შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

236

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) დირექტორმა სოფიო გორგოძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო გამოცდების ცენტრის (SEC) თავმჯდომარემ მალეიკა აბასზადემ კიდევ ერთ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ელექტრონულად, ზუმის პლატფორმის საშუალებით მოაწერეს ხელი.

თანამშრომლობის მიზანი აზერბაიჯანული და ქართული ენების კომპეტენციის შეფასების ინსტრუმენტების შემუშავებაა.

ცენტრებს შორის თანამშრომლობა 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2021 წელს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა. მემორანდუმის  ფარგლებში SEC დახმარებას უწევს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საქართველოში არსებულ აზერბაიჯანულენოვან  სკოლებში აზერბაიჯანული ენის მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდისთვის დავალებათა ბანკის ფორმირებაში. ცენტრი კი თავის მხრივ იღებს SEC–ის მიერ აზერბაიჯანში მოქმედი ქართულენოვანი სკოლების გამოსაშვები გამოცდებისათვის შემუშავებული ქართული ენის ტესტური დავალებების რევიზიისა და დახვეწის ვალდებულებას.

თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე მოსალოდნელია სხვა პროექტების განხორციელება და ურთიერთობის მეტად გაღრმავება.

დატოვეთ კომენტარი