„ლეჩხუმის საშუალს, ცხენისწყლის კიდეზედ არის ციხე კლდესა ზედა შენი, დეხვირი, თავი თაკუერისა, რამეთუ, რომელსა უპყრავს იგი, მორჩილებისა მისსა შინა არიან სრულიად.“
ვახუშტი ბაგრატიონი
ისტორიული სოფელი დეხვირი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ცაგერის ქვაბულში, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს. სოფლის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე, ანტიკური პერიოდის, თაკვერად და შუა საუკუნეებიდან დეხვირად წოდებული, ციხე-კომპლექსია, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ადგილი იყო. მემატიანე მოგვითხრობს, რომ „გვიან შუა საუკუნეებშიც ლეჩხუმის ცენტრი აქ უნდა ყოფილიყო, ეს იქნებოდა „ლეჩხუმის თავი“, „ლეჩხუმის ბატონი“, ძირითადი საყრდენი. მის მპყრობელს დაემორჩილებოდა მთელი ლეჩხუმი“ (კ. კეკელიძე, ძვ ქართული ლიტერატურის ისტორიიდან).
ამჟამად, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, ფუნქციონირებს არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც სიძველის, აღმოჩენებისა და სიახლეების კერაა მნახველთათვის. ციხე-სიმაგრის მახლობლად იყო მჭიდრო დასახლების სოფელი ჩვალბეჩი (ამჟამინდელი დეხვირი), სადაც 1873 წელს პირველი ერთკლასიანი სასწავლებელი გაიხსნა. როგორც ისტორია გადმოგვცემს, სკოლა გლეხების ხარჯით იყო აშენებული და მასწავლებლის ხელფასსაც გლეხებს ახდევინებდნენ. სკოლაში სწავლობდნენ როგორც გლეხის შვილები, ასევე თავადაზნაურების შვილებიც.
სკოლის პირველი მასწავლებელი ახალკურსდამთავრებული მიხეილ გოლეთიანი ყოფილა.
1949 წელს სკოლა რვაწლიანად გადაკეთდა და პირველ დირექტორად სამამულო ომის ვეტერანი ლუარსაბ გასვიანი დაინიშნა. აქვე ფუნქციონირებდა „ღამის სკოლა“, სადაც, მოზრდილთა ჯგუფში (მე-7, მე-8, მე-9 კლასები), წერა-კითხვას შემოკლებული პროგრამით ეუფლებოდნენ სოფლის მკვიდრნი და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ზრდასრული ადამიანები.
საუკუნე-ნახევრიანი ისტორიის მანძილზე სკოლას ხელმძღვანელობდნენ ღირსეული პედაგოგები: ამბერკი სილაგაძე, გულივერ ბრეგვაძე, ინდისი ბრეგვაძე, ჯაჯუ ჭაბუკიანი, თამაზ ხეცურიანი. მომავალი თაობების სწავლა-აღზრდის საქმეს კეთილსინდისიერად ემსახურებოდა უამრავი ღვაწლმოსილი მასწავლებელი: გერონტი კოპალიანი, ეკატერინე ასათიანი, შიო ახვლედიანი, გრიშა ცხვედიანი, გრიშა ახვლედიანი, ლოლა ჭაბუკიანი, ნორა გასვიანი, შამილ დევდარიანი, თამარ დარსაძე, მერი გალდავა, გალაქტიონ ჭაბუკიანი, ნუგზარ ჭაბუკიანი, გია მუშკუდიანი ,ემელი ხუციძე, ბეჟან ბრეგვაძე, ვასილ ჭაბუკიანი. გარდაცვლილი პედაგოგების საპატივცემულოდ და მათი ღვაწლის უკვდავსაყოფად სკოლას ამშვენებს საპატიო დაფა „ჩვენი სკოლის მატიანე“. არ ვივიწყებთ, ვმეგობრობთ და აქტიურად ვთანამშრომლობთ სკოლიდან წასულ, ხანდაზმულ პედაგოგებთან, რომლებიც ხშირად სტუმრობენ სკოლას და მონაწილეობენ სხვადასხვა სასკოლო პროექტსა თუ ღონისძიებაში.
2011 წელს აშენდა ახალი სკოლის შენობა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის იმდროინდელ დირექტორს, ბატონ თამაზ ხეცურიანს.
ამ ხნის განმავლობაში, არაერთი წინააღმდეგობის, პრობლემისა და გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა სკოლა, მაგრამ გონივრული მოქმედებით, მომავალ თაობაზე ზრუნვითა და საქმისადმი პასუხისმგებლობითი დამოკიდებულებით, სოფელში ამაყად დგას საუკუნე-ნახევრიანი ისტორიის მქონე სასწავლებელი, რომლის 150 წლის იუბილე გრანდიოზულად და შთამბეჭდავად აღვნიშნეთ. ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნიის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები; საპატიო სტუმრად მოწვეული იყვნენ სკოლის წინამორბედი ხელმძღვანელები და ღვაწლმოსილი პედაგოგები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ისტორიული სოფლის ეთნოგრაფია, კულტურა და ისტორია.
სკოლა მეორე ოჯახია, სადაც მართვის დემოკრატიული სტილი და პოზიტიური სასწავლო გარემოა შექმნილი. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის დამოკიდებულება დამყარებულია მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე, რაც განაპირობებს ჩვენი მოსწავლეების მზაობას შეიძინონ ცოდნა, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი და მომზადებულები გავიდნენ ცხოვრების ფართო გზაზე. სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებას აცოცხლებს და ახალისებს სასწავლო-საგანმანათლებლო სოციალური პროექტები, საველე გაკვეთილები, შემოქმედებით-შემეცნებითი ღონისძიებები.
სკოლაში გვაქვს სასწავლო ნაკვეთი. საუკუნეების შემდეგ, ჩვენს სოფელს და მშობლიურ ადგილებს დავუბრუნეთ ავთენტური ჯიშის ხორბლის სახეობა (ზანდური, მახა), სკოლის ბაღი განვაახლეთ და გავამრავალფეროვნეთ გადაშენების პირას მყოფი ლეჩხუმური ვაშლის უნიკალური ჯიშებით (ყინული, აბილაური, ნაცარა); საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შემოვიტანეთ და გავაშენეთ წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეები. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სასკოლო გარემოზე და მის გამწვანებაზე ზრუნვა.
მინდა გაგაცნოთ იმ სასკოლო და საერთაშორისო პროექტების არასრული ჩამონათვალი, სადაც ჩვენმა სკოლამ გაიმარჯვა:
- ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ გარემოსდაცვით კონკურსში, პროექტით „გაამწვანე ჩვენი ეზო“;
- იდეების კონკურსში – „ორბელიანი მეტის“, „UNDP, GEORGIA“-ს, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისა და თემის მხარდაჭერით განხორციელებული სასწავლო-შემეცნებით-შემოქმედებითი ღია სივრცე „ვაჩუქოთ მომავალს ფერადი სამყარო“;
- გარემოსდაცვითი საერთაშორისო განათლების ფონდის მიერ (FEE) გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, მსოფლიო მასშტაბით გამარჯვებულ 60 საუკეთესო სკოლას შორის, პროექტით „აჩუქე ნივთებს მეორე სიცოცხლე — შეამცირე ნარჩენები“;
- ორგანიზაციის Keep Georgia Tidy — დავიცვათ საქართველოს სისუფთავე „ეკოსკოლების გზავნილების“ კონკურსში;
- კონსორციუმ კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ორგანიზებით გამოცხადებულ კონკურსში „ეს ქვეყანა შენია“;
- ფოტოგრაფიის კონკურსში „გაზარდე შენი ხელით“, რომლის ორგზანიზატორია ეკოსკოლების პროგრამა ესტონეთში, რომელშიც 9 ქვეყანა მონაწილეობდა, გავიმარჯვეთ ბავშვთა კატეგორიაში, მივიღეთ „აუდიტორიის საყვარელი ფოტოს“ ტიტული და „გარემოსდაცვითი განათლების ფონდის საყვარელი ფოტოს“ ტიტული.
- გვყავს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდოს“ გამარჯვებული ახალგაზრდა, მოტივირებული, შრომისმოყვარე მასწავლებელი – გვანცა ჭაბუკიანი;
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებით სკოლამ არაერთი მნიშვნელოვანი გრანტი მოიპოვა, რომელიც საგანმანათლებლო რესურსების შეძენასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას მოხმარდა. სკოლა ჩართულია საქართველოს ეკოსკოლების პროგრამაში. მოლოდინი გვაქვს, რომ, სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა და ფართო საზოგადოების ცოდნის ამაღლებას გარემოს დაცვის საკითხებში, აგრეთვე, შრომის, შემოქმედებითი, გუნდური მუშაობისა და უნარების განვითარებას, მიმდინარე წელს მოვიპოვებთ „მწვანე დროშის“ სტატუსს.
მშობლებთან, თემთან, მუნიციპალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობით, მათი მხარდაჭერითა და ჩართულობით კუდევ უფრო საინტერესო ღონისძიებებისა თუ პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომავალში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მცირეკონტინგენტიანი სკოლა კვლავაც ბევრ სიახლეს შესთავაზებს თავის აღსაზრდელებს.
ხათუნა ხეცურიანი
სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორი