27 ივლისი, შაბათი, 2024

წიგნი – ერთადერთი რამ, რისი ყიდვაც გამდიდრებს

spot_img

ლუიზა შარვაშიძე

სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგი

 

 

ჩემი დაბადების და ცხოვრების ადგილი არასდროს შეცვლილა. დავიბადე, გავიზარდე და დღემდე შუახევის რაიონის პატარა, მაგრამ უმშვენიერეს სოფელ წაბლანში ვცხოვრობ. ამჟამად ვმუშაობ წაბლანის საჯარო სკოლაში უცხო ენის პედაგოგად, უკვე 17 წელია, ხოლო 5 წელი, პარალელურად, უჩამბის საჯარო სკოლაშიც ვიმუშავე. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში ინგლისური ენა არ იყო პოპულარული, მაგრამ მისმა იშვიათობამ მაიძულა, მესწავლა და კარგად შემეთვისებინა ამ დროისთვის უკვე საერთაშორისო ენად ქცეული ინგლისური. უნივერსიტეტის წლების გატარება, რა თქმა უნდა, ჩემი სოფლისგან შორს მომიხდა და ამ წლებმა უფრო მეტად შემაყვარა როგორც ჩემი პროფესია, ისევე ჩემი მშობლიური სოფელი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მინდოდა მუშაობა გამეგრძელებინა ისევ სოფელში, რადგან სოფლის ბავშვებს სჭირდებოდათ ინგლისური ენა. მინდოდა მათთვის გამეცნო ინგლისური არა როგორც საგანი, არამედ როგორც საკომუნიკაციო საშუალება, აღმეძრა და გამეღვივებინა ის ინტერესი, რაც მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს უცხო ენის მიმართ.

პირველი ნაბიჯები სკოლაში მეტ-ნაკლებად რთული იყო – ახალი მასწავლებელი და უცხო საგანი. მოსწავლეებთან ერთად მშობლებსაც უწევდათ დიდი შრომის გაწევა, რადგან მათთვისაც აუცილებელი გახდა საწყისი ეტაპობრივი ენის შესწავლა, რათა მასწავლებელსა და მშობლებს შორის შემდგარიყო მოსწავლისათვის სასარგებლო თანამშრომლობა. მოსწავლეები ნელ-ნელა ალღოს უღებდნენ ენას და ხალისით შემოდიოდნენ გაკვეთილზე, რაც მთავარია, მათთვის ეს არ იყო მხოლოდ ასო-ბგერების ან გრამატიკის შესასწავლი კურსები, ისინი ეცნობოდნენ ლიტერატურასაც. იმის მიუხედავად, რომ სკოლა, მაშინაც და ახლაც, მცირე კონტინგენტიანი იყო, მოსწავლეებს ეს არ აფერხებდათ და, პირიქით, ისინი ამას თავიანთ სასარგებლოდ იყენებდნენ, რადგან თითოეულ მათგანთან სამუშაოდ უფრო მეტი დრო მრჩებოდა და მრჩება. ჩემი მოსწავლეები ხშირად იღებენ რეგიონულ და რაიონულ კონკურსებში მონაწილეობას, უმრავლესობა ფინალისტი ან გამარჯვებულია. კონკურსების დაგეგმვა და მოწყობა კიდევ ერთი საშუალებაა როგორც მათი ინტერესის, ასევე ცნობიერების დონის ამაღლებისთვის.

2017 წელს მეზობელ სკოლაშიც მომიწია მუშაობა, რაც ზამთრის პირობებში მეტად რთული იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, მოსწავლეები მაძლევდნენ იმის მოტივაციას, რომ მათთან დიდთოვლობის დროსაც ჩამეტარებინა გაკვეთილები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სოფლად ცხოვრება საკმაოდ მძიმე შრომას მოითხოვს, მასწავლებლებსაც უწევთ სოფლის ცხოვრების ფერხულში ჩაბმა, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეების სწავლის დონე და ხარისხია. როგორც ზევით ვახსენე, ჩემი მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ კონკურსებში, არა მარტო ინგლისურში, არამედ სხვა საგნებშიც, რაც ნიშნავს, რომ სოფლებშიც ისევე მაღალ დონეზეა სწავლა-სწავლება, როგორც ქალაქში. იმის მიუხედავად, რომ მოსწავლეებს არ შეუძლიათ წრეებსა და კლუბებში სიარული, მაინც წარმატებულები არიან, წაბლანის სკოლას მრავალი წარმატებული სტუდენტი და უნივერსიტეტდამთავრებული ჰყავს.

2022-23 სასწავლო წელი, მოსწავლეებისთვისაც და ჩემთვისაც, ახალი თავგადასავლის დაწყების წელი აღმოჩნდა, რადგან გადავწყვიტე, მოსწავლეთა სიმცირის მიუხედავად, შემექმნა ინგლისური ლიტერატურის კლუბი. მხატვრული ლიტერატურა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი და აუცილებლი ნაწილია, რადგან ადამიანი, რომელიც ხშირად კითხულობს, უფრო მარტივად ეჭიდება ცხოვრების სირთულეებს. კლუბი „Phoenix“ მოსწავლეების მიერ შერჩეულ სახელს ატარებს, ისინი თვლიან, რომ თუ უკეთ გაეცნობიან ლიტერატურას, როგორც ქართულს, ისევე უცხოურს, შეძლებენ პიროვნულ ამაღლებას, რაც დაეხმარება მათ თვალსაწიერის გაფართოებასა და დამოუკიდებლად გადწყვეტილებების მიღებაში. გეგმის მიხედვით, მოსწავლეებთან ერთად, ვეცნობი ახალ და საინტერესო ნაწარმოებებს, რის შემდეგაც ვაწყობთ შეხვედრას და ვაანალიზებთ ტექსტის მთავარ სათქმელს, მოსწავლეები ცდილობენ, დიალოგები გამართონ ინგლისურ ენაზე და საღი აზროვნებით მიაგნონ იმ დაფარულ იდეას, რისი მოტანაც ავტორს ჩვენამდე სურდა. კლუბის მუშაობა ზეგავლენას ახდენს არა მარტო მათ კავშირზე ლიტერატურასთან, ამავე დროს, იზრდება მათი ლექსიკა და ინტერესი ინგლისური ენის უკეთ შესასწავლად. „წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო“, ჩვენ ვცდილობთ, ეს ოცნებები მიზნებად ვაქციოთ.

კლასში და კერძოდ კლუბისთვის შემუშავებულ წესებს ყველა მოსწავლე და, მათ შორის, მეც პირნათლად ვასრულებთ. ასეთი აქტივობები კი, მათთვის ნდობისა და მოტივაციის მომატების ერთ-ერთი საშუალებაა. ყოველთვის ვცდილობ, მათთან მეგობრული და კომპეტენტური ურთიერთობა შევინარჩუნო. მნიშვნელოვანია, აღვზარდოთ საღად მოაზროვნე თაობა, რადგან ამ ქვეყნის იმედი და გვირაბის ბოლოს გამოჩენილი სინათლე, სწორედაც რომ, ისინი არიან. სკოლა ასწავლის და ოჯახი სწავლობს, სკოლა არ არის მხოლოდ განათლების მიღების ცენტრი, ის ადამიანობის და ზნეობის ამაღლების საშუალებაა, რადგან სწორედ სკოლაა ის ადგილი, სადაც ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვან წლებს ატარებს.

ასე რომ, მასწავლებლის პირველი დანიშნულება მოსწავლეების სიყვარულია, მან ყოველი მოსწავლე საკუთარ შვილად უნდა აღიქვას. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სურვილი, სწავლების პროცესში თავადაც ისწავლოს. ეს დააბალანსებს ურთიერთობას მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. მასწავლებელმა მოსწავლეს, როგორც ახალ აღმონაცენს, უნდა მისცეს ის სითბო და მზრუნველობა, რაც გამოადგება არა მარტო საგნის შესწავლაში, არამედ ცხოვრების გზის შედარებით იოლად გაკვალვაში.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები