მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის დაჯილდოების რიგით მეორე ცერემონია გაიმართა.
წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი 14 კანდიდატიდან, კომისიამ სამი ფინალისტი შეარჩია, მათგან საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის წოდება ფოთის №1 საჯარო სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა, ხათუნა ხაჟომიამ მოიპოვა. გამარჯვებულ პედაგოგს შესაბამისი სიგელი, სამკერდე ნიშანი, ფულადი ჯილდო და პლანშეტური კომპიუტერი გადაეცა.
ფულადი ჯილდო და სიმბოლური საჩუქრები მიიღეს კონკურსის ფინალისტებმაც, რომელთა შორის მოხვდნენ სოფელ იყალთოს საჯარო სკოლისა და თბილისის №23 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებლები – ლელა ბოშაშვილი და მარიამ ედილაშვილი.
კონკურსში გამარჯვებული პედაგოგი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დააჯილდოვა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან სპეციალური მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება სამინისტროს მხრიდან მათ მხარდამჭერ ღონისძიებებზე გაამახვილა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, 2018 წელს, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე, სისტემამ ინკლუზიურ განათლებაში დასაქმებული სპეციალისტები მასწავლებლად აღიარა; 2020 წელს კი, სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა მიეცათ. გარდა ამისა, განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ყველა ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პრესტიჟული გახდეს და რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გაუჩნდეს სურვილი, იზრუნოს მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაზე.
კონკურსში გამარჯვებულმა პედაგოგმა, ხათუნა ხაჟომიამ, მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს სპეციალური მასწავლებლების განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და დაფასებისთვის. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია დაჯილდოების ტრადიციის გაგრძელება, რადგან მასწავლებლებს მეტი მოტივაცია ეძლევა, იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე და კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელონ პედაგოგიური საქმიანობა.
სპეციალური მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უკვე მეორედ მართავს. ღონისძიების უმთავრესი პარტნიორები არიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ორგანიზაცია „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“ (McLain Association for Children, Georgia).
დაჯილდოების ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ: მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, ცენტრის თანამშრომლები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკონკურსო კომისიის წევრები.
საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის ყოველწლიური კონკურსი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის სპეცმასწავლებლებისთვისაა განკუთვნილი და მის მთავარ მიზანს ამ პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და, ქვეყნის მასშტაბით, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს.