3 ნოემბერი, კვირა, 2024

ცნებების გააზრებაზე ორიენტირებული სასწავლო (მითუმეტეს – აღმზრდელობითი) პროცესის გაფეტიშება და ამგვარ განწყობაზე დაფუძნებული მეთოდიკის „ერთადერთობისა“ და უმაღლესი დიდაქტიკური ნიშნით დამკვიდრება დიდი შეცდომაა – გია მურღულია

spot_img
12 მაისს, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, გია მურღულიამ გამოაქვეყნა სტატუსი – რა არის ე.წ. „ახალი სკოლის“ დამკვიდრების მთავარი იდეა და მასთან დაკავშირებული სარგებელი ან საფრთხე? გთვაზობთ სტატუსის სრულ ვერსიას. ⤵⤵⤵

ცნებების გააზრებაზე ორიენტირებული სასწავლო (მითუმეტეს – აღმზრდელობითი) პროცესის გაფეტიშება და ამგვარ განწყობაზე დაფუძნებული მეთოდიკის „ერთადერთობისა“ და უმაღლესი დიდაქტიკური ნიშნით დამკვიდრება დიდი შეცდომაა – არც ერთი საგანმანათლებლო იდეის გააბსოლუტება არ ვარგა. მხოლოდ უნივერსალური მიდგომა და ხედვა ამართლებს. ამ უნივერსალურშიც ნამდვილად მთავარი უნდა დავინახოთ.

ცნებათა გააზრების მნიშვნელობას უძველესი დროიდან აცნობიერებდნენ. მაგალითად – სოკრატე. რაღაცის აღქმისა და შეცნობისას ის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, თუმცა „საბოლოო მნიშვნელობას“ ვერ დაიბრალებს.

განათლებისა და სწავლების სისტემაში ცნება დიდი თავადია, მაგრამ მეფე და, მითუმეტეს, ღმერთი არ არის.

ასეთი მეფეა ფრაზა, წინადადება, აზრი. ეს კარგად ესმოდა, მაგალითად იაკობ გოგებაშვილს, რომელმაც სწავლება სწორედ ფრაზით, წინადადებით („აი ია“) დაიწყო და ამ პრინციპს ბოლომდე გაჰყვა.

ცნების გარეშე ფრაზა ვერ აიგება მაგრამ ერთი კანონზომიერება სრულიად ნათელია:

ფრაზა ფიქრს ქმნის, ცნება ანაწევრებს.

სწავლისას შეცნობის მომენტს სწორედ ფრაზა ქმნის, რომელიც, ცხადია, ცნებებისგან შედგება, მაგრამ არ არის მათ მნიშვნელობათა უბრალო არითმეტიკული ჯამი. ცნებები ფრაზაში ერთმანეთთან კონტაქტით გარდაისახებიან და ახალ სიცოცხლეს ბადებენ – რომელიც ცალ-ცალკე არც ერთ მათგანში არ არის.

„ყორღანებიდან გნოლი აფრინდა“ არ არის ამ სამი ცნების უბრალო მიმატება – არც „გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“. ფიქრის სული ფრაზაში ჩანს და არა ცნებაში.

აი, რას არ ითვალისწინებს „ახალი სკოლა“ და ეს მისი სერიოზული ნაკლია.

ცხადია, ამ ნაკლზე დაფუძნებული ნებისმიერი საგანმანათლებლო ხედვა, იდეა, მეთოდიკა თუ მოთხოვნა ასევე ხარვეზიანი და პრობლემურია.

არამართებული ფუნდამენტი მყარ და უსაფრთხო შენობას ვერ დაიჭერს.

საგანმანათლებლო სისტემის, სწავლებისა და აღზრდის „ცენტრალური ბგერა“ აზრი, ფრაზა, წინადადება უნდა იყოს და არა ცნება, რომელსაც მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.

და კიდევ:

რაღაცის აღქმა და შეცნობა არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ემოციური აქტიც არის.

ემოციას არსებითად და სრულფასოვნად ფრაზა ბადებს და არა ცნება.

განათლების ქართულ სისტემას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ და, ბუნებრივია, ვხედავ პოზიტიურ მხარეებსაც, მაგრად კარგად უნდა გვახსოვდეს, რამ შეიძლება საბოლოოდ ეს წარმატება შექმნას და მოგვაპოვებინოს.

ცალმხრივ ხედვათა ნაძალადევი დანერგვით მას ვერ მივაღწევთ.

გია მურღულია

რედაქციისგან: გია მურღულიას სტატუსს, 13 მაისს, ფეისბუქ სტატუსითვე უპასუხა თამარ ჯაყელმა. ? სრული ვერსიის სანახავად გახსენით ბმული. 

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები