27 ივლისი, შაბათი, 2024

ძიუდოისტების წარმატება

spot_img

28-30 ოქტომბერს, ბოსნიის დედაქალაქმა სარაევომ, ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა 23-წლამდელ ძიუდოისტთა შორის, სადაც წარმატებით გამოვიდა ჩვენი ნაკრები: 2 ოქრო და 1  ბრინჯაო პირად პირველობაში, ანუ 3 მედალი, რასაც შერეულ გუნდურ პირველობაში მოპოვებული ბრინჯაოც დაემატა. ამასთან, საერთო გუნდურ ჩათვლაში, სადაც ბიჭებისა და გოგონების შედეგები ერთად აღირიცხება, მეოთხეზე გავედით, საკუთრივ ბიჭებში – მეორეზე, მხოლოდ ფრანგებს ჩამოვრჩით.

აქ ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სარაევოში არასრული გუნდით გამოვდიოდით: ბიჭებში ორი წონა – 60-66 საერთოდ გამოვტოვეთ, თუმცა ამის გამო ზედა წონები გავაორმაგეთ (წონაში 2-2 მონაწილე) – მწვრთნელებმა მიიჩნიეს, რომ იქ მედლების მოპოვების მეტი შანსი გვქონდა და იმედები გაუმართლდათ კიდეც. აი, გოგონათა ტურნირში სულ 2 მონაწილით გამოვედით.

პირად პირველობაში სამივე მედალი ვაჟთა ნაკრებმა მოიპოვა, თუმცა მსაჯთა ცოტა უცნაური გადაწყვეტილება რომ არა, ქალებშიც გვექნებოდა, მინიმუმ, ვერცხლი.

ლომერ ჟორჟოლიანის შეგირდთაგან სარაევოში ჩემპიონები ნიკოლოზ ხარაზიშვილი (90) და ილია სულამანიძე (100) გახდნენ, ხოლო მესამეზე მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი გავიდა. ბრინჯაოს მოპოვებამდე თითო მოგება დააკლდათ მიხეილ ჯაფარიძეს (100) და სოფიო სომხიშვილს (+78) – საბოლოოდ, მეხუთეზე დარჩნენ.

ცოტა ძნელია, ჩემპიონთა დუეტიდან რომელიმე გამოარჩიო, ორივემ იმდენად კარგად იჭიდავა. თბილისელი ნიკოლოზ ხარაზიშვილი, აქამდე, ახალგაზრდებში (20-წლამდელებში) იყო ევროპის ჩემპიონი, თუმცა იმ წარმატების შემდეგ, ცოტა არ იყოს, „გაჩერდა“ და ზედიზედ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი წააგო. ნაკრებში მის დაყენებას სოციალურ ქსელებში არც ახლა შეხვდნენ მოწონებით, თუმცა მან სარაევოში ისე „იფეთქა“, თქვენი მოწონებული! 5-ივე შეხვედრა ხომ იპონით მოიგო, ამათგან ორი 18 წამში (!) დაასრულა, თან ორივეში საოცრად დახვეწილი გდებები შეასრულა. ისიც საინტერესოა, რომ ფინალში უკრაინელ მეტოქეს მე-8 წამზე გაუკეთა პირველი ილეთი და იპონამდე ცოტაღა დააკლდა, თორემ კიდევ უფრო სარეკორდო გამარჯვებას მოიპოვებდა. თუმცა დიდხანს არც ამას დალოდებია და მეორე დღეს, გუნდურში, ერთ-ერთი მეტოქე 6 წამში დააგდო საოცრად ლამაზ იპონზე.

ტყიბულელი ილია სულამანიძე უკვე ეროვნული ნაკრების წევრია და მის შემადგენლობაში შარშან მსოფლიოს მესამე პრიზიორიც გახდა, ხოლო ასაკობრივ ნაკრებებში, 20 და 23-წლამდელებში, 2-2-ჯერ ევროპის ჩემპიონია, ერთხელ კი 20-იანებში მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა (23-წლიანებში ეს ტურნირი არ ტარდება, თორემ სია კიდევ უფრო ვრცელი გამოვიდოდა).

ბუნებრივია, ამ ტურნირზე მისგან, ჩემპიონობის გარდა, სხვა შედეგი არც განიხილებოდა და ფავორიტმაც გაგვიმართლა იმედები. თან, სწრაფი მოგებებითაც დაგვამახსოვრა თავი: ერთი შეხვედრა 12 წამში მოიგო, რამდენიმეს კი 1 წუთზე ნაკლები დრო მოანდომა.

აღსანიშნავია, რომ 90 კილოგრამშიც მთელი კვარცხლბეკი ხარაზიშვილის, ხოლო 100-ში – სულამანიძის მიერ ძლეულმა ფალავნებმა შეავსეს, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება.

ქუთაისელი საბა ინანეიშვილი 20-წლამდელებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონია (ევროპირველობაზე ფინალში გავიდა), თუმცა მას მერე, ტრავმების გამო, პრაქტიკულად, არ უჭიდავია, ახლა კი დაბრუნდა და მედალიც მოიპოვა. იქნებ მისგან ცოტა მეტს ველოდით, თუმცა, ამხელა პაუზის შემდეგ, პირველხარისხოვან ტურნირზე დაბრუნება და მედლის მოპოვება ურიგო შედეგი არაა, მაგრამ სატურნირო პრაქტიკის ნაკლებობა ნამდვილად ეტყობოდა. რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შარშანდელი წარმატება, განსაკუთრებით – ჭიდაობის მაღალი ხარისხი, ეპიზოდური გაელვება არ იყო და ოლიმპიადის ფინალისტს, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონ გურამ თუშიშვილს ღირსეული კონკურენტი ეზრდება.

სარაევოში, ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან, მედალთან ყველაზე ახლოს გოგონათა გუნდი და კონკრეტულად – მძიმეწონოსანი სომხიშვილი იყო, მისი უმედლოდ დარჩენა კი მსაჯის იმპროვიზაცია უფრო მგონია: ნახევარფინალში ქართველი უკრაინელ რუსლანა ბულავინასთან, დამატებით დროში, გაფრთხილებებით მოხსნეს. მართალია თვითონაც დაიღალა, მაგრამ მეტოქეც დაღლილი იყო და ვერც ის აკეთებდა ვერაფერს. ბოლოს, როცა ორივეს 2-2 გაფრთხილება ჰქონდა, ბულავინა, მინიმუმ, 5-ჯერ მაინც ჩავარდა, მსაჯმა მაინც ქართველი გააფრთხილა და ტურნირსაც გამოთიშა. მართალია, სომხიშვილს კიდევ ჰქონდა მედლის მოპოვების შანსი დამამშვიდებლის ფინალში, სადაც მის წაგებას სხვას ვერავის დავაბრალებთ – მეტოქემ აჯობა, მაგრამ უკრაინელთან მსაჯის ასეთი მიდგომა რომ არა, მინიმუმ, ფინალში გავიდოდა და, მინიმუმ, შარშანდელ შედეგს გაიმეორებდა – 23-წლამდელებში ევროპის შარშანდელი ფინალისტია.

ასევე დამატებით დროში და ასევე მესამე გაფრთხილებით წააგო ქალთა ტურნირში ჩვენმა მეორე მონაწილე ნინო გულბანმაც (70) ბულგარელ ლიდია ბრაჩევასთან. არადა, თავიდან ქართველი ყოჩაღად ეკვეთა და თუმცა ილეთი ვერ გააკეთა, 2 გაფრთხილება მიაღებინა… ვფიქრობ, სომხიშვილისა არ იყოს, არც გულბანს ეყო ფიზიკური მომზადება, დაიღალა და ამიტომ მიიღო ზედიზედ 3 გაფრთხილება, თორემ მოგებასთან ძალიან ახლოს იყო და ასეთი შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა. ისიც სათქმელია, რომ გულბანი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და 23-იანებში გამოდიოდა… სამაგიეროდ, მერე ორივემ საკმაოდ კარგად იჭიდავა გუნდურში – სომხიშვილმა 2 შეხვედრა მოიგო, გულბანმა – 1 და გვარიანად შეეწივნენ გუნდს მედლის მოპოვებაში. სომხიშვილი, ინანეიშვილთან ერთად, სულაც გუნდურის ერთ-ერთ გმირად იქცა – ჯერ პირველივე შეხვედრაში იმავე ბულავინასთან, ძირითადში კი წააგო, მაგრამ რაკი პაექრობა ფრედ დასრულდა – 3:3, დამატებითი შეხვედრა დაინიშნა, რაც წილისყრამ ისევ ამ წყვილს ანდო, სომხიშვილმა კი ისეთი კისრულით გადმოიღო მეტოქე, მთელი ტურნირის ჯავრი ერთად იყარა და ქომაგებმა მასთან ის 2 წაგება შევუნდეთ. ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც, ფრანგ მეტოქესთან, ლამის 11 წუთი იჭიდავეს და ბოლოს ისიც ულამაზეს იპონზე დააგდო.

ცოტა მოულოდნელია 81 კილოგრამში უმედლოდ დარჩენა – აქ ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონები გამოდიოდნენ, ერთი – გიორგი შერაზადიშვილი მოქმედი ჩემპიონია, ვლადიმერ ახალკაცი კი ცოტა ადრე ფლობდა ამ ტიტულს. მართალია, ორივე მომავალ ფინალისტთან დამარცხდა, თუმცა მათგან მაინც მეტს ველოდით. ასევე საწყენია ჩვენი კიდევ ერთი მონაწილის უმედლოდ დარჩენა, რადგან მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე, 20-წლამდელებში, ევროპის წლევანდელი ჩემპიონია, თუმცა მას მეტოქეც უძლიერესი ჰყავდა: უნგრელთა მომავალი ჩემპიონი და უკვე უფროსებშიც ფრიად გამობრძმედილი რიხარდ სიპოჟი.

ირაკლი თავაძე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები