27 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

ცოტნე ჯავახიშვილის გახსენება

25 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ფარგლებში, ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნა. ნაშრომში, რაც ქვეყნის სამეცნიერო ეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ინსტიტუტის გახსნაზე, მეცნიერის სახელის უკვდავსაყოფად და ინოვაციური კვლევების წახალისების მიზნით, ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაარსების იდეაც გაცხადდა. სამეცნიერო პრემია მეცნიერებს სამ წელიწადში ერთხელ მიენიჭება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამ კატეგორიაში: ქიმია, ბიოლოგია და ფიზიკა.

ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ნაწილი იქნება, სადაც უკვე ფუნქციონირებს მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტი და ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი. ჰაბი ინტერდისციპლინური კვლევითი სივრცეა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა მიმართულების მეცნიერთა ძალისხმევას ინოვაციური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიზნით. სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობა ორიენტირებული იქნება მოლეკულურ ინჟინერიაზე, გენომურ მოდიფიკაციებსა და ბიოტექნოლოგიურ ინოვაციებზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის კვლევითი პოტენციალის გაფართოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

ინსტიტუტში ამჟამად ექვსი მეცნიერ თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც ცოტნე ჯავახიშვილის მოწაფეები არიან. ისინი იზიარებენ მის სამეცნიერო პრინციპებს და მისი ხედვის შესაბამისადგანაგრძობენ საქმიანობას.

ცოტნე ჯავახიშვილი გამორჩეული ქართველი მეცნიერი, ბიოტექნოლოგი და მოლეკულური ბიოლოგია, რომლის სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა გენომურ ტექნოლოგიებს და სინთეტური ბიოლოგიის მიმართულებით ახალი მიდგომების განვითარებას. იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოში მეცნიერთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, მოგვიანებით კი კარიერა გააგრძელა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იყო რამდენიმე წამყვანი კვლევითი ცენტრის, მათ შორის, სქრიფსის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი და მეცნიერ-მენტორი. 2025 წელს პროფესორი საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერების გუნდს შემოუერთდა და სინთეტური ბიოლოგიის მიმართულების განვითარება ჩაიბარა.

ცოტნე ჯავახიშვილი,14 ივლისს, თვითმფრინავით ფრენისას, ოკეანის თავზე დაიკარგა. მიუხედავად საერთაშორისო მაშველთა ინტენსიური ძალისხმევისა, მისი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. საქართველოს უნივერსიტეტმა ცოტნე ჯავახიშვილის ხსოვნის დღე დააწესა, ოქტომბის ბოლო კვირა. იმავე დღეს, 25 ოქტომბერს, პირველად შეიკრიბენ ცოტნეს ოჯახის წევრები, კოლეგები და მეგობრები მის გასახსენებლად. ნანა დიხამინჯიამ ასე აღწერა მოკლედ ხსოვნის დღის განწყობა და ატმოსფერო: ცოტნე ჯავახიშვილის საღამოზე დარბაზი სავსეა და ხალხის ნახევარი ფეხზე დგას.

სქრიფსის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ჩანაწერი გამოაგზავნა, ისე საუბრობს ცოტნეს ცოდნაზე, პროფესიონალიზმსა და ადამიანობაზე, ყველა ტირის.

რამდენი უშრომია საქართველოში ბიოქიმიის განვითარებისთვის, რამდენი მეგობარი ჰყოლია, რამხელა სიყვარული დაუტოვებია. არ ვიცი, ამდენს როდის ასწრებდა ამერიკაში და საქართველოში ერთდროულად.

ის ახალგაზრდა მეცნიერებიც გავიცანი, თვითონ რომ აღმოაჩინა საქართველოში, ასწავლა, გამოზარდა და ახლა მისი სახელობის კვლევით ცენტრში მუშაობენ მის მიერ განსაზღვრულ თემებზე. ერთმა ასე მითხრა: იმქვეყნადაც არ შეუწყვეტია შრომა, იქიდანაც გვეხმარებაო.”

“ინსტიტუტის გახსნა და პრემიის დაარსება საქართველოს უნივერსიტეტისთვის მეცნიერების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, ამავდროულად, აღნიშნული ინიციატივა გამოხატავს პატივისცემას ადამიანის მიმართ, რომლის სიცოცხლე და მოღვაწეობა ემსახურებოდა ცოდნის გაფართოებას და მომავლის მეცნიერების შექმნას * დაწერა საქართველოს უნივერსიტეტმა.

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება