5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ჩემი გამოცდილება კლუბის მუშაობასთან დაკავშირებით

spot_img

მაგული ჯინჭარაძე
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქობულეთისა და სოფ. აჭყვისთავის საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი

 

 

 

არაფორმალური განათლება, ფორმალურ განათლებასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსწავლეთა სწავლა-სწავლების პროცესში. იგი უზრუნველყოფს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას არა მხოლოდ აკადემიური ცოდნის, არამედ პიროვნული, სოციალური და პრაქტიკული უნარების, კერძოდ, თანამშრომლობის, კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის, ემპათიის, გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების უნარების გამომუშავების მიმართულებით.

არაფორმალური განათლების ერთ-ერთი გამოხატულებაა საკლუბო მუშაობა . კლუბებში მოსწავლეები სურვილისა და ინტერესების მიხედვით ერთიანდებიან და ხდება, ერთი მხრივ, მათი სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება და, მეორე მხრივ, თემის, საზოგადოების გაუმჯობესება, რადგან ბევრი კლუბი ჩართულია საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახურში

სკოლებში იქმნება ეკოკლუბები, ანუ გარემოსდაცვითი კლუბები, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეებისა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და მდგრადობის ხელშეწყობაში.

საქართველოში ეკოკლუბები ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ერთიანდება, მაგრამ „პროექტი არა მხოლოდ გამორჩეული ეკოკლუბების, ცალკეული მასწავლებლებისა თუ მოსწავლეების გამოვლენისა და დაჯილდოების შესაძლებლობას იძლევა, არამედ არის სკოლებისათვის ახალი შესაძლებლობების, ცოდნის მიღებისა და გაზიარების, პიროვნული ზრდისა და ორგანიზაციული განვითარების უწყვეტი პროცესი“ ვკითხულობთ პროექტის მთავარ გვერდზე.

კონკურსის მთავარი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია გაეროს მიერ 2015 წელს შექმნილი გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, რომელიც 2030 წლამდე განვითარების გეგმას მოიცავს და დაანახოს მათ, რომ საკუთარი ხელითაც შეიძლება ცვლილებების განხორციელება, ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად. კონკურსში ჩართული პირები თავად ხდებიან მდგრადი განვითარების პროცესის მონაწილეები.

ამ კონკურსის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლაში, ჩამოვაყალიბე კლუბი ბუნების მცველები, რომელშიც გაერთიანებული იყო 10 მოსწავლე. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში.

♦ როგორ გაჩნდა კლუბის ჩამოყალიბების იდეა?

ეკოკლუბის შექმნის იდეა გაჩნდა ქიმიის გაკვეთილზე, როდესაც თემატურად შევეხეთ ბუნების დაცვისა და გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საკითხებს. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, უფრო მეტი გაეკეთებინათ გარემოს დაცვის კუთხით, რის საშუალებასაც არ იძლეოდა საგაკვეთილო დრო. გაჩნდა კლუბის შექმნის იდეა.

♦ პირველ რიგში, საჭირო იყო ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, როგორიცაა:

◊ მიზნის დასახვა;

◊ კლუბის წესდების გაცნობა;

◊ მოსწავლეთა გაწევრიანება განცხადების საფუძველზე;

◊ მშობელთა ინფორმირება;

◊ კლუბის წევრების მიერ სახელწოდების, დევიზის, ლოგოს შემუშავება;

◊ კლუბის ლიდერის არჩევა;

◊ კლუბის დარეგისტრირება პორტალზე;

◊ კლუბის განრიგისა და განსახორციელებელი აქტივობების დაგეგმვა;

◊ სამუშაო გეგმის შედგენა.

♦ ეკოკლუბის შექმნის მიზანი

◊ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში;

◊ გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, აგრეთვე ადამიანთა მიმართ სოლიდარობისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება;

◊ მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა პროექტში.

მოსწავლეებს გავაცანი კლუბის წესდება, კლუბში გაწევრიანება მოხდა განცხადების საფუძველზე. კლუბის წევრებმა შეიმუშავეს კლუბის სახელწოდება, დევიზი და კლუბის ლოგო, ერთობლივად შევადგინეთ სამუშაო გეგმა და დავსახეთ განსახორციელებელი აქტივობები.

კლუბმა თავისი აქტივობები გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად დაგეგმა და განახორციელა, კლუბის წევრები შეეცადნენ, თითქმის ყველა მიზნის განხორციელებაში მიეღოთ  მონაწილეობა, სკოლისა და ზოგადად, თემის შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ეკოკლუბში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებით მოსწავლეებს სულ სხვა უნარები და ხედვა ჩამოუყალიბდათ, შეიძინეს ისეთი უნარები, როგორიცაა გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, აგრეთვე, ადამიანთა მიმართ სოლიდარობისა და თანამშრომლობის უნარი.

გარემოს დაცვა და გარემოზე ზრუნვა კლუბის წევრებისთვის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ისინი უფრთხილდებოდნენ ბუნებას და აკვირდებოდნენ ირგვლივ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო გარემოს დაბინძურება და ეს უარყოფითად არ ასახულიყო კლიმატზე.

კლუბის მუშაობა დადებითად აისახა თემზე. კერძოდ, გარკვეულწილად, ამაღლდა მოსახლეობის ცნობიერება სხვადასხვა საკითხებში. კლუბის წევრებს ჰქონდათ შეხვედრები მოსახლეობასთან, გადასცეს საინფორმაციო ბუკლეტები. აგრეთვე, შექმნეს საინფორმაციო პლაკატები თუ კედლის პოსტერები და გააკრეს ყველგან, თვალსაჩინო ადგილებზე, რითაც მოახდინეს საზოგადოების ინფორმირება.

კლუბმა, მუშაობის ერთი წლის მანძილზე, 40-მდე აქტივობა განახორციელა და დააგროვა 960 ქულა, რითაც გადალახა კონკურსის პირველი ეტაპი და აჭარის რეგიონში, ნახევარფინალურ ტურში, მესამე ადგილი მოიპოვა. გადმოგვეცა სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.

ამრიგად, არაფორმალურ განათლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოზარდების ისეთი სოციალური უნარების განვითარებაში, როგორიცაა: ანალიტიკური და კრიტიკული, ესთეტიკური და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება და პრობლემის გადაჭრის უნარი; გარდა ამისა, კლუბში მუშაობით, მოსწავლეებს აუმაღლდათ ეკოცნობიერება, უფრო მეტი შეიტყვეს გარემოსდაცვითი აქტივობების შესახებ. კლუბის მუშაობამ, გარკვეულწილად, შეცვალა სკოლის, თემის და, ზოგადად, მოსახლეობის ცნობიერება ამ კუთხით. მათ დაინახეს, რომ ამ პროექტის მიზნების მიღწევაში დიდია მოსწავლეთა როლი, ასევე თვითონაც შეუძლიათ იბრძოლონ ბუნებრივი თუ სოციალური გარემოს შესაცვლელად და გასაუმჯობესებლად.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები