მარიამ ლომიძე
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე
21-ე საუკუნე გამოწვევების და სიახლეების საუკუნეა. გვეძლევა საშუალება, თითოეულმა ჩვენგანმა გამოვამჟღავნოთ საკუთარი შესაძლებლობები, ვიშრომოთ და გავხდეთ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიები! თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ყოველთვის მოითხოვს შეჯამებას, ანალიზს და შემდეგ საკუთარი ცოდნის გაზიარებას, რათა მიიღო მსმენელისგან შესაბამისი უკუკავშირი. ამ შესაძლებლობას კი გვაძლევს კონფერენციებში მონაწილეობა. ხოდა, მეც აღარ დავაყოვნე, ცოტა ღელვით, მაგრამ მასწავლებლის, ცირა ასათიანის თანადგომით, გადავწყვიტე გამეგზავნა ნაშრომი მოსწავლეთა კონფერენციაზე. მინდა ჩემი, როგორც მომხსენებლის, გამოცდილება გაგიზიაროთ.
„მოსწავლეთა 77-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაზე“ გავიტანე თემა – „ბირთვული სინთეზი“. მე და ცირა მასწავლებელი, რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში, ვაწყობდით გეგმას თუ რა შინაარსის უნდა ყოფილიყო ჩემი თემა. ცირა მასწავლებელი მაძლევდა მითითებებს და რჩევებს, რის შედეგადაც მუშაობის პროცესი მეტად სახალისო და მარტივი აღმოჩნდა. ერთ დროს უცნობი საკითხები ბირთვულ სინთეზზე საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი მეჩვენა. ყოველი ახალი ინფორმაცია უფრო და უფრო მეტ ინტერესს აღძრავდა ჩემში, აღნიშნული საკითხისადმი. გამიჩნდა სურვილი, ფართო აუდიტორიას გაეცნო ჩემი თემა. ვფიქრობ, საინტერესო პრეზენტაცია გამოვიდა მსმენელთათვის. ამის დამადასტურებლად მივიჩნევ იმ უკუკავშირს, რაც დარბაზში მსხდომი მსმენელებისგან წამოვიდა.
კონფერენციაში მონაწილეობისას, ძალიან ვღელავდი, მაგრამ ჩემი შესაძლებლობებითა და ხალხთან ურთიერთობით კმაყოფილი ვარ. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა. ნელ-ნელა დავძლიე აუდიტორიის წინაშე წარდგომის შიში. თითქოს, მომემატა საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, გავხდი უფრო თავდაჯერებული და მივხვდი, რომ დიდი ნაბიჯი გადავდგი მომავალი წარმატებისკენ.
ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს სკოლას და დირექტორს, ქალბატონ მარიამ გენგაშვილს, რადგან ის გვაძლევს სტიმულს ვისწრაფოდეთ განვითარებისკენ, დავეუფლოთ 21-ე საუკუნის უნარებს; მადლობას ვუხდი ცირა მასწავლებელს, რომელიც დაუღალავად გვერდში მედგა მთელი ამ დროის მანძილზე; არ შემიძლია არ აღვნიშნო გარდაბნის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დამსახურება, რომ ჩვენ, მოსწავლეებს, საინტერესო და მრავალფეროვნებით დატვირთულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობა გვეძლევა. თქვენ გვაძლევთ მოტივაციას!