28 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

წარმატების ისტორიები პროფესიული განათლებიდან – პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო – 2021

spot_img

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გალა დაჯილდოება წელს მეოთხედ გაიმართა.  გამარჯვებულები  ხუთ საკონკურსო კატეგორიაში დასახელდნენ: „2021 წლის პროფესიული განათლების საუკეთესო სტუდენტი“ გახდა სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სტუდენტი მარიამ გვეტაძე, რომელიც დღეისათვის პირველი ქალია, ვინც ლოკომოტივის მართვის პროფესიას ეუფლება; „2021 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის“ სტატუსი კოლეჯ „მერმისის“ პედაგოგმა, ივანე ჩუტკერაშვილმა მოიპოვა; „2021 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის“ ნომინაციაში გამარჯვებული გახდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი, პროგრამით – გემბანის რიგითი მეზღვაური, ხოლო „2021 წლის პროფესიული მომზადების/გადამზადების“ კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა დისტრიბუტორთა ასოციაცია, პროგრამით – დისტრიბუცია სავაჭრო ობიექტებში; წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად კი ს.ს. „გუდვილი“ დასახელდა.

საკონკურსო ნომინაციებში, ჯილდოების გარდა, სპეციალური პრიზი, ტრადიციულად, ისრაელის საელჩომ გადასცა – წლევანდელი სპეცალური პრიზის მფლობელი, თანამედროვე სწავლების დარგში შეტანილი წვლილისთვის, გახდა საქართველოს ბიზნესის აკადემიის ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ნატა ჩხეიძე.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ მიზანი პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაციაა. ჯილდოს გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ბოლო ორი წელია, სპეციალურ პრიზს აწესებს ისრაელის საელჩო საქართველოში. კონკურსის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ აღნიშნა, რომ  ძალიან დიდი ძალისხმევა იდება პროფესიულ განათლებაში როგორც მთავრობის, ისე დონორების და კერძო სექტორის მხრიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია, ფართო საზოგადოება ინფორმირებული იყოს ამის შესახებ, გაიცნონ ამ დარგის საუკეთესო მიღწევები, ადამიანები, რომელთაც დიდი დამსახურება აქვთ პროფესიული განათლების განვითარების სფეროში. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს ტრადიციულ კონკურსზე, ყოველწლიურად, იზრდება მონაწილეთა რაოდენობა და რაც მთავარია, ყოველ წელს ვეცნობით ახალ და საინტერესო გამარჯვებულებს, რომლებსაც საკუთარ დარგში განსაკუთრებული მიღწევები აქვთ. ვფიქრობთ, მათი წარმოჩენით, ხელს ვუწყობთ პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ამ სფეროში კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერებას. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რადგანაც პროფესიული განათლების სექტორის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას უწყობს ხელს. 

ჯილდო კერძო სექტორის დაფინანსებით ხორციელდება, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი ჩვენი გენერალური სპონსორია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვაპირებთ, გავაგრძელოთ მსგავსი ინიციატივები. ათასწლეულის ფონდმა 60-ზე მეტი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შეიმუშავა და აღჭურვა სათანადო რესურსით, ახალი შენობა-ნაგებობებიც შეიქმნა. ეს მართლაც ფასდაუდებელი ინვესტიციაა ამერიკის მთავრობის მხრიდან. გვინდა, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს ამის შესახებ და, რაც მთავარია, მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს პროფესიულ განათლებაში, რომ საბოლოო მიზნამდე მივიდეთ – პროფესიული განათლება არ იყოს უმაღლესი განათლების ალტერნატივა, არამედ – პირველადი არჩევანი,“ – ამბობს მაგდა მაღრაძე.

რაც შეეხება ჯილდოს მთავარ სპონსორს, თუ რატომ უჭერს მხარს ამ ღონისძიებას, ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი ამბობს, რომ პროფესიული განათლება დასაქმების საუკეთესო საშუალებაა და შრომის ბაზარზეც ბუნებრივად მეტი მოთხოვნაა პროფესიული განათლების მქონე ადამიანებზე; მისი აზრით, ეს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ასეა.

„სწორედ ამიტომაც არის დასაქმებისთვის პროფესიული განათლება საუკეთესო გზა და საშუალება. ვხედავთ, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს უმუშევრობის მაღალი დონე, მეორე მხრივ, ბიზნესი, ინდუსტრია იქნება ეს, წარმოება თუ ნებისმიერი სხვა სფერო, მუდმივად კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის. ძალიან ხშირად მსხვილ ბიზნესს უცხოეთიდან უწევს კვალიფიციური მუშახელის ჩამოყვანა. სწორედ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, პროფესიულ განათლებაში შემომსვლელთა რიცხვი უნდა გაიზარდოს. როგორც უკვე აღვნიშნე, პროფესიული განათლების მიღება ადამიანებისთვის საუკეთესო გზაა, რომ დასაქმდნენ, მიიღონ კარგი ხელფასი, ხშირ შემთხვევაში, იმაზე ბევრად მაღალი, ვიდრე, მაგალითად, უმაღლესი განათლებით მიიღებდნენ. ძალიან მიხარია, რომ, ბოლო წლებში, ბევრი პროექტი განხორციელდა და გადაიდგა ნაბიჯები ამ სფეროში. ათასწლეულის კორპორაციის კომპაქტის ფარგლებში, ძალიან საინტერესო პროგრამები დაინერგა, ასევე, ახალი, თანამედროვე პროგრამების დანერგვის კუთხით მუშაობს სამინისტრო. ამ პროგრამების უკეთ წარმოჩენა და საზოგადოებამდე მიტანა უმნიშვნელოვანესია დარგის კიდევ უფრო განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. ეს კონკურსიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

გვიხარია, რომ ათასწლეულის ფონდთან ჩვენი საქმიანობით და განათლების სექტორში თანხების ინვესტირებით, შევქმენით პარტნიორობის წარმატებული მოდელი, რომელიც საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს განათლების სექტორს, რომ პროფესიული განათლება ქვეყანაში პოპულარული გახდეს. გვინდა, გაიცნოს საზოგადოებამ ამ სფეროს წარმატებები და ყველამ ერთად მადლობა ვუთხრათ ადამიანებს კარგად გაკეთებული საქმისთვის.“ – განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ათასწლეულის ფონდის, ამერიკისა და ისრაელის საელჩოების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სფეროსა და ინდუსტრიის წარმომადგენლები.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა დაჯილდოების ცერემონიალზე ისაუბრა პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ და აღნიშნა, რომ ერთობლივი მიზანია, საზოგადოებამ მაქსიმალურად გამოიყენოს პროფესიული განათლების შესაძლებლობები და უპირატესობები, ჰქონდეს სრული ინფორმაცია პროფესიული განათლების სივრცეში შეთავაზებული შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამების, კვალიფიციური მასწავლებლების, თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურისა და, რაც მთავარია, დასაქმების სწრაფი შესაძლებლობების შესახებ. ამ მიმართულებით, კონკურსი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ მნიშვნელოვან მისიას ასრულებს.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გულითადი მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ის მთავრობას და ამერიკელ ხალხს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისათვის.

როგორც მოგეხსენებათ, 2014-2019 წლებში, აშშ-სა და საქართველოს მთავრობების სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად, განხორციელდა მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, რომელიც ამერიკის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში გახლავთ დაფინანსებული. 

დღეს ამ განხორციელებული პროექტების შედეგებს ვიღებთ. მიღწევები შთამბეჭდავია და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. კომპაქტი საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული უმსხვილესი ინვესტიციაა, რომელმაც ხელი შეუწყო ადამიანური კაპიტალის განვითარებას და საქართველოში საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური STEM განათლების გაძლიერებას“. – აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ 2021 წლიდან საქართველომ უპრეცედენტო და სრულიად ინოვაციური მართვის მოდელის დანერგვა შეძლო. კერძო-საჯარო პარტნიორობით, დაფუძნდა პროფესიული უნარების სააგენტო, რომელსაც, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება მართავს. მართვის აღნიშნული მოდელი დადებითად შეფასდა მრავალი საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა პროფესიული განათლების ახალ სტრატეგიაზე, რომლის სამუშაო ვერსია უკვე შემუშავებულია, დაინტერესებულ მხარეებთან ფართო კონსულტაციის საფუძველზე, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერით. განსაკუთრებული აქცენტი  სისტემის ინტერნაციონალიზაციაზე კეთდება – სასწავლო პროცესში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან, რაც საერთაშორისო სტანდარტის სწავლებას შეუწყობს ხელს. ასევე, გაგრძელდება ხელმისაწვდომობის ზრდა და ყველა მუნიციპალიტეტისთვის შეთავაზებული იქნება ადგილობრივი მოთხოვნის შესაბამისი პროგრამები.

„პროფესიული განათლების ეროვნულმა ჯილდომ“ წელს საუკეთესო სტუდენტის სტატუსი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ლოკომოტივის მართვის პროგრამის სტუდენტს, მარიამ გვენეტაძეს მიანიჭა, რომელიც პირველი გოგონაა მემანქანის პროფესიაში. კოლეჯის წარმომადგენლები სიამაყით გვიყვებიან, რომ 40-ზე მეტი სტუდენტიდან, რომელიც პროგრამაზე სწავლობს, მარიამი პირველი გოგონაა, რომელმაც, არსებული სტერეოტიპების მიუხედავად, გადალახა ყველა დაბრკოლება და წარმატებით ჩაირიცხა აღნიშნულ პროგრამაზე. „მან დაგვანახა, რომ არ არსებობს ცალკე კაცების და ქალების პროფესიები, გოგონებსაც შეუძლიათ წარმატებით დაეუფლონ ლოკომოტივის მემანქანის მართლაც ურთულეს პროგრამას“.

მარიამ გვენეტაძე, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სტუდენტი: „პირველად მატარებელი ხუთი წლის ასაკში დავინახე. მახსოვს ის შთაბეჭდილება, როცა პირველად ვნახე როგორ ატარებდა მემანქანე მატარებელს, მაშინვე მომინდა, მეც იგივე მეკეთებინა. თუმცა, რადგან ეს ბავშვობის გატაცება იყო, სერიოზულად არავის მიუღია. 16 წლის ასაკში უკვე მივხვდი, რომ ეს ნამდვილად ის საქმე იყო, რომლის კეთებაც მომავალში მინდოდა. პროგრამის შესახებ ინტერნეტით გავიგე და მტკიცედ გადავწყვიტე, ჩამებარებინა კოლეჯში და მემანქანე გამოვსულიყავი. არც ოჯახში მყავს ვინმე ამ პროფესიის და არც სამეგობროში. ჩემი გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი მემანქანე, ოჯახის წევრებისთვის უცხოა, რადგან მაინც კაცის პროფესიად მიიჩნევენ, მაგრამ მეგობრები გვერდში მიდგანან და მამხნევებენ. “

წლევანდელი კონკურსის საუკეთესო მასწავლებელი კოლეჯ „მერმისის“ პედაგოგი ივანე ჩუტკერიშვილია, რომელიც პროფესიაში მანქანების დიდმა სიყვარულმა მოიყვანა. ამბობს, მანქანების ხელოსნები ყოველთვის მტკივნეული თემა იყო მისთვის, საზოგადოებაშიც სულ ამას ისმენდა, რომ კარგი ხელოსნის დეფიციტია. „ზოგადად, ავტომობილების სფერო ჩემი გატაცებაა, ხელოსნებთანაც ხშირად მიწევდა ურთიერთობა. გარკვეული პერიოდი, სტუდენტობის დროს,  ვმუშაობდი კიდეც ავტომობილების შეკეთებაზე და ერთ-ერთი შემოსავლის წყაროც იყო ჩემთვის იმ პერიოდში, პარალელურად, ამ სფეროს შესწავლასაც დიდ ყურადღებას ვუთმობდი.  ყოველთვის შეიმჩნეოდა, რომ მანქანის ხელოსნებმა უკეთ იცოდნენ პრაქტიკული ნაწილი, მაგრამ თეორიულ ნაწილში ძალიან სუსტები იყვნენ, ანუ ამ მიმართულებით მათ არ ჰქონდათ განათლება. ზოგადად, რთულია, ადამიანი, რომელსაც სფეროზე წარმოდგენა არ აქვს, 11 თვეში პროფესიონალად აქციო, მაგრამ ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავება მაინც კარგად გამოგვდის. ისევე როგორც დანარჩენი, ავტომობილების სფეროც ყოველდღიურად ვითარდება და წინ მიდის. შესაბამისად, თუ ამ სიახლეს ფეხი არ აუწყვე და შენც არ განვითარდი, ბუნებრივია, სტუდენტთან ურთიერთობა გაგიჭირდება. ამიტომ, მეც მუდმივად სწავლისა და განვითარების რეჟიმში ვარ, თან ძალიან მაინტერესებს ახალი ტექნოლოგიები, რომელიც შეიძლება ხშირად პრობლემადაც კი იქცეს. თუმცა, დაუძლეველი არაფერია.“ 

2021 წლის საუკეთესო პროგრამად კი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის გემბანის რიგითი მეზღვაურის პროგრამა დასახელდა. ამ პროფესიას უნივერსიტეტში საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს – 1998 წლიდან ხორციელდება და დღემდე 4 ათასი კურსდამთავრებულიც ჰყავს.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნათია მიქელაძე სიამაყით აცხადებს, რომ მათი კურსდამთავრებულების 75%-ზე მეტი სპეციალობითაა დასაქმებული საერთაშორისო გემთმფლობელ კომპანიებში. „ეს არის პროგრამა, რომელიც აგებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, რომელსაც მოპოვებული აქვს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აღიარება; ითვლება პროგრამად, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კონკურენტუნარიან და საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე დასაქმებად რიგით მეზღვაურებს ამზადებს.“

რაც შეეხება მეზღვაურის პროფესიის უპირატესობას, ქალბატონი ნათია მიქელაძე ამბობს, რომ დღეს, საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა, რამაც ხელი შეუწყო ამ პროფესიის პოპულარობის ზრდას ჩვენს ქვეყანაში. გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში, კიდევ უფრო აქტუალური გახდა, იქიდან გამომდინარე, რომ, ლოქდაუნის დროს, ფაქტობრივად, ერთადერთი რგოლი, რომელიც უზრუნველყოფდა მსოფლიო ეკონომიკას, სწორედ საზღვაო სავაჭრო ტრანსპორტი იყო და, შესაბამისად, მეზღვაურები.

ამავე უნივერსიტეტის სტუდენტისთვის, ბაქარ ბასილაძისთვის კი, მეზღვაურის პროფესია, გარდა იმისა, რომ ძალიან პერსპექტიულია, პირველ რიგში, მისთვის თავისუფლებასთან ასოცირდება: „ძალიან სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია დღევანდელ პირობებში აირჩიო ზღვა, შორეული ნაოსნობა და გაჰყვე ამ სფეროს, რადგან ზღვა ასოცირდება თავისუფლებასთან. ჩემი აზრით, გემზე მუშაობა იმ მხრივაც საინტერესოა, რომ უამრავი შესაძლებლობა ჩნდება – გეშლება ხედები და შეგიძლია დატკბე ისეთი ბუნებით, როგორსაც ხმელეთზე ვერ ნახავ; მოიარო მსოფლიო და ნახო ადგილები, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდი.“

 „პროფესიული განვითარების ეროვნული ჯილდო“ ხელს უწყობს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მდგრადობას და მისი მთავარი მიზანია, პროფესიული განათლების პოპულარიზება, ქვეყანაში პროფესიული პროგრამების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და ბიზნეს პარტნიორების წარმატების ისტორიების წარმოჩენა.

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები