30 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2022

ხელოვნების გაკვეთილები – 21-ე საუკუნის კომპეტენციები და მაკროცნებები

spot_img

როცა მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასა და საგნობრივ გზამკვლევებს ჩავუღრმავდი, გადავწყვიტე, ერთმანეთთან დამეკავშირებინა საგნობრივი და ზესაგნობრივი გრძელვადიანი მიზნები, ანუ ცნებები. სახვით დაგამოყენებით ხელოვნებაშიც გაფართოებული აბსტრაქტის (იგივე აბსტრაქტული) დონე მაშინაა მიღწეული, როცა მოსწავლეს შეუძლია სამიზნე ცნებაზე მუშაობის პროცესში შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ეროვნული სასწავლო გეგმის ზესაგნობრივ (მაკრო) ცნებებთან დაკავშირება.

ზესაგნობრივი (მაკრო) ცნებები უკავშირდება ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ XXI საუკუნის რვა საკვანძო კომპეტენციას. პუბლიკაციაში ნაჩვენები იქნება: XXI საკუნის საკვანძო (ევროსაბჭოს) კომპეტენციები; ზესაგნობრივი (მაკრო) ცნებები; კრიტერიუმი – ესგ შედეგების მე-5 დონეზე რა უნდა შეძლოს მოსწავლემ (კონკრეტული მაგალითებით ჩემივე პრაქტიკიდან).

⇒ წიგნიერება და ციფრული წიგნიერება კომპეტენციაა, რომელიც უკავშირდება ცნებებს კონსტრუქტი (მნიშვნელობის მინიჭება) და ნარატივი (ინფორმაციის კონსტრუირება). მე-5 დონის მიხედვით, კონსტრუქტი არის ინფორმაციის გააზრება, საკუთარი გამოცდილებით მისი მნიშვნელობის გადააზრება/გაღრმავება; ხოლო ნარატივი – ინფორმაციის კონსტრუირება/ნარატივად გარდაქმნა, საკუთარი ნარატივის ჩამოყალიბება, რომელშიც ასახული იქნება საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი მასალა საკუთარი მიზნებისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

წარმოგიდგენთ მეორეკლასელი მოსწავლის ნაშრომის ფოტოპირს, რომელიც გაფართოებული აბსტრაქტისაა და აქვე ავხსნი, როგორ არის ზემოთ დასახელებული კომპეტენცია და მაკროცნებები მოსწავლის ნაშრომში ასახული.

ეს ნაშრომი შექმნილია კომპლექსური დავალების პირობის საფუძველზე, რომელიც თერჯოლის №1 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებს წარვუდგინე. გასაგები მიზეზების გამო, მოსწავლის იდენტიფიცირებისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ მან შეძლო თავისი ნაშრომისთვის მნიშვნელობის მინიჭება და შესაბამისად, ინფორმაციის კონსტრუირება. ბუნებრივია, ბავშვმა ასაკის შესაბამისი ლექსიკით გადმოსცა ნაშრომის მნიშვნელობა და ახსნა ინფორმაციის აგების დეტალები.

 კომპეტენციები – მულტილინგვური წიგნიერება, კულტურული ცნობიერება და თვითგამოხატვა – უკავშირდება მაკროცნებას კულტურული მრავალფეროვნება. ასეთ დროს მოსწავლემ უნდა გაიაზროს, თუ როგორ აღიქვამენ ერთსა და იმავე ინფორმაციას სხვა კულტურის ადამიანები. გთავაზობთ ისევ მეორე კლასის მოსწავლის ნაშრომს:

 

მოსწავლემ ახსნა, რომ ამ ნაშრომზე გამოსახულია ისეთი ხალხის ეზო, რომლის ქვეყანაში ხშირად მოდის ნალექი (ამიტომაა სახლის სახურავი ფერდელა), წყლის მოყვარული ფრინველებიც ამიტომ ჰყავს პატრონს მოშენებული და მცენარეებიც ბევრ წყალს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში – გახმებოდა. მეპატრონემ ეზოში ტალახისგან დასვრა და ბალახების გათელვა რომ აიცილოს თავიდან, ამისთვის ქვაფენილი აქვს გამოყენებული.

კომპეტენცია რაოდენობრივი წიგნიერება და მაკროცნებები მოდელი/კვლევა გულისხმობს (ბუნებრივია, გაფართოებული აბსტრაქტის შემთხვევაში) კანონზომიერებების აღმოჩენასა და მოდელირებას ახალ სიტუაციასთან მიმართებით; უნდა მოხდეს სასწავლო მასალის დაკავშირება სხვა სამეცნიერო ცოდნასთან. ზემოთ მოყვანილი ორივე მაკეტი ამის დასტურია, ამიტომ ზედმეტად ყურადღების გამახვილებას დეტალებზე აღარ ვაპირებ.

პერსონალური, სოციალური და სწავლის სწავლის კომპეტენცია და მაკროცნება სტრატეგია საკითხის/საკითხების შესასწავლად ან დავალების შესასრულებლად ხერხების გამოყენებაა. გთავაზობთ ისევ მეორე კლასის მოსწავლის ნაშრომს, სადაც კარგად ჩანს სტრატეგიის გამოყენება:

 კომპლექსური დავალების პირობის გაცნობის შემდეგ ამ დავალების შემსრულებელმა მოსწავლემ განაცხადა, რომ წინასწარ მოიფიქრა, მის დავალებაში რა გამოყენება ექნებოდა თითქმის უფასო მასალას: მუყაოს, ძაფებს, წკირებს, სუროს ტოტს და ა.შ.

სამოქალაქო კომპეტენციასთან დაკავშირებული მაკროცნება მოქალაქე გამოკვეთს იმას, თუ რა ზეგავლენა მოახდინა მოსწავლეზე შეძენილმა ცოდნამ. მესამე მაკეტის ავტორმა განაცხადა, რომ გაიგო, თურმე, რამდენად გამოსადეგია ბუნებაში არსებული მასალები და ყველა ადამიანმა (მოქალაქემ) უნდა დააფასოს ისინი.

კომპეტენცია მეწარმეობა დაკავშირებულია მაკროცნებასთან ინოვაციური პროექტი. სამივე პროდუქტის ავტორმა განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი მაკეტი არის სრულიად განსხვავებული, ვიდრე უნახავთ და ამგვარი ცოდნის მქონე ადამიანები საზოგადოებისთვის საჭირო იქნებიან, თუნდაც იმისთვის, რომ დაუგეგმონ ლამაზი ეზოების იაფად მოწყობა.

აქვე მინდა მივმართო კოლეგებს, რომ საგნობრივ-ზესაგნობრივ ცნებებზე ორიენტირება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს და ახალი ტერმინების სიუხვე დემოტივირებისა და პროტესტის საგანი არ უნდა გახდეს. ამ ტერმინებისა და სათანადო აქტივობების შესრულების მერე სასწავლო მიზნების განხორციელება ადვილდება.

 

 

ხათუნა გურული

სსიპ თერჯოლის №1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები