27 ივლისი, შაბათი, 2024

ჩემი პედაგოგიური საქმიანობის მიზანი  საკუთარ სულის ძახილს აყოლილი მეტი ბავშვია

spot_img

„სასკოლო გარემოს შეცვლის სურვილმა გადამაწყვეტინა, გავმხდარიყავი მასწავლებელი, რომელიც კედლებს კი არ ააგებდა, არამედ მოსწავლეებთან ერთად დაანგრევდა“ – ასე გვიხსნის თავისი პროფესიული არჩევნის მიზეზს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი საუკეთო ათეულის გუნდის წევრი,  ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ჩვენთან ინტერვიუში ის მე-20 საუკუნის 90-იანი წლების სკოლაში დაწყებული პედაგოგიური საქმიანობის რთულ, გამოწვევებით სავსე და, ამავდროულად, საინტერესო გზაზე საუბრობს, რომელმაც დღემდე მოიყვანა. „ჩემი პედაგოგიური საქმიანობის დასაწყისი ეროვნულ მოძრაობას დაემთხვა. 9 აპრილის დემონსტრაციის დარბევის დროს გაშვებული გაზით მოვიწამლე, რაც ჩემს ჯანმრთელობაზეც აისახა, სხეული ვეღარ მიჰყვებოდა სულის ძახილს, მაგრამ გაკვეთილზე შევიდოდი თუ არა, სხეულს ვეღარ ვგრძნობდი. მე და ჩემმა მოსწავლეებმა მაშინ ერთმანეთი გადავარჩინეთ“. დღეს კი, სიახლეებს „ადევნებულ“ მასწავლებელს სურს, დემოკრატიულ ღირებულებებზე ისეთი თაობა აღზარდოს, რომელთაც „ისეთი მორჩილების სწამდეთ, სადაც გონებაა უფალი“.

☑️ ქალბატონო ნანა, საკმაოდ რთულ პერიოდში დაიწყეთ სკოლაში მუშაობა, რა გავლენა იქონია ამ მძიმე წლებმა შემდგომში თქვენს პროფესიულ კარიერაზე?

🔳 ჩემთვის ბავშვობა არ მიეკუთვნება კარგ მოგონებათა რიგს. დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ სკოლის შეცვლა მომიწია, მოგეხსენებათ, ეს თვითშეფასებაზე აისახება და მოზარდისთვის სტრესულია. ამას ისიც დაემატა, რომ მატერიალურად გვიჭირდა. ძალიან მჭირდებოდა ამ დროს სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერა, მაგრამ მათ თავიანთი ფავორიტები ჰყავდათ სოციალურად პრესტიჟული ოჯახებიდან, ჩემ მიმართ ვინ გამოიჩენდა ინტერესსა და ყურადღებას.

სასწავლო მენეჯმენტის სტრატეგიისა და თითოეული აქტივობის განუყოფელი ნაწილი მოსწავლეზე ზრუნვა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ღირსების შემლახველ გარემოში ერთმანეთისგან ვერ მიჯნავდნენ შეფასებასა და შეურაცხყოფას. მიკვირს, როგორ გავუძელი პირქუშ რეალობას, არ მივეცი ჩემი მართვის საშუალება, აგრესიისა და დაჩაგვრის ობიექტად ქცევის უფლება.

შესაძლოა, უკეთესი ადამიანი ვყოფილიყავი, უფრო მზრუნველი, უსაფრთხო და სამართლიანი გარემო რომ მქონოდა. ბევრი შრომა დამჭირდა ხასიათის კორექციისთვის.

სასკოლო გარემოს შეცვლის სურვილმა გადამაწყვეტინა, გავმხდარიყავი მასწავლებელი, რომელიც კედლებს კი არ ააგებდა, არამედ მოსწავლეებთან ერთად დაანგრევდა.

22 წლის ვიყავი, როცა პირველი გაკვეთილი ჩავატარე. მივხვდი, ეს იყო ჩემი საქმე, დღემდე რომ არავისნაირი გატაცებით მიყვარს. ვიცოდი, როგორი არ უნდა ვყოფილიყავი (სკოლამ ეს გამოცდილება დამიტოვა), როგორიც მინდოდა გავმხდარიყავი, ამისთვის ბევრი უნდა მეშრომა.

☑️ რა გამოწვევები იყო მაშინ და დღეს რა გამოწვევებს ხედავთ სკოლაში?

🔳 როცა მუშაობა დავიწყე, სწავლის პროცესი არ იყო აქტიური, ძირითადად, მეხსიერებას ეფუძნებოდა, ცოდნის მთავარ წყაროდ კი მასწავლებელი მოიაზრებოდა, რომელსაც მხოლოდ ინფორმაციული უზრუნველყოფა ევალებოდა და არა სააზროვნო უნარების განვითარება. მოსწავლეს არ ჰქონდა არჩევნის შესაძლებლობა, ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები სასწავლო სტრატეგიებსა თუ წახალისების ფორმებში არ აისახებოდა. არც შეცდომის დაშვების უფლება ჰქონდა, მთავარ მიზნად სხვებთან შეჯიბრებას უსახავდნენ. მუდამ „ფრიადოსნობისკენ“ მისწრაფება მძიმე ტვირთად აწვა ბავშვებს და წნეხის ქვეშ ამყოფებდა.

მასწავლებლის ავტორიტეტი, ძირითადად, ტრადიციული ან ბიუროკრატიული იყო. ხშირად, ის არ აღიქმებოდა ჩვეულებრივ ადამიანად, რომელსაც ჰქონდა ბავშვობა, უშვებდა შეცდომებს, უყვარდა გულის გადატრიალებამდე, ეცემოდა და დგებოდა… მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ბარიერი იყო აღმართული, ვფიქრობ, ეს გადავლახე, მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთმანეთის სივრცეს მივაგენით. მათთან ერთად ვმოგზაურობდი, ვთამაშობდი, დავდიოდი ლაშქრობაზე, ვუყურებდი ფილმებს, ვესწრებოდი სპექტაკლებს, ვუსმენდი მათ საყვარელ მუსიკას, ვკამათობდით, ვეხმარებოდი კონფლიქტების მოგვარებაში, „მშვენიერი უთანხმოებაც“ გვქონდა.

კიდევ ერთ გამოწვევად ისიც მახსენდება, რომ მასწავლებელი ანტიგმირად უფრო მიაჩნდათ, ვიდრე ქცევის მოდელად. მოზარდების ავტორიტეტები კრიმინალური სამყაროს წევრები იყვნენ, სამოქალაქო ღირებულებები თითქმის არ არსებობდა, სახელმწიფო ინსტიტუციებს ნდობა არ გააჩნდათ და კვაზიავტორიტეტების ფსევდოსამართალი უფრო პოპულარული იყო. როცა მუშაობა დავიწყე, მთელი არსებით ვებრძოდი ამ მახინჯ აზროვნებას, არ მინდოდა, ცხოვრების ეს წესი რაიმე ქმედებით წახალისებული ყოფილიყო.

ჩემს არც ერთ მოსწავლეს ეს „გზა“ არ აურჩევია, ამით ვარ ბედნიერი.

რაც შეეხება დღევანდელობას, როგორც ფრომი ამბობს, ჩვენს დროში გამოწერილია არა მხოლოდ დავალებები, შესრულების მანერა და სიჩქარე, არამედ გრძნობებიც. მეშინია, პედაგოგი არ გახდეს ბიუროკრატიული აპარატის ნაწილი, არ დაკარგოს ინიციატივა, შემოქმედებითობა. განრიგით გაწერილმა ყველა ქმედებამ „რუტინის ბადეში არ გამოამწყვდიოს“.

☑️ რა არის თქვენი პედაგოგიური ხელწერა, რაც გამოგარჩევთ?

🔳 ავტორიტარული სწავლების სტილი მასწავლებლის ფასეულობებზე მეტყველებს. დემოკრატიული ღირებულებების მასწავლებელი ყურადღებიანი, თბილი, მზრუნველია, მოსწავლისთვის სამართლიან, ღირსებისა და უფლებების დამცველ გარემოს ქმნის. ჩემთვის თითოეული მოსწავლე განსაკუთრებული, განუმეორებელი, „თავისთავადი კოსმოსია“.

სწავლების პროცესში გავზარდე არაფორმალური განათლების წილი. კლუბურმა მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეების თავისუფალ, განსხვავებულ და დამოუკიდებელ აზროვნებას; მოეხსნათ შეფასების (განმსაზღვრელი შეფასების) კომპლექსი, გახდნენ უფრო მეტად გულახდილი ურთიერთობაში და პედაგოგებთან თანამშრომლობა დაიწყეს.

სკოლა თავადაც უნდა ეძებდეს ალტერნატიულ გზებს მოსწავლეებისთვის წამახალისებელი, კომფორტული, მოტივირებული გარემოს შესაქმნელად, სწორედ ამ მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობ, როგორც კლასგარეშე მუშაობის კოორდინატორი, სხვადასხვა ორგანიზაციასა და ფონდთან. შევიმუშავე მოსწავლეთა და მასწავლებელთა წახალისების ფორმები და ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, ჩემი ორგანიზატორობით, სკოლის ძლიერი გუნდის მხარდაჭერით, ვაწყობთ შემოქმედებით საღამო-დაჯილდოებას, სასწავლო წელს ვაჯამებთ, მედიას ვიწვევთ, სკოლის ცხოვრების ამსახველ გაზეთს ვუშვებთ.

ამ დღეს დღესასწაულად უქცევენ ბავშვებს ზურაბ გორგილაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დირექტორი ვლადიმერ მახარაძე, ქუთაისის საპატიო მოქალაქე მერაბ კვიცარიძე (რომელიც შეუძლებელს აკეთებს სკოლისთვის, სად გადის მისი ქველმოქმედების ზღვარი არ ვიცით), პოეტი ბელა ქებურია, მეცენატები – ჯონი ბარამიძე, რამაზ მსახურაძე, ერკეთის დედათა მონასტერი, ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდი და ა.შ.

ფაქტობრივად, მშობლებსა და საზოგადოებას სკოლის საქმიანობის შესახებ ვაბარებთ ანგარიშს, ვიძენთ ახალ მეგობრებს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემმა მოსწავლემ დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი, რომლის დირექტორი ვარ, მიზანია ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა, უკვე არაერთ ახალგაზრდას გავუწიეთ დახმარება.

ჩემი პედაგოგიური საქმიანობის მიზანი საკუთარ სულის ძახილს აყოლილი მეტი ბავშვია, რომელიც ზოგჯერ დინების საწინააღმდეგოდ გაცურავს, მშვენიერ, აღტაცებულ, „გიჟურ ლტოლვას“ „ვირების მესიაზე“ არ გაცვლის. კლდიაშვილის პერსონაჟივით ეზოდან იმიტომ კი არ გადმოვა, რომ ძმა არ დაიბადოს, არამედ მოძმე იყოს, კვალი დატოვოს, გადაუფრინოს გუგულის ბუდეს, თავისი წილი აღმართი, ბარბაცით, მაგრამ მაინც აიაროს და ახსოვდეს, რომ გზაზე ყოველთვის ერთი კაცი მიდის.

☑️ ზოგადად, რას ნიშნავს იყო კარგი მასწავლებელირას იტევს ეს ფრაზა?

🔳 კარგი მასწავლებელი უნდა იყოს ქარიზმატული, დახვეწილი საკომუნიკაციო უნარებით, ინტერაქციული სტილით, პროფესიონალიზმით გამორჩეული, მუდამ თანამედროვე, ღრმა რეფლექსიის აქტიური მოქალაქე, გაბედული, მოსწავლის ინტერესებისა და უფლებების დამცველი.

არასოდეს დამავიწყდება ქართულის მასწავლებლის, მანანა ანთიძის უკომპრომისობა, როცა განათლების განყოფილებამ ჩემთვის ნიშნის დაკლება მოსთხოვა, რადგან გვადი ბიგვა გავაკრიტიკე. მასწავლებელმა ჩემი დაცვით თავისი კარიერა რისკის ქვეშ დააყენა.

☑️ ამ გადმოსახედიდან, როგორი იყო გზა, რომელიცღემდე გაიარეთ?

🔳 რთული გზა გავიარე.

ჩემი პედაგოგიური საქმიანობის დასაწყისი ეროვნულ მოძრაობას დაემთხვა, 9 აპრილის დემონსტრაციის დარბევის დროს გაშვებული გაზით მოვიწამლე, რაც ჩემს ჯანმრთელობაზეც აისახა, სხეული ვეღარ  მიჰყვებოდა სულის ძახილს, მაგრამ გაკვეთილზე შევიდოდი თუ არა, სხეულს ვეღარ ვგრძნობდი. მე და ჩემმა მოსწავლეებმა მაშინ ერთმანეთი გადავარჩინეთ. არ იყო შუქი, ტრანსპორტი, 12 კილომეტრს ფეხით გავდიოდი, ხელფასები იყო გაყინული. მგონი, ადამიანებადაც არ აღგვიქვამდნენ.

1989 წელს, ჩოხატაურში, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა გიმნაზია დააფუძნა, ახალგაზრდა მასწავლებლები მიგვიწვია, რათა დავპირისპირებოდით საბჭოთა საგანმანათლებლო პოლიტიკას, ამ სკოლის პედაგოგები ჩემთვის დღემდე გმირებად რჩებიან: გია ჩხიკვიშვილი – დიდ რეფორმატორად; მანანა ჯინჭარაძე – იმ დირექტორად, რომელმაც, როგორც მასწავლებელს, თვითშეფასება ამიმაღლა.

2008 წლიდან სამრევლო სკოლაში ვასწავლი. მასწავლებლის ორივე გამოცდა პირველივე წელს ჩავაბარე (10 000-დან მაშინ 2000-მა ჩააბარა). სახელფასო დანამატს კი მხოლოდ ორი წელია ვიღებ, სამრევლოს პედაგოგებს არც სამედიცინო დაზღვევა გვაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი იდეალიზმი უბერებლობის ნიშნითაა დაბადებული, ამიტომ არსად მივდივარ. ვფიქრობ, ამ ტიპის სკოლას უფრო ვჭირდები, რადგან არასოდეს ყოფილა ქრისტიანობა ასეთი ვულგარიზებული, უმეცრების ბნელით შემოსილი, პირადი, ვიწრო თვალსაწიერით შემოფარგლული. ღმერთი კი არის სიკეთე, მაგრამ გააჩნია ადამიანი რას ეძახის სიკეთეს და მინდა ჩემს მოსწავლეებს ამ ფასეულობებზე სწორი წარმოდგენა შევუქმნა, ისეთი მორჩილების სწამდეთ, სადაც გონებაა უფალი.

☑️ ერთერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ იმპერატიული სტილი ინტერაქციულით ჩაანაცვლეთ. როგორია თქვენი გაკვეთილები?

🔳 ლიტერატურულ ტექსტებზე მსჯელობა ცოცხალი პროცესი უნდა იყოს და არ ემსახურებოდეს „მორალური გაიდლაინების“ მიცემას, მით უმეტეს, მორალური ნორმების აღქმა ინდივიდუალური პროცესია.

მწერლებისა და პერსონაჟების დემითოლოგიზება, ყალბ პათეტიკაზე უარის თქმა, „ნეკროლოგიური მადლიერებისაგან“ ათავისუფლებს მკითხველს, ტექსტს არ აკარგვინებს აქტუალობას, ხოლო მოსწავლე კრიტიკულად და შემოქმედებითად აზროვნებს.

მოსწავლეებთან ერთად, ტექსტების ახლებურად წაკითხვა დავიწყე. რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სტრატეგიების გამოყენებას. პრობლემის შეფასებას სხვადასხვა პოზიციიდან, მოსწავლეები იწყებენ ფიქრს, რა ხერხებით გამოკვეთს ავტორი პერსონაჟების თავისებურებებს, არსებობს თუ არა ინტერტექსტუალური კავშირი, სად და როდის იჩენს თავს კონფლიქტი, რა ღირებულებები უპირისპირდება ერთმანეთს, რომელი პოზიცია იმარჯვებს, მარცხს რა განაპირობებს, პერსონაჟის ქცევის მოტივები რა არის.

რამდენად არის რეალური ისტორიული ფონი ფიქციურ რეალობაში ინტეგრირებული, რამდენად და რა ასპექტშია დღეს აქტუალური ნაწარმოების კონფლიქტი. ასევე მნიშვნელოვანია, შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს პრობლემის შეფასება სხვადასხვა ისტორიულ, სოციოკულტურულ, რელიგიურ კონტექსტში, ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემის საკუთარ გამოცდილებასთან დაკავშირება და ა.შ. ასეთი მიდგომა საგაკვეთილო პროცესს უფრო საინტერესოს ხდის.

☑️ რა არის ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ნომერ პირველი პრობლემა, რის გამოსწორებასაც ისურვებდით პირველ რიგში?

🔳 ხშირად ავიწყდებათ, რომ განათლება უფლებაა და არა პრივილეგია, ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მგონია. ბინის ქირა, საყოფაცხოვრებო ხარჯები, სწავლის საფასური მძიმე ტვირთად აწვება რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს. პარადოქსია, რომ ჩვენს დროში მათი ენერგია განათლების უფლებისთვის ბრძოლაში იხარჯება. ეს პრობლემა ჩემს მოსწავლეებსაც შეეხო და აქტიურად არიან ამ პროცესში ჩართული. გარდა ხელმისაწვდომობისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ხარისხი და თავად განათლების მნიშვნელობის გააზრებაც კი, რადგან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი ამ ცნებას მხოლოდ სარფიანი დასაქმების სინონიმად წარმოაჩენს. არასწორი ინტერპრეტირების გამო, სტუდენტი ზოგჯერ იმედგაცრუებული რჩება და იაზრებს, რომ პროფესიული განათლება უფრო მეტად დაეხმარებოდა ეკონომიკური საყრდენის შექმნაში, ვიდრე, მაგალითად, იურისტის დიპლომი. ამიტომ, ვფიქრობ, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაციას.

☑️ რა ახალ შესაძლებლობას გააჩენს ეროვნულ ჯილდოში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?

🔳 კონკურსში მონაწილეობამ უკვე შემძინა გამოცდილება, ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანთან ურთიერთობის პატივი მქონდა, ათეულის სხვა წევრებს პირადად ჯერ კიდევ არ ვიცნობ, თუმცა თვალს ვადევნებ მედიასაშუალებებით, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან და მოუთმენლად ველი მათთან შეხვედრას. 2022 წლის „ათეულის კლუბი“, ვფიქრობ, ნაყოფიერი თანამშრომლობის საშუალებას მომცემს.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები