27 ივლისი, შაბათი, 2024

წერა-კითხვის სწავლება სახალისო აქტივობებით

spot_img
მაია გელაშვილი
სსიპ მ. გრუშევსკის სახელობის თბილისის №41 საჯარო სკოლის მასწავლებელი

 

 

ვიცი, ჩემსავით ბევრ თქვენგანს სჯერა, რომ დავით გურამიშვილის ცნობილი გამონათქვამისგან განსხვავებით, სწავლა „მწარე ძირი“ და „ტკბილი კენწერო“ კი არა, ერთი მთლიანი, სასიამოვნო პროცესია. მხოლოდ ფანტაზია და მონდომებაა საჭირო იმისთვის, რომ სწავლება ზეიმად ვაქციოთ, შევქმნათ სწავლა-სწავლების მხარდამჭერი გარემო სკოლაში და ვასწავლოთ თვალსაჩინოებებით, როგორ განვავითაროთ ბავშვები ემოციურად.

„განათლების მიზანი, ფაქტობრივად, ცხოვრების მიზანი – საყვარელი საქმის სიხარულით კეთება და ბედნიერების ძიებაა. ბედნიერება კი, ნილის თანახმად, ნიშნავს უწყვეტ ინტერესსიყო ცნობისმოყვარე ცხოვრების მიმართ, ანდა, როგორც მე მესმის, უპასუხო, რეფლექსია მოახდინო ცხოვრებაზე არა მხოლოდ ტვინით, არამედ მთელი ინდივიდუალურობით, ხასიათის თავისებურებებითა და ემოციურობით“ (ერიჰ ფრომი).

როცა პირველი კლასი ჩამაბარეს, დავიწყე ფიქრი, როგორ მექცია მათთვის თითოეული დღე ზეიმად. როგორ გამეჩინა მოლოდინი და აღმეძრა მათი ცნობისმოყვარეობა.

ანბანის შემობრძანებისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. ბავშვებს ლექსის სტრიქონები დავუნაწევრე:

დღეს ჩვენთან ისე ლამაზი

ნანატრი დღე თენდებაო,

მზეც ამოსულა საჭვრეტად,

ფეხის წვერებზე დგებაო.

დღეს ჩვენთან უძვირფასესი

სტუმრის მოსვლის დღე დგებაო,

გზად იავარდი დაჰფინეთ,

ანბანი მობრძანდებაო!“

ვუთხარი, რომ სიურპრიზი ელოდათ. ცდილობდნენ, გამოეცნოთ რა იქნებოდა ეს. ამაღლებული განწყობის შესაქმნელად ჩავრთე ავთანდილ გურგენიძის ლექსზე შექმნილი ნანა ბალახაშვილის სიმღერა „აი ია“. მუსიკის ფონზე ბავშვებმა წაიკითხეს ლექსის თითო სტრიქონი. შემოვედი ლამაზად მოხატული ყუთით, გავხსენი და ჰელიუმის ბუშტებზე მიმაგრებული ასოები ამოფრინდა: „აი ია“. პატარები აღტაცებით და აპლოდისმენტებით შეხვდნენ „ანბანის შემობრძანებას“. შემდეგ გამოძერწეს „ი“ და „ა“, ჩამოვათვლევინე ამ ხმოვნებზე დაწყებული სიტყვები, გამოვწერეთ. რა თქმა უნდა, ზოგს ცოტა გაუჭირდა. სათითაოდ მივდიოდი ყველასთან, ხელზე ხელს ვკიდებდი და ერთად ვხაზავდით მათ პირველ ასოებს. ახლაც ყურში მიდგას გაბრიელას აღტაცებული წამოძახილი: „მასწავლებელო, გამომივიდა!“

„უ“ ასო-ბგერაზე ორცხობილები გამოვაცხვე. დილით მივედი შეფუთული სიურპრიზით. შევეკითხე, როგორ ფიქრობთ, რა არის-მეთქი.

„ისევ ბუშტები?“ – სანდრო.

კვლავ შევძელი მათი გაოცება. ამოვალაგე ორცხობილებად ქცეული „უ“ და ვიკითხე, რა ასო იყო. ზოგმა უკვე იცოდა, დავურიგე და გემრიელად მიირთვეს. რამდენიმემ მკითხა, შემდეგში კრემიანს მოგვიტანთო?

ერთ დღეს, როცა თვალებციმციმა ნინი მომიახლოვდა და ყურში მიჩურჩულა:

„მასწავლებელო, ხვალ სიურპრიზი გვექნება?“ – დავრწმუნდი, რომ მიზანს მივაღწიე.

ყოველი ახალი ასო-ბგერის ახსნას სულმოუთქმელად ელოდნენ. არც თუ ადვილი იყო ყოველ ჯერზე ახალი და განსხვავებული აქტივობის მოფიქრება. ვეძებდი ინტერნეტ სივრცეში, ვეცნობოდი მეთოდურ ლიტერატურას.

ასე მაგალითად:

„მ“ ასო-ბგერა რომ ავხსენი, ერთჯერად თეფშზე დავყარე ყავა და თითით  შემოვახაზინე. ამ სახალისო აქტივობის შემდეგ დიდი მონდომებით გამოწერეს რვეულებში.

მორიგი პერფორმანსებისთვის მეხუთეკლასელები მეხმარებოდნენ: წინასწარ ამზადებდნენ პოსტერს, შემოდიოდნენ, თავს წარადგენდნენ, შემდეგ კი ამბობდნენ გამოცანას, რომლის პასუხიც იმ ასო-ბგერაზე იწყებოდა, რომელიც მათ უნდა ესწავლათ და რომლის პოსტერიც ჰქონდათ… (ცალკე თემაა პირველკლასელთა და უფროსკლასელთა ასეთი „საქმიანი“ ურთიერთობა).

ერთ-ერთი ასო-ბგერის შესწავლისას პლაკატი დაფის უკან დავმალე. შემდეგ „ვეძებდი“ თაროზე, მაგიდის უჯრაში, ბოლოს კი დაფის უკან „აღმოვაჩინე“.

ვცდილობდი სახალისო აქტივობებით, არა მხოლოდ ახალი ასო-ბგერის ახსნისას, არამედ სხვა გაკვეთილებზეც გამენებივრებინა მოსწავლეები. მარცვლებზე მუშაობისას შევთავაზე თამაში „სიტყვობანა“: ერთი მოსწავლე ამბობს სიტყვას, მეორე ამბობს ამ სიტყვის ბოლო მარცვალზე დაწყებულ სიტყვას. მაგ: (თავი, ვირი, რიგი და ა.შ.) (არ შეიძლება სახელების და გვარების დასახელება)  ეს აქტივობა, რომელიც ბავშვებს ლექსიკას უმდიდრებს, ფიქრს ასწავლის და მოსმენის უნარს უვითარებს, მათ საყვარელ თამაშად იქცა.

საინტერესო იყო „ჩურჩულის ეპიზოდი“ გაკვეთილზე. წესი ასეთია: ათი წუთის განმავლობაში ჩურჩულით ვსვამ შეკითხვებს, ჩურჩულითვე მპასუხობენ. წაგებულია ის, ვისაც დაავიწყდება და ხმამაღლა წამოსცდება სიტყვა. ასეთი თამაშები აღვიძებს მათ ცნობისმოყვარეობას, ხალისით ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში, აქტიურობენ და სწავლის პროცესი სასიამოვნო ხდება. ჩემი პატარები წერდნენ, კითხულობდნენ, ძერწავდნენ ასოებს, სიტყვებს… ერთმა „ანბანის ხე“ შექმნა.

ასე რომ, ბავშვებმა უნდა განიცადონ ის, რასაც სწავლობენ“ (ცირა ბარბაქაძე).

გამოყენებული ლიტერატურა:

http://kargiskola.ge/teacherintro/teacherintro.php

დოდო მახარაძე,  მანანა მაისურაძე,  ,,დამატებითი მასალა საანბანო პერიოდისათვის“

http://mastsavlebeli.ge/?p=35974&fbclid=IwAR0Z4QDYmPNcq8zy6CQCv_jfRTjUK42skCAXVC0z_eowaWG3oCsAMWs4xWo

ცირა ბარბაქაძე, „ქალაქი ქალაქში“

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები