24 ნოემბერი, კვირა, 2024

წერილი მარნეულის კარანტინიდან – ნათია ტრაპაიძე: „მთავარია, ნაკლები ტკივილით დასრულდეს ეს ეტაპი“

spot_img

ყველაფერი 23 მარტს დაიწყო, უფრო სწორად რომ ვთქვათ, მარნეულსა და ბოლნისში ოფიციალურად გამოცხადდა კარანტინი, თორემ ჩემთვის კარანტინი თითქმის 2 კვირით ადრე დადგა.

გამარჯობა. მე, ნათია ტრაპაიძე ვარ, მარნეულში ვცხოვრობ და სოფელ სადახლოს № 1 საჯარო სკოლაში ქართულ ენას ვასწავლი. მარნეულში ოთხი წლის წინ გადმოვედით საცხოვრებლად მე და ჩემი მეუღლე და ბევრი ნაცნობ-მეგობარი შევიძინეთ. მომწონს აქაურობა. მარნეული მრავალეთნიკური ქალაქია და ეს განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს მას. ჩვენ, აქ მაცხოვრებლებს, გვესმის ერთმანეთის, ვიზიარებთ ერთმანეთის სიხარულსა თუ ტკივილს, ვაფასებთ და პატივს ვცემთ ერთმანეთს. იცით, ყველაზე მეტად რა მაოცებს? ბაზარი. ბაზარში, სადაც ხშირად სოფლიდან ჩამოსული, ენის არმცოდნე ადამიანი, ხშირად გადამყიდველი ან გლეხი შემხვდება, არასოდეს არავინ მატყუებს, პირიქით, ღიმილით ამატებენ ნაყიდ ხილს თუ ბოსტნეულს, ალალი იყოსო.

ნოვრუზ-ბაირამზეც გეტყვით ორიოდე სიტყვას, ძალიან ლამაზი დღესასწაულია და მეზობლები თუ მეგობრები ტრადიციულ აზერბაიჯანულ ნუგბარს უშურველად მჩუქნიან ხოლმე. დარწმუნებული ვარ, ჩემი აღდგომაც ახარებს მათ. ჩვენ გვახსოვს ერთმანეთის დღესასწაულები.

ორ მარტს უკვე სკოლაში აღარ წავსულვართ. მართალი რომ ვთქვა, გამიხარდა ნაადრევი არდადეგები, დამღლელი წელი მქონდა და დასვენებას ველოდი. მალე მივხვდი, რომ ეს არ იყო ნანატრი დასვენება. პირიქით, ეს იყო ფორიაქი, გაურკვევლობის მოლოდინი და შიში. სასწრაფოდ ვიყიდეთ სურსათი და როცა ვერ ცერთ აფთიაქში ვერ ვიშოვე პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი, სახლიდან გასვლა ავუკრძალე საკუთარ თავს. დავჯექი კომპიუტერთან და ბინტის პირბადეების შეკერვა ვისწავლე. ეს იყო ძალიან სასაცილო პროცესი, რადგან ნემსი ცხოვრებაში, მგონი, მესამედ მეჭირა ხელში. შევკერე სამი ცალი პირბადე და მეგონა, რომ ომი მოვიგე. მალე ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. არსად წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ რომ დამეპირებინა, ვეღარ წავიდოდი. ქართულის მასწავლებლები, ვინც ჩემსავით ჩამოსულია, ყველა გავიდა ქალაქიდან. დავრჩით მე და ჩემი მეუღლე და ერთი კოლეგა, რომელმაც გალში დაბრუნება ვერ მოასწრო, მაგრამ სიფრთხილის გამო, ვერ ვნახულობთ ერთმანეთს. გაჩუმდა ჩემი ხმაურიანი ეზო და ნელ-ნელა ბავშვები გაქრნენ. აღარავინ მეძახის ნათია მაას, აივანზე ბურთი გადმოგვივარდა და მოგვეციო (პირველ სართულზე ვცხოვრობთ). ერთხელ, კიბეებზე ხმაური გავიგონე და ფანჯრიდან გავიხედე, ჯერ ერთი მეზობელი გამოვიდა და დაჯდა პარკში, 2 წუთის შემდეგ – მეორე. ისხდნენ შორი-შორს მეზობლის ასაკოვანი ქალები, სახეზე აფარებული შარფებით, მზეს ეფიცხებოდნენ და არც ლაპარაკობდნენ. ჯერ არ იყო კარანტინი გამოცხადებული, მაგრამ ჩვენ უკვე გვეშინოდა.

21 მარტს ნოვრუზ ბაირამი იყო და სრულიად უხმაუროდ ჩაიარა ყველაფერმა. მგონი   საერთოდ არაფერი არ ხდებოდა ქალაქში, ყოველ შემთხვევაში ჩვენს ეზოში.

22 მარტს გავიგეთ, რომ მარნეულში შიდა გავრცელება დაიწყო ვირუსმა და ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა. უკვე მივხვდი, რომ აუცილებლად გამოცხადდებოდა კარანტინი. დედაჩემს დავურეკე და ვთხოვე არ ენერვიულა, არა და რა დაამშვიდებდა, როცა საველე საავადმყოფოს ხსნიდნენ აქ.

23 მარტს, შუაღამისას, ოფიციალურად გამოცხადდა კარანტინი, რასაც მალევე საგანგებო სიტუაცია მოჰყვა. თუ პირიქით იყო, აღარ მახსოვს… ახლა კვირაში ერთხელ მე გავდივარ გარეთ და ერთხელ – გიორგი, პირადობის მოწმობით და საღამოს ცხრა საათამდე. იმ დღეს სპარში რომ წავედი, შვიდი საათი იყო, პატარა რიგშიც მომიწია დგომა და მაღაზიიდან გამოსვლისას, ვნახე რომ ბინდდებოდა. არც ერთი ადამიანი არ შემხვედრია გზად, არც ძაღლი. პოლიციის მანქანამ გამოიარა ერთხელ. სახლში მოსულმა ვნახე, რომ ვაშლის ყიდვა დამვიწყებოდა. ვაშლი ჩემი სახლის წინაც იყიდება და წასვლა გადავწყვიტე. პირბადე უკვე მოხსნილი მქონდა, ვეღარ გავიკეთებდი გამოუხარშავად, ამიტომ შარფით ავიხვიე სახე და გავიქეცი. გზად გამახსენდა, რომ პირადობა დამრჩა, მაგრამ დაბრუნების დრო აღარ მქონდა. საჩქაროდ ვიყიდე ვაშლი და პოლიციის მანქანა თვალს რომ მიეფარა, სირბილით დავბრუნდი. რად მინდოდა ვაშლი? იმ დღეს ხომ მაინც ვერ შევჭამდი?   ახლად ნაყიდი ნებისმიერი რამ ორი დღე შემოსასვლელში დევს პარკით, მერე ვუტარებ დეზინფექციას და ვრეცხავ.

კარანტინის დროს ათის ნახევრამდე მინდა ვიძინო, მაგრამ არ მაძინებს მეზობელი, რომელიც ჩემ ზევით ცხოვრობს და ძალიან აქტიური ქალია. ადრიანად გადმოდგება აივანზე და თუ ვინმეს დაინახავს, ესალმება, ჯანმრთელობის ამბავს ეკითხება, არ შეგეშინდესო ეუბნება. ეჭვი მაქვს, ყველას არ იცნობს, მაგრამ მერე რა. ამასობაში ვინმე აუცილებლად გამოვა რომელიმე აივანზე და იწყება ჩაის სმა და მუსაიფი.

კარანტინმა ბევრი რამ შეცვალა, ერთი რაც უცვლელი დარჩა, გაკვეთილებია. ყოველ დღე მივდივარ სკოლაში. გამოვდივარ საძინებლიდან, გამოვეწყობი, ვიკეთებ ბეჭედს, მაკიაჟს, პომადას ვისვამ, თუ ხასიათზე ვარ შარფსაც მოვიგდებ და შევდივარ კლასში. დიახ, ნამდვილად კლასში შევდივარ, მაიკროსოფტ-თიმსის კლასში. ბავშვებიც იქ არიან. ზოგი კი აგვიანებს, მაგრამ არა უშავს, მთავარია, რომ დღეს ინტერნეტი აქვს და მოვიდა და ვიწყებთ გაკვეთილს. ერთი, მეორე, მესამე და ბოლოს ძალიან დაღლილი ვარ. საკუთარი თავის მიკვირს, რამ დამღალა ასე? თიმსში მუშაობამ როგორ უნდა დამღალოს, თიმსამდე ხომ ვატსაფი მქონდა. ოო, ვატსაფი ჩემთვის იყო კოშმარი, ნამდვილი კოშმარი. ორ დიდ სკოლაში ვმუშაობ და ბევრი მოსწავლე მყავს, ჯამში, ალბათ 170-180 მოსწავლე მყავს და ქართული ენა, მოგეხსენებათ, კვირაში ხუთი გაკვეთილი ტარდება (დისტანციურად – სამი) და ჩემი ტელეფონი მთელი დღე ხმიანობდა, მთელი დღე. მწერდნენ წერილებს, მიგზავნიდნენ ხმოვან შეტყობინებებს, ვიდეოებს და სურათებს. მე ნახევარ დღეზე მეტი მჭირდებოდა მათთვის პასუხის გასაცემად. ხან მეშლებოდა და სხვის პასუხს სხვას ვწერდი, ხან წერილები მეკარგებოდა ჯგუფებში, ხან, უბრალოდ დრო არ მყოფნიდა და ხან ნერვები. მთელი დღე რაღაცას ვაკეთებდი და ვგრძნობდი, რომ გაკეთებული არაფერი არ მქონდა.

ენის შესწავლა რთული, მაგრამ ცოცხალი და მეტად საინტერესო პროცესია და მხოლოდ ტელეფონით მიჭირდა ამ პროცესის კარგად წარმართვა. მერე გამოჩნდა თიმსი და პროცესი ნელ-ნელა დგება მწყობრში. ახლა გვაქვს განსაზღვრული საგაკვეთილო დრო, საშინაო დავალებისთვის განკუთვნილი სივრცე და რაც ყველაზე მთავარია, მთელი კლასი ერთდროულადაა ჩართული პროცესში. მარტო ბავშვები კი არა, მათი ოჯახის წევრებიც ხშირადა არიან კომპიუტერის უკან მიმალული და ჩემს თვალებციმციმა მოსწავლეს, ზოგჯერ, კარნახობენ სწორ პასუხებს. ზევით ინტერნეტი ვახსენე და წლების წინ, ბოლნისში რომ ვმუშაობდი, ინტერნეტი სკოლაშიც არ ვარგოდა, არა თუ სახლში. ახლაც რომ მსგავს ადგილას ვმუშაობდე, არც კი ვიცი რას ვიზამდი. ბევრი სოფელია ჩვენს ქვეყანაში ინტერნეტის გარეშე ან ცუდი ხარისხის ინტერნეტით. მე, უბრალოდ გამიმართლა.

დღეს 10 აპრილია, კარანტინის დაწყებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა. მარნეულში არ აღმოჩნდა ბევრი ადამიანი ინფიცირებული და იმედი გვქონდა, რომ ქალაქს გახსნიდნენ და ჩვენც წასვლას ვფიქრობდით სააღდგომოდ. ორი დღის წინ დავრეკეთ მერიაში, იქ გვითხრეს, შეგიყვანთ წასვლის მსურველთა სიაში და დაგიკავშირდებითო. დაგვიკავშირდნენ. გიშვებთო, მაგრამ ჯერ ორი კვირა კარანტინში იქნებით სადმე და მერე წახვალთ სადაც გინდათო. მე და გიორგიმ დავიწყეთ ფიქრი. მას წასვლა უნდა, მე – არა. მერე პრემიერმა თქვა, კარანტინის წესები უნდა გავამკაცროთო. ახლა ვფიქრობ, ამ ორ კვირაში ისე რომ გაამკაცრონ კარანტინი, რომ იქაც კარანტინში ვიყოთ? ან კარანტინში გადაყვანისას რომ დავინფიცირდეთ? ან გამოსვლისას და სოფელში ჩავიტანოთ ინფექცია? ამიტომ, წასვლას დარჩენა მიჯობს. ასე შედარებით მშვიდად ვარ.

დისტანციურ სწავლებას ბევრი ელექტრონული რესურსი სჭირდება, დიდი დრო მიაქვს ახლებურ გეგმებს და დავალების უკუკავშირს. ამ სისტემას მეც ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვსწავლობ. ნაკლები დრო მაქვს ფიქრისთვის, შფოთვისთვის. მთავარია, ნაკლები ტკივილით დასრულდეს ეს ეტაპი და თუ მაისიდან ვერა, იქნებ ივნისიდან ახმაურდეს ჩემი ეზო, იქნებ ივნისიდან მაინც გადავიდეთ პირდაპირ სწავლებაზე.

 

ნათია ტრაპაიძე, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროგრამის კონსულტანტი მასწავლებელი

11.04. 2020.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები