28 ნოემბერი, სამშაბათი, 2023

ხელოვნებათმცოდენობა და მუსიკა – შემეცნებითი და მხატვრული უნარების განმავითარებელი ფაქტორი

spot_img

სალომე არაბიძე
სსიპ ქუთაისის 9 საჯაროს სკოლის ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი,ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი

 

 

ხელოვნება თავისი წარმოშობისა და განვითარების ყველა სტადიაზე მხოლოდ ადამიანთან მიმართებაში განსახილველი ფენომენია. კულტურა კი ადამიანის გარეშე არარსებულია. აქედან გამომდინარე, კულტურის არსის შემეცნება ან კიდევ მისი განვითარების კანონზომიერებებში გარკვევა ვერ მოხერხდება თუ კარგად არ ვიცნობთ ადამიანის ზოგად მახასიათებლებს, თავისებურებებს, აქტივობის კანონზომიერებებს, ასაკობრივ მახასიათებლებს და ა.შ.

ადამიანი ქმნის ხელოვნებას და თვით ადამიანიც ხელოვნების პროდუქტია რადგან კულტურის ცალკეული დარგები, კულტურული ღირებულებები სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ნებისმიერ პიროვნებაზე, აყალიბებს მის ცნობიერებას, ღირებულებით ორიენტაციებს და შეხედულებებს. კულტურის სისტემაში ადამიანის ადგილის განსაზღვრისას ვეხებით  ისეთ ასპექტებს, რომელსაც უშუალოდ მივყავართ იმ ფენომენის ჩამოყალიბებამდე, რასაც ადამიანის პედაგოგიზაცია ეწოდება.

ხელოვნებათმცოდენობა და მუსიკა, სწავლების თეორიულ-პრაქტიკული საკითხები, ჩემი პროფესიული სფეროს ინტერესს წარმოადგენს. ეს მიდგომა გვკარნახობს საფუძვლიანად განვიხილოთ ხელოვნების, როგორც პიროვნების შემეცნებითი და მხატვრული უნარების განმავითარებელი ფაქტორი.

ანტიკურ ეპოქაში ადამიანის შესახებ ფილოსოფიური წარმოდგენა არ ექვემდებარებოდა რელიგიურ-თეოლოგიურ მსოფლმხედველობას. ბერძნული ფილოსოფიის განვითარების ადრეული ეტაპის წარმომადგენლები – თალესი, პითაგორა, ჰერაკლიტე, ადამიანს  განიხილავდნენ სოკრატეს პრინციპით: „შეიცან თავი შენი“. აი, სწორედ აქედან იწყება ადამიანის კვლევის პროცესი. ამ მიმართულებით კი ბევრი გაკეთდა პლატონთან, არისტოტელესთან, მოგვიანებით კი, ქრისტიანულ ფილოსოფიაში   უმთავრესი აზრი, რაც ამ მიმართულებით ჩამოყალიბდა, არის ის, რომ ქრისტიანულმა რელიგიამ და ქრისტიანულმა ფილოსოფიამ სულს დიდი უპირატესობა მისცა სხეულთან შედარებით. სული ადამიანთან გაიგივდა, ხოლო სხეული იმგვარად იქნა განცდილი, რაც ხელს უშლის სულს.

ახალი დროის ფილოსოფიაში, კერძოდ რ. დეკარტთან, სულის შესახებ რელიგიური წარმოდგენა შეიკვეცა და ადამიანი ცოცხალ „მანქანად“ გამოცხადდა. დეკარტეს აზრით, ადამიანი მოაზროვნე არსებაა „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ და წინსვლა განვითარებასაც ემორჩილება.

რენესანსის შემდგომდროინდელ ევროპულ ფილოსოფიურ აზროვნებაში, განსაკუთრებით დეკარტ-ბეკონის თვალსაზრისზე მდგომ ახალ მსოფლმხედველობაში, ადამიანური გონის, მეცნიერული ცოდნისა და ჯანსაღი აზროვნების ყოვლისშემძლეობის რწმენა გაბატონდა. ადამიანის გონისათვის, აზროვნებისათვის დაუძლეველი სიმაღლე არ არსებობს. ასეთი მსოფლმხედველობრივი პოზიცია აღმავალი ეპოქის ბურჟუაზიულ კულტურას ოპტიმიზმითა და აღმშენებლობის სულისკვეთებით ავსებდა.

ჰეგელის ეპოქის ჩათვლით დასავლელი ფილოსოფიური აზროვნების მიდგომა აღნიშნული პრობლემისადმი არ შეცვლილა. ჰეგელმა მსოფლიო გონის აუცილებელი განვითარება ცნობიერი თუ არაცნობიერი კუთხით დაგვანახა.

ჰეგელის შემდგომ ადამიანური გონის ყოვლისშემძლეობის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გაჩნდა. მე-20 საუკუნის პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ეს დამოკიდებულება მიმართულებას იცვლის. შემეცნებითი და მხატვრული განვითარება სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესს ღირებულებას მატებს.

მეცნიერული აზრი ამტკიცებს, რომ შემეცნების გზა, ცოცხალი განჭვრეტიდან,  გაივლის აბსტრაქციულ აზროვნებას და გზას ხსნის პრაქტიკისაკენ. ამ პროცესში ბავშვი გონებრივი აქტივობების კალეიდოსკოპშია ჩართული.

ობიექტური, რეალური სამყაროს შემეცნება იწყება შეგრძნებიდან. შეგრძნება არის ცნობიერების ნამდვილი, უშუალო კავშირი გარესამყაროსთან. რეალური სამყაროს შეგრძნებებისა და აღქმების სათანადოდ გააზრება და გადამუშავება ჩვენს ცნობიერებაში ხდება. შეგრძნებები და აღქმები გაანალიზდება აზროვნებაში, დადგინდება ბუნებასა და საზოგადოებაში. ვიგებთ და ვიაზრებთ ამ კანონზომიერებებს, ვაყალიბებთ გარკვეულ მეცნიერულ ცნებებს, კანონებს და ორიენტირებას ვახდენთ პრაქტიკაზე.

შემეცნების თეორია საფუძვლად უდევს ადამიანთა შემეცნებითი საქმიანობის ყველა სახეს: მეცნიერულ კვლევა-ძიებას, მხატვრულ შემოქმედებას, თვითგანათლებას, სწავლებას და ა.შ. საქმიანობის თითოეულ ამ სახეს აქვს თავისი სპეციფიკური თავისებურებანი.

მოსწავლეები ობიექტურ, რეალურ სამყაროს მის წარსულსა და აწმყოში შეისწავლიან უკვე შეცნობილი, სისტემატიზირებული და განზოგადებული სახით. სკოლაში სწავლების შინაარსი აგებულია მეცნიერების საფუძველზე. სწავლების პროცესში მოსწავლეები ცოცხალ, რეალურ საგნებს და მოვლენებს ხვდებიან მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს მოვლენები მათ გარშემოა და სასწავლო პროგრამებში შედის. სწავლების პროცესში მოსწავლეები ეუფლებიან არა მარტო ცოდნას, არამედ იძენენ უნარ-ჩვევებსაც სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და მუსიკის შესწავლის პროცესში. ამ დროს ხდება მოსწალეთა ცოდნით შეიარაღება, სხვადასხვა შემეცნებით და მხატვრული უნარების განვითარება, აბსტრაქტული აზროვნების ხელშეწყობა და ინტრეპრეტირება.

ბავშვების მიერ რეალური სამყაროს გაცნობა იწყება შეგრძნებითა და აღქმით.

მოსწავლეები ისმენენ ბგერებს, ფრაზებს, მუსიკალურ ნაწარმოებებს, აკვირდებიან ბუნებას, მის მრავალფეროვნებას, ადამიანის სახეს, განცდებს, ემოციებს სხვადასხვა ჭრილში, ეცნობიან ფერწერულ ტილოებს, მონუმენტურ ძეგლებს, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს, პარალელებს ავლებენ  ბუნებასთან. საკითხის არსი ისაა, რომ მოსწავლეთა მიერ ამა თუ  იმ საგნებისა და მოვლენების უშუალო აღქმა ხშრად წინ უსწრებს ამ მოვლენების შესახებ მათი შესატყვისი მეცნიერული ცნებების გამომუშავებას. ამ შემთხვევაში, ცოცხალი აღქმა, როგორც შემეცნების ამოსავალი, ხორციელდება მოსწავლეთა შემეცნებითი საქმიანობის უფრო ადრეულ საფეხურზე. ეუფლებიან რა ცოდნას, მოსწავლეები, ამასთან ერთად, ავითარებენ თავიანთ აზროვნებას. სწავლების პროცესში მოსწავლეები არასრული ცოდნიდან გადადიან უფრო სრულყოფილისაკენ. ღრმად იჭრებიან ესთეტიკური სამყაროს შესასწავლ სივრცეში და რთულ გზას გადიან შემეცნებითი და მხატრული უნარების განვითარებაში, რომელიც უვითარდებათ ცოდნის კონსტრუირების საფუძველზე. პიროვნების აღზრდასა და მის ჰარმონიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ესთეტიკური საგნების სწავლება. მათი შესწავლა მოსწავლეს უვითარებს სამყაროს მშვენიერების აღქმას, წარმოსახვის უნარს, თვითგამოხატვას,რიტიკული აზროვნების უნარს, აღვივებს მასში აღმოჩენებისა და სიახლის ძიების სურვილს, უვითარებს ინტერპრეტირების უნარს, რაც აუცილებელია მოსწავლის ნებისმიერი მომავალი საქმიანობისთვის და ამზადებს მას ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის. ამ საგნების შესწავლისას მოსწავლე ეუფლება თვითგამოხატვის განსხვავებულ საშუალებებსა და ფორმებს. ესთეტიკური საგნების შესწავლა აზიარებს მოსწავლეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და, ამავდროულად, ხელს უწყობს ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას.

მასწავლებელი მოსწავლეებს ცოდნას გადასცემს ხელოვნების უნივერსალური ენის და მუსიკის გამომსახველობითი საშუალებებით. მოსწავლეები ამ ცოდნის რეგისტრირებას და განმტკიცებას ახდენენ ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირში.

მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების ფორმირება შესაძლებელი ხდება, როცა პედაგოგის მიერ შესასწავლი თემები და საკითხები მრავალწახნაგოვან ჭრილშია წარმოდგენილი. ცოდნის გააზრებისა და განზოგადების პროცესი მასწავლებლის პარტნიორობით მიმდინარეობს. მასწავლებელი არა მარტო ცოდნის „შენებაში“ ეხმარება მოსწავლეებს, არამედ ფასილიტატორია მოსწავლეთა აზროვნებითი საქმიანობისაც. ის მოსწავლეებს ასწავლის შესასწავლი საკითხების ანალიზსა და განზოგადებას, აძლევს მიმართულებას, რომ შეგნებულად და მტკიცედ დაეუფლონ ცოდნას.  ავითარებს მაძიებლობის უნარს და ცოდნისადმი შემოქმედებითი დამოკიდებულების ჩვევებს, ეს პროცესი მიერმართება მარტივიდან რთულისაკენ.

უნარ-ჩვევებისა მტკიცედ დაუფლებას დაწყებით საფეხურზეც დიდი მნიშვნელობა აქვს კონსტრუქტივიზმის თვალსაზრისით. უნარ-ჩვევების საჭირო მინიმუმის დაუფლების გარეშე შეუძლებელია განათლების გავრცობა და მით უფრო მოსწავლეთა ჩაბმა მრავალგვარ შემოქმედებით საქმიანობაში. ესთეტიკური მიმართულების საგნების სწავლება სასკოლო ცხოვრებაში უზრუნველყოფს  ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი, სამყაროს ერთიანობის განცდის ჩამოყალიბება, ეროვნული, სხვა ერისა და ზოგადსაკაცობრიო კულტურის დაფასების, განსხვავებული აზრისა და მსოფლმხედველობის, ადამიანის შრომის მიმართ პატივისცემის გრძნობის გამომუშავება, გარემოს ესთეტიკური აღქმის, მშვენიერების განცდისა და მხატვრული გემოვნების განვითარება, შემოქმედებით- ასოციაციური აზროვნებისა და ემოციური სფეროს განვითარება; წარმოსახვის, კრიტიკული აზროვნების, თვითგამოხატვის, შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.

სკოლაში სწავლება მჭიდროდაა დაკავშრებული ყოფა-ცხოვრებასთან და პრაქტიკასთან. სკოლაში ყოფნის პერიოდში მოსწავლეებმა უნდა შეიძინონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცოდნის გამოყენების სხვადასხვაგვარი ჩვევები.

მოსწავლეებისათვის იმის სწავლება თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული მიღებული ცოდნა პრაქტიკაში, ხელს უწყობს მათ მიერ ცოდნის უფრო მტკიცედ დაუფლებას და მათ ჩაბმას პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

თანამედროვე სკოლაში სწავლების პროცესი ისე უნდა აიგოს, რომ იგი იწვევდეს მოსწავლეთა შემეცნებით აქტივიზაციას. ამისათვის კი, უწინარეს ყოვლისა, თვით სწავლების პროცესის აქტივიზებაა საჭირო.

თანამედროვე პედაგოგიკაში სწავლების აქტივიზაცია მიჩნეულია სწავლების პროცესში მოსწავლეთა შემეცნებით აქტივობად. სამართლიანად მიუთითებენ, რომ ეს აქტიურობა არ უნდა შემოიფარგლოს სწავლების პროცესში მოსწავლეთა შემეცნებითი პროცესების გააქტიურებით (აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება და სხვა), არამედ უნდა ითვალისწინებდეს პედაგოგიურ ღონისძიებათა სისტემას, რომელიც მოსწავლის პიროვნების გააქტიურებისაკენ იქნება მიმართული, რადგან პიროვნების აქტივიზაცია სცილდება შემეცნებითი პროცესების აქტივიზაციის ფარგლებს.

სწორედ ამის გამო სწავლების პროცესის აქტივიზაცია, ერთსა და იმავე დროს, შეგნებული და გააზრებული ცოდნის მიღწევის საშუალებაცაა და მოსწავლის პრაქტიკული ცხოვრებისთვის, საზოგადოებრივი აქტივობისთვის მომზადების საშუალებაც, რადგანაც სწავლების პროცესის აქტივიზაცია, ემყარება რა შეგნებულობისა და აქტიურობის პრინციპს, გულისხმობს მოსწავლის აქტიურ მოქმედებას სწავლების პროცესში, შემეცნებითი პროცესებისა და პიროვნულ თავისებურებათა გამოვლინებასა და განვითარებას.

ცნობილია, რომ სწავლების პროცესის აქტივიზაცია შეუძლებელია აღზრდის მიზნების, სასწავლო მუშობის შინაარსის, მოსწავლეთა განვითარების დონის, ასაკობრივი თავისებურებების და სკოლის მუშაობის საერთო პირობების გათვალისწინების გარეშე. ამიტომ ყველა ტიპის სასწავლებელსა და ყოველ ასაკში სწავლების პროცესის აქტივიზაციის თანაბარი მოქმედი საშუალებები არ არსებობს, მაგრამ არსებობს ზოგადპედაგოგიკური მიდგომები და მოთხოვნები, რომელსაც ყოველ ცალკეულ (კონკრეტულ) შემთხვევაში ამ მოცემული პირობების შესაბამისად იყენებს მასწავლებელი. ამათგან, ვთვლი, რომ ყველაზე აქტუალური და პროდუქტიულია,  პედაგოგმა განახორციელოს კომპლექსური დავალებები. ისმება კითხვა:

♦ რატომ კომპლექსური დავალება?

♦ რით არის ის უნივერსალური?

♦ რა განასხვავებს მას სხვა ტიპის დავალებებისაგან?

კომპლექსური დავალება მოსწავლის მიერ შექმნილი შემოქმედებითი პროდუქტია, კომპლექსური დავალება მოითხოვს მოსწავლისაგან საკითხის სიღრმისეულ გააზრებას გრძელვადიან მიზნებთან მჭიდრო კავშირში, საკითხის ცხოვრებისეულ ასპექტებთან დაკავშირებას და ცოდნის სამივე კატეგორიის წარმოჩენას მოსწავლის  შემოქმედებით პროდუქტში. მასწავლებელს, ამ პროცესში, აკისრია შემოქმედებითი და წარმმართველის როლი, რათა მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული სასწავლო მუშაობაში, გამოხატავდეს ინტერესს კონკრეტულად ხელოვნებათმცოდეობისა და მუსიკის სამყაროსადმი, იყოს მოსწავლის „პარტნიორი“ და ორიენტირებული  სწავლის პროცესში მოსწავლეთა „აღმოჩენებზე“. ეს მასწავლებლისგან მოითხოვს მეცნიერული, პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური და მეთოდური ცოდნის ამაღლებას, რომ ფლობდეს თავის საგანს უნაკლოდ, აგრეთვე, ფლობდეს მონათესავე საგნებს, იცნობდეს თავისსა და მონათესავე საგნებში მეცნიერების, ხელოვნების უახლოეს მიღწევებს და, საჭიროების დროს, იყენებდეს გაკვეთილზე მოსწავლეთა გააქტიურების მიზნით, ფლობდეს სწავლების თანამედროვე მეთოდებს და შემოქმედებითად უდგებოდეს სწავლების პროცესს, ე.ი. გაკვეთილს აგებდეს არა წინასწარი რეცეპტებით, არამედ საგნის სპეციფიკის, სავალდებულო თემების და კლასის მზაობის შესაბამისად.

აპრიორია თანამედროვე სასწავლო ტექნიკური საშუალებების გამოყენება სწავლებაში. ეს 21-საუკუნის მოზარდის დაინტერესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებადაა მიჩნეული. თანამედროვე ტექნიკური საშუალებების სისტემური გამოყენება უნდა დაინერგოს ყველა საგანში. მასალის შესაბამისად, მასწავლებელმა  უნდა იზრუნოს ამ ტექნიკური საშუალებების მომარაგებაზე, გაკვეთილები არ უნდა ტარდებოდეს სათანადო რესურსების გამოყენების გარეშე.

თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების გამოყენება სწავლებაში, ფაქტობრივად, სწავლების ცხოვრებასთან კავშირს ნიშნავს და ასეთი მოთხოვნა ყოველთვის იდგა თანამედროვე სკოლის წინაშე, მაგრამ თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის პირობებში, როდესაც მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარება ელვისებური სისწრაფით მიმდინარეობს და ინფორმაცია მეცნიერული სიახლეების შესახებ ყველა ბავშვამდე აღწევს, გადაუდებლად აუცილებელია ამ სიახლეებთან სწავლების დაკავშირება. ეს იწვევს არა მარტო მოსწავლეთა ჰორიზონტის გაფართოებას, არამედ მათ დაინტერესებას სასწავლო მასალებით და სხვა.

სწავლების დაკავშირება პრაქტიკასთან მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივიზაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა: ეს ნიშნავს, რომ ყველა საგანში სავალდებულო თემების, საკითხების სწავლების დასასრულს განვახორციელოთ კომპლექსური დავალებები, რა დროსაც მოსწავლეები თავად  განმარტავენ, რატომ სწავლობენ ამა თუ იმ საკითხს, რაში გამოადგებათ და რა კავშირშია ეს საკითხი მათ ყოფა-ცხოვრებასთან.

პრობლემურობის გამოყენება სწავლებაში, დილემებით სწავლება ან ისეთი კითხვების გამოყენება, რომლებზედაც პასუხი მოსწავლეებმა დამოუკიდებლად უნდა გასცენ, თვითონ უნდა მოახდინონ მსგავსება-განსხვავების დადგენა, ზოგადი კანონების კერძო შემთხვევებზე მიყენება, კერძო შემთხვევებიდან ზოგადი კანონის გამოყვანა და სხვა. ასეთი გონებრივი ოპერაციები დიდად უწყობს ხელს ბავშვის გონებრივი განვითარების გაუმჯობესებას და ამავე დროს სასწავლო პროცესი მუდამ მიმზიდველი და საინტერესოა.

სწავლების პრინციპებისა და მეთოდების რაციონალური გამოყენება და საერთოდ, სწავლების პროცესის რაციონალური ორგანიზაცია ნიშნავს იმას, რომ ყოველ ცალკეულ კლასში, თითოეული გაკვეთილისთვის, მასალის შესაბამისად შევარჩიოთ მიზნის მიღწევისთვის საჭირო, ყველაზე საუკეთესო მეთოდები. მეთოდების შერჩევისას, მტკიცედ დავიცვათ, გრძელვადიან მიზანთან მიმართებაში, რელევანტური მასალა და მოსწავლეთა ასაკის მოთხოვნები. თვით სწავლების პროცესი ავაგოთ არა მხოლოდ წინასწარ გათვალისწინებული ტრაფარეტების მიხედვით, არამედ მოცემული სასწავლო პროცესის კონკრეტულ მოთხოვნათა შესაბამისად. სწორედ ამაში უნდა გამოიხატოს მასწავლებლის წარმმართველი როლი და შემოქმედებითი მიდგომა სწავლების პროცესისადმი.

სათანადო პრაქტიკულმა გამოცდილებამ დაადასტურა, რომ კონსტრუქტივიზმის პრინციპებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლება და მიღებული ცოდნა, რომელიც რეალიზდება სხვადასხვა აქტივობებით, კონკრეტულად – კომპლექსური დავალებებით, ამაღლებს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარების პროცესს და კავშირშია რეალურ სიტუაციებში გამოყენების შესაძლებლობებთან.

მასწავლებელს იმდენად შეუძლია განავითაროს მხატვრული და შემეცნებითი უნარები, რამდენადაც ის თვითონ არის ამ სფეროში შესაძლებლობების მქონე. ამისათვის კი საჭიროა, პედაგოგი სისტემატიურად მუშაობდეს საკუთარ თავზე, იღრმავებდეს ცოდანს არა მარტო საგნობრივ დონეზე, არამედ ეუფლებოდეს მაღალტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებას.

მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის საკითხი, აღზრდის პროცესის შინაარსობრივი სრულყოფის თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ესთეტიკური დარგების (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და მუსიკა) სწავლებისას, რადგან აქ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ემოციური განცდების, თანაგანცდების გადატანას, ურთიერთგაზიარებას. გარდა იმისა, საჭიროა სპეციფიკური დავალებების, აქტივობების განხილვა-გაანალიზება. აუცილებელია ინტერაქტიული დავალებების შესრულება და საკითხის მრავალგვარი რაკურსით დამუშავება, რაც უზრუნველყოფს ცოდნაში სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ეს ყველაფერი მოსწავლისგან მოითხოვს სისტემურ მუშაობას. ამგვარი შრომის გაღება კი, ხშირად, ძალიან ძნელად შესაგუებელია. ამიტომ საჭიროა მასწავლებლის ოსტატობა, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რომ გაუადვილოს მოსწავლეს შრომის პროცესი, რათა არ დაიკარგოს მოზარდის მისწრაფებები სწავლის პროცესში, სირთულეების პარალელურად, არ დაქვეითდეს მისი ინტერესები და მოზარდს სრულფასოვანი განვითარებისათვის ნაყოფიერი პირობები შეექმნას.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები