9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ხელისუფლებამ წარმატებული სპორტსმენების სოციალური დაცვისთვის დასავლური მოდელის ქართულ რეალობაში გადმოტანა განიზრახა

spot_img

როგორც იქნა, საქართველოს ხელისუფლებამ სპორტისთვისაც მოიცალა და მიმდინარე წლის 15 იანვრის დადგენილებით, წარმატებული სპორტსმენების სოციალური დაცვისთვის დასავლური მოდელის ქართულ რეალობაში გადმოტანა განიზრახა. დადგენილებაში მთავარი სიახლე ისაა, რომ ამიერიდან ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ არა მხოლოდ ოლიმპიური და პარალიმპური ჩემპიონები, არამედ ამ ღონისძიებების მეორე და მესამე პრიზიორებიც, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები, სპორტის ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები. სიახლე არაა, მაგრამ ფრიად მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაორმაგდა ყოველთვიური სტიპენდია ოლიმპიური და პარალიმპური ჩემპიონებისთვის – 1000 ლარის ნაცვლად, ყოველთვიურად, 2000-ს მიიღებენ. ამდენივე თანხას მიიღებენ საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულებიც, ამ ღონისძიებების ვერცხლის მედალოსანთა ყოველთვიური ანაზღაურება 800 ლარი იქნება, ხოლო მესამე პრიზიორთა – 500; უფროსთა შორის მსოფლიოს ჩემპიონების ანალოგიური სტიპენდია 800 ლარი იქნება, ხოლო ევროპის ჩემპიონებისა – 400.

მსგავსი დადგენილება საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინაც მიიღო, თუმცა მაშინ ყოველთვიური სტიპენდია მხოლოდ ოლიმპიურ ჩემპიონებს ჰქონდათ, მოგვიანებით პარაჩემპიონებიც დაემატნენ, ახლა კი მათ საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულებიც შეუერთდნენ. სიახლეა ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთა ანაზღაურებაც – აქამდე ისინი ერთჯერად პრემიას იღებდნენ, საქართველოს კვალობაზე – არცთუ მცირეს, ახლა კი მათ ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე ტიტულს ფლობენ, ყოველთვიური სტიპენდია, ფაქტობრივად, ხელფასი ენიშნებათ. თუმცა, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ეს ეხება მხოლოდ სპორტის ოლიმპიურ სახეობებს და არ ეხება არაოლიმპიურებს. ასევე არ ეხება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მეორე-მესამე პრიზიორებს, თუმცა ისინი სახელმწიფოსგან ერთჯერად პრემიას ძველებურად მიიღებენ. ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელთა იგნორირება ცოტა გაკვირვებას კი იწვევს, მაგრამ, იმედია, ახლო მომავალში ეს ხარვეზიც გამოსწორდება, ამ ეტაპზე კი, ესეც დიდი მიღწევაა.

ახალ დადგენილებაში არაფერია ნათქვამი მსოფლიოსა და ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებზე. სავარაუდოდ, მათთან მიმართებაში ძველი კანონმდებლობა დარჩება. არადა, იქაც ერთჯერადი საპრემიო ნიხრები გადაჭარბებული გვგონია. მაგალითად, ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონის ერთჯერადი სტიპენდია 34 000 ლარია (ეს ციფრი აღებულია 2013 წლის დომარის კურსიდან, როცა წინა დადგენილება მიიღეს), რაც გადაჭარბებული გვგონია – რაც უნდა იყოს, ეს მაინც ასაკობრივი ნაკრებია და მაღალი მიღწევების სპორტთანაც ახლოსაა, თუმცა მაინც არაა „პროფესიული სპორტი“, თან ქვეყანაში არსებულ სოციალურ ანაზღაურებას – ხელფას/პენსიებს თუ გავითვალისწინებთ… ანალოგიური წარმატება არანაირად არ ნიშნავს არც ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას და მის შემადგენლობაში პირველხარისხოვან შეჯიბრებებზე – ოლიმპიადაში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობას, რაც ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მიზანი უნდა იყოს. არადა, უახლოესი წარსულიდანაც კი რამდენი მაგალითი გვინახავს, როცა ეს ახალგაზრდები აიღებენ ამ თანხას, იყიდიან თანამედროვე მოდელის ავტომობილს, ფუფუნების საგნებს და მორჩა, იქ დასრულდა მათი კარიერა! ან, თუ დაუტოვებენ ამხელა პრემიას, მაშინ, იქნებ, არაერთი წამყვანი ქვეყნის გამოცდილება გადმოვიღოთ და მივცეთ მხოლოდ თანხის ნაწილის გამოტანის უფლება, დანარჩენი კი ანგარიშზე დარჩეს და გარკვეულ ზღვრამდე (ბევრგან ეს აკრძალვა სპორტული კარიერის დასრულებამდე გრძელდება) მისი გამოყენების უფლება შევუზღუდოთ.

ირაკლი თავაძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები