რუბრიკის “ქართველი სტუდენტები უცხოეთში” პირველი სტუმარია აბუ დაბის უნივერსიტეტის სტუდენტი ოთარ კახიძე
? ოთარ, შენ შესახებ საუბარი დავიწყოთ თავიდან. სწავლობდი თბილისში, შემდეგ სასწავლებლად გაემგზავრე დიდ ბრიტანეთში. მიამბე, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
გამიმართლა, რომ თბილისის 50-ე სკოლაში ვსწავლობდი. ეს სკოლა პომპეზურობით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ იქ დღემდე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებლები ასწავლიან. განათლება, რომელიც თბილისში მივიღე და აკადემიური დისციპლინა, რომელიც ჩემმა მასწავლებლებმა ჩამომიყალიბეს, დღემდე საუკეთესოდ მახსენდება — აღარაფერს ვამბობ მათ ენთუზიაზმზე…
მე-11 კლასის დასრულების შემდგომ ჩემი მონაცემები გავაგზავნე შოტლანდიის სტრასალლანის სკოლა-პანსიონში. დაინტერესდნენ, რამდენიმე ტესტი და ესსე გადმომიგზავნეს დასაწერად… მოეწონათ და მიმიყეს მოწვევა მომივიდა. შოტლანდიის ერთ-ერთ წამყვან სკოლა-პანსიონში, სტრასალლანში 2 წლის განმავლობაში ვსწავლობდი, თან სრული დაფინანსებით. ეს ჩემთვის სრულიად ახალი რამ იყო, ძალიან განსხვავებული წინა აკადემიური გამოცდილებიდან. ფანტასტიკური სასწავლო გარემო, განსხვავებულ მიზნებზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა, სკოლა ყველანაირად ცდილობდა თითოეული მოსწავლის შესაძლებლობის გამოყენებას, რაშიც მოსწავლე გარკვეულ ტალანტს გამოავლენდა, არ აქვს მნიშვნელობა სპორტული იქნებოდა ეს, მუსიკალური თუ აკადემიური…
სტრასალლანის სკოლის დასრულების შემდგომ კი აბუ დაბიში გავაგრძელე უმაღლესი განათლება.
? როგორ ირიცხებიან აბიტურიენტები აბუ დაბის უნივერსიტეტში, საზღვარგარეთ ხომ ყველა უმაღლესი სასწავლებელი თვითონ ადგენს მიღების საკუთარ სტანდარტს?
ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, აბუ დაბის ადმინისტრაცია, თავადვე ადგენს მიღების სტანდარტებს. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტმა პირველი ნაკადი ორი წლის წინ მიიღო, სტატისტიკურად ეს მსოფლიოში ყველაზე შერჩევითი უნივერსიტეტია. აქ აბიტურიენტთა მხოლოდ 1-2 პროცენტს იღებენ ყოველწლიურად, რაც მსოფლიოს წამყვან ხუთეულზე რამდენიმე პროცენტით ნაკლებია. ჩემი აქ მიღება უცნაურად მოხდა, რადგან თავდაპირველად არც მქონდა რაიმე ინფორმაცია ამ წამოწყების შესახებ. თუმცა, აპლიკაცია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტისთვის უკვე გაგზავნილი მქონდა. პირველი ორი ნაკადის ბავშვები თავად უნივერსიტეტმა მოძებნა, თავისი გლობალური ქსელის მეშვეობით. ძირითადად, დაკავშირება ხდებოდა ინგლისურენოვანი ქვეყნების საუკეთესო სკოლების ადმინისტრაციებთან და შემდეგ თვითონ სკოლები ახდენდნენ ერთი მოსწავლის ნომინირებას. როდესაც ჩემმა დირექტორმა მითხრა, რომ მას ემირატებიდან ნიუ-იორკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და ჩემზე ჰქონდათ საუბარი, ძალიან გამიკვირდა. თავიდან შეცდომა მეგონა, თუმცა, დირექტორის ძალიან კარგი რეკომენდაციის გამო, რამდენიმე კვირაში მივიღე მოწვევა ღია კარის დღეზე გასამგაზვრებლად.
ღია კარის დღეზე 200 აპლიკანტი ჩაგვაფრინეს აბუ დაბიში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. თავიდანვე გვითხრეს, რომ ამ 200 აპლიკანტიდან ძალიან მაღალი შანსი იყო უნივერსიტეტში მიღების, რადგან ჩვენ რამდენიმე ათასიდან ვიყავით შერჩეულები. ღია კარის დღეზეც გრძელდებოდა შერჩევის პროცესი. გვქონდა გასაუბრებები ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორებთან. რამდენიმე ნობელის პრემიის ლაურეატიც იყო თავის დარგში. ერთ-ერთ ღია კარის დღეზე რამდენიმეს ჰქონდა ბედნიერება ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ ბრაუნთან ინტერვიუსი, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების კათედრის საპატიო პროფესორია. თითოეული ჩვენგანი შეხვდა ჯონ სექსტონს, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გლობალური ქსელის პრეზიდენტს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ ჩამოდის აბუ დაბიში ნიუ-იორკიდან, რომ თავის კურსზე — „რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა“ ლექცია წაიკითხოს. არ შეიძლება, ამ პიროვნებამ თავი რომ არ დაგამახსოვროთ თავისი უშუალობით და საჯარო მეტყველების უნიკალური ნიჭით. გამიმართლა, პირველივე წელს მის კლასში რომ მოვხვდი და მის ლექციებს ვუსმენ. ჯონი (ყველა სტუდენტი ასე მიმართავს) მსოფლიოში ერთადერთი უნივერსიტეტის პრეზიდენტია, რომელიც პროფესორის სრულ განაკვეთზე ასწავლის.
? გვიამბე აბუ დაბის უნივერსიტეტის შესახებ
იდეა უნივერსიტეტის დაარსებისა 5 წლის წინ გაჩნდა და ის ჯონ სექსტონს ეკუთვნის. ნიუ-იორკის უნივერსიტეტმა მსოფლიოში პირველმა მოახდინა გლობალური დივერსიფიცირება და კვლევითი ცენტრების ქსელი ჩამოყალიბდა ლონდონში, განაში, პარიზში, თელ-ავივში, ბუენოს-აირესში, სიდნეიში, შანხაიში, პრაღასა და ბერლინში. თუმცა ეს ცენტრები მოქმედებდნენ ნიუ-იორკის სტუდენტებისთვის და აპლიკაციებს არ იღებდნენ. აბუ დაბი კი მეორე „კარიბჭეა“ ამ ქსელისა, სადაც ახალი ნაკადის მიღება ხდება. პროექტს მთლიანად აფინანსებს აბუ დაბის სამეფო პრინცი შეიხი მუჰამედი, საქვეყნოდ ცნობილი თავისი გულუხვობითა და ქველმოქმედებით. უნივერსიტეტის შექმნის მიზანია მომავლის ლიდერების თავმოყრა და კულტურული ურთიერთგაგების გაღრმავება, რაც ნამდვილად შესაძლებელია განათლებით.
ჩვენი კურიკულუმიცა და სილაბუსიც ტიპურ ოთხწლიან ამერიკულ „Liberal Arts“ სისტემაზეა დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებულობა ამ უნივერსიტეტისა აკადემიური ინოვაციითა და სრულიად რევოლუციური მიდგომებით გამოიხატება. დღემდე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს ამ ორიდან ერთ-ერთი პრიორიტეტი აქვთ: ვიწრო/ღრმა განათლება (ე.წ. კვლევითი უნივერსიტეტები) და ფართო განათლება (ლიბერალური განათლების კოლეჯები). ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ დაბის კამპუსში ხდება ამ ორი მიდგომის გარკვეული კომბინირება და წარმოდგენილია მიდგომა, რომელსაც სიმბოლურად „ლათინური T-ტიპის განათლებას“ ეძახიან, ანუ ძლიერი ზოგადი განათლება (ჰორიზონტალური ხაზი) და ერთ-ერთ სფეროში სიღრმე (ვერტიკალი). ყველა სტუდენტი ვალდებულია, სწავლის დამთავრებამდე დაწეროს დისერტაცია/კვლევა, რომლის შედეგიც იმ სპეციფიკურ სფეროში კურსდამთავრებულის მსოფლიო დონის ექსპერტობა იქნება. აგრეთვე პროფესიის გარდა, 8 კურსი უნდა აირჩეს ზოგადი კურიკულუმიდან. უნივერსიტეტი თავისი რესურსებით (მსოფლიოს ყველა დასახლებულ კონტინენტზე, კვლევით ცენტრებში სტუდენტების რამდენიმე სემესტრით გაგზავნის შესაძლებლობა) ყველანაირად ხელს უწყობს ამ პროცესს.
რამდენიმე წელიწადში უნივერსიტეტი მთლიანად გადაინაცვლებს ხელოვნურად გაშენებულ კუნძულზე, სადაც სრულად დაიწყებს დატვირთვას. სადი’ას კუნძული აბუ დაბის სტრატეგიული განვითარების გეგმის ნაწილია, რომლის ერთ-ერთი მიმართულება მსოფლიოს კულტურული და საგანმანათლებლო ქალაქის შექმნას გულისხმობს. 2020 წლისთვის უნივერსიტეტის კამპუსთან იქნება ლუვრი, გუგენჰაიმი და ბრიტიშ მუზეუმ აბუ დაბიც. ყველა მოუთმენლად ველით ახალ კუნძულზე გადასვლას.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქ თავმოყრილი საზოგადოებაა. უნიჭიერესი სტუდენტები პლანეტის ყველა კუთხიდან თავიანთი კულტურითა და ისტორიებით, გამოკვეთილი ინდივიდუალები, არაჩვეულებრივი პროფესორები, აკადემიური თავისუფლება, ახლო აღმოსავლეთის ეგზოტიკა…
? ზოგადად, რა შეგიძლია მიამბო აბუ დაბის განათლების სისტემაზე
მართალი გითხრათ, ბევრს ვერ გეტყვით აბუ დაბის განათლების სისტემაზე, რადგან ჩვენ არ ვართ უშუალოდ მისი ნაწილი. საშუალო და უმაღლეს განათლებას დიდი მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან. არის ძლიერი კერძო საშუალო საგანმანათლებლო სექტორი. რამდენიმე წამყვან სკოლაში სწავლება ინგლისურად მიმდინარეობს. გაერთიანებულ საემიროებში სახელმწიფო უნივერსიტეტების გარდა არის რამდენიმე კერძო ინგლისურენოვანი უნივერსიტეტი. უკვე რამდენიმე პრესტიჟულ კერძო სკოლას ბრიტანეთსა და ამერიკაში საკუთარი ფილიალები აქვს. დიდი პოპულარობით სარგებლობს აბუ დაბი სორბონა, რომელიც ფრანგულენოვანთათვისაა, თუმცა თავისი მასშტაბით ისეთი დიდი პროექტი არაა, როგორიც ჩვენი უნივერსიტეტი.
? რა პროფესიას ეუფლები უნივერსიტეტში და სწავლობ თუ არა არაბულ ენას?
თავიდანვე ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების, კერძოდ, ეკონომიკის სწავლა მინდოდა. ჩემი ბაკალავრიც ალბათ ფილოსოფია-ეკონომიკა იქნება. ვფიქრობ, ორივე ძალიან საინტერესო და საჭირო სფეროებია და ძალიან უცნაური თანაკვეთებიც შეიძლება მოიძებნოს კვლევის თვალსაზრისით. თვითონ უნივერსიტეტის მთავარი ფილოსოფიაც ესაა: XXI საუკუნეში არ შეიძლება ფსიქოლოგიის გაგება მხოლოდ ფსიქოლოგიით, ეკონომიკისა — მხოლოდ ეკონომიკით და ა.შ.
სწავლების ენა ინგლისურია. უცხო ენებიდან მხოლოდ არაბულსა და ჩინურს ასწავლიან. არაბულს, როგორც უცხო ენას, ისე ვსწავლობ. თუმცა, ენის პროფესიულ დონეზე დაუფლების შემთხვევაში, დიდი სურვილი მაქვს რომელიმე კურსი არაბულად ავირჩიო. სასწავლო პროგრამის მოხერხებულობა ახლო აღმოსავლეთის უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობას გვაძლევს.
? სტიპენდიის შენარჩუნება რთულია?
პირველ რიგში, აქ მოხვედრა და შესაბამისად, სტიპენდიის მოპოვებაა რთული. შენარჩუნების მხრივ, თუკი მაღალი აკადემიური მაჩვენებელი არ შეინარჩუნა სტუდენტმა, მნიშვნელობა არ აქვს სტიპენდიაზეა თუ უსტიპენდიოდ, ავტომატურად ტოვებს უნივერსიტეტს. ყველა სტიპენდია უნივერსიტეტის მიერაა შემოთავაზებული.
? რა შეგიძლია გვითხრა სასწავლო პროგრამისა და ლექციების შესახებ… რამდენადაც ვიცი, უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად ცნობილ ადამიანებს იწვევენ, ვინ არიან ისინი?
უნივერსიტეტს აქვს ინსტიტუტი, რომელიც ამგვარი შეხვედრებისა და ლექციების ორგანიზებითაა დაკავებული. ხშირი სტუმრები არიან მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, პოლიტიკოსები, ხელოვნებისა და საზოგადო მოღვაწეები, ნობელის პრემიის ლაურეატები, სპორტსმენები და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები… ძალიან საინტერესო დისკუსიები იმართება აქტუალურ თემებზე.
? ოთარ, გვიამბე აბუ-დაბის ცხოვრებაზე
აბუ დაბი ძალიან მულტიკულტურული ქალაქია. ვის არ შეხვდება აქ კაცი. ადგილობრივი ემირატელები ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედს შეადგენენ, სწრაფი ეკონომიკური განვითარების ტემპისა და მაღალი მიგრაციის კოეფიციენტის გამო. დასავლეთევროპელები და ამერიკელები, ძირითადად, მენეჯმენტის სექტორში მუშაობენ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელები, ძირითადად — მშენებლობისა და სერვისის სექტორში. აგრეთვე მცირე ბიზნესში ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის წარმომადგენელია.
ცხოვრება აქ ძალიან სწრაფი ტემპით მიდის. მოსახლეობის ყველა ფენა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია. სახელმწიფოს მხარდაჭერა განუზომელია მოქალაქეთათვის, რომლებიც დიდი პრივილეგიებით სარგებლობენ. ემირატების საზოგადოებამ და კულტურამ ძალიან დამაინტერესა. საზოგადოება გვაროვნულია, ისტორიულად ბედუინების ტომური გაერთიანებებიდან იღებს სათავეს. ძალიან საინტერესოდაა შერწყმული ბედუინური ცნობიერება და ღირებულებები სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან.
ორიენტაცია აღებულია მშენებლობისა და ინვესტიციის სექტორზე. აბუ დაბი მაქსიმალურად ცდილობს ნავთობის წვლილის შემცირებას ეკონომიკაში, რაც მდგრადი განვითარების საწინდარია. ახლო მომავალში, ალბათ ეს საკითხი ყველაზე პრიორიტეტული იქნება.
ძალიან სწრაფად ვითარდება კულტურული ცხოვრება. თვე არ არის, რომ რამდენიმე ფესტივალი ან კულტურის დღეები არ იყოს დაგეგმილი. უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება გვაქვს, მოხალისეებად ვიმუშაოთ ამ ღონისძიებებზე და დავესწროთ კიდეც. მაგალითად, ამას წინათ დიდი თეატრის გასტროლები იყო, სადაც ნიკოლოზ ცისკარიძის შესრულება ვნახეთ, შემდეგ აბუ დაბის ფილმის ფესტივალი, ნოემბერში, მონადირეობის ფესტივალი, ფორმულა ერთის გრან-პრი და მრავალი სხვ.
? სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს, სპორტით თუ ხარ დაკავებული?
თავისუფალი დრო ცოტაა, მაგრამ არჩევანი, საკმაოდ დიდი. ძალიან ბევრი კლუბი და ბარია (რასაკვირველია, ალკოჰოლის გარეშე), აგრეთვე ბევრი გასართობი ადგილი, მაგალითად ხელოვნური სათხილამურო ტრასა, ატრაქციონები, ფერარის ქალაქი და ა.შ. ხშირად უნივერსიტეტის სპორტის დეპარტამენტი სტუდენტებს უფასო ტურებს სთავაზობს, დაახლოებით კვირაში ერთხელ, თუმცა ბევრი ვერ ახერხებს წასვლას სასწავლო მასალის სიდიდის გამო. სპორტიდან უნივერსიტეტისთვის ნიჩბოსნების და ცხენოსნების გუნდში მოვხვდი. აგრეთვე, დამოუკიდებლად ვთამაშობ რაგბის აბუ დაბის ადგილობრივ კლუბში. არის უამრავი კლუბი და სტუდენტთა ინტერესთა ჯგუფები, მაგალითად, დებატების კლუბი, პოეზიის, რობოტების, ასტრონომიის — ვისაც რა აინტერესებს… დრო რომ უფრო მეტი იყოს, გაცილებით უფრო მეტი რამით დავკავდებოდი.
? ოთარ, ვიცი, რომ ლექსებს წერ…
ლექსებს ახლა უფრო ნაკლებად ვწერ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად შევწყვიტე. თვითგამოხატვის ფორმებიდან პოეზია ჩემთვის უსაყვარლესია, თუმცა, ამ ბოლო დროს ბევრი ესსეს და თხზულების წერა გვიწევს კურსებისთვის, რაც იმ დანაკლისს ასე თუ ისე ავსებს, თუმცა, არც მთლიანად… უბრალოდ, იმდენი სამეცადინოა, ლექსების საწერად ვისღა სცალია. საერთოდაც, ჯერ კითხვის დროა და მერე — წერის. მინდა ახლა აღმოსავლურ პოეზიას უფრო კარგად გავეცნო. არაბულ სამყაროში პოეტები ძალიან დაფასებულები არიან. არ მეგულება მსოფლიოში მხარე, სადაც პოეზიას ასეთ პატივს სცემდნენ და ასე მნიშვნელოვნად აღიქვამდნენ. აქ ყოველწლიურად ფესტივალიც იმართება არაბულენოვანი პოეტებისთვის — „მილიონის პოეტი“, რომლის გამარჯვებულიც ჯილდოდ მილიონს იღებს შეიხისგან. აუდიტორიას იმდენად ესმის პოეზია, რომ გამომსვლელებს ტაეპის შემდეგ შეჩერება უწევთ აპლოდისმენტის გამო. ასეთი რამ საქართველოში არასდროს მინახავს.
? როგორც ვიცი, უნივერსიტეტში ეწყობა სამოგზაურო ტურები, რომელ ქვეყნებში გიწევთ წასვლა და რა მიზნით?
ძალიან ბევრი კურსი შეიცავს სამოგზაურო ტურებს და ექსპედიციებს. არის კულტურული ტურები მათთვის, ვინც ამ თემატიკაზე აირჩევს კურსს. მაგალითად, ერთ-ერთი კურსი, რომელიც ანდალუზიის ქრისტიანულ, მუსულმანურ და ებრაულ საზოგადოებას ეხება მაროკოში და ესპანეთში წასვლას ითვალისწინებს. ერთ-ერთი კურსი ურბანულ განვითარებაზე, რომელიც შეიცავს სამოგზაურო ტურებს მსოფლიოს დიდ ურბანულ ცენტრებში და ა.შ. წელიწადში ერთხელ უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს აქვს უფლება, მიუხედავად იმისა, სწავლობს თუ არა ამ კურსს, სასწავლო ჯგუფს გაჰყვეს რეგიონულ საგზურებზე. ხარჯს მთლიანად ფარავს უნივერსიტეტი.
? მომავალი როგორ გესახება, სად აპირებ დამკვიდრებას?
სამომავლოდ მსურს, სწავლა მაგისტრატურაში გავაგრძელო. ჯერ-ჯერობით არ გადამიწყვეტია რომელ უნივერსიტეტში ან რა კურსზე. მომავალი გვიჩვენებს, წინ 4 წელია. გრძელ ვადაში, რასაკვირველია, საქართველოში მსურს ცხოვრება.
? ახლო მომავალში ხომ არ აპირებ საქართველოში ჩამოსვლას?
დიახ, სტიპენდია წელიწადში ორჯერ ფარავს მგზავრობის ხარჯებს აბუ დაბისა და თბილისს შორის. თან არც ისე შორი და რთული ფრენაა, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ. სამ საათსა და ოც წუთს თბილისიდან სოფლად ჩასვლას ვუნდებით-ხოლმე…
? სწავლის პარალელურად გაქვს თუ არა მუშაობის შესაძლებლობა?
ემირატების სასწავლო ვიზა მკაცრად კრძალავს სტუდენტების ხელფასიან სამუშაოს. სამაგიეროდ, უნივერსიტეტი ყველანაირად ხელს გვიწყობს, ჩვენი პროფესიის მიხედვით სტაჟიორებად ვიმუშაოთ არა მარტო აქ, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმებსა და ორგანიზაციებში. ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი. საზაფხულოდ მეც ვგეგმავ რომელიმე პროფესორთან ან ორგანიზაციაში სტაჟიორად მუშაობას.
ესაუბრა მაკა ყიფიანი