20 მაისი, ორშაბათი, 2024

ჩემი მასწავლებელი

spot_img

უეცრად გამეღვიძა, თითქოს ცივი წყალი გადამასხა ვიღაცამ. შიშმა ჭერს მიმაჯაჭვა, მზერა გამეყინა. გვიან გავაცნობიერე , რომ სკოლაში წასასვლელი ვარ. ტელეფონს გადავწვდი, ერთი საათი მქონდა მოსამზადებლად. ცოტა კიდევ დავიცადე.  ჩავუსაფრდი მოსალოდნელ განცდებს. მხოლოდ ერთი საათი და ჩემი ოთახიდან საკლასო ოთახში აღმოვჩნდები. ამ ფიქრმა სუნთქვა შემიკიდა, გული ამიჩქარა, დამდორებული სისხლი აამოძრავა. უეცრად დალაგდა საფიქრალიც და საკეთებელიც. თითქოს ყველა დიდი მასწავლებელი ერთად გამომეცხადა და დამმოძღვრა:

„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო.

ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?“

ამ კითხვებზე პასუხი, ჩემი ძვირფასი მასწავლებლის დახმარებით, ვიპოვე. არ ვიცი, როგორ უნდა გადმოვცე სიტყვებით მადლიერება და პატივისცემა, რომელსაც მის მიმართ ვგრძნობ. სკოლაში ფეხის შედგმა და ამ საყვარელი ადამიანის დანახვაც კი ჩემთვის ბედნიერი დღის დასაწყისის  საწინდარია. მისი თვალები ისეთ სითბოსა და სიყვარულს იტევს, შეუძლებელია ეს მყისიერად ვერ იგრძნო. ჩემი მასწავლებელი ჩემი იმედია, ჩემი ნათელი წერტილია, სინათლეა უკუნში. ის არის პიროვნება, რომელმაც მე „ფეხზე დგომა“  მასწავლა. ჩემი მრავალი სასიამოვნო მოგონება სწორედ მას უკავშირდება. მუდამ მემახსოვრება მისი სიამაყითა და სიხარულით გაცისკროვნებული თვალები, თუმცა სულ ასე როდია?! ზოგჯერ საქმიანი კამათი და პოლემიკა ყოფილა ჩვენ შორის. მთავარი კი ისაა, რომ ჩემს წარმატებებში „ლომის წილი“ სწორედ  მისია. ჩემი ყველა გრძნობა მისდამი წრფელი და უშუალოა. იგი არ ქმნის ჩარჩოებს, იძლევა შესაძლებლობებს და მიძღვნის საკუთარ თავს, როგორც რესურსს, რომლის „გამოყენებაც“ წარმატების გარანტია. ასეთია ჩემი საყვარელი მასწავლებელი. გაგება და მხარდაჭერა არასდროს მაკლდა, არც ჩახუტება და კოცნა. თითქოს ყველგან ვგრძნობ მის თბილ ხელს, ჩემს ლოყებს რომ ეხება. ნეტავ, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს ეს ყველაფერი! თუმცა, მე მუდამ მემახსოვრება მისი აწეული თმები, ამაყი სიარული, მრავლისმეტყველი ღიმილი და „ორმოები“ ლოყებსა და ტუჩებს შორის, მუქი ფერის გრძელი კაბა, რომელსაც წარმოსახვაში  ისე ვეალერსები, როგორც ქარი შემოდგომის ფოთლებს. ნეტავ იცოდეთ, როგორია ჩვენი შეხვედრა დერეფანში… მის დანახვაზე კედელს ავეკვრები ხოლმე მორიდების ნიშნად .ისიც , როგორც დედა , ტკბილად შემომხედავს, თვალებში ორი ზურმუხტი აუციმციმდება, მომესალმება და ჩამივლის. ჩვენი გზები მხოლოდ სასწავლო დაწესებულებაში არ იკვეთება. ქალაქის ქუჩებშიც ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. მე  კი, როგორც ყოველთვის, სულელივით მეცინება, უცნაური და თან სასიამოვნო ემოციებით ვივსები. თუმცა, გონების ერთ კუნჭულში ყოველთვის „ანთია“ მისი მარჯვენა ხელით აწეული წითელი კალამი, რომელიც მუდამ  „მაფრთხილებს“.

თანამედროვე სამყარო, ადამიანებთან ურთიერთობის უკიდეგანო შესაძლებლობას გვაძლევს. ციფრული ტექნოლოგიებით ხშირად გვისაუბრია ერთმანეთთან, ბევრიც გვიცინია და ურთიერთმონატრება ამით გაგვინელებია, მაგრამ ჩემი მასწავლებელი სულ სხვაა საკლასო ოთახში. მე მისი სახით ერთი ძლიერი და ღირსეული მეგობარი შევიძინე. რა თქმა უნდა, საინტერესოა ცოდნის დაუფლების პროცესი, მაგრამ ჩემთვის ბევრად ფასეული ადამიანური ურთიერთობებია. ამიტომ მუდამ მემახსოვრება ჩემი მასწავლებელი, როგორც გზამკვლევი წარმატებისა და მაგალითი წრფელი ურთიერთობებისა.

კრიალოსანივით იკინძება სასკოლო ცხოვრების ყოველი დღე. დრო მიექანება უბელო რაშივით, ყურში კი ჩემი მასწავლებლის სიტყვები ჩამესმის: „დროს ფაფარში ჩაეჭიდე, არ ჩამორჩე , მისი სიჩქარით უნდა გაქანდე, რადგან დაკარგულ დროს ვერ დაიბრუნებ!“ მე არ დავკარგავ დროს და გავამრავლებ  სიყვარულს, ცოდნასა და სიკეთეს, „საუკუნო საგზლად“ რომ მიმაქვს ცხოვრების გზაზე, ჩემო ძვირფასო მასწავლებელო.

მარიამ პერანიძე

შპს ,,მზეკაბანი 2007-ის მე-12 კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები