საქართველოში მიმდინარე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ეგიდით, რომლის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა და დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობაა, მიმდინარე წელს, წიგნიერებისა და მათემატიკის მიმართულებით, „მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი“ ჩატარდა. პირველი სამი რეგიონის – კახეთის, შიდა ქართლისა და იმერეთის საუკეთესო მასწავლებლების გამოსავლენად პროგრამას ფინანსური მხარდაჭერა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა გაუწია. ფონდისა და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის თანამშრომლობა, ამ შემთხვევაშიც, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ზრდას ემსახურება, კონკურსი საუკეთესო საშუალებაა, საზოგადოებამ კარგად გაიაზროს დაწყებითი განათლების მნიშვნელობა და გაიცნოს წარმატებული მასწავლებლები რეგიონებიდან, რომლებიც საბედნიეროდ ქვეყანას ჰყავს.
ამავე მიზნით ვიწყებთ ახალ რუბრიკას – „გაიზიარე საუკეთესო პრაქტიკა“ – შემოგთავაზებთ კონკურსში გამარჯვებული პედაგოგების გამოცდილებას, რომელიც შესაძლოა, მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვან რესურსადაც იქცეს.
რუბრიკის პირველ სტუმრად შევარჩიეთ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გომბორის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი⏩ მარეხ დიდებაშვილი, რომელიც კახეთის რეგიონში კითხვის სწავლებაში საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა.
🔹 🔹 🔹
ფონოლოგიური უნარ-ჩვევები და ასოების ცოდნა უმთავრესი პირობებია კითხვის უნარის დაუფლებაში წარმატების მისაღწევად. ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებში გაუწაფავ ბავშვს პრობლემები ექმნება კითხვაშიც. სიტყვების დეკოდირებისა და წერის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ბგერების ცოდნა. ენის ბგერითი სისტემის გაცნობიერება ეხმარება ბავშვს სიტყვების დაუფლებასა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში. ფონოლოგიური უნარ-ჩვევების მქონე ბავშვს შეუძლია ბგერებითა და ზეპირი სიტყვებით მანიპულირება.
ადრეულ ასაკში ბავშვები ვერ ახერხებენ ზეპირად წარმოთქმული სიტყვების ერთმანეთისგან გამოყოფას. საჭიროა, მათ დროულად ჩამოუყალიბდეთ უნარი, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ წინადადებაში სიტყვების, სიტყვებში – მარცვლებისა და ბგერების, მარცვლებში ბგერების გამოცალკევებას, აგრეთვე ცალკეული ბგერებისა და მარცვლებისაგან სიტყვების შედგენას.
ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარებაზე მუშაობისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო პირველ-მეორე კლასში. თუმცა, ჩვენი სკოლის კონტინგენტის 48% ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ამ პრობლემებს ზედა კლასებშიც ვაწყდებით.
ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განმტკიცებისთვის საჭიროა სისტემატიური მუშაობა განსაზღვრული ლოგიკური თანმიმდევრობით, მარტივიდან რთულისკენ. სწავლების პირველ ეტაპზე დიდ დროს ვუთმობ ბგერების გადაბმისა და ბგერებად დანაწევრების უნარებზე ვარჯიშს. ვფიქრობ, ამ უნარებს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს კითხვის სწავლაში. ყოველდღიურად 5-10 წუთს ვუთმობ ფონოლოგიურ სავარჯიშოებს.
ამ უნარების განვითარებასა და ანბანის შესწავლაში ძალიან კარგად დამეხმარა რესურსი, რომელსაც „ანბანის სახლი“ დავარქვით. სახლი ხუთსართულიანია და ხუთივე ხმოვანი ცალ-ცალკე სართულზე „ცხოვრობს“, თითოეულ ხმოვანს თავის ჯიბაკი აქვს მიმაგრებული გვერდით.
სახლი მუყაოს ყუთებით და ფერადი ქაღალდებით ავაწყვე. ასეთი გზით შექმნილი სახალისო დავალებები საშუალებას მაძლევს, ბავშვებს ავუმაღლო განწყობა და ყველა ჩავრთო აქტივობაში. შედეგად, ასე თამაშ-თამაშით „შემოგვესწავლა“ ფონოლოგიური უნარები, საკმაო რაოდენობის ასო, გავიმდიდრეთ ლექსიკური მარაგი.
დავალებები სხვადასხვაგვარია:
იხსენებენ ხმოვნებზე დაწყებულ ან დამთავრებულ სახელებს და ამ სიტყვებით აღნიშნული საგნების ნახატებს (დროთა განმავლობაში – დაწერილ სიტყვებსაც) ხალისით ალაგებენ ჯიბაკებში.
„ვამეგობრებთ“ ხმოვნებს თანხმოვნებთან და ვასახელებთ მარცვლებს. შემდეგ ვამეგობრებთ მარცვლებს და ვადგენთ სიტყვებს, სიტყვებისგან – წინადადებებს. მოგვიანებით ამას ვაკეთებთ წერითი და კითხვითი აქტივობებით.
რომელი ორი სიტყვა მთავრდება ერთსა და იმავე ხმოვანზე? რომელი იწყება? და ასე შემდეგ.
ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს კითხვისა და მართლმეტყველების საფუძველს. პირველი ბგერის ამოცნობის სწავლებას რამდენიმე დანიშნულება აქვს: გაბმული მეტყველების მოსმენის დროს, პირველი ბგერა სიტყვების ერთმანეთისგან გამიჯვნაში გვეხმარება, პირველი ასო-ბგერის იდენტიფიცირება სიტყვის წაკითხვასა და ამოცნობაშიც გვიწყობს ხელს და მნიშვნელობის გაგებაშიც.
ერთი კონკრეტული აქტივობა ასეთია: ვაძლევ სიტყვის ბარათებს, სადაც მხოლოდ თანხმოვნებია და უნდა ამოიცნონ, რომელი სართულიდან გადმოვარდა და დააბრუნონ-აღადგინონ სიტყვა. იქვე, ამ სიტყვის გამოყენებით, ვადგენთ წინადადებას. შემდეგ უკვე მათემატიკას ვიყენებთ – რამდენი ხმოვანი ჩავამატეთ? სულ რამდენი ასო-ბგერაა სიტყვაში? რამდენი მარცვალი? ხმოვანი უფრო მეტია თუ თანხმოვანი, როგორ ჩავწერთ უტოლობას? რამდენ სიტყვიანი გამოვიდა წინადადება? აბა, დავითვალოთ ამ წინადადებაში რომელი ხმოვანია ყველაზე მეტი? ასე გამოგვყავს „გამარჯვებული“ ხმოვანი. იმასაც ადვილად ითავისებენ, ხმოვნის გარეშე რამდენად ძნელი წარმოსათქმელია მხოლოდ თანხმოვნები. მერე ხელოვნებას მოვიშველიებ – შეგიძლიათ დახატოთ ეს სიტყვა? მოდი, კიდევ გავიხსენოთ სიტყვა, რომელშიც იგივე ხმოვანია და ერთად დავხატოთ ორივე, ბუნებასაც არ გავანაწყენებთ და ვეკითხები – როგორ ფიქრობთ, რამ გადმოაგდო სიტყვა? საოცარი პასუხები მოდის: ქარმა, მიწისძვრამ, სიომ, ქარიშხალმა, ცელქმა ბავშვმა… აქ უკვე საპირისპირო სიტყვას ვიხსენებთ – ცელქი-ჭკვიანი, მსგავსი სიტყვა როგორ იქნება? – ანცი. საგნების ინტეგრირება კლასში კარგ განწყობას იწვევს, მეტია მოტივაცია, გაკვეთილებიც ფერადია და არ არიან მხოლოდ წიგნზე მიჯაჭვულები.
ერთი რამ აღმოვაჩინეთ: „ე“ თურმე ზარმაცია – რამე რომ გვეზარება, ჩვენც ასე ვამბობთ: „ეეეეეეე“, „ო“ – გახარებული, „ა“ – მიხვედრილი, „უ“ – გამარჯვებული, „ი“ – გემრიელი – ეს მათი მოსაზრებებია და ისე კარგად იმსჯელეს, „ხმოვნების ქვეყანა“ დაარქვეს ამ ამბავს.
ეს რესურსი პირველ კლასში მათემატიკაშიც გვეხმარება და ხელოვნებაშიც. ყველა სართულს აწერია სხვადასხვა ფერის ციფრები. ითვლიან სართულებს, რომელი ხმოვანი რომელ სართულზე ცხოვრობს, რომელია ზევით, რომელი – ქვევით, რამდენი მარცვალია, რამდენი ხმოვანია სიტყვაში, რამდენი – „ა“, რამდენი – „ო“ და ა.შ.
ხელოვნებაში ვიმახსოვრებთ ფერებს – რომელ ხმოვანს რომელი ფერის ჯიბაკი აქვს, რომელი ფერის ციფრი აწერია, სიტყვის ბარათებზე მითითებული ფერით აფერადებენ ხმოვანს, ხატავენ სიტყვებს. ხშირად ვხატავთ ამოცანას, მოქმედ პირებს ვალაპარაკებთ კომიქსებით, ამოცანაც სახალისო, გასაგები ხდება და წერითი უნარებიც უვითარდებათ.
ხუთივე ხმოვანი წითელი ფერისაა, მხოლოდ ჯიბაკები აქვთ სხვადასხვა ფერის:
ა — წითელი ი — ყვითელი ო — ცისფერი
ე — მწვანე უ — ნარინჯისფერი.
რესურსი საკმაოდ მარტივია, მაგრამ ბავშვებს ძალიან მოსწონთ და სახალისო ისტორიებსაც იგონებენ, უკვე ჩემი დახმარების გარეშე. ერთმა მოსწავლემ ინატრა კიდეც: „ნეტავ მეც ვცხოვრობდე ხმოვნებთანო“.
ჩემი პედაგოგიური საქმიანობის დაწყება დაემთხვა ქვეყანაში მძიმე „უყველაფრობის“ პერიოდს (30 წლის პედაგოგიური სტაჟი მაქვს უკვე). ძალიან გამიჭირდა, დამწყები მასწავლებელი ვარ, არც გამოცდილება, არც რესურსი. მოსვენებას არ მაძლევდა ფიქრი, როგორ გამეხადა სასწავლო პროცესი სახალისო… როგორ გამეხარებინა პატარები. ჩემი და მუყაოს ყუთების „მეგობრობა“ იმ დროიდან დაიწყო – ვაწებებდი, ვაფერადებდი, ბავშვებიც ჩავრთე ამ საქმეში და მათ სახეებს რომ ვუყურებდი, მივხვდი, რომ რაღაცას მივაგენი. მახსოვს პირველი რესურსი სივრცითი ფიგურები იყო, ბავშვებთან ერთად დავაწებე, ავაწყვე კუბი, პარალელეპიპედი, პრიზმა, ცილინდრი და ადვილად ისწავლეს წახნაგი, წიბო, წვერო და ასე შემდეგ. მაშინ ტერმინი „სწავლა კეთებით“ არ ვიცოდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ სწორედ ასე ვიმუშავეთ.
ეს დღესაც გრძელდება. უამრავი ყუთი მაქვს შენახული, მეზობლებიც კი მინახავენ, იციან გამოვიყენებ, ხშირად მაღაზიასაც ვაკითხავ, რამდენჯერ დამიცალეს საჭირო ზომის ყუთი. ყუთების გარდა, ვიყენებ ქვებს, ხის ფესვებს, ფოთლებს, ხის პატარა კუნძებს (უამრავი დიორამა გვაქვს კლასში), წინა კლასების ნამუშევრებსაც ვიყენებთ. ახლა ყიდვაც შეიძლება ბევრი საჭირო ნივთის და ფული არასოდეს მენანება, ოღონდ პატარები გავახარო.
ონლაინ სწავლების დროს უფრო მეტი ელექტრონული რესურსი მაქვს შექმნილი, მაგრამ საკლასო ოთახში როცა ვართ, ვცდილობ, ამ გზით ვივარჯიშოთ. ერთმანეთისგან უფრო მეტს სწავლობენ და თანამშრომლობა სახალისოა პატარებისთვის.
ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენს კითხვისა და მართლმეტყველების საფუძველს. პირველი ბგერის ამოცნობის სწავლებას რამდენიმე დანიშნულება აქვს: გაბმული მეტყველების მოსმენის დროს, პირველი ბგერა სიტყვების ერთმანეთისგან გამიჯვნაში ეხმარება, პირველი ასო-ბგერის იდენტიფიცირება სიტყვის წაკითხვასა და ამოცნობაშიც გვიწყობს ხელს და მნიშვნელობის გაგებაშიც.
კონკრეტული აქტივობების საშუალებით შევძელი სწავლაში არსებული პრობლემების შემცირება.
სიტყვებს ყოფენ მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებენ სიტყვებად, ამოიცნობენ და ითვლიან სიტყვებში მარცვლების რაოდენობას. ჩემ მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ამოიცნობენ სიტყვებს, რომელიც შეიცავს წინასწარ მითითებულ ბგერას; ამოიცნობენ მარცვალს და ამ მარცვლის ადგილმდებარეობას სიტყვაში; მოსმენილ წინადადებაში ადვილად გამოყოფენ სიტყვებს და რაც ყველაზე მთავარია, იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს და მცირდება ენობრივი ბარიერიც.
წაკითხულის გაგება-გააზრება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ლექსიკურ მარაგზე – რაც უფრო მდიდარია ლექსიკური მარაგი, მით უფრო წარმატებულია მოსწავლე. ამიტომ მიმაჩნია მნიშვნელოვან საქმედ ლექსიკური მარაგის შევსება-გამდიდრებაზე ზრუნვა, სწავლების საწყის ეტაპზე, განსაკუთრებით, არაქართულენოვანი ბავშვისთვის.
ასეთი მიდგომებით მოსწავლეებს უყალიბდებათ პოზიტიური დამოკიდებულება კითხვისა და, ზოგადად, სწავლის მიმართ. უვითარდებათ მეტაკოგნიტური უნარები – საკუთარი სწავლის პროცესზე დაკვირვება, დამოუკიდებელი მუშაობა, სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.