21-ე საუკუნე ტექნოლოგიებისა და მეცნიერების საუკუნეა, ეპოქა, რომელმაც შეცვალა ყველა და ყველაფერი. შექმნა ონლაინ სამყარო, სამყარო დამოუკიდებელი შესაძლებლობებისთვის. დღეს ონლაინ სივრცე ადამიანის განუყოფელი ნაწილია და დიდ ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში. ეს არის საუკუნე ახალი შესაძლებლობებისა ახალ სამყაროში. ხშირად გვიჭირს რეალურისა და ირეალურის ერთმანეთისგან განსხვავება, სადაც ადამიანისთვის არა მარტო მისი როლი, არამედ საჭირო უნარ-ჩვევებიც კი შეიცვალა, მათ შორის წერის უნარები. დღეს აღარ გვჭირდება კალამი და ფურცელი წერილის (მესიჯის) გასაგზავნად. თითქმის აღარ ვიყენებთ სასვენ ნიშნებს, რომელიც ტექსტს ემოციურ და წარმომსახველობით ფონს უქმნის. ეს ემოჯებმა („სმაილები“) ჩაანაცვლეს. ამ ეპოქაში სკოლაში მოსული ბავშვების გარკვეულმა ნაწილმა სოციალური ქსელებით მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა იცის და ტექსტს ხშირად ინგლისური ასოებით წერს. მაგ: gamarjoba, rogor xar, ra gqvia და ა.შ. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს ფაქტორები ხელს უშლის წერის უნარების განვითარებას მოსწავლეებში. პრობლემა გლობალურია, არ გვხვდება მხოლოდ 6-7 წლის ბავშვებში ან დაწყებით საფეხურზე, როცა მოსწავლე წერას იწყებს, არამედ ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ამაზე მეტყველებს სოციალური ქსელებში კომენტარების ტექსტები. ხშირად, სხვადასხვა ონლაინგვერდებზე განთავსებული ინფორმაციები უხეშად არღვევს გრამატიკულ ნორმებს.
განათლების სფერო მუდმივად განახლებადია და ბუნებრივია, რომ 21-ე საუკუნეში, ასეთი განვითარების პირობებში, ფეხი უნდა ავუწყოთ სიახლეებს. რა თქმა უნდა, ენაც მუდმივად განიცდის ცვლილებას, იხვეწება, აქ ოქროს ზღვრის დაცვა საკმაოდ რთულია. ამ სირთულის გადასალახად მთავარი ინსტრუმენტი მასწავლებელია. პედაგოგი, რომელიც ამ ინფორმაციული ქაოსისა და გლობალური განვითარების პირობებში ხშირად აწყდება წერითი უნარების განვითარების პრობლემებს, მაგრამ სწორედ ისაა მთავარი ფასილიტატორი ახალსა და ტრადიციულს, კლავიატურასა და კალამს შორის.
სტატიაში დასმული პრობლემა – წერითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით არის გაწერილი. მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე აქტივობა, რომელიც, ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პროცესში („წერის უნარების განვითარების ხელშეწყობა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას“ 2022/2023 სასწ. წ) განვახორციელე და დადებითი შედეგი მომცა. აქტივობები, რა თქმა უნდა, გაწერილი იყო თითქმის მთელი სასწავლო წლის მანძილზე.
⇒ „წერილი თოვლის პაპას“, რომელიც ორიენტირებული იყო ჟანრის თავისებურებებსა და გრამატიკის ცოდნაზე;
⇒ გამოტოვებული სიტყვების სწორად ჩასმა, რომელსაც ვახორციელებდი პერიოდულად, საჭიროებიდან გამომდინარე, ორიენტირებული იყო მოსწავლეების გრამატიკულ ცოდნაზე;
⇒ კალიგრაფიისა და მართლწერის კონკურსი „კარნახით წერა“, რომელიც ორიენტირებული იყო მოსწავლის ორთოგრაფიულ და პუნქტუაციურ თავისებურებებზე;
⇒ მისალოცი ბარათი, მიმართული იყო მოსწავლის სტილისა და ლექსიკური მარაგის გამდიდრებასა და შესაბამისად გამოყენებაზე;
⇒ კომპლექსური დავალება, ორიენტირებული იყო ცოდნის გამთლიანებისაკენ და მოიცავდა თხრობის თანმიმდევრობას, შინაარსის გამართულობას, სტილის თავისებურებებსა და გრამატიკას.
⇒ პროექტი „თავისუფლების კვალდაკვალ“, რომელიც ეძღვნებოდა საქრთველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, მიმართული იყო ჟანრულ თავისებურებებზე, შინაარსობრივ შესაბამისობასა და გამართულობაზე. მოსწავლეებმა მიიღეს კედლის გაზეთის შექმნის გამოცდილება. ამავდროულად, იგი თავისთავად მოიცავდა გრამატიკულ ნორმებს.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ინტერვენცია ორიენტირებულია სწორედ წერითი უნარების განვითარებაზე და მორგებულია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების საჭიროებებზე (კვლევა დაწყებითი საფეხურის მე-5 კლასში განხორციელდა).
როგოც სტატიაში განვმარტეთ, წერის უნარები არ მოიცავს მხოლოდ კალიგრაფიასა და მართლწერას, შინაარსობრივი გამართულობა, სტილისა და ჟანრის თავისებურება მნიშვნელოვანი ფაქტორია. თანამედროვე ადამიანს საკუთარი ემოციების, ფიქრებისა და მიგნებების გამართულად ჩამოყალიბება დაეხმარება, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და იყოს მშობლიური ენის დამცველი.
შორენა შველიძე – სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. სართიჭალის №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი