27 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2024

შუშანიკიდან ნიმდე – სასკოლო ლიტერატურის ქალები

spot_img

არავინ იცის, საქართველოში რომელ ქალზე დაწერეს პირველად.

არც ის ვიცით, ძალიან ადრე ვინ წერდა ადამიანთა ლიტერატურულ ისტორიებს.

ამიტომ იწყება V საუკუნით.

ამიტომ იწყება შუშანიკით.

 შუშანიკი

დედოფლურ გვირგვინს ძნელად თმობენ, ძალიან ძნელად.

ის არის პირველი, ვინც მონაზვნის ძაძებში გაცვალა ძვირფასი სამოსი, ყოფა, დიდება…

ზოგჯერ იყივლებდა დედოფლური სისხლი და ძაძებს გარეთ მოირგებდა დედოფლის მოსასხამს…

ხმას აუწია.

პირველი ქალია, რომელმაც გაბედა და ქმრის პრინციპებს კუშტი მზერა ესროლა.

პირველი იყო.

პირველად დარჩა.

ძლევამოსილი ქმრის აქსესუარობიდან უფლის მხევლობამდე გზა არ იყო ადვილი…ჭრილობებით დაესერა სულიც, სხეულიც…

დედობაზე მაღლა დადგა.

გოლგოთაზე აიტანა შვილების ცოდვაც,ქმრის სისასტიკეც.

ყველასთვის ეწამა.

ქმარში ღმერთი დაიკარგა და ქმარმა დანიშნულება დაკარგა.

ამიტომ დაეყუდა შუშანიკი.

ამიტომ მოკლა საკუთარ თავში ქალი და ცოლი…

ეწამა, ცხონდა, ამაღლდა…

 თინათინი

ლამაზია, მზესავით ლამაზი და ბრძენი…

მამის ნებიერა და მისი გენეტიკის ზუსტი გამეორება.

მეფე ქალი, ძუ ლომისა…

სიყვარულშიც წინდახედული და შორსმჭვრეტელი.

 ნესტან-დარეჯანი

მომაჯადოებელი, მნათობი, თვალისმომჭრელი.

ჯოჯოხეთში გამოკეტილი სამოთხის ვარდი.

სიყვარულის მარადიული ნათება.

ოცნების ახდენის სიმბოლო.

ბედნიერების მომნიჭებელი.

ის რწმენაა, რომელსაც ვეძებთ, ვეძებთ და ვპოულობთ.

წმინდა სამების მადლით ვიხსნით ეშმაკის კლანჭებიდან და იწყება ჰარმონია და სიმშვიდე…

 ასმათი

ყველა დროის ყველაზე ერთგული ქალი-მეგობარი…

რაღაცნაირად მონაზონს ჰგავს, დიად იდეას შეწირულ წმინდანს.

 ფატმანი

მარიამ მაგდალინელივით ქალია.

სიძვის ცოდვას სიკეთითა და მონანიებით ჩამოირეცხავს.ის ცხრაკლიტულისკენ

მიმავალი გზის მაჩვენებელი შუქურაა… დიდებული დასასრულის მთავარი გასაღები მას აქვს… ამიტომ მიყვარს, ამიტომ ვეთაყვანები…

 ეკატერინე ჭავჭავაძე

ტატოს ლექსებში ჩამალული გაცხადებული მუზა.

დედოფლური იერის ჭეშმარიტი დედოფალი და მაინც ბოლომდე ტატოს სიყვარულის მთავარი ქურუმი.

რომ არა ის, ერთი შეხედვით ამპარტავანი და ამბიციური „კარალევა“, ვერასდროს ვიხეტიალებდით ტატოს სამყაროში…

ღირდა ღალატი… ეს რომ არა, არავინ იცის, ექნებოდა კი სულ სხვა ხიბლი ქართულ რომანტიკას?..

 ოთარაანთ ქვრივი

ქალზე მეტი… დედაკაცი!

„სამართალმა პური ჭამა!“ ტიპის ქალი.

მრისხანე და კეთილი, ერთდროულად და მაინც სუსტი…

როცა მთავარი ხავსი წყდება, უფსკრული ერთადერთი სავანეა…

„ქალი სუსტია, დედაა ძლიერის“ სარკისებური ეფექტი და მაინც ყველაზე კაცური ქალი… მატრიარქი…

 დარეჯანი

არ ღირს…

ამიტომ დასრულდა, უშთამომავლოდ…

ნამდვილად არ ღირს…

 ნაზიბროლა

უმანკოდ მაცთური…

უდანაშაულო დამნაშავე…

საბედისწერო…

 ძიძია

ღამეს, წარღვნას და ქალს რაინდებიც ეწირებიან…

ძიძიას თვალებს ძალუძთ სიყვარული იყოს უპირობო და ყველაფერზე წამსვლელი…

 აღაზა

ჩემი ამოუცნობი იდუმალება.

ყველა დროის ყველა ქალზე ქალი…

გამოცანა რჩება გამოცანად…

და მაინც, არის აღაზა ჩემი ფავორიტი…

 მარგო

ეჰ…

დასანანია, როცა ნამუსი ახდილია და ქალი ნეტარებით კვნესის…

სიდუხჭირით გამართლებული ბოზობა სულ იყო, სულ იქნება…

დაყუდებული ბერივით დგას კაცობრიობა და ელოდება მარგოს სინანულს…

 თავსაფრიანი დედაკაცი

თავდადება, თავგანწირვა, ერთგულება და მაინც „დაგენანა?“

უმადურობისგან დაღლილ ქალს თავსაფარიც გახუნებია და გულიც…

ასეთი დედაშვილობაც იციან ჩვენთან…

 ელი

იმ დროის ყველაზე კაშკაშა ქალი.

რუსული ჩექმით გათელილი და უცხოური ჟინით მისავათებული…

არავის ასე არ მონატრებია საქართველო.

არავის არ უცეკვია გველებთან სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ.

ელი უცხოეთში დარჩა…

ელის ამაოდ ელის სამშობლო…

 შორენა

საბედისწერო ქალებს რა გამოლევს…

თავთუხისფერ თმებს მეფეების ცთუნებაც შეუძლიათ…

მერე რა, რომ ქალს არ უნდოდა…

მაცთური მზერა უნებურად ძერწავს აკრძალულ სიყვარულს…

შორენა… შორენა…

 მერი

გალაკტიონის ვირტუალური ქალი.

წარმოდგენების დედოფალი.

დიდებული სტრიქონების მთავარი ინსპირაცია.

მუზების მუზა.

მეფედ კურთხევის მთავარი მიზეზი.

 მარიტა

ვირზე შესმული, ტალახით შეურაცხყოფილი ანგელოზი…

გამორჩეულების ხვედრი ერგო.

ჯვარს ვაცვით.

არა და, სიყვარულისთვის დაიბადა.

არავინ დაუხატავთ ასე.

არავინ შეუდარებიათ ასე ღმერთისთვის…

„მთვარის გამოახლება… თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა“…

ვერასდროს გამოვისყიდით ამ ცოდვას… ნეხვში ამოსვრილი ბრბო ბორგავს.

თითქმის ყოველთვის ასეა ლამაზების ცხოვრებაში…

 ნი

წელგამართული კაცის პირველ სიყვარულს სულ სხვა სუნი აქვს… სხვა გემო… სხვა აურა…

ასეთია ნი.

პრეისტორიული ქალი…

მან პირველმა შენიშნა, რომ „იგი სხვა ჯიშისაა“… შენიშნა და მაინც შეიყვარა.

მასში იგის მერეც დარჩა იგი…

მიყვარს ნი…

ოთო დანელია
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის და კერძო სკოლა „სხივის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები