27 ივლისი, შაბათი, 2024

წარმატების ფორმულა ანუ მოტივაცია

spot_img

„სწავლება ბევრს ნიშნავს, წახალისება კი – ყველაფერს“

იოჰან ვოლფგანგ გოეთე

21-ე საუკუნის განათლების სივრცეში დიდ როლს თამაშობს მოტივაცია. მოტივირებულ ადამიანს შეუძლია „მთების გადადგმა“.

მხოლოდ ის, რომ ხარ შენი საქმის მაღალი დონის პროფესიონალი, საგნის კარგი მცოდნე, საკმარისი არაა. მასწავლებელს უნდა შეეძლოს შთააგონოს, აღუძრას სურვილი მომავალში დიდი საქმეების კეთებისა. უთხარით, რომ შეუძლიათ გამოვიდნენ გამოჩენილი პოეტები, მომღერლები, მსახიობები, მეცნიერები და ასე, უსასრულოდ, უმეორეთ მათ მათივე წარმატებული მომავლის შესახებ. რა ვიცით, დღეს ნათქვამი ერთი სიტყვა როგორ დაილექება მათ მეხსიერებაში და რა გადატრიალებას მოახდენს მათში?! უნდა შევძლოთ, ავუხსნათ მოსწავლეებს, თუ რატომაა ამა თუ იმ საგნის სწავლა ასე მნიშვნელოვანი. დავეხმაროთ მათ, სწავლის პროცესი უფრო სახალისო და საინტერესო გახდეს. დავტვირთოთ არა თეორიული, არამედ პრაქტიკული ნაწილით, რომელიც რეალურ ცხოვრებაში უფრო მეტად გამოადგებათ. მასწავლებლის მიზანი არ უნდა შემოიფარგლებოდეს იმით, თუ რამდენად მეტი გრამატიკული წესი დაასწავლოს ან რამდენად მეტი უცხო სიტყვა შეასწავლოს. მასწავლებლის უმთავრესი მიზანი მოსწავლეში ინტერესების გამოღვიძება, საკუთარი თავის სხვა კუთხით დანახვის უნარის განვითარება უნდა იყოს.

პედაგოგი ნაკლებად უნდა იყოს რადიკალური მოსწავლის შესაძლებლობების შეფასებისას, შენიშვნა იმგვარად უნდა მისცეს, რომ მას მომავალში ინოვაციების არ შეეშინდეს. ჩავუნერგოთ მოსწავლეებს შეცდომების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება. გაითავისონ ფრაზა – „ვინც არაფერს აკეთებს, შეცდომებსაც არ უშვებს“. მასწავლებლის სწორმა მიდგომამ, შესაძლოა, მოსწავლეში იმგვარი მოტივაცია გამოიწვიოს, რომ მან ცხოვრებაში „მაღალი მწვერვალების დაპყრობა“ შეძლოს.

დაე შეეშალოთ! დაე იზარმაცონ! დაე იცელქონ! მაგრამ ჰქონდეთ რწმენა საკუთარი თავისა და დიდი იმედი მასწავლებლის, რომელიც ნებისმიერ პოზიტიურ წამოწყებაში ხელს შეუწყობს და დაეხმარება. სასკოლო ასაკი ხომ ისეთი ფაქიზი წლებია, რომელშიც მოზარდს უჭირს განსაზღვროს საკუთარი მეობა. ჩემი აზრით, ჭეშმარიტი მასწავლებელი არა 10 კრედიტზე გამოცდაჩაბარებული პედაგოგია, არამედ მასწავლებელი, რომლის დანახვაც უხარიათ და საკუთარი თავის რწმენას მატებს ბავშვებს.

ვინაიდან არსებობს მოტივაციის 2 ფორმა – შინაგანი და გარეგანი, პედაგოგის მუშაობა ორივე მათგანის პროგრესირებას უნდა ემყარებოდეს, თუმცა შინაგანი მოტივაციის გამოღვიძება ადამიანში ადამიანის გამოფხიზლებას წააგავს და წარმატების გარანტის ტოლფასიც კი არის. ბევრი რამ კარგ მასწავლებელზეა დამოკიდებული; როგორც რუსული ენის პედაგოგი მოვიშველიებ პეტრე პირველის სიტყვებს – „Я ученик и ищу себе учителя” სწორედ ასე და ასეთი მოაზროვნის სახელს უკავშირდება უამრავი კარგი რეფორმის გატარება.

მაშ რა გვიდგას წინ?! დავიწყოთ საკუთარი თავით, დავიწყოთ დღეს და არა ხვალ! დღესვე ვუთხრათ მათ, რომ შეუძლიათ „მთების გადადგმა!“

 

ლიანა ქორთიევი

სსიპ თბილისის 215 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები