გულვარდი ბოლქვაძე
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. კორტოხის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი
ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ შეუძლებელია გვქონდეს გარკვეული წარმოდგენა, თუ არ განვიხილავთ კიდევ ერთ ნაწარმოებს, რომელიც მის პოეტურ მოღვაწეობას თითქოს ამთავრებს. ეს გახლავთ მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“. აქ კიდევ ერთხელ გადაშლილია „ამ უთავბოლო და უსწორ-მასწორო წუთისოფლის საჭირბოროტო და წყევლა-კრულვიანი საკითხები“.
ამ უსწორ-მასწორო წუთისოფლის ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხის გაშლისათვის ილიას გამოყენებული აქვს თავისი ჩვეულებრივი პოეტური ხერხი – ორი წოდების – თავადაზნაურობისა და და გლეხობის დაპირისპირება. თავადაზნაურობის წარმომადგენელნი არიან არჩილი და მისი და კესო, გლეხებისა – ოთარაანთ ქვრივი და მისი შვილი გიორგი.
დაიმსხვრა ბატონყმური წყობილება. ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას დიდი თუ პატარა სიხარულით შეეგება. თითქმის ყველა მწერალმა მასში გლეხობის ბედნიერი მომავალი დაინახა, ილია კი დუმდა. დუმდა, რადგან იცოდა, რომ უმიწოდ გათავისუფლებულ გლეხობას მძიმე ჭაპანი უწინდებურად უნდა ეწია. გადიოდა დრო… ცხოვრებაში მართლაც დიდი ცვლილებები ხდებოდა; შეიცვალა თავადაზნაურთა და გლეხობის დამოკიდებულება (ფსიქოლოგიაც). სწორედ ეს საკითხი გააშუქა ილია ჭავჭავაძემ საქვეყნოდ ცნობილ „ოთარაანთ ქვრივში“, რომელიც ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ დაიწერა (1887 წელს).
მოთხრობაში ილიასთვის ჩვეული სიბრძნითა და სიდინჯითაა გაანალიზებული თავადაზნაურთა და გლეხობის ურთიერთდამოკიდებულება, მათი მდგომარეობა 1864 წლის რეფორმის შემდეგ. აქ ავტორმა ნათლად დაგვანახა, რომ ბატონსა და ყმას შორის უფსკრულია, ხიდია ჩატეხილი.
„ოთარაანთ ქვრივში“ მწერალმა გლეხობისა და თავადაზნაურობის დაკავშირება ადამიანის ყველაზე დიდი და ამამაღლებელი გრძნობით – სიყვარულით განიზრახა, მაგრამ ეს უზენაესი გრძნობაც უძლური აღმოჩნდა, მათ შორის, ჩატეხილი ხიდის გასამართლებლად. „წმინდა შუქი გიორგის მშვენიერი სულისა ამაო და უქმად-ღა ჯავარსავით ეფინებოდა ცივ კედელს“, რომელიც კესოს გულის კარებს აჰფარებოდა. გიორგის „ბრმა გული დახვდა გვარიშვილობის ცხრაკლიტურით დაკეტილი“.
ილიამ გიორგი ადამიანის ყველა დადებითი თვისებით შეამკო. მოთხრობაში ამბობს კიდეც: „ერთი დოინჯის შემოყრაღა აკლია, თორემ თავადიშვილია და თავადიშვილი“ და, აი, ამ გამორჩეულ პიროვნებას, მაგრამ გლეხს, შეუყვარდა თავადის ქალი კესო.
არჩილი და კესო „მონანიე აზნაურები“ არიან. ისინი არ ჰგვანან თავიანთ წინაპრებს და ცდილობენ, მათი ცოდვები გამოისყიდონ. ნასწავლი, განათლებული და-ძმა კარგ ურთიერთობაშია გლეხობასთან, მაგრამ მათ შორის უფსკრულია, ხიდია ჩატეხილი და ამას ორივე მხარე გრძნობს. გიორგიმ კესოს სიყვარულის გამხელა იმიტომ ვერ გაუბედა, რომ იცოდა, „ის ვინ და კესო ვინ?“
გიორგის ტრაგიკული სიკვდილი გახდა აუცილებელი, რომ და-ძმას დაბინდული გონება განათებოდათ, თვალები ახელოდათ.
არჩილმა მწარედ ამხილა კესო, თავისი თავი და მთელი წოდება, რომელმაც მათ გულის კარი დაუხშო და თვალები დაუბრმავა „ხიდგაღმა დაწერილი ცხოვრების წიგნის“ წასაკითხად.
„ოთარანთ ქვრივში“, ხიდჩატეხილობის პრობლემასთან დაკავშირებით, ილიას პოზიციის გასარკვევად, მოსწავლეებს ერთხელ კიდევ გავახსენებთ არჩილისა და კესოს დიალოგს.
არჩილმა ჰკითხა დას: „გაჰყვებოდი თუ არა გიორგის? – არ მიყვარდა და არ გავყვებოდი“ – უპასუხა ქალმა და იგი იმ წუთში გულწრფელი იყო, მაგრამ ძმამ დაურიდებლად მიახალა: „არ გიყვარდა იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც არ შეირთავდი… გლეხკაცი იყო… აბა, შენი ტოლი კაცი ყოფილიყო, სიყვარულს ხომ მიუხვდებოდი“…
არჩილმა აქ მისი წოდების უმწეობა და უსუსურობა გამოააშკარავა, ცხადად დაინახა, გლეხობასა და თავადებს შორის, ხახადაღებული უფსკრულია, ერთ ნაპირზე გლეხები დგანან, მეორეზე – თავადები და ერთმანეთის აღარ სჯერათ.
გლეხობამ არჩილისა და კესოს წრფელი ცრემლიც ვერ დააფასა: „კაცი მოიდნეს და ქვეყანას ამით უბამენ თვალსაო“. დიახ, ორი განსხვავებული ქვეყანა იყო უფსკრულის სხვადასხვა მხარეს და, მათ შორის, მარტო „ბრტყელი ენა მწიგნობრობისა და ხარბი ხელი გაუმაძღრისა“-ღა მოციქულობდა.
მიუხედავად იმისა, რომ არჩილმა იცის, გლეხი ხანდახან უწმინდური იყო არა მარტო თავისი ტყაპუჭით, არამედ გულითაც, მაგრამ არც ის ავიწყდება, რომ ეს მხოლოდ ქაფი იყო, ჭუჭყი „მდუღარე ცხოვრებისა, თავზე მოგდებული“, ხოლო ძირში კი – დაწმენდილი, სუფთა. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ რამ შექმნა იმისთანა კაცური კაცი, როგორც გიორგი იყო, ან იმისთანა დედაკაცი, როგორიც ოთარაანთ ქვრივია?
„ჩვენ რაც ვართ, გაკეთებულნი ვართ, ისინი კი შექმნილნი. ჩვენ დაბლანდული ვართ, ისინი კი გვირისტით შეკერილნი, იმ გვირისტით, რომელიც ბუნებამ იცის და ბუნება – ხომ იცი, ოსტატია. ისინი ჩაკირულნი არიან, ჩვენ – დონდლონი, დუნენი“ – ამბობს არჩილი. იგი გლეხობაში ხედავს ძალას, რადგან გრძნობს, რომ ხოლოდ „იქა ჰდუღს ძარღვებში მოარული სისხლი, იქა სცემს სიცოცხლის ძარღვიცა“.
არჩილი და კესო გიორგიში მხოლოდ კარგ მოჯამაგირეს ხედავდნენ, ხოლო როცა მასში „მშვენიერი სული“ და „თაყვანისმცემელი ღირსება“ დაინახეს, უკვე გვიანი იყო. „ცხოვრების ხიდგაღმა დაწერილი წიგნი“, რომელიც მათ წინ გადაეშალათ და წაკითხვა ვერ შეძლეს, შეეწირა უწმინდეს სიყვარულს და თან წაიღო წრფელი, მხურვალე ცრემლი კესოსი, მათ კი თავის გასაკითხად დაუტოვა: „არა ვნანობ, არაო!“…
არჩილს უნდოდა, კესოსთვის „ხიდჩატეხილობის“ არსი გაეგებინებინა და გააგებინა კიდეც, რამაც თავადის ქალს გულწრფელი ცრემლი ადინა, მაგრამ უფსკრულის ამოსავსებად, ჩატეხილი ხიდის გასამრთელებლად საჭირო იყო, ყველას შეეგნო ის, რასაც იმჟამად და-ძმის გონება ჩაწვდა: „ეგ ცრემლიანი ცოდნა უკანა სწვავს და ჰბუგავს. წინა ჰნამავს და ამწვანებს. ეგ ნამი რომ გაბევრდება, მდინარე წყლად იქცევა და მთელს ტივს მოიტანს, რომ ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდი გაამრთელოს და ეგრე ორსავ ნაპირს გააერთიანებს. ეგ ცრემლიანი ცოდნა, თუ ცოდნიანი ცრემლი უკანისა, – შუქია წინისა და შუქი ხომ… დასაწყისია განთიადისა“…
გაუცხოება ყოვლისმომცველი პრობლემაა. ხიდია ჩატეხილი არა მარტო სხვადასხვა წოდებათა შორის, არამედ ერთსა და იმავე კლასის წარმომადგენელთა, ადამიანსა და საზოგადოებას, დედა-შვილს შორისაც…
თუ გიორგისა და კესოს წოდება თიშავს, მაშინ რაღამ გააჩინა უფსკრული ოთარაანთ ქვრივსა და სოსია მეწისქვილეს შორის, რამ გააუცხოვა ისინი ერთმანეთისათვის?
რა მიაჩნია ილიას საჭიროდ „ხიდჩატეხილობის“, წუთისოფლის ამ წყევლაკრულვიანი საკითხის მოსაგვარებლად?
ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნის გამოტანამდე, კარგი იქნება, თუ მოსწავლეეებს დიდი ილიას კიდევ ერთ შეგონებას მივაწოდებთ, მღვდელს რომ ათქმევინა „გლახის ნაამბობში“: „როცა, ჩემო ძმაო, ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისათვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: – განკითხვის დღეს გეტყვითო: მწყურვალი ვიყავი, არ მასვითო, მშიერი ვიყავი, არ მაჭამეთო, შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო, სნეული ვიყავი, არ მომიარეთო, როცა მეტყვიანო, უფალო, სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო? – მე გეტყვით: – ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არგაკითხული, მე ვიყავიო, ესეა ძმაო! სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი, გზა ცხოვრებისა, აი, ხიდი ცხონებისა, აი, გასაღები სამოთხისა!“…
ამგვარად, ილიას გაუცხოვების პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ აუცილებელ პირობად საზოგადოების ზნეობრივი სრულყოფა, ადამიანის ზნესრულობა, სრულქმნილება, „ღმერთთან მიახლება“ მიაჩნია.
გამოყენებული ლიტერატურა: ♦ ქართული ენა და ლიტერატურა. მოსწავლის წიგნი, მე-11 კლასი; ავტორები: თაია ცხადაია, დარეჯან კვანჭიანი, თამარ ღოღობერიძე, ნანა კუცია, ნანა ღონღაძე, ნათელა მაღლაკელიძე; ♦ ქართული ენა და ლიტერატურა. მასწავლებლის ბიბლიოთეკა. XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა IV; ♦ „ახალი ქართული ლიტერატურა“, II ტომი; ♦ როზა დევდარიანი. ილია ჭავჭავაძის შემოქმედება.