30 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2022

ჩვენთან პრიორიტეტი სწავლების ხარისხი და საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი განვითარებაა – ალექსანდრე თევზაძე

spot_img

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ხანმოკლე არსებობის მიუხედავად, ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და შთამბეჭდავ ისტორიასაც ქმნის – KIU ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნივერსიტეტად სახელდება საქართველოში და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვითაც, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ლიდერობენ. რა განაპირობებს უნივერსიტეტის მიმართ მზარდ მოთხოვენებს, რითი განსხვადება KIU-ს სასწავლო გარემო და რა სიახლეებს სთავაზობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უკვე მესამედ მისაღებ ნაკადს – გვესაუბრება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.

☑️ ბატონო ალექსანდრე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, წელს, სტუდენტების მესამე ნაკადს მიიღებს. პანდემიის გამო, არაორდინარულ ვითარებაში მოგიწიათ სასწავლო პროცესის წარმართვა. რა გამოცდილება დაგიგროვდათ KIU-მ და როგორ გაართვით თავი საკმაოდ რთულ ვითარებას?

🔹 მოგესალმებით, დიახ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, 2022-2023 სასწავლო წლისთვის, სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება გამოაცხადა. ამჟამად, სტუდენტების ორი ნაკადი გვყავს – პირველ და მეორე კურსზე, ხოლო წელს მესამე ნაკადს ველოდებით. მოგეხსენებათ, გასული წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, KIU ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უნივერსიტეტად სახელდება საქართველოში, ხოლო ჩვენი სტუდენტები, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის ლიდერობენ. ჩვენთან პრიორიტეტია სწავლების ხარისხი და საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი განვითარება, ვითარდება ის ინგლისურენოვანი პროგრამებიც, რომლებიც მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობითაა შემუშავებული. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც პანდემიამ შექმნა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სწავლებას, სტუდენტის არჩევანის მიხედვით, როგორც ჰიბრიდულ, ისე სრულიად ონლაინ რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ დღეს ჩვენ ვინარჩუნებთ „მწვანე კამპუსის“ სტატუსს, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენმა სტუდენტებმა საუნივერსიტეტო კამპუსში იცხოვრონ და, ამავე დროს, სემესტრის განმავლობაში, სააუდიტორიო სწავლების განსახორციელებლად, უცხოელი პროფესორებიც ჩამოვიდნენ. 

☑️ KIU-ში სწავლა მარტივი ნამდვილად არ არის, სტუდენტები საკმაოდ დატვირთული არიან და სასწავლო პროცესიც, სხვა ქართულ უნივერსიტეტებთან შედარებით, განსხვავებულია. როგორ ეგუებიან სტუდენტები KIU-ს ტემპს და როგორია მათი შედეგები? რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენ?

🔹 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს. ასევე, მაღალია უნივერსიტეტში ჩარიცხვის მოთხოვნებიც. იმისათვის, რომ აბიტურიენტი KIU-ში ჩაირიცხოს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, შესაბამის საგნებში, უმაღლესი შეფასება უნდა მიიღოს. როგორც უკვე აღვნიშნე, უნივერსიტეტის მიმართ ინტერესი დიდია, შესაბამისად, კონკურსიც მაღალია. დღეისათვის, ჩვენს უნივერსიტეტში ყველაზე მოთხოვნადია კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა. უნივერსიტეტში მოქმედებს გრანტების ფონდი და საუკეთესო შედეგების მქონე ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ეროვნული სასწავლო და საერთაშორისო ოლიმპიადებისა და ინოვაციების კონკურსების გამარჯვებულები, ასევე, სხვადასხვა სოციალურ სტატუსის (წინასწარ განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით) მქონე სტუდენტებს ვთავაზობთ მრავალფეროვან საგრანტო პროგრამებს, მათ შორის: სწავლის და კამპუსში სტუდენტური საცხოვრებლის დაფინანსებას, KIU სტიპენდიას, KIU ბარათს, რექტორის სტიპენდიას. 2-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პირველადი ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, ახალგაზრდები წარმატებით ართმევენ თავს საკმაოდ რთულ სასწავლო პროგრამებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბევრი გამორჩეული სტუდენტიც გვყავს. ისინი დაკავებული არიან კვლევითი საქმიანობით, ინოვაციებით, ქმნიან სტარტაპებს, პროექტებს/თამაშებს ვიზუალური მათემატიკის მიმართულებით. ჩვენი სტუდენტები, დატვირთული აკადემიური ცხოვრების პარალელურად, სხვადასხვა შემოქმედებით და სოციალურ კამპანიებში მონაწილეობასაც ახერხებენ. გასული წლის შემოდგომაზე, კომპიუტერულ მეცნიერებათა პროგრამის 15 წარმატებული სტუდენტი, სასწავლო პროგრამით, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტში გაემგზავრა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ აკადემიურ და სამეცნიერო გარემოს, მიეღოთ საუკეთესო გამოცდილება.

☑️ რამდენად აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში უცხოელი პროფესორები?

🔹 უნივერსიტეტში მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავებულია გერმანელ პარტნიორებთან ერთად და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) პროგრამების ანალოგს წარმოადგენს. სწავლების ხარისხიც და მოდელიც საერთაშორისო სტანდარტის გახლავთ. წლის განმავლობაში, KIU-ს კამპუსს არაერთი უცხოელი მეცნიერი სტუმრობს. მსოფლიოს წამყვანი პროფესორები სტუდენტებს ადგილზე უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას. უნივერსიტეტი არაერთ აქტივობას და ღონისძიებას ახორციელებს საერთაშორისო მიმართულებით. KIU უკვე განიხილება, როგორც ერთ-ერთი პრესტიჟული და მომავლის საგანმანათლებლო სივრცე. ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საუკეთესო ალტერნატივაა, საქართველოში მიიღონ მაღალკვალიფიციური, ევროპული განათლება, მსოფლიოს წამყვანი პროფესორების ჩართულობით. მოთხოვნა და ინტერესი უნივერსიტეტის მიმართ მზარდია, შესაბამისად, KIU-ს გუნდი ახალ შესაძლებლობებს ქმნის სტუდენტებისთვის.

☑️ ბატონო ალექსანდრე, როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა KIU-ში ამ ორი წლის განმავლობაში?

🔹 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების პირველ ციკლს გადის. ჩვენი აკადემიური გუნდისთვის, პირველი კურსდამთავრებულის გამოშვებამდე, ყოველი წელი პირველი წელია, როდესაც პირველად ხორციელდება 4-წლიანი პროგრამის საფეხური. დღეს ჩვენ ამ გზის მხოლოდ ნახევარი გვაქვს გავლილი. ვფიქრობ, ცვლილებები უნივერსიტეტში პოზიტიური დინამიკით მიდის წინ. ყოველ წელს უნივერსიტეტს ახალი პროფესორ-მასწავლებლები გვემატება უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. KIU-ში გაიზარდა წარმატებული სტუდენტების რაოდენობა. თუ პანდემიის დროს გარკვეული აქტივობები დისტანციურად ხორციელდებოდა, დღეს უკვე პირისპირ, აუდიტორიებში მიმდინარეობს პროცესი. ჩვენი ევროპელი პროფესორები აქტიურ რეჟიმში ატარებენ არა მხოლოდ ლექციებს, არამედ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას, რაც სხვა წარჩინებული ახალგაზრდებისთვისაც ხელმისაწვდომია. უნივერსიტეტში სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამები შეიქმნა , ვითარდება და იზრდება ინფრასტრუქტურაც. უკვე აქტიურ ფაზაშია ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარება. ახალგაზრდები თავად ქმნიან და ახორციელებენ საინტერესო ბიზნეს პროექტებს, მუშაობენ კულტურული, სპორტული და შემეცნებითი მიმართულებებითაც. მოკლედ, ნამდვილი ახალგაზრდული საგანმანათლებლო კერაა KIU-ში, სადაც საფუძველი ეყრება მომავალი თაობის განვითარებას.

☑️ დაბოლოს, საინტერესოა, წელს რა სიახლეებს სთავაზობთ სტუდენტებს?

🔹 უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცეს ემატება მულტიდისციპლინური სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, რაც KIU-ს კვლევით პოტენციალს ახალ საფეხურზე აიყვანს. ახალგაზრდებისათვის ჩვენს უნივერსიტეტში სწავლა იქნება უნიკალური გამოცდილება, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარება. KIU-ში შეიქმნა ინოვაციების ეკოსისტემის პლატფორმა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს KIU-ს, რეგიონის წამყვან სამეწარმეო უნივერსიტეტად ჩამოყალიბდეს, ინდუსტრიასთან წარმატებული პარტნიორობა დაამყაროს და სტუდენტები საერთაშორისო კონკურენტუნარიან პროფესიონალებად მოამზადოს. შედეგად: KIU-მ, TUM-თან თანამშრომლობით, ჩამოაყალიბა ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო, რომელიც აქტიურად მუშაობს KIU-ს ინდუსტრიასთან თანამშრომლობისა და ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაზე. საბჭოს წევრები უცხოეთის და საქართველოს სხვადასხვა წამყვანი კომპანიის მენეჯმენტის გუნდის წევრები არიან. KIU-მ, TUM International-თან ერთად, კერძო-საჯარო პარტნიორების სემინარების ციკლი ჩაატარა. შედეგად, შემუშავდა რამდენიმე პროექტის კონცეფცია, რაც საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

უნივერსიტეტის გეგმები მასშტაბურია, KIU ითვალისწინებს თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას. უნივერსიტეტის ბაზაზე, დაარსდა ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელშიც განთავსდება ორი ციკლოტრონი – ერთი სიმსივნის მკურნალობას მოხმარდება, მეორე კი – სამეცნიერო-კვლევით პროცესს სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში. კვლევითი ცენტრი სტუდენტებს მულტიდისციპლინურ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას შესთავაზებს – მათ უშუალო შეხება ექნებათ თანამედროვე კვლევით თემატიკასთან. KIU მუდმივად აუმჯობესებს და ავითარებს სწავლებისა და მომსახურების სერვისს, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ქმნის ახალ პროგრამებს და ინარჩუნებს რეგიონის წამყვანი საგანმანათლებლო სივრცის სტატუსს. უნივერსიტეტი აღრმავებს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო წრეებთან და კომპანიებთან თანამშრომლობას.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები