მირანდა იაკობიძე
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლის კონსულტანტი მასწავლებელი
საშუალო სკოლა ჭიათურაში დავამთავრე, 2004 წელს, იმავე წელს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 2008 წელს დავასრულე. 2009-2013 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ვსწავლობდი, ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის მიმართულებით; 2015-2017 წლებში — მაგისტრატურაში, ქართველური ენათმეცნიერების განხრით. დღეს კი, ამავე სპეციალობით, დოქტორანტურის პირველ კურსზე ვსწავლობ. 2012 წლიდან ვარ უფროსი მასწავლებელი, 2019 წლიდან კი — წამყვანი მასწავლებელი.
მასწავლებლობა ბავშვობიდან მინდოდა, სკოლაში ეს სურვილი უფრო გამიმძაფრდა, რადგან ძალიან კარგი პედაგოგები მყავდნენ, რომელთაც დიდი როლი ითამაშეს ჩემი განათლების საფუძვლის ჩაყრასა და პიროვნებად ფორმირებაში.
24 წლის ვიყავი, როდესაც ტელევიზიიდან შევიტყვე პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ შესახებ, რომლის მიზანიც იყო ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში, არაქართულენოვან საჯარო სკოლებში, დამხმარე მასწავლებლების გაგზავნა, რომელთაც ადგილობრივ ქართული ენის მასწავლებლებთან ერთად უნდა ჩაეტარებინათ გაკვეთილები და არაფორმალური განათლების ელემენტები შეეტანათ სკოლებში, სახელმწიფო კი მათ მაგისტრატურაში სწავლას უფინანსებდა. იდეამ ძალიან მომხიბლა და კონკურსში მონაწილეობა მივიღე. ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპების შემდეგ შევიტყვე, რომ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში გამანაწილეს.
წალკა ჩემთვის აბსოლუტურად უცხო მხარე იყო, თავდაპირველად, რუკაზე ვნახე და განვსაზღვრე სად მომიწევდა წასვლა, შემდეგ კი მოვიძიე ინფორმაცია ზოგადად რაიონისა და სოფლის შესახებ. სოფელში, 2012 წლის 13 თებერვალს, მარტო ჩავედი, შებინდებისას. იმ წელს დიდი თოვლი იყო და ძალიან ციოდა, თავდაპირველად შევშინდი კიდეც, დავფიქრდი, როგორ შევეგუებოდი ასეთ ბუნებრივ პირობებს.
ბავშვების ანთებულმა თვალებმა და სწავლის მოტივაციამ ყველა სირთულე დამაძლევინა. ადგილობრივები დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მექცეოდნენ, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, ყვველა ცდილობდა ჩემთვის ესიამოვნებინა.
1 წლის შემდეგ კი ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა. სომხური გარემო უკვე ნაცნობი იყო ჩემთვის და ადაპტაცია უფრო გამიიოლდა.
ოზნში ცხოვრება მარტომ დავიწყე, სოფლის ცენტრში მდებარე დაკეტილი სახლი ვიქირავე. მუდამ ვგრძნობდი ადგილობრივების მხარდაჭერასა და სითბოს. ხშირად მოდიოდნენ სამეზობლოდ და მეც მიწვევდნენ მათთან. სწორედ ადგილობრივებთან ხშირი ურთიერთობების შედეგად „შემომესწავლა“ საკომუნიკაციო სომხური და დღეს სომხურად ვლაპარაკობ კიდეც. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა მაქვს ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახთან, რომლის დიასახლისიც, ქალბატონი ლიანა დედობრივად მზრუნველობს ჩემზე. ფაქტობრივად, ამ ოჯახს ჩემს მეორე ოჯახად ვთვლი, ძალიან ხშირად ვარ მათთან. თუ მისვლა შემაგვიანდება, მირეკავს, მკითხულობს და მახსენებს, რომ თბილი სადილი მელოდება და ძალიან არ დავაგვიანო.
თბილად დამხვდა სკოლის დირექტორი, ბატონი რუბენ ანისიანი და კოლექტივიც. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და ერთი დიდი ოჯახივით ვართ. ეს, პირველ რიგში, დირექტორის დამსახურებაა. კოლეგების წარმატებით ვხარობთ და ვეხმარებით ერთმანეთს. პედაგოგები ცდილობენ განვითარებას, წინსვლას და სიახლეების დანერგვას სასწავლო პროცესში. მუდმივად ინტერესდებიან განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებით და ცდილობენ, ფეხი აუწყონ თანამედროვე გამოწვევებს.
2015 წლიდან პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის ფარგლებში“ ვაგრძელებ მუშაობას, ამავე სკოლაში, კონსულტანტ-მასწავლებელი ვარ.
ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ საგრძნობლად გაიზარდა პედაგოგების მოტივაცია სახელმწიფო ენის შესწავლის მიმართულებით.
პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის ფარგლებში“ პედაგოგები სახელმწიფო ენის კურსს გადიან ა1, ა2 და ბ1-ის დონეზე. ბ1 სერტიფიკატის აღების შემდეგ კი პედაგოგები, რომელთაც საგანი, მინიმუმ, 1 კრედიტზე აქვთ დადასტურებული, პროფესიული უნარების გრძელვადიან ტრენინგ-კურსს გაივლიან, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ. ამ გზით ოზნის საჯარო სკოლაში უკვე მოიპოვა უფროსი მასწავლებლის სტატუსი ერთმა პედაგოგმა, დანარჩენები კი ახლა გადიან იმავე გზას.
ვცდილობ, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ კლასგარეშე ღონისძიებებშიც. ოზნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არაერთ კონკურსსა და კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა როგორც რაიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით. პანდემიამდე ბევრი ექსკურსიის ორგანიზება შევძელი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა საქართველოს სხვადასხვა მხარე გაიცნეს.
მონაწილეობა მივიღეთ არაერთ პროექტში. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, რომელიც 2014 წელს განვახორციელე და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა, მოსწავლეების მიერ შედგენილი ორენოვანი საინფორმაციო ბუკლეტები დაიბეჭდა, ხოლო სკოლას გადაეცა მუსიკალური ცენტრი, მიკროფონები და საჭირო საკანცელარიო ნივთები. პროექტი დააფინანსა ორგანიზაცია სიქა-მ.
ქართული ენის პედაგოგებთან, ზამირა კობიაშვილსა და ეთერ ხიმშიაშვილთან ერთად, შემოდგომაზე, განვახორციელეთ პროექტი „დედამიწა ჩვენი სახლია“, რომელიც ადგილობრივი ორგანიზაციის, LAG-ის მიერ დაფინანსდა და მოგებული გრანტით სკოლის ეზოში ატრაქციონები დამონტაჟდა. ერთად მრავალი ღონისძიება მოვაწყვეთ, რომელიც თემსა და მოსწავლეებში ქართული ენის, კულტურის პოპულარიზაციას ეძღვნებოდა.
მოსწავლეეები ინტერესით სწავლობენ ქართულ ენას. მახსოვს, 2013 წელს, როდესაც ოზნის საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა, ქართული ენის მეორე დონის სახელმძღვანელო მე-6 კლასში ჰქონდათ შეტანილი, დღეს კი მეორე დონის სახელმძღვანელოთი მეორე-მესამე კლასები სწავლობენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქართული ენის სწავლის, ფლობის მხრივ სურათი მკვეთრად შეიცვალა. ამ ეტაპზე სკოლადამთავრებული მოსწავლე თითქმის თავისუფლად ფლობს ქართულს.
ინტეგრაციის მიზნით მოსწავლეები ერთვებიან რაიონში მოწყობილ ღონისძიებებში, სადაც ეროვნებით სომეხი ბავშვები ქართველ თანატოლებთან ერთად დგანან სცენაზე, ეცნობიან ქართულ კულტურას, ცეკვას, სიმღერას.
განსაკუთრებით მეამაყება, რომ სკოლის კურსდამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა სწავლას წამყვან ქართულ უნივერსიტეტებში აგრძელებს. არაერთმა აბიტურიენტმა 100-პროცენტიანი გრანტი მოიპოვა მისაღებ გამოცდებზე. სკოლას რამდენიმე ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებულიც ჰყავს. მე მათი აქტიური გულშემატკივარი ვარ და მახარებს მათი წინ გადადგმული ნაბიჯები.
ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ბავშვები და გარემო, სადაც ვმუშაობ. სწორედ ამიტომაა, რომ 10 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილის შეცვლაზე არ მიფიქრია. მანამდე ვაპირებ აქ ყოფნას, სანამ ჩემს საჭიროებას დავინახავ.