27 ივლისი, შაბათი, 2024

შექმენი შენი მომავალი – შეხვედრა ახმეტისა და პანკისის ხეობის ახალგაზრდებთან

spot_img

ახმეტის და პანკისის ხეობის 50-მდე ახალგაზრდა დღეს ცნობილ ქართველ კომპოზიტორს, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს და და გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩს საქართველოში, ნიკოლოზ რაჭველს შეხვდა, რომელმაც ბავშვებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

მაესტრომ ახალგაზრდებს წარმატებისკენ მიმავალი გზისა და ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ მოუყვა, მოუწოდა მათ, მისდიონ საკუთარ ოცნებებს, გამოწვევების მიუხედავად. შეხვედრის ბოლოს, რამდენიმე მუსიკალური ნაწყვეტი შეასრულა და ახალგაზრდების შემოქმედებასაც მოუსმინა.

მასტერკლასი ახმეტის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან თანამშრომლობით. ეს ღონისძიება ერთ-ერთია გაეროს ბავშვთა ფონდის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შორის, რომლის დევიზია – „შექმენი შენი მომავალი“.

თათია სალუქაური, 14 წლის, სოფელი ყვარელწყალი: „ჩვენთან, სოფელში, დიდი გასართობი არაფერია, ჩვენით ვერთობით, რამეს მოვიფიქრებთ ხოლმე. ასეთი შეხვედრები იმიტომ მომწონს, რომ ბევრ ადამიანს უმეგობრდები, იცნობ.

მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი და მინდა ფეხბურთის თამაში. დღევანდელმა შეხვედრამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა იმ მხრივ, რომ მე შემიძლია ვიყო ის, ვინც მინდა.“

აკაკი კერესელიძე, 18 წლის, სოფელი მატანი: „ყოველთვის, როცა კონტაქტი გაქვს სხვადასხვა ადამიანებთან, იგებ მეტს. ჩემი აზრით, არ უნდა იყო ჩაკეტილი, პირიქით, უნდა გაიხსნა, გაიგო სხვა ადამიანების აზრი. ვფიქრობ, ასეთი შეკრებები ზუსტად ამისთვის არის, ეს მიზანი აქვს, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს, გვქონდეს იმის შანსი, რომ წინ წავიწიოთ ჩვენს ცხოვრებაში და კარიერული წინსვლა გვქონდეს.“

 

ნიკოლოზ რაჭველი ამბობს, რომ მრავალწლიანი საკონცერტო ცხოვრების მანძილზე ბევრ აუდიტორიასთან, სხვადასხვაგვარ მსმენელთან, მაყურებელთან შეხვედრების მიუხედავად, ახმეტისა და პანკისის ხეობის ახალგაზრდებთან შეხვედრა რაღაც სხვა იყო, განსხვავებული, განსაკუთრებული, ძალიან დასამახსოვრებელი. „გაზიარება მინდოდა მათთვის ჩემი თავგადასავლების, ჩემი გამოცდილების, ჩემი გავლილი სირთულეების იმიტომ, რომ ვიგრძენი, მათ ეს წყალივით სჭირდებოდათ.“

 

 

 

გიორგი აბრამიშვილი, 15 წლის, სოფელი ბაყილოვანი: „შეიძლება ყველა შემთხვევაში მიაღწიო მიზანს, თუ იცი რა გინდა და გააკეთებ მაქსიმალურს ამისთვის.“

 

 

ფატიმა მარგოშვილი, 17 წლის, სოფელი დუისი: „როცა ცდილობ, სხვას დაანახო ან დააჯერო რამე, საჭიროა, რომ შენ თვითონ გჯეროდეს ამის. რაც შენ არ გიყვარს და არ გჯერა, ვერც სხვას დააჯერებ და ვერ შეაყვარებ.“

 

მაკა გაორგაშვილი, 16 წლის, სოფელი დუისი: „ამ შეხვედრამ ნამდვილად გადააჭარბა ჩემს მოლოდინს, იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ვისიამოვნე. მე პირადად, დავრწმუნდი, რომ მთავარია მონდომება, რწმენა და სიყვარული იმ საქმის მიმართ, რასაც აკეთებ და აუცილებლად გამოგივა ყველაფერი.“

 

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის სპეციალისტი: „გაეროს ბავშვთა ფონდი, ჩვენი ორგანიზაციის 75 წლისთავის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას გეგმავს და მათ შორის არის შეხვედრები ახალგაზრდებთან, მათივე აქტიური ჩართულობით, რამდენადაც ჩვენი დევიზია – „შექმენი შენი მომავალი“. დღეს ძალიან სასიხარულო იყო იმის დანახვა, რომ ახალგაზრდებმა იწამეს საკუთარი ძალების, საკუთარი თავის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა დღევანდელმა შეხვედრამ რაღაც ნაპერწკალი აანთო მათ გულებში. შემდგომში მათ შესაძლებლობა ექნებათ, უფრო მეტი თავდაჯერებულობით განაგრძონ სვლა თავიანთი მიზნებისკენ.“

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები