„ჩემთვის ყველა მასწავლებელი ერთია – ხსნის, ითხოვს, ნიშანს წერს, ხსნის, ითხოვს, ნიშანს წერს… არაფერი განსხვავებული…“ „მაინც არ მომასვენებს, მიზანში თუ ამომიღო, ასჯერ გაიმეორებს, არასოდეს დაიღლება. უნდა, რომ მისი მეგობრების შვილებივით სამაგალითო და კეთილსახიანი ბიჭი ვიყო, რომელსაც მაისური დღის ბოლოსაც თეთრი აქვს…“ – ეს სიტყვები 14 წლის შიოს ეკუთვნის, გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ, თამარ გეგეშიძის ახლახან გამოცემული წიგნის – „ჩუმად უნდა იჯდე“ – მთავარ პერსონაჟს. მწერალმა რიგით მესამე წიგნი სწორედ მოზარდების პრობლემებსა და უფროსებთან მათ ურთიერთობებს მიუძღვნა. სად იკვეთება მოზარდებისა და უფროსების ინტერესები? – ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად იპოვით ნაწარმოებში, რომლის მთავარი პერსონაჟებისთვის (მოსწავლე და მასწავლებელი) სკოლა გადაკვეთის ის წერტილია, სადაც ყოველთვის რაღაც იცვლება და სადაც ერთ დღეში კარგავ ან პოულობ საკუთარ თავს. ავტორი მკითხველისთვის ღიად ტოვებს კითხვაზე პასუხს – როდის ან რატომ უნდა იჯდე ჩუმად? დასკვნების გამოტანას კი, შეძლებთ იმ მინიშნებებით, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, იოლად შეამჩნევს მასწავლებელიც, მშობელიცა და მოზარდიც.
სასკოლო საზოგადოებისთვის თამარ გეგეშიძე უკვე კარგად ნაცნობი ავტორია, მისი სადებიუტო რომანით „სული-ჩიტი“ და მომდევნო წიგნით „საშლელები“, რომელიც ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა როგორც მოზარდებისთვის, ისე მშობლებისა და მასწავლებლებისთვის და 2020 წლის ბესტსელერადაც იქცა.
„ჩუმად უნდა იჯდე“ – რა არის წიგნის მთავარი გზავნილი და ვინ არის მისი მთავარი ადრესატი – ამ თემაზე თავად მწერალი გვესაუბრება. ინტერვიუში ასევე წაიკითხავთ, რა გავლენას ახდენს, ზოგადად, ლიტერატურა ადამიანებზე, მათ შორის, მოზარდებზე და როგორ შევუწყოთ ხელი მკითხველად ჩამოყალიბების პროცესს ბავშვებში.
– როგორი გავლენა აქვს ლიტერატურას მოზარდებზე?
– ლიტერატურა მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ხანდახან იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს უფროსებს გვგონია ხოლმე. ხშირად, ლიტერატურის მეშვეობით, ისინი ახერხებენ, თავი გააიგივონ რომელიმე პერსონაჟთან, თავისი პრობლემა აღმოაჩინონ, თვითშეფასება აიმაღლონ ან თუნდაც დაინახონ, რომ სხვასაც შეიძლება ჰქონდეს მათი მსგავსი პრობლემა და მასთან ერთად ეძებონ გადაჭრის გზები. ამიტომ ვამბობ, რომ ლიტერატურული მაგალითები ყოველთვის მოქმედებს მოზარდზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მკითხველია. კითხვით ის ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც იძენს, ამიტომაც მოზარდებისთვის ლიტერატურის შერჩევას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ.
უკვე წლებია, როგორც მასწავლებელს, მოზარდებთან მიწევს ურთიერთობა, როგორც არაფორმალური განათლების ცენტრში, ისე სკოლაში. ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ მათთვის წასაკითხად შერჩეულ ლიტერატურას. როდესაც მოზარდებისთვის ვკითხულობთ, ვაკითხებთ თუ ვწერთ, მათ ემოციებზე გავლენას ვახდენთ. შეიძლება ერთმა ფრაზამ დიდი გავლენა მოახდინოს, რომელიმე კონკრეტულმა წიგნმა ან პერსონაჟმა მათი ცხოვრებაც კი შეცვალოს. მოზარდებთან ურთიერთობა ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს, ინტერესით უნდა ვესაუბროთ, მათ შესახებ ბევრი რამ ვიცოდეთ და დაკვირვებით ვუპასუხოთ ხოლმე მათ მიერ დასმულ კითხვებს. წიგნიც ასეა — ისეთი რამ უნდა მივაწოდოთ ასეთ მკითველს, რაც მათთვის, პირველ რიგში, ძალიან ახლობელი და მისაღებია. გარდა ამისა, ეს ისეთი ტექსტები უნდა იყოს, სადაც ისინი საკუთარი თავის რეალიზებასაც შეძლებენ.
– როგორ დაიწყეთ მოზარდებზე და მოზარდებისთვის წერა, რა გახდა ამის ინსპირაცია?
– ჩემი ისტორია ასე დაიწყო – სკოლაში მივედი და მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, რაკი ამ თემაზე წერა გადავწყვიტე. საუკეთესო ადგილი, სადაც მეტს შევიტყობდი ბავშვებზე, ბუნებრივია, სკოლა იქნებოდა – მაინტერესებდა, რა ხდებოდა შიგნიდან. როცა მსოფლიო ლიტერატურას ვასწავლიდი, აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც მოსწონთ, არის სწორედ ამბები ისეთ ადამიანებზე, როგორებიც თვითონ არიან, აინტერესებთ მათი მსგავსი პერსონაჟები, მსგავსი თემები, მოზარდების ცხოვრება, სკოლის ისტორიები, მეგობრებს შორის ურთიერთობა, მასწავლებლებთან ურთიერთობა და ა.შ. და ამიტომაც მალევე ამაზე დავიწყე წერა.
დღემდე ვასწავლი სკოლაში, ოღონდ ეს ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილია. გარკვეულ დროს ვუთმობ სკოლას იმიტომ, რომ სულ ფორმაში ვიყო და მოზარდების შესახებ ვიცოდე ყველაფერი და რაც შეიძლება მეტი – რა და როგორ ხდება მათ გარშემო და მათ თავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თან, ეს პროფესია ძალიან შემიყვარდა, საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა მათთან ურთიერთობა, ვფიქრობ, მათთვისაც საინტერესო აღმოჩნდა ჩემთან ურთიერთობა. სკოლასთან ასე მჭიდრო კავშირმა წერაც გამიადვილა. თავიდან უფრო მიჭირდა, მერე და მერე, რაც უფრო მეტს წერ, აღმოაჩენ, რომ სათქმელიც გროვდება, პრობლემებიც გაცილებით უფრო ღრმა და მეტია, რომ კიდევ მეტის თქმაც შეიძლება, მეტის გაბედვა. „კვლევის პროცესში“ ბევრი რამ ამოტივტივდა. კვლევაში ვგულისხმობ მათზე და სხვებზე დაკვირვებას, საკუთარი ქცევების გაანალიზებას.
ასე დაიწერა პირველი წიგნი – „სული-ჩიტი“, რომელიც, შეიძლება ითქვას, სტიქიურად დავწერე. ეს იყო პირველი შთაბეჭდილებები. მთავარი პერსონაჟი 11 წლისაა, ფაქტობრივად, ეს წიგნი დღიურია. ძალიან მაინტერესებდა როგორ მიიღებდა მკითხველი ჩემს პირველ მცდელობას და როგორ შევძლებდი ამ თემების გაშლას. გაცილებით რთული აღმოჩნდა მეორე ეტაპი, როდესაც „საშლელებზე“ ვიმუშავე, რადგან მკითხველისგანაც უკვე ვგრძნობდი ინტერესს და ამის გამო პასუხისმგებლობაც მეტი მქონდა. ამის გარდა, ახლა სხვა თემებსაც უნდა შევხებოდი, პირველი წიგნისგან განსხვავებით, მოზარდის ცხოვრების ისეთი დეტალები წარმომეჩინა, რომელიც ძალიან სენსიტიურია მათთვის, ასევე მასწავლებლებისა და უფროსებისთვისაც. „საშლელებში“ ვცადე, თავი მომეყარა ყველაფრისთვის, რაც მოზარდის ცხოვრებას ეხება. თავისთავად, ერთ წიგნში ყველაფერზე ვერ ვისაუბრებდი, მაგრამ მინდოდა მკითხველისთვის რეალური ცხოვრება მეჩვენებინა როგორც ოჯახში, ისე სკოლაში – როგორ ხედავენ მოზარდები საკუთარ თავს; როგორებად ყალიბდებიან წიგნის დასაწყისიდან ბოლომდე; როგორები იყვნენ და შემდეგ როგორები გახდნენ, რაღაც მოვლენების ზემოქმედების შედეგად; გარკვეული ეტაპის გადალახვის შემდეგ, რა იცვლება მათში? ვფიქრობ, „საშლელებში“ სწორედ ეს არის მთავარი ხაზი, რომ ადამიანები, განსაკუთრებით მოზარდები, ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია ამის გამოსწორება და რაღაც ახლის დაწყება. საშლელებიც სწორედ ამისთვის გვაქვს, ეს ზრდასრულად ჩამოყალიბების ჩვეულებრივი საფეხურია, ეტაპი, რომელიც აუცილებლად უნდა გავიაროთ, შესაძლოა, ცოტა მტკივნეულადაც, მაგრამ აუცილებლად.
– სულ ახლახან გამოვიდა თქვენი მესამე წიგნი – „ჩუმად უნდა იჯდე“, რა არის ავტორის მთავარი სათქმელი მკითხველისთვის?
– წიგნის პრეზენტაციაზეც აღვნიშნე და ყველგან ვამბობ, რომ ყველაზე მეტად ამ წიგნის დაწერა გამიჭირდა იმიტომ, რომ ნაწარმოებში ორი მთავარი პერსონაჟია – მოზარდი და ახალგაზრდა მასწავლებელი, რომლებიც, რეალურად, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ოდითგანვე მოსწავლე და მასწავლებელი – ეს წყვილი – ყოველთვის უპირისპირდებიან ერთმანეთს, რისი მიზეზიც ხშირად არ ვიცით. შეიძლება ეს სრულიად გაუგებარი ან შემთხვევითი მიზეზი იყოს ან უბრალოდ, რომელიმე მათგანი, ერთ დღეს, სკოლაში ცუდ ხასიათზე მივიდეს. ამ ორი პერსონაჟის დაპირისპირებით მინდოდა თაობათა შორის გაუგებრობაზე მესაუბრა – რამდენად არ გვესმის ხოლმე ერთმანეთის უფროსებსა და მოზარდებს. მაგალითად, როგორ ავიწყდებათ დიდებს (და არ ვიქნები პირველი, ვინც ამას ვიტყვი), რომ ისინიც იყვნენ მოზარდები და პირიქით, მოზარდები არ ფიქრობენ იმაზე, რომ ისინიც გახდებიან ზრდასრულები და მერე შეიძლება თავადაც აღმოჩნდნენ მსგავს სიტუაციაში. ერთადერთი, რაც ამას შველის, ეს არის ერთმანეთთან საუბარი, რაღაცების გარკვევა, რაც, სამწუხაროდ, ხშირად არ გამოგვდის. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი სწორედ თაობებს შორის არსებულ გაუგებრობაზეა დაწერილი.
ერთი რამ, რაც ამ ნაწარმოებში კარგია, არის ის, რომ ამ პერსონაჟს, ახალგაზრდა მასწავლებელს, ხშირად ახსენდება, რომ ის ოდესღაც იყო 14 წლის. და როცა ეს ახსენდება, მაშინ მეტად ახერხებს გაუგოს მოსწავლეებს. შესაძლოა, სწორედ ეს გახდეს ერთ-ერთი გზა, უკეთ შევძლოთ ბავშვებთან ურთიერთობა. უნდა გვახსოვდეს, რომ მოზარდობა ძალიან რთული პერიოდია და ჩვენ, უფროსებს, მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია, უფრო მეტად უნდა დავთმოთ, შევეცადოთ გავუგოთ და კომპრომისი შევთავაზოთ. ამბობს კიდეც პერსონაჟი: ყოველთვის ვახსენებ ჩემს თავს, რომ ის თოთხმეტისაა, ხოლო მე — ოცდათოთხმეტის.
წიგნში მოზარდიც ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც მაინცდამაინც არც სწავლითაა გატაცებული, ხოლო რითიც იყო გატაცებული – კალათბურთის თამაშით – მშობლებმა იმის გაგრძლების საშუალება არ მისცეს. სიუჟეტიც ასე იწყება, შემდეგ ჩანს მისი ცხოვრება როგორც სახლში, ისე სკოლაში; ნელ-ნელა ვეცნობით პერსონაჟის ფიქრებსა და ინტერესებს, რა მოსწონს ან რა უნდა. ვეცადე, ამ ნაწარმოებში თაობებს შორის გაჩენილი პრობლემების გადაჭრის გზებიც მეჩვენებინა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მასწავლებლებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს. ბევრი მინიშნება და მითითებაა ისეთი, რომელსაც ამ პროფესიის წარმომადგენლები კარგად გაიგებენ. მაგალითად, როგორ შეძლო კლასის მართვა ისე, რომ არც დიქტატორი იყო და არც ავტორიტეტი დაკარგო. ასეთი დილემის წინაშე ხშირად დგებიან მასწავლებლები, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როცა სკოლაში იწყებენ მუშაობას. ოჯახურ ამბებსაც შეხვდებით, მაგალითად, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ოჯახურ კონფლიქტებს, რატომ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი შვილების სურვილები.
– მშობლებთან როგორ გადაჭერით ეს პრობლემა?
– მშობლების ამბებში სწორედ ამას ვგულისხმობდი – როგორ მიუდგნენ საკუთარი შვილის სურვილებს და არ შეიქმნან მცდარი წარმოდგენები. მაგალითად, როცა ჩემმა პერსონაჟებმა გადაწყვიტეს, რომ მათი შვილისთვის საკმარისია კალათბურთის თამაში, შედეგად ის მიიღეს, რომ მას ყველაზე საყვარელი რამ წააართვეს. ამას მოჰყვა ბავშვის პროტესტი, საერთოდ უარი თქვა ყველაფერზე, სწავლაზეც, ყველაფრისადმი გულგრილი გახდა. ალბათ, ერთადერთი გამოსავალი, ისევ და ისევ საუბარია, გულწრფელობა, ისედაც ცოტა დროს ვატარებთ მშობლები შვილებთან დღის განმავლობაში. თავადაც მშობელი ვარ და მაქვს ამის გამოცდილება. ძალიან გულწრფელები უნდა ვიყოთ და მოვუსმინოთ მათ. უმცროსი თაობის ვალდებულებაცაა, ხანდახან მათაც მოგვისმინონ. სინამდვილეში, ხშირად ხდება ასე – მაშინაც კი, როცა ერთმანეთს ვგავართ, სხვადასხვაგვარად ვიაზრებთ მოვლენებს. შეიძლება, პიროვნული თვისებებით, ერთნაირები ვიყოთ, მაგრამ არ მოგვწონდეს ერთმანეთი, სწორედ იმის გამო, რომ ერთმანეთთან არაფერზე არ ვსაუბრობთ, არც იმაზე, რაც ჩვენთვის საერთოა. ეს საერთო დეტალები უნდა მოვძებნოთ, ჩვენსა და მოზარდებს შორის, ეს გადაკვეთის წერტილები და საერთო ინტერესები დაგვეხმარება მათთან ურთიერთობაში.
ისევ წიგნიდან მოვიყვან ერთ მაგალითს: მასწავლებელი აღმოაჩენს, რომ ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელიც საერთოდ არაფრით არ არის დაინტერესებული, თურმე ცურვა და მოცურავეები აინტერესებს. მერე ბიჭს ელაპარაკება ერთ-ერთ მოცურავეზე და ამის შემდეგ, მათ შორის უკვე ჩნდება რაღაც საერთო. ძალიან ბევრი რამის ჩატევა ვცადე წიგნში, რომელიც ერთდროულად უნდა ყოფილიყო როგორც მოზარდზე, ისე ზრდასრულზე. ცხადია, არ ვიცი როგორ გამომივიდა, მაგრამ იმედი მაქვს, თავის ფუნქციას შეასრულებს და როგორც მოზარდებისთვის, ისე უფროსებისთვის საინტერესო საკითხავი გახდება.
– „ჩუმად უნდა იჯდე“ – რაზე გააკეთეთ აქცენტი ამ ფრაზით, რომელიც წიგნის სათაურად აქციეთ?
– ცხადია, სათაური გამოსაცნობია. მახსოვს პირველი რეაქცია მოზარდებისგან, ზოგმა გააპროტესტა, ჩუმად რატომ უნდა ვიჯდეო, ზოგმა პირდაპირ თქვა – ჩუმად არ უნდა ვიჯდე, ზოგიც თითქოს დაემორჩილა მითითებას და ა.შ. რეალურად, წიგნის სათაურის დანიშნულებაც ეს არის, დააფიქროს მკითხველი – ჩუმად უნდა ვიჯდე თუ არა? ანუ ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ, განვიცდი და მსურს, თუ სჯობს, ეს დავფარო? წიგნში ვსაუბრობ კიდეც იმაზე, რა მოჰყვება იმას, როცა ჩუმდები და სათქმელს არ ამბობ.
– ბოლოს ისევ მშობლების თემას დავუბრუნდები და გკითხავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის პირადი მაგალითი – მშობელი იყოს კარგი მკითხველი და ამასთანავე, რა უნდა გაითვალისწინონ, წიგნების შერჩევისას, მშობლებმა: დაჰყვნენ ბავშვის სურვილს თუ წააკითხონ ის წიგნები, რომელიც თავად სურთ, რომ შვილებმა წაიკითხონ? ამ შემთხვევაში, რამდენად სწორად ვიქცევით?
– მშობლების ჩართულობა საინტერესო და მნიშვნელოვანია ამ პროცესებში. ზოგადად მკითხველად ჩამოყალიბების პროცესში პირველ ადგილზე სწორედ პირადი მაგალითი დგას, ანუ როცა სახლში არის წიგნი, როცა დედ-მამა კითხულობს, როცა ოჯახის წევრებს წიგნებთან აქვთ ურთიერთობა, წიგნის მაღაზიაში დადიან და ა.შ. ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს, უნებლიე გავლენას, და შესაძლებელია, ასე ბავშვმა შეიყვაროს კითხვა. მეტიც, შესაძლებელია, წიგნი ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების საუკეთესო საშუალება გახდეს. ესეც ძალიან აშკარა და ცნობილი ფაქტია. შესაძლოა, მშობელი შვილთან ერთად წავიდეს წიგნის მაღაზიაში, ერთად აირჩიონ საკითხავი, მას აარჩევინოს, შემდეგ, როცა მოზარდი წაიკითხავს, ისაუბრონ ამ წიგნზე. რაღაც საერთო თემას აუცილებლად იპოვიან წიგნში. თუნდაც შენი ბავშვობის საყვარელი წიგნი რომ მისცე შვილს წასაკითხად, ამას სიმბოლური დატვირთვა ექნება და სალაპარაკო თემებიც გაჩნდება. დღესდღეობით, ბავშვები პატარა ასაკიდანვე იმდენად დაკავებულები არიან, იმდენი რამ აქვთ მოსასწრები და გასაკეთებელი დღის განმავლობაში, რომ რთულია ამასთანავე იყვნენ კარგი მკითხველებიც. ამას ემატება ელექტრონული მოწყობილობები (გაჯეტები), რომელიც საოცრად დიდ დროს ართმევს მათ. რასაკვირველია, ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ განვითარდნენ და თანამედროვე ტენდენციებს არ ჩამორჩნენ, თუმცა, იმისთვის, რომ შინაგანი სამყარო უფრო გავიღრმავოთ და განვვითარდეთ, ვიყოთ ინტელექტუალები და საინტერესოები, წიგნი უპირველესი საშუალებაა. ზოგიერთისთვის შესაძლოა, ლიტერატურაში გზამკვლევი აღმოჩნდეს მასწავლებელი, ნათესავი, უფროსი მეგობარი, თანაკლასელიც კი, მაგრამ თუკი მშობელი შეძლებს ამას, თუკი ის განავითარებს შვილს, როგორც მკითხველს, ეს საუკეთესო შემთხვევაა.
– ხშირ შემთხვევაში, მშობლები ან მასწავლებლები, უფროსები, ვუწუნებთ ბავშვს მისი სურვილით შერჩეულ საკითხავს და ჩვენი სურვილით და გადაწყვეტილებით შერჩეულ წიგნს ვაჩეჩებთ წასაკითხად. რამდენად სწორად ვიქცევით ამ შემთხვევაში, ხელს ხომ არ ვუშლით მკითხველად ჩამოყალიბების პროცესში, ანუ მის დემოტივაციას ხომ არ იწვევს მსგავსი დამოკიდებულება?
– რაც შეეხება წიგნების შერჩევას, აქ მთავარი, ალბათ, მაინც ის არის, რამდენად კარგად იცნობს მშობელი ლიტერატურას – თანამედროვეს თუ კლასიკურს, კონკრეტულ ჟანრს, მიმართულებას და ა.შ. შეიძლება შვილს შეარჩევინო წასაკითხად შენი საყვარელი წიგნი, მაგალითად, ჩარლზ დიკენსის „დევიდ კოპერფილდი“ – კლასიკური ნაწარმოები შენი ბავშვობიდან, მაგრამ, თუ შენი შვილი 11 წლისაა, რა თქმა უნდა, ის ამ წიგნს ვერ წაიკითხავს. არ უნდა დავსვათ შეკითხვა, მე ხომ წავიკითხე? შესაძლოა, არ გვახსოვს, რა ასაკში წავიკითხეთ, ან შესაძლოა, ჩვენი გამოცდილება განსხვავდება ჩვენი შვილების გამოცდილებისგან. პირველი ეტაპისთვის ასეთი ნაწარმოები, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი წიგნია, ბავშვისთვის მძიმე საკითხავი იქნება და შეიძლება საერთოდაც უარი თქვას კითხვაზე. ამიტომ, ვფიქრობ, კომპეტენტური რჩევა და ასაკობრივად სწორად შერჩეული წიგნებია საჭირო. დღეს წიგნებზე გამომცემლობებსაც აქვს მითითებული ასაკი, ქვეყნდება არაერთი ჩამონათვალი, წიგნის ფესტივალებზე ეწყობა საბავშვო კუთხეები. ამის გარდა, დაინტერესებულმა მშობელმა, შეიძლება, სასარგებლო რჩევები მიიღოს პროფესიონალებისგანაც. ვფიქრობ, მშობლები არ უნდა უფრთხოდნენ თანამედროვე ლიტერატურას იმიტომ, რომ, უფრო ხშირად, ბავშვები კითხვას (ამას ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ) სწორედ თანამედროვე ლიტერატურით იწყებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ეს მათთვის უფრო ახლობელია, ბევრად უფრო მისაღები. ამიტომაც, შესაძლოა, თანამედროვე ლიტერატურით დაიწყონ და ბოლოს მივიდნენ, მაგალითად, „გრაფი მონტე კრისტომდე“, სქელტანიან კლასიკურ ნაწარმოებამდე. მთავარია, არ შეშინდეს მშობელი, როცა შვილი თავისი გემოვნებით არჩევს საკითხავს. მეც შევსწრებივარ მსგავს სცენას, წიგნის მაღაზიაში ან წიგნის ფესტივალზე, როცა ბავშვი ფერადყდიან წიგნს ანიჭებს უპირატესობას, მშობლისთვის სრულიად უცნობი სახელითა და გვარით, შესაძლოა, ქართველი ან უცხოელი ავტორით. ხანდახან უნდა ვენდოთ ბავშვის გემოვნებას ან ვნახოთ წიგნის ანოტაცია, ასაკობრივი კატეგორია და ამის გათვალისწინებით უარი არ ვუთხრათ მის შეძენასა და წაკითხვაზე.
ესაუბრა ლალი ჯელაძე