მე გახლავართ ეკა თათეშვილი, ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტი, ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ტრენერი და ქ. ახალქალაქის №1 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ურთიერთობები საინტერესო და სასიამოვნო იქნება ბევრი მკითხველისთვის.
დავიწყებ იქიდან, რომ მამაჩემის სამსახურის გამო ოჯახით ხშირად გვიხდებოდა საცხოვრებლად სხვადასხვა ქალაქში გადასვლა, შესაბამისად, 7 სკოლა გამოვიცვალე, რაც ასოცირდება ახალ გარემოსთან, ახალ მეგობრებთან და მეზობლებთან. ამას იმდენად მივეჩვიე, რომ არასდროს მქონია რაიმე სახის დაბრკოლება ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში. დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და დამთავრების შემდეგ, ამჯერად მეუღლის სამსახურის გამო, პირველად მოვხვდი ჩემთვის მანამდე უცნობ კუთხეში – ჯავახეთში, 2004 წელს. ეს იყო სომხებით კომპაქტურად დასახლებული რაიონი და ეს იყო დრო, როცა ქართველებს უნდობლად უყურებდნენ, შიშობდნენ, მათი მყუდროება ხომ არ დაირღვეოდა ჩვენი გამოჩენით. ეს ბუნებრივადაც მივიღე იმიტომ, რომ უცნობ ადამიანთან ურთიერთობის დასამყარებლად ნდობის მოპოვებაა საჭირო, ნდობის მოპოვებას კი დრო და ურთიერთობები სჭირდება. პირველი სირთულე აღმოჩნდა ენის ბარიერი, მე არ ვიცოდი სომხური, მათ კი – ქართული. დღემდე მახსოვს ის უცნაური, იდუმალი სახეები, რომლებიც უნდობლად და ცივად მიმზერდნენ. თუმცა, დიდი დრო არ დამჭირვებია ადაპტაციისთვის, შევიძინე ახალი მეგობრები, საუკეთესო მეზობლები და დღეს ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით და იუმორით ვიხსენებთ ხოლმე.
მუშაობა დავიწყე ქ. ახალქალაქის №1 საჯარო სკოლაში და მთელი გულისყურით ვუსმენდი კოლეგებს, რათა გამეგო რას და როგორ ამბობდნენ, მივაგენი საჭირო ფორმულებს და ნელ-ნელა ავითვისე სომხურიც. ურთიერთობებმა ცხადყო, რომ მე (და არამარტო მე) ვიყავი ის, ვინც შეძლებდა დახმარებოდა მათ შიშის დაძლევასა და გულწრფელი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
რთული პერიოდი იყო, ქირით ვცხოვრობდით 12 წელი, დაბალი ხელფასები და მკაცრი კლიმატი. საჭიროება მოითხოვდა რაღაც შემეცვალა ჩემს კარიერაში, რათა მატერიალურად უფრო უზრუნველყოფილი გავმხდარიყავი და ოჯახს დავხმარებოდი. გვირაბის ბოლოს ხომ სინათლეა?! ჰოდა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა მასწავლებლის სახლის პროექტი „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“, რომლის ფარგლებშიც გავიარე შესარჩევი კონკურსი და პირველივე დღიდან, როგორც კონსულტანტი, გამაგზავნეს სოფ. კულიკამისა და ხულგუმოს საჯარო სკოლებში ქართული ენის მასწავლებლად. ეს კიდევ ერთი გამოწვევა იყო ჩემს პრაქტიკაში. იქ მოვისმინე სიტყვები: „ეკა მას, თქვენი გაცნობის შემდეგ გავიგე ვინ არიან ქართველები“, „არ მეგონა, ქართველები ასე კარგები თუ იყვნენ“, „ისეთი კარგი ადამიანი ხართ, ნამდვილად სომეხი იქნებით“… თუმცა წლები დამჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ შეუძლებელი არაფერია, ჩვენ ერთად მაინც ჩამოვაყალიბეთ ისეთი კოლექტივი და ისეთი საზოგადოება, რომელიც ერთად ზრუნავდა სკოლაზეც, სწავლასა და წინსვლაზეც. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მე გავხდი ხიდი, რომელზეც მათ შეეძლოთ უშიშრად და თამამად გავლა.
4 წლის შემდეგ გადავედი ქ. ახალქალაქის №1 საჯარო სკოლაში და დღემდე აქ ვმუშაობ „არაქართული სკოლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამის“ კონსულტანტად. ეს ის ადგილია, სადაც გულწრფელად უყვარხარ, გაფასებენ და გისმენენ. ჩვენ, ჩვენი მონდომებითა და შრომით, ერთად მივაღწიეთ იმას, რომ ყველაზე ადრე შევძელით სტატუსის მიღება და წინსვლა, გვყავს სანიმუშო მოსწავლეები და უამრავი სტუდენტი თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტში. ზოგმა უკვე დაიწყო მუშაობა ადგილობრივ სტრუქტურებში და ერთად ვზრუნავთ რაიონის/ქალაქის განვითარებაზე.
ასევე მეამაყება, რომ ვარ ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ტრენერი და მაქვს ზრდასრულებთან მუშაობის გამოცდილებაც. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ენას ვასწავლიდი მერიის, სომხური ეპარქიის თანამშრომლებს, სამხედრო ბაზის რეკრუტებსა და არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებს. ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის ნაყოფიერი და მიზანმიმართულია. ამ კუთხითაც დიდი საქმე კეთდება საგანმანათლებლო სფეროში.
ეს ყველაფერი მაბედნიერებს, მახარებს და იმედით ვივსები, როცა ვადარებ ჩემი კარიერის დასაწყისსა და დღევანდელობას. დღეს ჩვენი მოსწავლეები უკვე თავისუფლად მონაწილეობენ კონფერენციებში, ბანაკებსა და ღონისძიებებში. ურთიერთობებიც უფრო გახსნილი და გულწრფელია. ჩვენ ერთად ვცდილობთ, შევქმნათ ჩვენი მომავალი და ჩვენი სიტყვა ვთქვათ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. მინდა ყველამ შეიგნოს, რომ ჯავახეთი არ არის მხოლოდ ლოკაცია, ეს ის ადგილია, სადაც ვჭირდებით ქვეყანასაც და ხალხსაც. მადლობა მასწავლებლის სახლს, რადგან მომცა თვითრეალიზების საშუალება, მე აქ აღმოვაჩინე ჩემი თავი და ახალი შესაძლებლობები. არ ვიშურებ ძალას და ენერგიას იმისთვის, რომ გავარღვიოთ ენის ბარიერი და ყველამ იგრძნოს თავი საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქედ.
ზოგადად ჩემი დევიზია: „აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?“
თუ საღამოს მაქვს პასუხი ამ კითხვაზე, ბედნიერი ვარ და იმედით ველოდები შემდეგ დღეს.
მადლობა ყველა პედაგოგს და აქაურ მოქალაქეს გამოჩენილი ყურადღებისა და სითბოსთვის. იმისთვის, რომ მე თავი მეგრძნო, როგორც თევზს წყალში. მადლობა ყველა კოლეგას, რომლებიც სახლებს მოშორებული ფუსფუსებენ სხვადასხვა სკოლაში და ქვას ქვაზე დებენ ჩვენივე კეთილდღეობისთვის.