გასული წლის ბოლო დღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით დასრულდა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, 2022 წლის 31 დეკემბერს, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირების თარიღი და გამოცდის ხანგრძლივობა განისაზღვრა. გადაწყდა, რომ ტესტირება ელექტრონული ფორმით, 2023 წლის 22 იანვარს, ერთ სესიად ჩატარდებოდა. ტესტირებაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ იმ პირებს, რომლებმაც 2020 წლის 3 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით და 2022 წლის 24 ოქტომბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით გაიარეს რეგისტრაცია, ამასთან, განცხადებით არ მოითხოვეს რეგისტრაციის გაუქმება და რეგისტრაციისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფუნქციონირებდა 49 საგამოცდო ცენტრი. ტესტირებისთვის რეგისტრაცია 3 205-მა დირექტორობის მსურველმა გაიარა, ადგილზე კი 1839 აპლიკანტი გამოცხადდა. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დირექტორობის მსურველები სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, ანუ გასაუბრების ეტაპზე გადავიდოდნენ, რომელიც შედარებით მღელვარე აღმოჩნდა უკვე ტესტირებაგავლილი აპლიკანტებისთვის, რადგან მათ ნაწილს სწორედ გასაუბრებაზე ეთქვა უარი, საბოლოოდ გამხდარიყვნენ სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატები. გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ჰქონდათ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%). ასეთი აღმოჩნდა აპლიკანტთა 76%.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრების პროცესი სამინისტრომ 20 მარტს, განრიგის მიხედვით დაიწყო და რამდენიმე თვე გაგრძელდა.
ამავე დღეს, 20 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი წარუდგინა.
წარდგენისას გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ იმ დღიდანვე, თავის გუნდთან ერთად, დაიწყებდა „აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების სისტემაში ჩართულ ყველა ადამიანთან – ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, მეცნიერებთან და, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან. ყველა არსებულ პრობლემასა და გამოწვევაზე ვიმსჯელებთ მათთან ერთად და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ამ გამოწვევების საპასუხოდ“.
მინისტრის დანიშვნას სამინისტროში მასშტაბური საკადრო ცვლილებები არ მოჰყოლია. 28 მარტს გიორგი ამილახვარმა მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე დანიშნა.
პირველ დღესვე დაანონსებულ მასწავლებლებთან შეხვედრებს წინ უძღოდა, მინისტრის გადაწყვეტილებით, ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით, სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელსაც თავად გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობს, კოორდინაციას კი ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია უწევს. პირველი სამუშაო შეხვედრა მასწავლებლების 150-კაციან ჯგუფთან 21 აპრილს შედგა. პედაგოგებთან აქტიური კომუნიკაციის დაწყებას მალე მოჰყვა მინისტრის პირველი კონკრეტული გადაწყვეტილება მასწავლებელთა პრაქტიკული შეფასების ინსტრუმენტებთან დაკავშირებით – პორტფოლიოს წარდგენის ვადა გახანგრძლივდა პირველ ივნისამდე, ამასთანავე, გარკვეულწილად, გამარტივდა პორტფოლიოს ატვირთვისა და წარდგენის პროცესი, კერძოდ:
♦ მოიხსნა მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის წერილობითი რეფლექსიის ვალდებულება. მასწავლებელი საკუთარი საქმიანობის პრეზენტაციას ზეპირად წარადგენს, კვალიფიციური შეფასების ჯგუფის წინაშე გასაუბრებისას. ბუნებრივია, ზეპირი გასაუბრების დროს მასწავლებელს ექნება საშუალება, განიხილოს შეფასების ჯგუფთან თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამა თუ იმ აქტივობის განხორციელება, რა კავშირი ჰქონდა ამ აქტივობას სასწავლო პროცესთან და მიიღოს შესაბამისი უკუკავშირი.
♦ მოიხსნა, თითოეული მიმართულების მიხედვით, ყველა კომპეტენციის დადასტურების წარმოდგენის ვალდებულება. მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, პორტფოლიოში ატვირთოს მიმართულებების მხოლოდ ერთი კომპეტენციის შესაბამისი მტკიცებულება და გასაუბრების პროცესში, შეფასების ჯგუფთან, განიხილოს ამ მტკიცებულების ავთენტურობა, მისი კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასთან.
23 მაისს, მინისტრმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით, მორიგი გადაწყვეტილება მიიღო – დროებით შეჩერდა სპეციალური კომისიის საქმიანობა, რომელიც მასწავლებლებს, გამოცდის ჩაბარების გარეშე, კომისიური წესით, სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას აძლევდა. მინისტრმა, ასევე დროებით, შეაჩერა წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა პროფესიული გამოცდა და დააანონსა, რომ გამოცდა არ გაუქმებულა და ის 2024 წელს ჩატარდება.
სამინისტროს ინიციატივით, კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა ივნისში – „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის № 241 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლები პრაქტიკოსის სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ და მათ კიდევ რამდენჯერმე მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა. სამინისტრო არაქართულენოვანი სექტორის მასწავლებლებს დაჰპირდა, რომ მოსამზადებელ კურსებს შესთავაზებს, როგორც საგნობრივი ცოდნის გაღრმავების, ასევე ქართული ენის ფლობის დონის ამაღლების მიმართულებით.
განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებიდან, 2023 წელს, ყველაზე ხმაურიან ამბად დირექტორების არჩევნები იქცა. საჯარო სკოლის დირექტორობის უფლება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2023 წლის 8 ივნისის ბრძანების საფუძველზე, 593 კანდიდატს მიენიჭა. საერთო ჯამში, 927 სკოლაში ჩატარდა არჩევნები და უმრავლესობაში სამინისტრომ მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინა, მიუხედავად მსურველთა რაოდენობისა. ამ გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია როგორც დირექტორობის კანდიდატებში, ისე სკოლებსა და საგანმანათლებლო საზოგადოებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ 162 დირექტორობის მსურველი, სასერტიფიკატო წერითი გამოცდაჩაბარებული, გასაუბრების შედეგებით, სკოლის გარეთ დარჩა. მათგან 26-მა სასამართლოში გააგრძელა დავა და გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობა და მისი ხელახლა, სამართლიან გარემოში გამართვა მოითხოვა. დღეის მდგომარეობით, 1200-მდე საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორის ფუნქციას ასრულებენ მოვალეობის შემსრულებლები.
4 დეკემბერს, ორმა პედაგოგმა – მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. მაია ეკალაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას – შიმშილობას მიმართა (ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ორ დღეში, შიმშილობა შეწყვიტა). განათლების მინისტრი, აქციის მონაწილეებს შეხვდა, თუმცა, ეს არ აღმოჩნდა პროტესტის დასრულებისთვის საკმარისი, რადგან შეხვედრიდან გამოსულმა პედაგოგებმა აქცია ისევ გააგრძელეს და განაცხადეს, რომ „ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის“. გიორგი ამილახვარმა, იმავე დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ „თუ კონკრეტული პირები თვლიან, რომ დაირღვა მათი უფლებები, ამისთვის არსებობს სასამართლო, ასე ხდება ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. პირველები ვართ, ვინც დავიწყეთ სკოლების ავტონომიის ზრდაზე მუშაობა, ასე რომ, მათი არგუმენტები ამ კუთხით მიუღებელია“. პროტესტი გრძელდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, 27 ოქტომბერი – იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე – მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა და საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული პრემია დაუწესდა – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. პირველი პრემია, წელს, 11-მა მასწავლებელმა მიიღო.
წლის მოვლენად კი, მასწავლებლებისთვის ახალი სახელფასო ფორმულის ამოქმედება იქცა. მინისტრმა, 2024 წლის 1 ივლისიდან, მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდა დააანონსა – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება, რაც ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის, დაახლოებით, 35%-იანი მატებაა.
მიმდინარე წელს ცვლილება შეეხო პირველკლასელთა ასაკსაც და ორჯერ შევიდა შესწორება „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“, რომლის თანახმადაც, გაზაფხულზე გამოცხადებული პირველკლასელთა რეგისტრაციის გავლა შეძლეს მოსწავლეებმა, რომლებსაც პირველ ნოემბრამდე შეუსრულდათ 6 წელი, ხოლო შემოდგომაზე განხორციელებული კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, დარეგისტრირებას უკვე ის ბავშვები შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.
გიორგი ამილახვარმა, 20 სექტემბერს, კერძო სკოლების დირექტორებსა და ასოციაციების წარმომადგენლებს კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავებული ახალი გადაწყვეტილებები, მიდგომები და მექანიზმები გააცნო, რასაც მალევე მოჰყვა მნიშვნელოვანი ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმაში. სამინისტროს განცხადებით, განახლებული დოკუმენტი საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს. ცვლილებები სწავლა-სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტს შეეხო, მათ შორის, როგორც სწავლა-სწავლების პრინციპებს, მიზნებსა და შინაარსობრივ პრიორიტეტებს, ასევე, სწავლების მეთოდებს, შეფასებასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას. შედეგად, „სწავლა-სწავლების თითოეული კომპონენტი მიმართულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მეტ მხარდაჭერაზე და მეტ შესაძლებლობას აძლევს სკოლებს, შემოქმედებითად და მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმონ სასწავლო პროცესი“.
ცვლილებების ჩამონათვალში სასკოლო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და განხილვის საგნად იქცა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტების გაუქმება (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები. ახლა სკოლებს თავად შეუძლიათ, შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10-ბალიან სისტემაში; ასევე, კერძო სკოლებს უფლება მიეცათ, განსაზღვრონ არა კლასის, არამედ საფეხურის დაძლევის ბარიერი. მათ შორის სკოლა თავად ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს, შესაბამისი დასაბუთებით, მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების, ასევე, სკოლის ადამიანური და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით. ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი ბადე მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა; ესგ-ში აღარ აღიწერება საგნობრივი კათედრებისა და დამრიგებლის ფუნქციები. სკოლებს შეუძლიათ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება – რა ფუნქციებს შეასრულებენ სასკოლო საზოგადოების წევრები და როგორი იქნება სკოლის სტრუქტურა. ცვლილების თანახმად, კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ, სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები, ასევე, მათ უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ კლასის დამრიგებლის ფორმა და ფუნქციები – გაუქმდება დამრიგებლის ინსტიტუტის არსებობის ვალდებულებაც.
2023 წელს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, აქტიურად დაიწყო ავტორიზაციის პროცესი, რომლის მიზანია როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლების ფუნქციონირების შესაბამისობის დადგენა იმ აუცილებელ პირობებთან, რომელთა დაკმაყოფილება უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხო გარემოს, ისე სასწავლო პროცესის ხარისხს. სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2027 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა, 13 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სამინისტრო ავტორიზაციის ვადების გახანგრძლივებას გეგმავს და საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაციის ვადა, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყების ნაცვლად, 2030-2031 სასწავლო წლის დასაწყისით განისაზღვრება. საერთო ჯამში, ავტორიზაციის პროცესში 2086 საჯარო სკოლა უნდა ჩართულიყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველწლიურად საავტორიზაციო მზაობა, დაახლოებით, 600-მდე საჯარო სკოლას უნდა გამოეხატა. ინიცირებული ცვლილების შემდეგ კი „პროცესი წარიმართება გეგმაზომიერად და, ყოველწლიურად, ავტორიზაციის პროცესში 200-დან 300 სკოლამდე ჩართვა იგეგმება,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში
2023 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით შევა სტუდენტებისთვის – 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაორმაგდა სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. განახლებული პროგრამის ფარგლებში, სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები, ყოველთვიურად, 150 ლარის ნაცვლად, მიიღებენ 300-ლარიან სტიპენდიას.
რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა, საშუალოდ, 2 500 სტუდენტზე, ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი მიიღებს. სიახლე იყო ისიც, რომ უნივერსიტეტი თავად აღარ დაადგენს სტიპენდიატთა შესარჩევ კრიტერიუმებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სტიპენდიატთა შესარჩევი საერთო კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. ამ გადაწყვეტილებას, 15 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრის მეორე გადაწყვეტილება მოჰყვა, რომლის თანახმადაც, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდებოდათ და ამ გადაწყვეტილების მიღმა საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვი და თანხა დასახელდა – საქართველოს მოქალაქე, დაახლოებით, 30 000-მდე სტუდენტს, ჯამში, 40 მილიონამდე ლარის დავალიანება ჩამოეწერება. ინიციატივას საქართველოში არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებელი შეუერთდა, ორი უნივერსიტეტის გარდა.
სამინისტრომ, ნოემბრის თვეში, სკოლის კვების ობიექტებისთვის მოთხოვნები დააწესა და დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებული ორგანიზაციებისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დაამტკიცა. დოკუმენტში ასახულია როგორც ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების რეკომენდაციები – აკრძალული მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, ასევე სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა.
12 დეკემბერს, ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ დარჩენილ სკოლებში (დაახლოებით 1000 სკოლაში), სადაც დირექტორები ვერ შეირჩა, ახალი კონკურსი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, ყველა კანდიდატს მიეცემა მონაწილეობის შესაძლებლობა, როგორც სერტიფიცირების მოპოვების მსურველებს, ასევე არსებულ სერტიფიცირების კანდიდატებს.
ასევე განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს სახელფასო პოლიტიკა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით, 51 090 მასწავლებლიდან, სრულ განაკვეთზე მყოფ 70%-ს, მათი სტატუსის მიუხედავად, ხელფასი, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაეზრდებათ.
სახელფასო ზრდა და მასწავლებელთა რაოდენობა, მინისტრის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციით, ასეთია:
♦ 400 ლარზე მეტით გაეზრდება ხელფასი 8217 მასწავლებელს;
♦ 500 ლარზე მეტით – 14053 მასწავლებელს;
♦ 600 ლარზე მეტით – 7114 მასწავლებელს;
♦ 700 ლარზე მეტით – 4491 მასწავლებელს;
♦ 800 ლარზე მეტით – 1648 მასწავლებელს;
♦ 900 ლარზე მეტით – 917 მასწავლებელს.
სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ანაზღაურება 10%-ით გაიზრდება, ხოლო ტექნიკური პერსონალის – 10-50%-ით, მათი ანაზღაურების მიხედვით.
როგორ მოხდება სტატუსის დანამატებისა და დაანონსებული ხელფასის ზრდის ერთმანეთზე მორგება? ამ შეკითხვაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, 12 დეკემბერს, ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე, ერთწინადადებიანი განმარტება ჰქონდა: არსებული წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ინარჩუნებენ სტატუსს და მიიღებენ ფუნქციის შესაბამის ფიქსირებულ დანამატს, რომელიც არ იქნება მიბმული საათობრივ დატვირთვაზე.
სიახლე იქნება მომავალი წლიდან ისიც, რომ მასწავლებლის სახლი მთლიანად, კონცეპტუალურად, შეცვლის მიდგომებს და დაიწყება:
√მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შინაარსობრივი გარდაქმნა;
√მასწავლებლების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სერვისების შეთავაზება;
√სქემის განვითარება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით;
√ტრენინგ მოდულების რევიზია და სავალდებულობის გარდაქმნა, რაც გულისხმობს იმას, რომ მომავალი წლიდან სრულად გაუქმდება ის სავალდებულო ტრენინგ-მოდულები, რომელიც აქამდე არსებობდა.
1 იანვრიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე ახალი სახელით გააგრძელებს ფუნქციონირებას. მომავალი წლიდან, სამინისტროს ახალი მიმართულება – ახალგაზრდობის სააგენტო დაემატება და უწყების სახელწოდება იქნება – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.