სსიპ ქალაქ თბილისის №104 საჯარო სკოლა (დირექტორი ირინა ჟამკოჩიანი) ჩაერთო ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის პროექტში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, 2020 წლის 16 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, დაგეგმა სკოლებში. კვირეული ონლაინ სივრცეში ჩატარდა. კამპანიის მიზანი იყო: ძალადობის პრევენცია და სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა; ბულინგის, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით მოსწავლეების, მათი მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ცნობიერების ამაღლება.
კვირეულის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, გულჩორა ბაბაიანმა მოსწავლეებს დისტანციურ რეჟიმში ჩაუტარა ორი გაკვეთილი ძალადობის თემაზე; მე-9 და მე-10 კლასების დამრიგებლებმა – იზაბელა აბრამიანმა და ალინა ავეტიანმა, პროექტის ფარგლებში, დისტანციურ რეჟიმში, ძალადობის თემაზე ჩაატარეს კლასის საათი.
ვინაიდან ბულინგის თემა ძალიან აქტუალურია, ყველა კლასის (I-XII კლასი) დამრიგებლებმა, დისტანციურ რეჟიმში ჩაატარეს კლასის საათი – „არა ბულინგს“, მოსწავლეებთან ბულინგის შესახებ ისაუბრეს, მისცეს რეკომენდაციები და რჩევები, მოისმინეს მათი მოსაზრებები; ჩატარდა აგრეთვე სასკოლო კონკურსი, სახელწოდებით – „არა ძალადობას! ძალა უფლებას!“. IX-X კლასების მოსწავლეებმა, ბულინგისა და კიბერბულინგის თემაზე, ელექტრონული სახის საინფორმაციო ფლაერები შექმნეს; იგივე თემა I-VIII კლასების მოსწავლეებმა ნახატების სახით წარმოადგინეს, ხოლო IX-XII კლასელებმა – ესეების სახით. ყველა კლასის მოსწავლე აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნულ პროექტში, ისინი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ სამუშაო პროცესს; აქტიურად ჩაერთვნენ ძალადობის საწინააღმდეგო კვირეულის პროექტში მშობლებიც, რომელთათვისაც დამრიგებლებმა დისტანციურად ჩაატარეს მშობელთა კრებები ძალადობის თემაზე; ბულინგისა და კიბერბულინგის თემას მიეძღვნა, აგრეთვე, მრჩეველთა საბჭოს სხდომაც.
გთავაზობთ, კვირეულის ფარგლებში დაწერილ ესეებს
დიანა გევორქიანი X კლასის მოსწავლე
ძალადობა ყველგანაა, ყველა ქმედებაში, სიტყვაში და გამოხედვაში იმალება. არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჰქონდეს პირდაპირი თუ ირიბი შეხება ამ თემასთან. ყველა ებრძვის ძალადობას, დიახ, ებრძვის, გარკვეულწილად, ბრძოლაც ძალადობის და აგრესიის გამომხატველია. აგრესიას აგრესიით ვერ ჩავახშობთ. მაშინ რა უნდა ვქნათ? მოვუყრუოთ? ესაა გამოსავალი? არა, გამოსავალი სწორი გზით მიღებული განათლებაა. ძალადობის კერა გაუნათლებლობაა როგორც სულიერი, ისევე ამქვეყნიური. დღესდღეობით ქართველი ხალხის შეგნებაა, რომ ძალადობის გარეშე არაფერი გადაწყდება. გავიხედოთ ქუჩაში: გამვლელები ისე გიყურებენ, თითქოს შენი შეჭმა უნდათ. შევიხედოთ ოჯახებში: ქმარი ცოლზე ძალადობს ან ორივე ერთად შვილებზე. აი, ეს არის სიმართლე, ძალადობას ებრძვიან და, ამავდროულად, თვითონ ქმნიან მას. რთული შესამჩნევი არაა, რომ ჩვენს ქვეყანაშიც აგრესიული გარემოა. სანამ ყველა არ გაითავისებს, რომ ძალადობით მხოლოდ თავის თავს კი არა, მთლიანად გარემოს და ქვეყნის პრესტიჟს ვნებს, სანამ განათლების დონე არ აიწევს, სანამ სულიერების დონე არ აიწევს და სანამ ყველა არ გაითავისებს, რომ ამ ქვეყნიდან გაქცევა გამოსავალი არაა, მანამ დავრჩებით ძალადობის ჭაობში, რომელიც, სამწუხაროდ, ქვევით და ქვევით გვითრევს. სანამ დროა, გონს მოვეგოთ და ჩამოვაყალიბოთ ისეთი საზოგადოება, სადაც ზიზღისა და ძალადობის მაგივრად, სიყვარული და სიხარული იმეფებს.
გევორქ პერიხანიანი XII კლასის მოსწავლე
ბულინგი დღესდღეობით ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. იგი თითქმის ყოველი ეპოქის თანმდევი მოვლენაა, თუმცა, პრობლემა განსაკუთრებით ბოლო წლებში გამწვავდა.
ბულინგი არის ძალადობის ერთ-ერთი სახე, რომელიც ხშირად გამოიხატება ფიზიკური ძალადობის სახით. ბულინგს, ფიზიკური ძალადობის გარდა, გააჩნია სხვა სახეებიც: ვერბალური, ფარული ბულინგი და კიბერბულინგი.
ბულინგი ხშირად გვხვდება სკოლებში, სადაც ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას წარმოდგენს. ხშირად სკოლებში ბულინგის წყაროს ბულერის თვითშეფასების დაბალი უნარიანობა წარმოადგენს, რის გამოც ისინი ცდილობენ თავიანთი კომპლექსების დაფარვას მსვერპლზე ძალადობის მეშვეობით. ბულინგის წყარო ასევე შეიძლება იყოს შურიც.
ბულინგის პროცეში მონაწილეობს ორი მხარე ბულერი და მსხვერპლი.
მოძალადე-ბულერი
მოძალადე და მსხვერპლიც ორივე მსხვერპლია. ძალიან ხშირად მოძალადე-ბულერს მიაჩნია, რომ სხვებზე უნდა ბატონობდეს და ამის უფლება აქვს. ხშირად გააჩნია ფიზიკური უპირატესობა თანატოლებთან. იმპულსურია, ადვილად აღგზნებადი. მიაჩნია, რომ იმსახურებს ლიდერობას. ზოგჯერ არ შეუძლია კომპრომისებზე წასვლა. დარწმუნებულია თავის უპირატესობაში და ა.შ.
მსხვერპლი
მსხვერპლი ძალიან ხშირად ის ადამიანია, რომელსაც საკმაოდ მაღალი შფოთვის დონე აქვს. ადამიანი, რომელიც თავს გრძნობს დაჩაგრულად, აქვს ძალიან დაბალი თვითშეფასება. ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს, არ მინდა ვთქვა მშიშარა, მაგრამ არა სხვებზე თამამი, მორცხვი, ჩაკეტილი, ზედმეტად მგრძნობიარე, რომელიც მიდრეკილია დეპრესიისაკენ. ფიზიკურად სუსტი ადამიანი, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ბულინგის მსხვერპლი.
მარია კაზაროვი XII კლასის მოსწავლე
ბულინგი – ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ზეწოლა ადამიანზე. ბულინგისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მოვლენა არის არათანაბრობა. როგორც წესი, ბულინგის გამომწვევი ფაქტორებია: ლიდერობისთვის ბრძოლა, სხვადასხვა სუბკულტურების შეჯახება, ღირებულებები, შეხედულებები და მათ მიმართ ტოლერანტობის არარსებობა, დაბალი თვითშეფასება, ფიზიკური დეფექტები, სოციალური სტატუსი, განსხვავებული რელიგიური მრწამსი, განსხვავებული შეხედულებები ხშირად მოზარდებში დამამცირებელი მოპყრობის, სიძულვილის ენით ურთიერთობის და ზოგჯერ ფიზიკური ძალადობის მიზეზიც კი ხდება. ყველაფერი ეს სათავეს მაინც არასწორი აღზრდიდან იღებს, რაშიც ოჯახი მოიაზრება, თუმცა, გარემო ფაქტორებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ბულინგი სოციალური მოვლენაა და დამახასიათებელია, ძირითადად, ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის. ხშირ შემთხვევაში ბავშვი, რომელიც არის ჩაგვრის მსხვერპლი, არ საუბრობს საკუთარ პრობლემებზე მშობლებთან. თუმცა შეიძლება არსებობდეს ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვს ჩაგრავენ და სჭირდება უფროსების მხარდაჭერა. ამ ნიშნების დროულად იდენტიფიცირებისთვის მშობელი ყურადღებით უნდა დააკვირდეს ხომ არა აქვს ადგილი ცვლილებებს შვილის ქცევებში.
თუ ბავშვი ბულინგის ზეწოლის ქვეშაა, მასთან აუცილებლად შეიძლება გამოვლინდეს ძალადობისთვის დამახასიათებელი რამდენიმე ძირითადი ქცევა, ეს არის: უხალისოდ სკოლაში წასვლა; სკოლიდან უხასიათოდ და დეპრესიულად დაბრუნება; გარკვეული მიზეზების გარეშე ხშირად ტირილი და ა.შ.
გოგონების შემთხვევაში ბულინგი შეიძლება გამოვლინდეს მათზე ცრუ ჭორების გავრცელებით, ხოლო ბიჭების შემთხვევაში ეს ზეწოლა, ძირითადად, ფიზიკურად ვლინდება.
ბულინგის შეჩერება შესაძლებელია, თუ ადამიანები ყურადღებით იქნებიან და სათანადო ზომებს მიიღებენ. ბავშვები, რომლებიც ბულინგის მსხვერპლნი გახდნენ, უნდა იყვნენ, უფროსების მხრიდან, მხარდაჭერილი და დაცული.