27 ივლისი, შაბათი, 2024

წარმატებული სეზონი

spot_img

ახლახან ჩვენმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა სეზონი წარმატებით დაასრულეს – სარაევოში მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავეს და აღებული ტემპი წარმატებით გააგრძელეს: 6 მედალი მოიპოვეს, მათ შორის – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

წელს ჭაბუკებს დატვირთული სეზონი ჰქონდათ, სამი უმთავრესი შეჯიბრება ჩაატარეს – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. რომ არა კოვიდ პანდემია, ასეთი დატვირთვა არ მოუწევდათ, რადგან ახალგაზრდული ფესტივალი შარშან უნდა გამართულიყო სლოვაკეთში, თუმცა, პანდემიის გამო, წელს გადმოიტანეს. თანაც, მეტად შემჭიდროებულ ვადებში – სამივე შეჯიბრება ორთვიან მონაკვეთში ჩატარდა. ამის მიუხედავად, ჩვენს ჭაბუკებს თავი არ შეურცხვენიათ და სამივეგან დიდი წარმატებით იჭიდავეს. ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვეს – 2 ოქრო, 1 ბრინჯაო, რასაც შერეულ გუნდურში მოპოვებული ბრინჯაოც დაუმატეს.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩვენების ნადავლი 7 ჯილდო აღმოჩნდა: 2 ოქრო და 5 ბრინჯაო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამათგან ერთი ბრინჯაო გოგონებზე მოდის – 70 კილოგრამში ნინო გულბანი მესამეზე გავიდა. გუნდურში აქაც მესამეზე გავედით და ამაში ლომის წილი გოგონებისაა, რომლებმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს, მათ შორის – დამატებითიც, ანუ მთელი გუნდი გადაარჩინეს.

სეზონი სარაევოში კიდევ უფრო დიდი წარმატებით დაგვირგვინდა, სადაც ჩემპიონები დავით ქარელი (60) და საბა სამადაშვილი (66) გახდნენ; მეორეზე ლუკა ჯავახიშვილი (73) გავიდა, ხოლო ბრინჯაოს საბა საბაშვილი, დავით ლომიტაშვილი (ორივე – 55) და გიორგი მიშველიძე (73) დაეუფლნენ.

ამათგან საბა სამადაშვილმა დუბლი შეასრულა – ევროპის ჩემპიონიც გახდა. ანალოგიური წარმატების მოპოვება შეეძლო მიშველიძესაც, ისიც ევროპის ჩემპიონია, თუმცა მსოფლიოზე ნახევარფინალში დამარცხდა. მიშველიძეს საინტერესო სპორტული ისტორია აქვს:  საქართველოს ჩემპიონატი წააგო, დასაწყისშივე, აკრძალული ილეთის გამოყენებისთვის („ხიდზე“ დადგა, ანუ თავის გამოყენებით აიცილა გდება) მოხსნეს და მედალოსნებში ვერ შევიდა. თუმცა, მწვრთნელები კარგად ხედავდნენ მის შესაძლებლობებს და საშუალება მისცეს, მოგვიანებით, უზბეკეთში, თავისი ხარჯით წასულიყო ტურნირზე, იქ კი ბრინჯაო მოიპოვა და ამ წონაში, ჩვენებიდან, ყველაზე უკეთ გამოვიდა. მოგვიანებით, სხვა შეჯიბრებებშიც აჯობა კონკურენტებს და უყოყმანოდ წაიყვანეს ევროპირველობაზე, იქიდან კი ჩემპიონად დაბრუნდა…

ასეთივე საინტერესო ფალავანია დავით ლომიტაშვილი, რომელმაც სამივე ტურნირზე მოიპოვა მედალი – ევროპა-მსოფლიოზე მესამე იყო, ფესტივალი კი მოიგო. დავით ქარელმა ფესტივალზე ბრინჯაო მოიპოვა, რასაც მსოფლიოზე ოქრო დაუმატა. მას ევროპირველობაზე არ უჭიდავია, ფესტივალზე კი მწვრთნელებმა, შეიძლება ითქვას, საექსპერიმენტოდ წაიყვანეს, რადგან უკეთესი ფალავანი არ ჰყავდათ. იქ მოპოვებულმა მედალმა დიდი სტიმული მისცა დავითს და ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიზილაშვილი მას სეზონის აღმოჩენას უწოდებს.

ყიზილაშვილის სასახელოდ ისიც უნდა ითქვას, რომ ორი წონა გააორა – 55-73 და ორივეში 2-2 მედალი მოვიპოვეთ, ანუ ამ წონების 4-ივე მონაწილე პრიზიორი გახდა. მართალია, საბა საბაშვილმა და ლუკა ჯავახიშვილმა ევროპის ჩემპიონატი ჩააგდეს, თუმცა მწვრთნელი მათ მაინც ენდო  და გაცილებით ძლიერ ტურნირზე – მსოფლიო ჩემპიონატზე უკეთ იჭიდავეს, მედალოსნები გახდნენ.

 

როგორც ჩანს, ფედერაციის მიდგომამაც შედეგი გამოიღო, რაც ახალგაზრდა სპორტსმენების მენტალურ აღზრდა-განათლებასაც ითვალისწინებს (ფედერაცია მათთვის სხვადასხვა საგნებში მასწავლებლებსაც კი ქირაობდა, რათა შეკრებებზე ყოფნისას სასკოლო საგნებში არ ჩამორჩენილიყვნენ, დიდ მუშაობას ატარებდა მათთან საქართველოს ისტორიის უკეთ შესასწავლად) – გიორგი ყიზილაშვილი იმასაც სიამოვნებით ამბობს, რომ გუნდში დისციპლინა სათანადო დინეზეა და არათუ ქუჩური მენტალიტეტი, ვარჯიშსა თუ ქცევებთან დაკავშირებით უბრალო შენიშვნის მიცემაც კი იშვიათად უწევს, მათში გაცილებით მეტი პროფესიონალიზმია.

სარაევოში ერთადერთი უარყოფითი მომენტი ზედა წონების – 81, 90 და +90-ის წარუმატებლობა იყო, თან მათ ევროპის ჩემპიონატიც ჩააგდეს. მწვრთნელმა მსოფლიოსთვის, ამ 3 წონიდან, მძიმეში კი შეცვალა მონაწილე – ნიკოლოზ ზაალიშვილი წაიყვანა, თუმცა სამწუხარო გაუგებრობა მოხდა – ორგანიზატორებმა კიმონოს კონტროლზე შეაყოვნეს და შეხვედრაზე საჭიდაოდ დააგვიანდა, რისთვისაც, ბუნებრივია, წაგება ჩაეთვალათ.

სარაევოში ჩვენთვის საინტერესო ერთი ფაქტიც მოხდა: გოგონათა ტურნირში, 57 კილოგრამში, ინდოელმა ლინტოი ჩანამბამიმ გაიმარჯვა, მას კი ქართველი მწვრთნელი, გიორგი ყიზილაშვილის ძმა მამუკა ყიზილაშვილი ავარჯიშებს. ის ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის კურსდამთავრებულია და, ამ 5-6 წლის წინ, სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს ინდოელებმა. მისი ჩასვლისას ინდოეთში, ზოგადად, ძიუდო არ იყო განვითარებული, ახლა კი ჩანამბამი მისი მეორე წარმატებული შეგირდია – ინდოელებმა პირველი მედალი 2021 წელს,  მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, მოიპოვეს. ყიზილაშვილის წარმატებას და მსოფლიო ძიუდოში ინდოეთის გამოჩენას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია საგანგებო წერილით გამოეხმაურა. საინტერესოა, რომ 2020 წელს, პანდემიის დაწყებისას, მამუკა ყიზილაშვილი, ჩანამბამისა და კიდევ რამდენიმე შეგირდთან ერთად, სავარჯიშოდ, საქართველოში იყო ჩამოსული და 8 თვე ჩარჩნენ აქ, თუმცა, ეს ჩანამბამის ძალიანაც წაადგა.

ამ სეზონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბიჭებში სავარჯიშო სისტემა თანდათან ჩამოყალიბდა და კონკურენცია იზრდება – თაობა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა, შედეგები არათუ გაუარესდა, პირიქით, გაუმჯობესდა – სარაევოში მოპოვებული 6 მედალი სარეკორდოა. ამ სეზონმა გოგონების ნაკრების ზრდაც დაადასტურა – ფესტივალზე მოპოვებული მედალი და  მათი კარგი ჭიდაობა გუნდურში ამის დასტურია. უკვე გაჩნდა იმედი, რომ პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ ტურნირშიც გამოვალთ, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს ცოტა გადაჭარბებული ამბიცია გვგონია – ეს გოგონები (არადა, საოლიმპიადოდ აქცენტი, ძირითადად, ნინო გულბანზე კეთდება – შერეულ გუნდურში მისი წონა შედის) ასაკით ჯერ პატარები არიან. ამიტომ საეჭვოა, პარიზისთვის ამ დონემდე გაზრდა მოასწრონ (თუმცაღა, თუ მოიპოვებენ ლიცენზიას, მივესალმებით), აი, 2018 წლის თამაშებისთვის კი, მოეთხოვებათ საგზურის მოპოვება. მით უფრო, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ უკვე დაიწყო პროექტი „2024“, რომელიც კარგად აპრობირებული, ასე წარმატებული „2020-ის“ გაგრძელებაა და მიზნად ისახავს პარიზის ოლიმპიადისთვის გუნდის უკეთ მომზადებას, რომელიც გოგონების ჩართვასაც ითვალისწინებს. „2020“, ძირითადად, ბიჭებზე იყო გათვლილი, რადგან მაშინ გოგონებს არანაირი წარმატება არ ჰქონდათ, ბოლოდროინდელმა მიღწევებმა კი, უპირველესად – ეთერ ლიპარტელიანის (57) შედეგებმა (მეხუთე ადგილი ოლიმპიადაზე, ისტორიული ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე და ბევრი მედალი საერთაშორისო ტურნირებზე) ფედერაციას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა. არადა, იმ პროექტმა საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ევროპის ჩემპიონები – ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, მსოფლიოს მედალოსანი ილია სულამანიძე, ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გელა ზაალიშვილი და კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მისცა. იმედია, გოგონებსაც წაადგებათ ამ პროექტში ჩართვა და თუ პარიზში ვერა, მომდევნო თამაშებზე მაინც გვასახელებენ.

დასასრულს ისიც ვთქვათ, რომ ფედერაციას სხვა ბევრი სასიკეთო პროექტი თუ ინიციატივაც აქვს, რაც ქართულ ძიუდოს ახალ სიმაღლეზე აიყვანს. ახლა მთავარია, მათ რეალიზებაში ხელი არ შეუშალონ.

ირაკლი თავაძე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები