2021 წლის დადგომისთანავე, დავიწყეთ ძალიან საინტერესო და აქტუალური პროექტის განხორციელება, რომელსაც ეწოდება „ჩვენი კათოლიკე წინაპრები“. ხსენებული პროექტის წამოწყების შესაძლებლობა მოგვცა საქართველოსა და სომხეთში წმინდა საყდრის სამოციქულო ნუნციატურის და კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის მხარდაჭერამ. ამასთანავე, პროექტის განხორციელებაში აქტიურად გვიდგას გვერდში „საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი“, რომელიც პასუხისმგებელია კათოლიკურ სამრევლოებში მიმდინარე ახალგაზრდულ აქტივობებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ჩვენი პროექტის განხორციელების მნიშვნელოვანი საშუალებაა იმავე სახელწოდების კრებული, რომლის წინასიტყვაობაშიც აღვნიშნავთ, რომ „წინამდებარე მცირე კრებული აკადემიურ დატვირთვას როდი ატარებს; ეს არც ყოფილა ჩვენი მიზანი. ნაცვლად ამისა, ჩვენი ერთადერთი საწადელი რიგითი ქართველი კათოლიკეს გულამდე იმ გზავნილის მიტანაა, რომ ჩვენ მძლავრ ფესვებზე აღმოცენებული ხე ვართ, რომლის წაქცევაც დროის ავ ქარებსაც კი არ ძალუძთ…“. კრებულზე საუბრისას, წმინდა საყდრის სამოციქულო ნუნციუსი, მისი აღმატებულება ჟოზე აველინო ბეტენკური ხაზს უსვამს, რომ „ისეთმა პიროვნებებმა, როგორებიც არიან, მცირედნი რომ დავასახელოთ, პეტრე უმიკაშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, პეტრე მელიქიშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, პეტრე ოცხელი და იოსებ ოცხელი, გავლენა მოახდინეს სტუდენტების და პროფესიონალების თაობებზე, რომლებიც დღესაც აშენებენ იმ ფუნდამენტურ შრომაზე, თითოეულმა მათგანმა საკუთარი შესაძლებლობისამებრ რომ დატოვა მემკვიდრეობად“.
მაშასადამე, „ჩვენი კათოლიკე წინაპრები“ არის სერია, რომლის I ნაწილიც ეძღვნება 6 გამორჩეულ კათოლიკე საერო პირს, რომლებმაც ღრმა კვალი დაამჩნიეს საქართველოს სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებას. ეს კრებული განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, რომ წელს ზუსტად 150 წელი შესრულდა ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან — იმ პიროვნების, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნის მუსიკის ავტორია. ჩვენი კრებული უბრალოდ ამ პიროვნებების ბიოგრაფიულ ცნობებს როდი მოიცავს, არამედ საოცარი მეგობრობის, რწმენის, დახმარების, გვერდში დგომის ისტორიების ერთობლიობაა. კრებული სრულიად განსხვავებულად დაგვანახვებს ამ პიროვნებებს, რომელთაც, მეტ-ნაკლებად, კავშირი ჰქონდათ საკუთარ რწმენასა და ეკლესიასთან და, ბევრ შემთხვევაში, სწორედ ამ რწმენის საფუძველზე აყალიბებდნენ თავიანთ ფასეულობებსაც და საქმიანობასაც.
კრებულში თითოეული პიროვნების მიმოხილვას თან ახლავს სხვადასხვა ავტორის საინტერესო რეფლექსია, რომელშიც ხაზგასმულია, თუ რას გვასწავლის კათოლიკე საერო პირთა ცხოვრება და მათი დანატოვარი. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ხშირად უგულებელყოფილია ამ ადამიანთა კათოლიკობა და ის ფაქტი, რომ ისინი კათოლიკე ეკლესიის წიაღიდან იშვნენ. საქართველოს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპალური ვიკარიუსი მ. გაბრიელე ბრაგანტინი, რომელიც ქუთაისში მსახურობს, თავის რეფლექსიაში, ამას გულისტკივილით შენიშნავს: „და მაინც, მნიშვნელობას არ დავუკარგავდი ეჭვს, რომ მრავალი ჩვენი გამოჩენილი კათოლიკეს ცხოვრება ყოველთვის იმ ისტორიოგრაფიის ერთი და იმავე კლიშეებით იწერება, გადაეცემა, შეინახება და გადამუშავდება, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოდან უწყვეტად მეორდება; რამდენ კათოლიკეს აქვს გაკეთებული ღირსსახსოვარი, მნიშვნელოვანი, აღნიშვნის ღირსი საქმეები საზოგადოებრივი ცხოვრების უამრავ სფეროში; თუმცაღა, ჩანს, რომ სულისკვეთება, მათ რომ ასულდგმულებდა, დავიწყებული, გაუფასურებული, გადასხვაფერებულია… იმდენად, რომ ყოველივე ამაში აღარ იგრძნობა სახარების სუნთქვა, ეკლესიის სოციალურ სწავლებათა სიახლე, სიწმიდის წყურვილი, კუთვნილების საჭიროება განწმედისათვის“.
უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანთა ცხოვრება, თუმც კი ზოგიერთი მათგანი არცთუ ახლოს იყო ეკლესიასთან, ხშირ შემთხვევაში, ნამდვილი ცოცხალი სახარებაა, სიყვარულისა და დახმარების მისაბაძი მაგალითებით. რაც არ უნდა თქვან, ეს 6 პიროვნება — პეტრე უმიკაშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, პეტრე მელიქიშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, პეტრე ოცხელი და იოსებ ოცხელი — ქართველი კათოლიკეები იყვნენ და, იმავე დროს, შესანიშნავი მოქალაქეები და, მართლაც, დიდი ქართველები, რომელთა მემკვიდრეობაც არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ძვირფასი საუნჯეა.
იმედს ვიტოვებთ, რომ კრებული „ჩვენი კათოლიკე წინაპრები“ დაეხმარება როგორც საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს, ისე მთელ ქართულ საზოგადოებას, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ჩვენი მრავალფეროვნების მნიშვნელობის გააზრებისა და ჭეშმარიტად ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბებისაკენ. ჩვენი დიდი სურვილია, გავაგრძელოთ აღნიშნული სერია და შევადგინოთ II ნაწილი, სახელწოდებით „ქართველი კათოლიკე ქალები“, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი კათოლიკე ქალებსაც.