27 ივლისი, შაბათი, 2024

ხალისით ვსწავლობთ მათემატიკას ხათუნა მასწავლებელთან ერთად

spot_img

ბავშვებო, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მათემატიკა არ არის ისეთი რთული საგანი, რომლის წინაშე ქედი უნდა მოიხაროთ და თქვათ: მე მაინც ვერ ვისწავლი. მათემატიკა თქვენ ირგვლივ ყველგანაა, ამიტომ მისი სწავლა არც გაგიჭირდებათ, თუ სურვილი გექნებათ. ჩემ მიერ მოწოდებული მასალები არ იქნება რომელიმე ერთი კლასის საჭიროებაზე მორგებული. ყველა ის მასალა, რომელსაც „ახალი განათლების“ საშუალებით წარმოგიდგენთ, საჭირო იქნება თქვენი ცხოვრების ყველა ნაბიჯზე და არა მხოლოდ კარგი ნიშნების მისაღებად.

პირველი, რაზეც უნდა გესაუბროთ, არის არითმეტიკული ოპერაციები.

დავიმახსოვროთ:

▶️ საგანთა ყველა კონკრეტულ რაოდენობას შეესაბამება კონკრეტული რიცხვი;

▶️ განსხვავებულ რიცხვებს აქვთ განსხვავებული სახელები და განსხვავებული აღნიშვნები;

▶️ ორი სხვადასხვა რიცხვიდან ერთ-ერთი აუცილებლად მეტია მეორეზე.

დავიწყოთ იმით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამი პუნქტის მტკიცება არ გაგიჭირდებათ, რადგან ზუსტად შეგიძლიათ დაწეროთ თუნდაც:

▶️ რამდენი წიგნი გიდევთ ჩანთაში;

▶️ რამდენი წიგნი გიდევს შენ და შენს კლასელს ჩანთაში (ან ერთნაირი რაოდენობის, ან სხვადასხვა);

▶️ თუ სხვადასხვა რაოდენობის წიგნები გიდევთ ჩანთაში, მაშინ შენი ან შენი კლასელის წიგნების რაოდენობის ამსახველი რიცხვიდან ერთი აუცილებლად მეტია.

არითმეტიკული ოპერაციებია რიცხვების მიმატება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა.

დავიწყოთ მიმატებით: მიმატება, თავად სიტყვა გვეუბნება, რომ მატებასთანაა კავშირში. რიცხვს თუ ვუმატებთ სხვა რიცხვს, აუცილებლად მივიღებთ მეტს. გამონაკლისია ნული (არაფერი). არაფრის დამატებისას არც იმატებს, არც იკლებს რიცხვი.

ახლა კი ვისაუბროთ გამოკლებაზე: გამოკლების დროს მცირდება რაოდენობა. გამონაკლისი აქაც ნულია, ის ვერ ცვლის რაოდენობას.

გამრავლება საინტერესო ოპერაციაა: ერთი რიცხვი იმდენჯერ უნდა „ავიღოთ“, რამდენჯერაც მეორე რიცხვის ციფრული გამოსახულებაა. მაგალითად, გამრავლების ნიშნის წინ წერია 8, მის შემდეგ არის ნიშანი x და შემდეგ 4. ეს ნიშნავს, რომ ოთხჯერ გვაქვს 8 მისამატებელი ერთმანეთისთვის: 8+8+8+8=32. ძალიან მარტივია, არა?

გაყოფაზე კი გეტყვით, რომ ის გამრავლების საპირისპირო მოქმედებაა. თუ პირველ რიცხვად ისევ 8-ს დავტოვებთ, გაყოფის ნიშნის შემდეგ კი ისევ 4-ს, ეს ნიშნავს, რომ პირველი რაოდენობის გამომხატველი რიცხვი 4 თანაბარ ნაწილად უნდა წარმოვადგინოთ. ავიღოთ თუნდაც 8 კანფეტი, გავათანაბროთ 4 ნაწილად და მივიღებთ 2-ს.

ყველა თქვენგანს შეუძლია, მოიფიქროს ამოცანები მიმატებაზე, გამოკლებაზე, გამრავლებასა და გაყოფაზე. თუ შინ უფროსებს თქვენთვის დრო აქვთ, წარუდგინეთ თქვენ მიერ შედგენილი ამოცანები მასწავლებლის პოზიციიდან და დაარწმუნეთ, რომ იოლია არითმეტიკული ოპერაციების ჩატარება. კარგი იქნება, თუ დაამახსოვრებინებთ სხვადასხვა ამოცანის ამოხსნით, რომ:

▶️საგანთა ყველა კონკრეტულ რაოდენობას შეესაბამება კონკრეტული რიცხვი;

▶️ განსხვავებულ რიცხვებს აქვთ განსხვავებული სახელები და განსხვავებული აღნიშვნები;

▶️ ორი სხვადასხვა რიცხვიდან ერთ-ერთი აუცილებლად მეტია მეორეზე.

თუ ოჯახის წევრებს არ ეცლებათ, მაშინ იქნებ თქვენს თოჯინას ან სათამაშო ცუგას „აუხსნათ და ასწავლოთ“?

აქვე ერთი დავალებაც უნდა მოგცეთ. სკოლაში რომ მიხვალთ, თანატოლებს აჩვენეთ, როგორ ამოხსენით ამოცანა. იქნებ მასწავლებლებსაც სთხოვოთ, რომ გაკვეთილზე დრო დაგითმონ, სხვებს აჩვენოთ თქვენი ნამუშევარი:

წარმოიდგინე, რომ გაქვს მხოლოდ ერთლარიანები, ორლარიანები, ხუთლარიანები და ათლარიანები. მაღაზიაში იყიდება 20-ლარიანი საახალწლო სათამაშო, რომელიც გინდა შეიძინო. გამყიდველს არ აქვს ფული და ვერ შეძლებს დაგიბრუნოს ხურდა. შენ მიერ შესრულებულ დავალებაში წარმოაჩინე, ფულის რომელ კუპიურებს შეარჩევ?

▶️ წარმოადგინე სათამაშოს შეძენის, მინიმუმ, 4 სხვადასხვა დახატული ვარიანტი. გამოიყენე მიმატების, გამოკლების, გამრავლებისა და გაყოფის არითმეტიკული მოქმედებები.

ნაშრომის წარდგენისას ისაუბრე:

▶️ ყველაზე ბევრი ან ცოტა რამდენი კუპიურა/მონეტა გამოიყენე? რატომ?

იცოდე, რომ სწორი პასუხი მრავალნაირი შეიძლება იყოს!

და კიდევ, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან: მალე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან უნდა მივიდე სახალისო და მარტივი ამოცანებით. იქნებ დამეხმაროთ და გამომიგზავნოთ თქვენ მიერ შექმნილი დავალების პირობები?

ხათუნა სვანაძე, სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები