24 ნოემბერი, კვირა, 2024

წელიწადის ოცდაორი თვე

spot_img

ლელა ზვიადაური

სკოლა-ლიცეუმ „პრომეთეს“დაწყებითი კლასების პედაგოგი

 

 

„მე ანა ჯიმშელეიშვილი, დღეს, 2024 წლის 1-ელ თებერვალს 20 საათსა და 45 წუთზე ვიწყებ ჩვენი კლასის წიგნის წერას. ვნახოთ, როგორი გამოვა ჩვენი წიგნი, ჩვენ ხომ ლელა-მერი პოპინსის მოსწავლეები ვართ.

p.s.ჩვენი წიგნი ჩვეულებრივი ვერ გამოვა, ხომ მართალია, ლელა-მერი პოპინს?“

ეს იმ წიგნის წინასიტყვაობაა, რომელზეც მინდა გიამბოთ. „წელიწადის ოცდაორი თვე“ ასე ჰქვია ამბავს და თუ რატომ ოცდაორი, ამაზე მოგვიანებით. ყველაფერი კი ასე დაიწყო.

წლის ყველაზე ფერადი და გემრიელი დროის მიწურული იყო.ხელოვნების გაკვეთილზე შემოდგომის მობილი გავაკეთეთ.ზოგმა დახატა, ზოგმა აპლიკაცია გააკეთა. ისეთი ლამაზი ნამუშევრები გამოუვიდათ,გადავწყვიტეთ მხოლოდ ჩვენს პარალელებს კი არა, სკოლაში შემოსულ ყველა დიდსა თუ პატარას ენახა. მოვიმარაგეთ ბაწარი, ფერადი სარჭები,გავედით სკოლის ეზოში. გავჭიმეთ ბაწარი ხეებზე და დავკიდეთ  ნამუშევრები.

ჩამოვსხედით  ჯერ კიდევ მწვანე ბალახზე და ვუყურებდით, როგორ იწონებდნენ თავს ფოთლისკაბიანი ბალერინები, ფოთლისკუდიანი ციყვები …

– ლელა მასწავლებელო, ეს ხომ იალკიალია?-იკითხა ლაზარემ. ახალი ნასწავლი აქვთ ეს სიტყვა და მოსწონთ .

-ლელა მასწავლებელო, ეს რა ხეა?

– ლელა მასწავლებელო, ნახეთ ვარდი რა ლამაზია!

ისე აკვირდებოდნენ ყველაფერს, თითქოს სურდათ, დიდხანს ხსომებოდათ ეს დღე.

– მოდი, რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი ჩაწერეთ და აღწერეთ, შევთავაზე. გამოარბენინეს რვეულები, ზოგმა ხის ქვეშ ჩაიმუხლა – ჭიამაია დაინახა, ზოგმა ბუდრუგანასთან მიირბინა, ზოგი იმ საკლასო ოთახის ფანჯრებს შესცქეროდა, სადაც პირველი წელი გავატარეთ..

წერდნენ გატაცებით, ასე გაჩნდა აქტივობა „ვწერ, რასაც მინდა“.

ამ დღის შემდეგ დაიწყო და რა დაიწყო. წერის სურვილმა შეიპყრო გოგონები და ლექსების წერა დაიწყეს.მართალია ხშირად ლექსები გაურითმავი იყო, მაგრამ გულწრფელი სიტყვები ეწერათ. გოგონებს ბიჭებმა მიბაძეს. ამას მეგობრობის დღიურის წერა მოჰყვა. მათ ამ გატაცებას რაღაც გაგრძელება უნდა  ჰქონოდა.

ზაფხულში ერთი საოცრად კარგი მასწავლებლის,ინა იმედაშვილის ვებინარს ვესწრებოდი. ინამ შემოქმედებითი წერის უნარების გასავითარებელად საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები შემოგვთავაზა. მაშინდელი ემოცია გამახსენდა ჩემი ბავშვების შემყურეს და დავიწყეთ….

„გავხსენი  კიდობანი“, ამოვიღე ჩემი შვილის ნაჩუქარი უბის წიგნაკი წავუღე ბავშვებს და ვთხოვე, ჩაეწერათ პატარა ამბავი ჩვენს კლასზე. ანამ მთხოვა (პეპის ვუწოდებთ ჩვენს ანას,მასსავით მოუსვენარი, მეგობრული და კეთილია) ჯერ მე წავიღებ, მე დავიწყებ წერასო. პირობის თანახმად, ანა მესამე დღეს მოიტანდა წიგნაკს. მომდევნო ვინც წაიღებდა ისიც ასე  მესამე დღეს მოუტანდა მეგობარს და ა.შ. ამავდროულად, ტექსტი ისე უნდა დაეწერათ, რომ ყოველი მომდევნო ამბავი წინა ამბის გაგრძელება ყოფილიყო.

ასე გაჩნდა ამ წიგნაკში 21 მოსწავლის მიერ დაწერილი ნაწარმოები, რომლის მთავარი პერსონაჟები ისინი და მე „წელიწადის ოცდაორი თვე“ ვართ. ტექსტში შეხვდებით სკოლის უსაფრთხოების ოფიცერს ,მაკას, ჩვენს უსაყვარლეს მარი ექიმს, მუსიკის მასწავლებელს, სპორტის ნიკას.

ოცდაერთივე ამბავი განსხვავებულია. რას არ ამოიკითხავთ მათ ნაწერებში:  ამბავს ფეხბურთის ჩემპიონტზე, სადაც კაპიტანი მე, მათი მერი პოპინსი ვარ, შოკოლადის მომზადებაზე, ლელა -მერი პოპინსის ყელის ტკივილის  გამო  მოსწავლეების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე და სხვ.

ვერ წარმოიდგენთ, როგორი მონდომებით წერდნენ, აფორმებდნენ ილუსტრაციებით, როგორ უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს ერთიმეორეს. დაატარებდნენ გულთან ჩახუტებულ უბის წიგნაკს, თვალები უციმციმებდათ.

წიგნის წერის ამბავი მთელ სკოლაში გავრცელდა და უამრავი გულშემატკივარი გაგვიჩნდა.რამაც მეტი ხალისი შეგვძინა, პასუხისმგებლობაც გაგვიზარდა.

გადავწყვიტეთ, გამოგვეცა პირველი ერთობლივი ნამუშევარი, ამისთვის კი ფინანსები იყო საჭირო.

ბავშვებმა დაიწყეს თანხის დაზოგვა.კენჭისყრით ავირჩიეთ „ბუღალტერი“, რომელიც დანაზოგს აღრიცხავდა და ყულაბაში ათავსებდა 10.20-თეთრიანებს. ასე შევაგროვეთ 66 ლარი.

ულამაზესი და უსაყვარლესი გამოვიდა ჩვენი კრებული – ავტორებს ჰგავს.

ჩემმა მოსწავლეებმა წერის პროცესში მრავალმხრივი უნარები განივითარეს. კალამს უფრო დაუმეგობრდნენ. მეც ჩემი მხრივ, ახალი შესაძლებლობები  აღმოვაჩინე თითოეულ მათგანში.

სცადეთ თქვენც  და თქვენს არაჩვეულებრივ მოსწავლეებთან ერთად ჩაერთეთ   ერთობლივი წერის ფერხულში, მერწმუნეთ, ძალიან ისიამოვნებთ, როგორც პროცესით, ისე – შედეგით.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები