სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უკვე სამი წელია, რაც აქტიურად მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების ხელშეწყობისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიმართულებით. ამ მიზნით, ცენტრი ხელს უწყობს STEAM პროექტების პოპულარიზაციას.
ამ ძალისხმევის ფარგლებში, ხორციელდება STEAM Twinning ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანია სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლის ხელშეწყობა, STEAM მიმართულებით შექმნილი პროექტების პოპულარიზაცია და მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მომზადებული პროექტები განთავსდება eTwinning-ის (ESEP) პლატფორმაზე, სადაც მონაწილეები ითანამშრომლებენ როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა სკოლასთან.
პროექტი ითვალისწინებს ცენტრის „STEAM სკოლაში“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაარსებული კლუბის „ჩხირკედელა“ დანერგვასა და eTwinning-ის პროექტებთან ინტეგრაციას. eTwinning-ის პროგრამისა და „STEAM სკოლაში“ ქვეპროგრამის თანამშრომლებმა ერთობლივად შეარჩიეს 15 სკოლა, რომლებიც ამ ინიციატივაში ჩაერთვებიან. საკლუბო საქმიანობისთვის საჭირო სასწავლო რესურსები ცენტრალურად შეისყიდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.
2025 წლის 8 სექტემბერს შეხვედრა გაიმართა შერჩეულ სკოლებთან, სადაც მოხდა პროექტის დეტალების გაცნობა და STEAM Kit-ების გადაცემა.