27 ივლისი, შაბათი, 2024

წიგნიერების განვითარება სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების საწინდარი

spot_img

 

მარინე დეკანოიძე
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის წამყვანი მასწავლებელი

 

 

ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი კომპეტენციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნიერებაა, რომლის განვითარების ხელშეწყობა სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სასწავლო პროცესში.

რა არის წიგნიერება და როგორ უნდა შევუწყოთ ხელი მის განვითარებას, რომ სწავლის დონე მაღალი იყოს სკოლაში. წიგნიერება, ჩემი აზრით, თვალსაწიერია, თვალსაწიერის მასშტაბები მრავალმხრივი მიმართულების ცოდნაზეა დამოკიდებული, მრავალმხრივი ცოდნის საფუძველი კი შეძენილი ინფორმაციის მრავალფეროვნებაა. მრავალფეროვან ინფორმაციას მრავალფეროვანი წყარო სჭირდება, ცოდნის მიღებას – ინტელექტი, რომელიც, თავის მხრივ, მრავალფეროვან უნარებს მოიცავს. ინტელექტის განვითარება სკოლაში სწავლების მრავალფეროვანი ხერხებითა და მეთოდებით უნდა მოხდეს.

წიგნიერება სკოლიდან იწყება, როცა მოსწავლე ანბანის სწავლას და კითხვას იწყებს. წიგნიერების განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს კითხვის უნარის განვითარებას და განსაკუთრებით აქტიურ კითხვას, რადგან აქტიური კითხვა მრავალფეროვანი და ინტენსიური ცოდნის მიღების გარანტიაა. მრავალფეროვანი ინფორმაციის გაგების შემდეგ მოსწავლე ადვილად გაერკვევა გარემოში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებში, თუკი გაგების უნარს შეიძენს, მიღებული ინფორმაციის გამოყენებასაც შეძლებს და როცა გამოყენების უნარი ექნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარებასაც ბუნების მოვლენების ახსნის დროს, ანუ ანალიზის უნარი ექნება. ანალიზის უნარი მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ორგანიზება გაუკეთოს დაგროვილ ინფორმაციას და შექმნას პროდუქტი, რომლის შეფასების შემდეგ გამოიტანს დასკვნას, ეს ყველაფერი მის თვითრეალიზაციას უწყობს ხელს სასწავლო პროცესის განმავლობაში.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, წიგნიერება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის და მათი თვითრეალიზაციისათვის.

წიგნიერების განვითარება სკოლაში მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, ძალიან მნიშვნელოვანია აქცენტის გადატანა ინტეგრირებულ გაკვეთილებზე, რადგან საგანთაშორის კავშირის დამყარება ხელს უწყობს წიგნიერების განვითარებას.

პირველ რიგში, მასწავლებელი თვითონ უნდა იყოს აქტიური მკითხველი და ყველა იმ უნარის მატარებელი, რომელიც წიგნიერებას განაპირობებს. წიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის მან უნდა შეძლოს მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის დროს და ერთ-ერთ ასეთ მეთოდად მიმაჩნია გაკვეთილის დაგეგმვა ისტორიის მოყოლით, რომელიც მოსწავლეებისათვის ინფორმაციის სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურის გამოყენებით მიწოდებას ეფუძნება, მათი ინტერესის პროვოცირებას. ეს მეთოდი განვახორციელე მე-7 კლასში, საბუნებისმეტყველო მეცნიერების მასწავლებელთან ერთად, ინტეგრირებულად. ისევე, როგორც ყველა საგნის მასწავლებელს, ჩვენც გვაერთიანებს გამჭოლი თემატიკა, ამასთან ინტეგრირებული გაკვეთილი მეტი და მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა სხვადასხვა საგნების მიხედვით, ინტეგრაცია ხომ ინფორმაციის მრავალფეროვნებას მოიცავს.

გაკვეთილის თემად ავირჩიე „გეოლოგიური დრო“. აღნიშნული თემა საშუალებას იძლევა, დედამიწაზე გეოლოგიური დროის მიხედვით, ავხსნათ დედამიწის წარმოშობიდან დღემდე მიმდინარე პროცესები და მოვლენები გეოგრაფიულად, ფიზიკურად, ქიმიურად, ანუ გეოგრაფიული, ბიოლოგიურ-ქიმიური და ფიზიკური პროცესები კომპლექსურად წარმოვაჩინოთ.

თვითონ მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გაკვეთილზე, სახელმძღვანელოსთან ერთად, ვიყენებ დამხმარე ლიტერატურას, კერძოდ, სამეცნიერო პოპულარულ ლიტერატურას, რომელიც ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაშია დაცული და ხელმისაწვდომია, ეს არის „მოგზაურობა დედამიწის წარსულში“.

მოსწავლეები მასწავლებლისგან ისმენენ, დედამიწის წარმოშობიდან დღემდე განვლილ პერიოდში, როგორ იცვლებოდა გეოგრაფიული გარსი დროსა და სივრცეში, ხოლო იმის ახსნა, თუ რა ფიზიკურ-ქიმიური პროცესები და როგორ ახდენდნენ ამ ცვლილებებს, როგორ იცვლებოდა ლითოსფერო, ჰიდროსფერო და ბიოსფერო, რა ხდებოდა დედამიწაზე მილიონი წლების წინ, დედამიწის შიგნით და ზედაპირზე, როგორ და რა ქიმიური პროცესების შედეგად წარმოიშვა მღვიმეები, სტალაქტიდები, სტალაგმიტები, ხდება მონაცვლეობით, პარტნიორ მასწავლებელთან ერთად.

გარდა აღნიშნული მეთოდისა, ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ როლურ თამაშს. ამ შემთხვევაში, მასწავლებელი წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით ანაწილებს როლებს, მაგალითად, როცა გაკვეთილის თემაა გეოგრაფიული კოორდინატები, მოსწავლეებს წინასწარ ურიგდებათ როლები, კერძოდ თითოეულ მოსწავლეს თავისი სახელი ჰქვია, გეოგრაფიული კოორდინატის მიხედვით. წინასწარ, სკოლის ეზოში, მოედანზე, დახაზულია დედამიწის მოდელი თავისი კოორდინატთა სისტემით და თითოეულმა მოსწავლემ, იმის მიხედვით, თუ რომელ გეოგრაფიულ კოორდინატს განასახიერებს, თავისი ადგილი უნდა მოძებნოს. როლური თამაში ეფექტური იქნება, თუ ისევ ინტეგრირებულად, უცხო ენის და ისტორიის მასწავლებლებთან ერთად, დაიგეგმება, რადგან თითოეული მოსწავლეს იმ გეოგრაფიულ ობიექტზე, რომლის ადგილსაც დაიკავებს სიმბოლურად გამოსახულ დედამიწაზე, მეტი ახალი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების შესაძლებლობა ექნება, რითაც კიდევ უფრო გაიმრავალფეროვნებენ ცოდნას და აიმაღლებენ ინტელექტს, რაც წიგნიერების საფუძველია.

ამ მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლემ გაიაზროს რა დიდი მნიშვნელობა აქვს, შენი ქვეყანა შეადარო სხვა ქვეყნებს ბუნებრივი პირობებით, ადამიანებით, კულტურით. წიგნიერების ერთ-ერთი კომპონენტი ენების ცოდნაცაა. როლური თამაში საშუალებას იძლევა, შემოქმედებითად მიუდგე გაკვეთილის დაგეგმვას, ხელს უწყობს მოსწავლეების მიერ საკითხების ღრმა წვდომასა და ემოციურ დონეზე გათავისებას, და რაც მთავარია, ინფორმაციის უკეთ გააზრებას, შესისხლხორცებას და ორგანიზებას, ხელს უწყობს სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვას, დამხმარე სახელმძღვანელოებში ინფორმაციის მოძიებას როგორც ინტერნეტით, ასევე სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურის გამოყენებით.

აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით სახალისოა საბაზო საფეხურზე. საშუალო საფეხურის მისწავლეს უკვე შეგნებული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს იმის მიმართ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ინფორმაციის მრავალფეროვნება. ამიტომ, მას, დამატებით, სხვა მასტიმულირებელი პირობები სჭირდება, საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. მათ უკვე იციან, რომ მხოლოდ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით ამ მრავალფეროვნებას ვერ უზრუნველყოფ, ამიტომ საშუალო საფეხურზე უმჯობესია დისკუსიის მეთოდის გამოყენება, რომლის დროსაც, მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენის, თვითშეფასების, თვითრეალიზაციის საშუალება ეძლევა, რაც წიგნიერების განვითარების წინაპირობაა.

ზემოთ განხილული მეთოდების შედეგად, მოსწავლე გახდება აქტიური მკითხველი, რაც იმის საფუძველია, რომ იგი არ იქნება დამოკიდებული სახელმძღვანელოზე, არამედ შეიძენს სულ ახალი და მეტი ინფორმაციის მოპოვების ჩვევას, რაც მისი წიგნიერების დონის ამაღლების საწინდარია. ეს უკანასკნელი კი წინაპირობაა იმისა, რომ მოსწავლემ, სკოლის პერიოდში, მიიღოს ისეთი ცოდნა და განათლება, რომლის საშუალებითაც, მეცნიერულად ახსნის გარემოში მიმდინარე მოვლენებს და გამოიმუშავებს სწორ დამოკიდებულებას გეოგრაფიული გარემოს მიმართ, გაუჩნდება პრობლემის დანახვის და მისი გადაჭრის გზების მოძებნის უნარი, შეძლებს კარგად გაიაზროს ეკოლოგიური და სხვა სახის პრობლემები, რომელიც მის გარშემო ხდება.

მოსწავლეები მიეჩვევიან კითხვას, გაიფართოებენ თვალსაწიერს, გაუჩნდებათ საკუთარი თავისადმი რწმენა, დაუსახავენ ახალ მიზნებს საკუთარ თავს და აქტიური მკითხველები გახდებიან. განუვითარდებათ მეტყველება, წიგნიერი მოსწავლე, შეძენილი ინტელექტით, კულტურული ხდება, კულტურა ეფექტურ კომუნიკაციას უწყობს ხელს, ამიტომ თანატოლები ასეთი მოსწავლის გარშემო შეეცდებიან ყოფნას. წიგნიერი მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში, მას უჩნდება ახალი იდეები, აქტიურად თანამშრომლობს პედაგოგებთან, შეუძლია სკოლის საკითხების განხილვაში მონაწილეობა და საკუთარი აზრის გამოთქმა. ამიტომ, ის მისაბაძი ხდება, მისი ქცევა სამიზნე ქცევა ხდება თანატოლებისთვის. წიგნიერ მოსწავლეებს შინაგანი მოტივაცია უვითარდებათ, ისეთი უნარ-ჩვევებით აღიჭურვებიან, მთელი ცხოვრების მანძილზე რომ გამოადგებათ, პრაქტიკულ გამოყენებას შეძლებენ. ინტელექტუალურ ადამიანს შინაგანი მოტივაციაც მაღალი აქვს, წიგნიერი მოსწავლე ახალ-ახალ წარმატებებზეა ორიენტირებული, მას დამატებითი სტიმულები აღარ სჭირდება სწავლის დონის ასამაღლებლად.

წიგნიერების განვითარებას ხელშეწყობა და შესაბამისი სასკოლო გარემო სჭირდება, სასკოლო გარემოს მოწყობაზე კი სკოლის ყველა თანამშრომელმა უნდა იზრუნოს, ეს მათი ვალდებულებაა. პირველ რიგში, სკოლის ბიბლიოთეკა უნდა იყოს განახლებადი, ისეთი ახალი გამოცემებით, იქნება ეს გაზეთი, ჟურნალი თუ მხატვრული ლიტერატურა, რომელიც ცხოვრების რიტმს მიუყვება და აქტუალურია. სკოლა აღჭურვილი უნდა იყოს ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი კომპიუტერული ტექნიკით, საკლასო ოთახის ფიზიკური გარემო მიზნად უნდა ისახავდეს სასკოლო პროცესში მოსწავლის მაქსიმალურ ჩართვას, რისთვისაც, იქ აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი ბიბლიოთეკის ზონა, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, რადგან მოსწავლეებმა წიგნი, როგორც ცოდნის მიღების საშუალება, თავიდანვე შეისისხლხორცონ და გაიაზრონ მისი მნიშვნელობა. ბიბლიოთეკის ზონაში მოსწავლეს დამოუკიდებლად შეეძლება სასურველი მასალის მოძიება, იქნება ეს ინფორმაცია ტექსტის სახით თუ რუკის, სქემების, სურათების ან დიაგრამების სახით. კარგია თუ საკლასო ოთახში კომპიუტერიც იქნება. რაც მთავარია, სკოლამ უნდა უზრუნველყოს მშობელთა ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში, რათა მათთან ერთად და მათი დახმარებით, გახდეს შესაძლებელი მოსწავლეების წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები