მაია გიგაური
თბილისის №172 და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის №178 საჯარო სკოლების უფროსი სპეციალური მასწავლებელი
Δ ინკლუზიური განათლების მიმართ გაჩენილი ინტერესი
პროფესიით ინგლისურის და ესპანურის მასწავლებელი ვიყავი. უნივერსიტეტში ბავშვთა ფსიქოლოგიის კურსი რომ გავიარეთ, პირველად მაშინ დავინტერესდი ამ სფეროთი. ინკლუზიური განათლების მიმართ ჩემი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ერთმა შემთხვევამ. ჩემი უფროსი გოგონას კლასში იყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე. ვეძებდი და ვეცნობოდი სხვადასხვა ლიტერატურას, კვლევებს, მიდგომებს თუ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა მისი ინტეგრაციისთვის, პირველ რიგში, საკლასო გარემოში, შემდგომ კი საზოგადოებაში. 2016 წელს დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში გავიარე ინკლუზიური განათლების ტრენინგები. 2017 წელს გავხსენი სასწავლო ცენტრი „ცოდნის სახლი“ (სულ 83 მოსწავლე გვყავდა, რომლებსაც ყველა საგანში ვამზადებდით). ყველა მოსწავლე განსხვავებული იყო, თითოეულთან ინდივიდუალური მიდგომა იყო საჭირო. მაშინ მივხვდი, რომ ის, რაც მე ყველაზე მეტად მინდოდა, სპეციალური მასწავლებლის პოზიცია იყო.
რატომ? ჩემთვის კარგი მასწავლებელი ნიშნავს, როცა მოსწავლეს ბევრი სირთულე აქვს სწავლასთან დაკავშირებით და შეძლებ მასთან ერთად გადადგა ნაბიჯი წინ („სუსტ მოსწავლეებს სჭირდება მასწავლებლები და არა ძლიერებს“). სპეციალურ მასწავლებელს არ აქვს ერთი კონკრეტული სახელმძღვანელო, რის მიხედვითაც უნდა ასწავლოს, ეს არის შემოქმედებითი პროცესი, ყველა მოსწავლისთვის სხვადასხვა აქტივობის და რესურსის შექმნა და მომზადებაა საჭირო.
Δ სპეციალური მასწავლებლის ერთი დღე
ჩემი ერთი დღე ძალიან აქტიური და დატვირთულია, ვმუშაობ ორ სკოლაში. სკოლაში მისვლისთანავე მოვივლი საკლასო ოთახებს, ვამოწმებ არიან თუ არა „ჩემი ბავშვები“. ვესწრები გაკვეთილებზე და ვაკვირდები მათ ჩართულობას სხვადასხვა აქტივობაში,ზოგჯერ ასისტირებას ვუწევ (საჭიროებიდან გამომდინარე). ხშირი კომუნიკაცია მაქვს მასწავლებლებთან, განვიხილავთ დღის განმავლობაში დაგეგმილ აქტივობებს, ვსაუბრობთ წარმოქმნილ სირთულეებზე და სიხარულით აღვნიშნავთ წინ გადადგმულ ნაბიჯებს. რესურსოთახში დაბრუნების შემდეგ, ყველა მოსწავლისთვის ვამზადებ იმ რესურსებს, რომლებიც შეიძლება ინდივიდუალური მეცადინეობის დროს დაგვჭირდეს, თუმცა პროცესში ხშირად ხდება ისეც, რომ სულ სხვა აქტივობა და რესურსი დამჭირვებია, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული (მაგ.: მოსწავლის განწყობა). ვხვდები მშობლებს და ვსაუბრობთ ბავშვის საჭიროებებსა და მიღწევებზე. ხშირად შემოდიან მასწავლებლები, განსაკუთრებით სასწავლო წლის დასაწყისში, ითხოვენ კონსულტაციას ინდივიდუალურ გეგმებთან დაკავშირებით, ვეხმარები და ერთად ვცდილობთ, სწორი მიზნები და აქტივობები დავგეგმოთ. მასწავლებლების მიერ შედგენილი ინდივიდუალური გეგმებიდან გამომდინარე, ვადგენთ ინტერვენციის გეგმას. წლის განმავლობაში, მინიმუმ, ოთხჯერ გვაქვს ისგ ჯგუფის შეხვედრები, ვწერთ ოქმებს, სამოქმედო გეგმებს; სასწავლო წლის დასაწყისში ვწერთ მოსწავლის შეფასებას, ვადგენთ გაკვეთილების განრიგს (არ მინდა რამე დამავიწყდეს). ძალიან საინტერესო და შემოქმედებითია სპეციალური მასწავლებლის ერთი დღე, ყველაფრის ფურცელზე გადმოტანა ცოტა რთულია.
სწავლების პროცესში სირთულეები ბევრია. ჯერ კიდევ ბევრი მასწავლებელი მიიჩნევს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართულობისა და მათი სწავლის შედეგების გაზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მშობლის მაღალი მოლოდინი ან პირიქით, უიმედობა, ორივე შემთხვევა ხელისშემშლელია მოსწავლისთვის.
ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემი მოსწავლეებია, როცა მათ წინ ვჯდები, თითქოს, სადღაც ქრება დაღლა, შეიძლება ითქვას ჯადოსნურ სამყაროში ვინაცვლებ, სადაც მარტო ჩვენ ვართ და ჯადოსნური ჯოხიც ჩვენ ხელთაა, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიოთ. მათი ერთი ჩახუტება და სიყვარულით სავსე სიტყვები ჩემთვის ყველაფერია.
ვცდილობ, მრავალფეროვანი რესურსები და აქტივობები შევთავაზო, რათა საინტერესო იყოს მათთვის სწავლის პროცესი.
Δ ყველაზე მნიშვნელოვანი მიდგომა პედაგოგიური პრაქტიკიდან
შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული არაფერია. პირველ რიგში, ვცდილობ გავიგო მათი ინტერესები, ძლიერი და სუსტი მხარეები. ვაგრძნობინო, რომ მათიანი ვარ, საერთო ინტერესები გვაქვს. უპირობო პოზიტიური დამოკიდებულება პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზაა. ხშირად უთქვამს მშობელს, რომ მასთან ბავშვი კონკრეტულ აქტივობას არ ასრულებს, მაგრამ ჩემთან არ აპროტესტებს, ეს კი იმის დამსახურებაა, რომ მეცადინეობის დაწყებისას ყოველთვის ვაძლევ არჩევანის საშუალებას, ორ აქტივობას ვთავაზობ (მაგ.: ორი ტექსტი), ძალიან მრავალფეროვანს და ყველა იმ კომპონენტით დახუნძლულს, რაც სხვადასხვა უნარის განვითარებას შეუწყობს ხელს. როცა არჩევნის საშუალებას ვაძლევ და თვითონ ამბობენ რა უნდათ, შემდეგ აღარც აპროტესტებენ. ინტერესით ასრულებენ ყველა დავალებას, რაც შედეგის მომცემიც არის. დაძაბული, უარყოფითი ემოციით დატვირთული ბავშვი ვერ ისწავლის, შესაბამისად, ვერ მივაღწევთ მიზანს.
ერთ ჩემს მოსწავლეს არ უყვარს წერა (არ გამოსდის), კითხვით ვიწყებთ ყოველთვის, რაც ძალიან უყვარს, ამის შემდეგ გადავდივართ წერაზე ისე, რომ არასდროს არ მიპროტესტებს; მეორეს კი მათემატიკა არ გამოსდის – პატარა ტექსტებით ვიწყებთ და ფერადი მაგალითები „გვსტუმრობენ“, მათ კი ხალისით ვხვდებით. მოსწავლეს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათთან ვართ ყოველთვის, შეცდომის დაშვება არ ნიშნავს, რომ აღარ ვცადოთ, ბევრჯერ ვცდით და ერთად აუცილებლად გამოგვივა.
Δ თუ კლასში სსსმ ან შშმ მოსწავლე გყავს…
ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, პირველ რიგში, გაიგონ მოსწავლის ინტერესები, ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებიც იმის საშუალებას მისცემთ, სწორი სტრატეგიები და მეთოდები გამოიყენონ, დაგეგმონ აქტივობები. ყველაზე მნიშვნელოვანი – აგრძნობინონ, რომ ისინი კლასის ნაწილი არიან, ეს მათ მოტივაციას გაზრდის და დამიჯერეთ, მათი მიღწევებით იამაყებენ. არ შემიძლია არ დავამატო კიდევ ერთი, უნდა სჯეროდეთ და სწამდეთ, რომ მათი მოსწავლე აუცილებლად მიაღწევს მიზანს, თუ მათ, როგორც მასწავლებლებს, ეს არ სჯერათ და უბრალოდ ვალდებულების მიზნით მუშაობენ, შედეგიც არ ექნებათ.
Δ ქვეყანაში სპეციალური მასწავლებლების დეფიციტია?
ხშირად მესმის, რომ კვალიფიციური სპეციალური მასწავლებლის დეფიციტია, მაგრამ ძალიან ბევრი უფროსი სპეციალური მასწავლებელია, ვინც ვერ საქმდება. ცოტა უცნაურია, მაგრამ რეალობაა.
მე წელს დავამთავრე სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა. ძალიან ცოტაა სპეციალური განათლების მაგისტრი. სამწუხაროდ, ამჟამად პროგრამა განლევად რეჟიმშია და იმედი მაქვს, განახლებული და უფრო საინტერესო ფორმით დაბრუნდება.
წელს აპირებდა რამდენიმე უნივერსიტეტი სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის დანერგვას, თუმცა, სხვადასხვა მიზეზით, ვერ მოხერხდა. ძალიან კარგი იქნება თუ მომავალ წელს მაინც მიეცემათ საშუალება, გაიარონ სპეციალური მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა.
2021 წელს პირველად ჩატარდა უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, სწორედ მაშინ გავედი გამოცდაზე და წარმატებით ჩავაბარე, ახლა კი მოუთმენლად ველოდები წამყვანის გამოცდას. სამწუხაროდ, წელს არ ჩატარდა და იმედი მაქვს, მომავალ წელს მაინც მოგვეცემა შესაძლებლობა კვალიფიკაციის ამაღლების. ჩემს კოლეგებს, ვინც ახლა აპირებს გამოცდაზე გასვლას, ვურჩევდი, აუცილებლად გააკეთონ ეს. დღეს ძალიან ბევრი ლიტერატურა არსებობს ქართულ ენაზე, რაც მათ გამოცდისთვის მომზადებაში დაეხმარება.
Δ გამოწვევები ინკლუზიურ განათლებაში
ჩვენი პროფესიაა თვითონ გამოწვევა. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ორი ერთნაირი მოსწავლე. ყველა მოსწავლესთან სხვადასხვა სტრატეგია, მეთოდი, რესურსი, აქტივობა უნდა მოიფიქრო, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომ შეძლო სხვადასხვა უნარების განვითარება, ამისთვის კი მრავალფეროვანი რესურსებია საჭირო. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრ სპეციალურ მასწავლებელს რესურსოთახში არ აქვს პრინტერი და კიდევ ბევრი ისეთი საჭირო ნივთი, რომელიც მუშაობის პროცესში ჩვენი მარჯვენა ხელია. არ გვაქვს ერთი კონკრეტული სახელმძღვანელო, აქედან გამომდინარე, ყველა რესურსს თვითონ ვქმნით. კარგი იქნებოდა, პერიოდულად, სპეციალური მასწავლებლების გადამზადება (მაგ.: როგორ იმუშაონ მცირედმხედველთან ან სმენის დარღვევის მქონე მოსწავლესთან).
კარგი იქნებოდა, გვყავდეს სუპერვიზორი, ვისთანაც შევძლებდით სხვადასხვა საკითხის განხილვას და იმის გაგებას, რომ რაღაც სწორად გავაკეთეთ ან არ გავაკეთეთ. ნებისმიერი სტატუსის მქონე მასწავლებელს სჭირდება სუპერვიზია, რომ უფრო მეტად განვითარდეს და პროდუქტიული იყოს მისი მუშაობა.
ვისურვებდი, არსებობდეს გაცვლითი პროგრამები საზღვარგარეთ (მაგ.: ნორვეგიაში, ფინეთში…). ეს შესაძლებლობას მომცემდა, პრაქტიკულად გავცნობოდი მათ მუშაობას, მეთოდებსა და სტრატეგიებს.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ვიტყვით, რომ საერთოდ არ იწერება შაბლონურად ინდივიდუალური გეგმები, მაგრამ აქაც ნამდვილად არის წინსვლა და ცვლილებები უკეთესობისკენ.
მე ორ სკოლაში ვმუშაობ და ორივე სკოლის ადმინისტრაცია მთლიანადაა ჩართული სსსმ და შშმ მოსწავლეთა სწავლების პროცესში. სრული ინკლუზია რომ განხორციელდეს, ამისთვის ყველას ჩართულობა მნიშვნელოვანია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ჩემს კოლეგებს ყოველთვის გვაქვს მხარდაჭერა, ყველა რესურსით, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს შშმ და სსსმ მოსწავლეთა მიმართ სტიგმა ბევრ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯებია სკოლებში უფრო მეტი ინფორმირებულობისა და ინკლუზიურობისკენ. მე და ჩემი კოლეგები ხშირად ვაწყობთ სხვადასხვა ინფორმაციულ კამპანიებს, რაც, მოსწავლეებშიც და მასწავლებლებშიც, ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას; ვაწყობთ ფილმების ჩვენებას ბავშვებთან, სადაც ნათლად ჩანს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს – თუ საზოგადოება მიიღებს, ყველას შეუძლია, საკუთარი ადგილი იპოვოს ცხოვრებაში და თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს. საინფორმაციო კამპანიები ასევე მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა თვითონ მშობელს არ აქვს მიმღებლობა შვილის მდგომარეობის, არ სჯერა მისი შესაძლებლობების. არადა ყველა ბავშვში არის პატარა მარცვალი, რომელსაც უბრალოდ გაღვივება სჭირდება. ვფიქრობ, დღეს, ამ კუთხით, საგრძნობლად წინგადადგმული ნაბიჯებია.
Δ რჩევები კოლეგებს
თუ გადაწყვიტეთ გახდეთ სპეციალური მასწავლებელი, ალბათ, აცნობიერებთ, რომ თქვენ შეიძლება ვიღაცისთვის სინათლის ის სხივი გახდეთ, რომელმაც მისი ცხოვრება უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს, ამიტომ არასდროს შეგეშინდეთ სირთულეების, შეცდომების დაშვების, თუ მთელი გულით მოინდომებთ, აუცილებლად იპოვით იმ სტრატეგიას, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ თქვენს მოსწავლეებთან.
მხოლოდ ერთს ვიტყვი, იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, მე ჩემი თავი ვიპოვე ამ პროფესიაში. ეს არის პროფესია, რომელიც ხშირად გაფიქრებინებს, რომ რაღაც არ იცი, რისთვისაც უფრო და უფრო მეტს სწავლობ და ვითარდები, ეს პროცესი კი ყველაზე სასიამოვნოა. მე ახლა ვსწავლობ ჟესტურ ენას და ვცდილობ, კიდე ბევრი რამ ვისწავლო, რაც იმის შესაძლებლობას მაძლევს, რომ ნებისმიერ სირთულეს დავხვდე მზად და ის იმედის სხივი ვიყო ჩემი მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ.