27 ივლისი, შაბათი, 2024

წელს პირველკლასელთა რაოდენობა, დაახლოებით, 2500-მდე გაიზრდება

spot_img

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც  6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი მოქალაქეთა არაერთი განცხადება გახდა, რომელშიც ითხოვდნენ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას. 6 წლამდე ბავშვების მშობლების მოთხოვნა გამონაკლისის დაშვების თაობაზე განსაკუთრებით მაღალია სექტემბრის თვეში დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ჩარიცხვის მიზნით.

პირველი არხის ეთერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, ამ ცვლილებაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ნაუცბათევად მიღებული არ არის, გათვალისწინებულია ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც პირდაპირ ბმაშია განათლების ხარისხთან.

თამარ მახარაშვილი: „აქამდე არსებული ჩანაწერის მიხედვით, 15 სექტემბრის ჩათვლით მიღება პირდაპირ ბმაში იყო სწავლის დაწყების თარიღთან, რომ 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები დარეგისტრირებულიყვნენ და სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გაეგრძელებინათ. ეს თემა რეალურად მნიშვნელოვანი იყო მრავალი წლის განმავლობაში, სულ განიხილებოდა ეს საკითხი და მშობლების მომართვიანობაც დიდი იყო, შემოდიოდა წერილები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტშიც იყო ყოველთვის ინიცირებული, სხვადასხვა ლოგიკით. ვერ გეტყვით, რომ მოთხოვნა მხოლოდ სექტემბერში დაბადებული ბავშვების მიღებას ეხებოდა, გვეკითხებოდნენ, რატომ არ ვაძლევდით შესაძლებლობას მთლიანად იმ წელს დაბადებულ ბავშვებს, შესულიყვნენ და სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გაეგრძელებინათ. მაგრამ განსაკუთრებულად აქცენტირებული იყო (ეს ლოგიკურიცაა), რატომ არ ვაძლევდით სწავლის შესაძლებლობას მათ, ვინც 16 ან 17 სექტემბერს დაიბადა. თუმცა, როგორც არ უნდა შეიცვალოს რეგულაცია, კითხვები მაინც დარჩება, ესეც კარგად გვესმის.

♦♦ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მართლაც დიდი სამუშაო ჩავატარეთ ამ მოთხოვნების საფუძველზე და ამიტომაც ვართ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომ მშობლების თხოვნა ყურად ვიღოთ. მათი არგუმენტები შესაბამის ჯგუფთან დამუშავდა, ასაკთან დაკავშირებით ფსიქოლოგებიც იყვნენ ჩართულები, ვითანამშრომლეთ ყველა შესაბამის ჯგუფთან და აქედან გამომდინარე აიწონა, პირველ რიგში, მიღებული გადაწყვეტილება. რადგან მსგავს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკისრია, ჩვენი ვალდებულება იყო, სერიოზულად დაგვემუშავებინა თემა და მუნიციპალიტეტების დონეზე დაგვედგინა, რისი რესურსი და საშუალება გვაქვს.

♦♦ პროცესში ჩართული იყო ყველა ის მხარე, ვისთვისაც აზრი უნდა გვეკითხა. ეს არ არის ნაუცბათევად მიღებული გადაწყვეტილება, ის ბმაშია რესურსებთან და შესაძლებლობებთან. ამ მიმართულებით კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას, ისევ ფსიქოლოგების ჩართულობით და ჩვენი რესურსების სერიოზული აწონვით. რამდენ ხანში შევძლებთ ცვლილებას დეკემბერში დაბადებული ბავშვების მიღებასთან დაკავშირებით, ამაზე პასუხს ჯერ ვერ გაგცემთ. შემიძლია გითხრათ, რომ ამჯერად მიღებული გადაწყვეტილება ცვლილების პირველი ეტაპია.

♦♦ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ხარისხი, ამიტომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ შევძლოთ ბავშვების საკლასო ოთახებში შეყვანა, შესაბამისი მასწავლებელი უნდა დავახვედროთ, სათანადოდ მომზადებული კადრები და გამართული ინფრასტრუქტურა, თორემ იქ, სადაც მხოლოდ მატერიალურ რესურსზეა საუბარი (ბუქებზე ან წიგნებზე), დამიჯერეთ, ამას ძალიან მარტივად მოახერხებდა სისტემა, საუბარია ისეთ რესურსებზე, რომელიც, საბოლოო ჯამში, ხარისხიანი განათლების მიწოდებას განაპირობებს და ამას სჭირდება სათანადო დრო და მუშაობა.

♦♦ დიახ, ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას და აქ კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო ფსიქოლოგების ჩართულობაც ამ პროცესში. ფსიქოლოგებს თავისი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რომელშიც ჩვენ ვერ შევალთ. ისინი ამბობენ, რომ ხშირად ერთ ან ორ თვესაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მათ ძალიან სერიოზულად ვუსმენთ.“

რა შედეგს ელოდება სამინისტრო როგორც სტატისტიკური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით და დათვლილია თუ არა რამდენით გაიზრდება წელს პირველკლასელთა ნაკადი, ამაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ: „საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 2500-მდე გვეზრდება პირველკლასელთა რაოდენობა. 16-დან 30 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვების კონტინგენტი 2500-მდეა. მათი გადანაწილების პრინციპი, რეგიონების მიხედვით, ჩვენ გავლილი და დათვლილი გვაქვს, ვიცით ის რესურსი, რაც დაგვჭირდება, თუნდაც ადამიანური ან სხვა მიმართულებით, რადგან, როდესაც სამინისტრო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ძალიან კარგად უნდა ჰქონდეს აწონილი საკუთარი პასუხისმგებლობა, გაზომილი თავისი შესაძლებლობები.“

როგორ შეძლებენ სსსმ მოსწავლეების დარეგისტრირებას მშობლები, ამ სიახლის გათვალისწინებით, თამარ მახარაშვილმა განმარტა: „პირველკლასელების რეგისტრაციის პირველი ეტაპი, რომელიც სსსმ მოსწავლეებს ეხებოდა, დასრულებულია. ამ სეგმენტისთვის, ვინც 16-დან 30 სექტემბრამდეა დაბადებული, ხელახლა გამოვაცხადებთ რეგისტრაციას, ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ. ხოლო რეგისტრაციის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებს, ვფიქრობთ, ცვლილება უკვე მოუსწრებს და თუ არა, რეგისტრაციას მათთვისაც ცალკე გამოვაცხადებთ.“

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები