27 ივლისი, შაბათი, 2024

ხუთი პრინციპის სწავლება

spot_img

თეონა ღონღაძე

დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სწავლა-სწავლების პროცესი კონსტრუქტივიზმზე დაყრდნობით უნდა წარიმართოს. როგორ შეიძლება ამოვიცნოთ, ჩვენ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სასწავლო პროცესი ეყრდნობა თუ არა კონსტრუქტივიზმს? ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო პროცესში ამ სტილის/მეთოდოლოგიის ხუთი პრინციპის დანახვა.

კონსტრუქტივიზმის პრინციპებია:

  1. გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულობა;
  2. შესასწავლი საკითხისთვის საჭირო წინარე ცოდნის გააქტიურება;
  3. საკითხით განსაზღვრული ცოდნის კონსტრუქტივისტულად აგება და გააზრება;
  4. ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება;
  5. ორიენტირებულობა ცოდნის სამივე კატეგორიაზე.

ახლა კი თვალი გავადევნოთ ხუთივე პრინციპის განმარტებასა და ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე/სცენარებში მათ ასახვას.

ესგ-ის მიხედვით გვაქვს ორი ტიპის გრძელვადიანი მიზანი: სასწავლო ცნება და საფეხურის შედეგი.

სასწავლო ცნება ფართოდ გავრცელებული ტერმინია და გულისხმობს სწავლებისას იმ ორიენტირებს, რომელიც არ უნდა დავკარგოთ. არსებობს საგნისა და საგანთაშორისი (მაკრო) ცნებები. საგნის სასწავლო ცნებების რაოდენობა, საფეხურების მიხედვით, სხვადასხვაა.

საფეხურის შედეგი პასუხს სცემს შეკითხვას – რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს საფეხურის/ქვესაფეხურის (და არა რომელიმე კონკრეტული სასწავლო წლის) ბოლოს? საფეხურის შედეგები ის ზოგადი ორიენტირებია, რომლებიც სასკოლო საზოგადოებისთვის საგნის სწავლების მიზნებს განსაზღვრავს.

გრძელვადიან მიზნებს (შედეგებსა და სამიზნე ცნებებს) აზუსტებს და უფრო მკაფიოს ხდის ცნებასთან დაკავშირებული:

♦ ქვეცნებები;

♦ მკვიდრი წარმოდგენები;

♦ საფეხურის საკვანძო შეკითხვები.

ვთქვათ, თუ ჩვენ, დაწყებით საფეხურზე, განვიხილავთ სამ სასწავლო ცნებას (ტექსტი, ჟანრი; სიტყვა, წინადადება, ტექსტი; გრამატიკული კანონზომიერება), მათთან დაკავშირებულია ქვეცნებები (მაგალითად, გრამატიკა – მორფოლოგია, სინტაქსი – საკითხთა ტიპოლოგიით), რაც შეეხება მკვიდრ წარმოდგენებს, ეს სასწავლო ცნების ფარგლებში შემოსაზღვრული ცოდნაა, ხოლო საფეხურის საკვანძო შეკითხვები არ გვაკარგინებს მაგისტრალურ ხაზს სწავლის დროს.

კონსტრუქტივისტული მიდგომისთვის აუცილებელია შესასწავლი საკითხისთვის საჭირო წინარე ცოდნის გააქტიურება. ყველა ბავშვი, მისი მზაობის მიუხედავად, ფლობს გარკვეულ ცოდნას, რომელზეც ახალი შემეცნებითი (კოგნიტური) კონსტრუქციები უნდა დაშენდეს, ე.ი. ინფორმაცია, რომელიც უკვე ნასწავლია/ნაცნობია ბავშვებისთვის, „ცოდნის ასაშენებლად“ მყარი საფუძველია და ხშირად ნაცნობ კონტექსტს, ანუ თემას უკავშირდება. მაგალითად, მეგობრობა რამდენადმე ნაცნობი კონტექსტია და მასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია აქვთ მოსწავლეებს. შესაძლებელია, წინარე ცოდნის გასააქტიურებლად, გამოვიყენოთ ისეთი შეკითხვები, რომელიც ხშირად ნაცნობ კონტექსტს უკავშირდება. გაიხსენეთ, თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, მეგობრობის მაგალითები. როგორ ფიქრობთ, რა როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში მეგობარი? რა თვისებები უნდა ჰქონდეს ნამდვილ მეგობარს?

საკითხით განსაზღვრული ცოდნის კონსტრუქტივისტულად აგება და გააზრება გულისხმობს, საკითხის დასმის შემდეგ (ვთქვათ, საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის შექმნა რომელიმე საკითხზე), ასაგები „მასალების“ ეტაპობრივი გავლით, ცოდნის „აშენებას“, რისთვისაც მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებსა და რესურსებს ვთავაზობთ. სწორედ ამ დროსაა მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილე და არა ინფორმაციის პასიური მიმღები, ხოლო მასწავლებელი კი – ფასილიტატორი. მისი დახმარებით მოსწავლე თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის კომპლექსური დავალების განხორციელებისკენ. ამ შემთხვევაში, მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა და არა პასიური მიმღები.

ცოდნათა ორგანიზებასა და ურთიერთდაკავშირებაში ვგულიხმობთ ცნებებისკენ ორიენტირებასა და სწავლებისას ორგანულ კავშირებს, რაც გულისხმობს ქვეცნებების, ქვესაკითხების ურთიერთკავშირს. თუკი საკითხია იგავის შექმნა, ბუნებრივია, იგავი უნდა დამუშავდეს ცნება ჟანრის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, ქვეცნება იქნება იგავი, ხოლო ქვესაკითხი იგავის ჟანრობრივი მახასიათებლები. აღსანიშნავია, რომ ყველა ცოდნა უკავშირდება საკითხებს, მოსწავლემ, კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში, ურთიერთდაკავშირებულად უნდა გამოიყენოს ნასწავლი საკითხები.

ცოდნის სამივე კატეგორიაზე (დეკლარატიულ/ფაქტობრივი, პროცედურული და პირობისეული) ორიენტირებულობა ყველა იმ ცოდნის სახეობათა ათვისებას მოიაზრებს, რომელიც ზოგადად არსებობს. დეკლარატიული (ფაქტობრივი ცოდნა) – კითხვები: ვინ? რა? სად? როდის? პროცედურული ცოდნა იწყება/მოიაზრება კითხვით – როგორ? ხოლო პირობისეული – რისთვის? რატომ? რა სიტუაციაში გამოვიყენებ?

გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებელმა მხოლოდ დასამახსოვრებელი მასალა კი არ უნდა მიაწოდოს მოსწავლეს, არამედ პრაქტიკულად, კონკრეტული პროდუქტის შექმნით, ამუშაოს. მხოლოდ კეთებით სწავლებით და აქტიურობით შეძლებს მოსწავლე საკითხის ღრმად გააზრებას. როგორც ხედავთ, კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნებული კომპლექსური დავალება ხელს უწყობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პრაქტიკულ რეალიზებას.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები