარი – სულიერი და ფიზიკური აღზრდისა და ერთ-ერთი მათგანის გამოკლება სრულიად დაუშვებელია“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები