1 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2021

ცვლილება ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატში

spot_img

საგამოცდო ტესტის ფორმატში ცვლილების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებამ მასწავლებლების, მშობლებისა და აბიტურიენტების ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია და დაისვა შეკითხვა: ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში რთულდება თუ მარტივდება?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც თვალსაჩინოა, გულისხმობს იმას, რომ 2022 წლის გამოცდაზე მხოლოდ ერთი წერითი დავალება იქნება შესასრულებელი; მეორე წერილობითი დავალების სანაცვლოდ, წაკითხულის გააზრება დაევალებათ აბიტურიენტებს, ასევე, აბიტურიენტებს მოუწევთ ტექსტის რედაქტირება.

⇒ წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება ეფუძნება ორი კონკრეტული ტექსტიდან მხოლოდ ერთს – აბიტურიენტი ირჩევს სასურველ საყრდენ ტექსტს და იმის მიხედვით ასრულებს დავალებებს.

⇒ წაკითხულის გააზრება გულისხმობს კითხვაზე სწორი პასუხის მოძებნასა და აღნიშვნას.

მაგალითად, შეკითხვაზე: რა იგულისხმება სიტყვებში „პირიანი ბიჭია“?

ა) კარგი მოსაუბრეა.

ბ) მამაცია.

გ) მიმზიდველი გარეგნობისაა.

დ) პატიოსანია.

მოცემული ოთხი პასუხიდან აბიტურიენტი აირჩევს მხოლოდ ერთს (ამ შემთხვევაში – დ.) და შემოხაზავს. პასუხი აღინიშნება პასუხების ფურცელში, შესაბამის უჯრაში, X-ით.

რაც შეეხება წერით დავალებას (თემატურ თხზულებას), მის შესრულებამდე, ყურადღება უნდა გამახვილდეს დავალების პირობასა და კრიტერიუმებზე. მოთხოვნების მიღმა, მომიჯნავე საკითხებსა და კრიტერიუმებზე დამატებით ყურადღების გამახვილება წერით დავალებას არ სძენს ღირებულებას.

წერითი დავალების მაქსიმალური შეფასება 34-ქულიანია. ასეთი ტიპის დავალებაში კარგად ჩანს აბიტურიენტის უნარები, რომლებიც ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. დავალების პირობის ადეკვატური გაგება და გააზრება;
  2. ნაშრომის აგება (სტრუქტურა);
  3. მხატვრული ტექსტის ანალიზი (დავალების პირობაში არსებული პრობლემის შესაბამისად);
  4. პრობლემის აქტუალობის დასაბუთება (დასაბუთება, არგუმენტირება);
  5. ზოგადი განათლება (პრობლემატიკის ცოდნა, ერუდიცია და ინფორმირებულობა);
  6. დამოუკიდებელი აზროვნება (შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა);
  7. ფაქტობრივი სიზუსტე;
  8. ლექსიკა და სტილი;
  9. მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი.

კითხვაზე, ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში რთულდება თუ მარტივდება, პასუხი ასეთია: აბიტურიენტს, მომდევნო წელსაც, ევალება სტანდარტით განსაზღვრული ცოდნის წარმოჩენა. სამივე ტიპის დავალება (ტექსტის რედაქტირება, წაკითხულის გააზრება და წერითი დავალება) დაფუძნებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე და გულისხმობს სამივე ტიპის (ფაქტობრივ-დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული) ცოდნას. საკითხთა ტიპოლოგია, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმითაა დადგენილი, ტრადიციულად, გათვალისწინებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.

როლანდ ხოჯანაშვილი, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები