22 ნოემბერს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 20 წლის აღსანიშნავად, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საიუბილეო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების სფეროში მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სკოლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შთამბეჭდავი ისტორიისა და სტატისტიკის მქონე ცენტრმა ორი ათეული წლის წინ აიღო სტარტი. მისმა დაარსებამ საფუძველი ჩაუყარა უმაღლეს სასწავლებლებში მიღების სამართლიან, ობიექტურ და გამჭვირვალე შეფასების სისტემას. მისალოცი სიტყვების მთავარი აქცენტებიც, სწორედ იმ მნიშვნელოვან გარდატეხაზე გაკეთდა, რომელიც ცენტრმა, ერთიანი ეროვნული გამოცდებით, იმდროინდელ განათლების სისტემაში შეიტანა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ცენტრის თანამშრომლებს 20 წლის იუბილე მიულოცა და მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მან პანდემიის პერიოდში საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, როდესაც ქვეყნების უმრავლესობამ უარი თქვა მსგავსი მასშტაბის გამოცდების ჩატარებაზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, უმოკლეს დროში, სრულად შეცვალა გამოცდების ორგანიზების პრინციპი და თითქმის ყველა სესია ორჯერ ჩაატარა, რათა კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტებსაც ჰქონოდათ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა: „ცენტრის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევის შედეგად, სხვადასხვა უწყებასთან კოორდინაციით, ქვეყანაში გამოცდები იმ პერიოდისთვის მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა და თითოეული გამოსაცდელისთვის უზრუნველყო სრულფასოვანი და უსაფრთხო აკადემიური გარემო“.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და რომ ცენტრმა საკმაოდ გრძელი და რთული გზა განვლო იმისთვის, რომ ქვეყანაში გამჭვირვალე, ობიექტური შეფასებისა და გამოცდების სისტემა შექმნილიყო. „ამ გზაზე განსაკუთრებით გამოვყოფდი 2021 წელს, როდესაც ცენტრმა, ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, კოვიდ პანდემიის დროს, მოახერხა, ჩაეტარებინა ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური გამოცდა. შესაბამისად, უზრუნველყო, კოვიდ ინფიცირებულთა ჩართვა ამ პროცესში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, 2022 წელს დაორგანიზებული გამოცდა, რომლითაც არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებში დაედასტურებინათ საგნის კომპეტენცია. ცენტრის განვითარება და გაძლიერება მუდმივად არის ჩვენი პრიორიტეტი, ბუნებრივია, ამ მიმართულებით ვაგრძელებთ საქმიანობას“.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის აზრით, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ახლაც ასრულებს ქართული თანამედროვე განათლების ჩამოყალიბებაში. რამდენიმე მნიშვნელოვან მონაპოვარს შორის, რომელიც ცენტრს აქვს, უპირველესად, მან სამართლიანობა და ამ სამართლიანობის განცდა დაასახელა, რომელიც საზოგადოებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩამოყალიბდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ ღონისძიებაზე მისულ გულშემატკივრებს ცენტრის საქმიანობის ის ოცწლიანი გზა გააცნო, რომელიც ყოველწლიურად ფართოვდება. „ცენტრის საქმიანობის არეალი საკმაოდ ფართოა და უამრავ ტესტირებას – შეფასებას მოიცავს. მინდა შეგახსენოთ თარიღი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიაში: ყველაფერი 20 წლის წინ დაიწყო, 2002 წელს. ეს რომ მართლაც დიდი მონაპოვარია ჩვენი განათლების სისტემისთვის და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა საქართველოში, აღიარებულია არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. არაერთ უცხოურ გამოცემას აღუნიშნავს ამ მიღწევის შესახებ. სხვათა შორის, როდესაც საქართველოში ეს პროცესები იწყებოდა, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც დაიგეგმა მსგავსი ცენტრალიზებული გამოცდები, მაგალითად, ყაზახეთში, რუსეთში, უკრაინაში. თუმცა, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებითაც, არც ერთ ქვეყანაში არ იყო ისეთი წარმატებული, როგორიც საქართველოში. ამიტომ, ნამდვილად დასაფასებელია“.
პირველ წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდები სამ ძირთად საგანში ტარდებოდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ზოგადი უნარები; მეოთხე საგანი, არჩევითი – მათემატიკა, უნივერსიტეტების მოთხოვნიდან გამომდინარე იყო. თავიდან გამოცდების ხანგრძლივობაც გაცილებით მოკლე პერიოდი – 10 დღე. 2006 წლიდან 4 საგანი გახდა სავალდებულო და გაიზარდა მეოთხე – არჩევითი საგნების ნუსხა, აქედან გამომდინარე, ცენტრს გაცილებით მეტი გამოცდის ჩატარება უწევდა, თითქმის ყველა ძირითად საგანში. ბოლო რამდენიმე წელია, ერთიანი ეროვნული გამოცდები 17 საგანში ტარდება.
რაც შეეხება სტატისტიკას, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, დღემდე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ნახევარ მილიონზე მეტი აბიტურიენტი დაარეგისტრირა, აქედან, 450 ათასამდე სტუდენტი გახდა, სახელმწიფო გრანტი 125 200 აბიტურიენტზე გაიცა. წლების განმავლობაში, 3 ათასამდე აბიტურიენტს შეექმნა სპეციალური პირობა – ეს ეხებოდა ბრაილის შრიფტით ტესტების მომზადებას, შრიფტის გადიდებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აბიტურიენტებისთვის, სპეციალური ფიზიკური სივრცის მოწყობას მათთვის, ვისაც ფიზიკურად გადაადგილება უჭირთ და ა.შ. ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ სსსმ აბიტურიენტები პროცესებს მიღმა არ დარჩენილიყვნენ და, შეძლებისდაგვარად, თანაბარ პირობებში ჩაებარებინათ ერთიანი ეროვნული გამოცდები.
2006 წლიდან ცენტრმა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდა დაამატა და ამით უკვე სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, გაეუმჯობესებინათ ან მოეპოვებინათ გრანტი;
2009 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდა დაიწყო, ასევე ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა;
2010 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლების სერტიფიცირებას იწყებს, რომელიც შემდეგ პროფესიული უნარებისა და საგნის გამოცდად გარდაიქმნა;
2013 წელს დაემატა საერთაშორისო გამოცდები, ამავე წელს — პროფესიული ტესტირება იმ აპლიკანტებისთვის, ვისაც პროფესიულ სასწავლებლებში სურთ სწავლის გაგრძელება;
2019 წელს ცენტრის საქმიანობას კიდევ ერთი გამოცდა ემატება იმ პირებისთვის, რომლებიც ქვეყნის გარეთ, სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ და სურვილი აქვთ, სწავლა საქართველოში გააგრძელონ;
2021 წელს დაიწყო გამოცდები სპეციალური მასწავლებლებისთვის;
2022 წელს ორი ახალი გამოცდა ჩატარდა: ერთი – სტატუსის ასამაღლებელი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად და მეორე – არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის – სომხური როგორც მშობლიური ენა და აზერბაიჯანული როგორც მშობლიური ენა.
ბუნებრივია, ამ ჩამონათვალის უკან ძალიან რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოა გაწეული, რომელსაც ცენტრის გუნდი გამოცდიდან გამოცდამდე ახორციელებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია იხსენებს გზას, რომელიც ცენტრთან 2004 წლიდან აკავშირებს. ამბობს, რომ წლებია მათ გუნდს აერთიანებს წარმატებებიც და სირთულეებიც, ბევრი უძილო ღამე და ემოციები, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ: „თითოეულ ჩვენგანს, როცა თავიდან დავიწყეთ, ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ რაღაც განსაკუთრებულსა და მნიშვნელოვანს ვაკეთებდით. სხვათა შორის, ეს ემოცია და განწყობა დღემდე მომყვება, ზუსტად ისეთივე განცდა მეუფლება ყოველი ახალი საგამოცდო წლის წინ, როგორც დასაწყისში.
ელექტრონულ რეგისტრაციაზე 2012 წლიდან გადავედით, 2005 წლიდან კი ხელით შევსებული განაცხადები შემოდიოდა რესურსცენტრებიდან. წარმოიდგინეთ ერთ პატარა ოთახში განთავსებული, დაახლოებით, ათასამდე ბაინდერი – სწრაფჩამკერი, რეგიონებისა და სკოლების მიხედვით, ყველა მნიშვნელოვანი და საჭირო დოკუმენტაციით. განცხადებაში სტუდენტი ხუთ უმაღლეს სასწავლებელს ირჩევდა, უთითებდა სასწავლებლის კოდსა და პროგრამის კოდს. ასევე, ხელით წერდა ამ პროგრამის დასახელებას. დაახლოებით, 8-9 ათასამდე შეცდომით შევსებული განაცხადი მოდიოდა ჩვენამდე, მერე ვისხედით და წითელი კალმით ვასწორებდით.
იმთავითვე ღია ვიყავით და ყველანაირ ინფორმაციას ვაწოდებდით აბიტურიენტს, მაგრამ, ცხადია, ეს შეუძლებელი იყო ისე მომხდარიყო, როგორც დღესაა – აბიტურიენტისთვის ნებისმიერი ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებითაა ხელმისაწვდომი, მაგალითად, თუნდაც ის, რომ ხედვას მის მიერ კონკრეტულად არჩეულ პროგრამაზე რა რაოდენობის განაცხადია შესული, ანუ როგორი კონკურსის პირობებში უწევს ყოფნა, რაც ამ განაცხადის სწორად გაკეთებაში ეხმარება. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რაში იყო ამ საქმის წარმატების საიდუმლო თავიდან და რა გვაერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, ხასიათის, მისწრაფებების ადამიანებს? ალბათ, განსაკუთრებული სიყვარული და ერთგულება საქმისადმი, კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და იმის შეგრძნება, რომ ვიცით, საქვეყნო საქმეს ვაკეთებთ და ეს საქმე ყველასთვის მნიშვნელოვანია. სხვა ახსნა ამას არ აქვს. თითოეული თანამშრომლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მარტო ის ხომ არ არის მთავარი, რომ ჯგუფები ტესტებს დაწერენ. თუნდაც, ამ ტესტების აპრობაციას რამდენი შრომა სჭირდება, ამაზე კიდევ ცალკე ჯგუფი მუშაობს – სკოლებთან უშუალო კონტაქტი, ღია კარის დღეები, თითქმის მთელ საქართველოს მოვიცავთ. როცა მეკითხებიან ხოლმე, როდიდან იწყებთ მუშაობას მომავალი წლის გამოცდებისთვისო, ვპასუხობ, მეორე დღიდანვე, როგორც კი ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩავატარებთ და ეს მართლაც ასეა.
ძალიან ემოციურია ჩემთვის ამ ყველაფერზე საუბარი. ყველა ერთად, ჩვენი ცენტრის თითოეული თანამშრომელი, ყველა ის ადამიანი, რომელიც გასულ წლებში მუშაობდა და რომელიც ახლა შემოგვიერთდა, თითოეული გარანტია იმისა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი ისე გააკეთა, რომ ნდობის მაღალი რეიტინგი მოიპოვა, რომელსაც დღემდე ვინარჩუნებთ.
20-წლიანი გადმოსახედიდან, ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც პირველი წელი იყო, თუმცა, როგორც კი პირველ წელს, მაისში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გენერალური რეპეტიაცია ჩავატარეთ, დავრწმუნდით, რომ ჩვენ ამას შევძლებდით და შევძელით კიდეც. ფაქტობრივად, ისტორია შეიცვალა და ჩვენ ამ ცვლილების თანამონაწილენი ვართ. ერთიანი ეროვნული გამოცდები, დღემდე, განათლების სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე ხელშესახებ, თვალსაჩინო რეფორმად რჩება, რომელმაც ბევრი სიკეთე მოგვიტანა – ჩვენ მოვსპეთ კორუფცია (ეს ნამდვილად ასეა), აღდგა სამართლიანობა და აბიტურიენტს სჯერა, როცა გამოცდას აბარებს, მას არავინ დაჩაგრავს; იცის, რომ ყველა პირობა აქვს იმისთვის, მაქსიმალურად გამოამჟღავნოს საკუთარი ცოდნა და მიაღწიოს სასურველს. თავისთავად, დრო ითხოვს გარკვეული ტიპის ცვლილებებს და ჩვენც, პერიოდულად, საჭიროებების მიხედვით, ვახდენთ ცვლილებებს. რეალურად, არასოდეს ვემალებით შეკითხვებს, ყოველთვის მზად ვართ საუბრისთვის, თუნდაც იმისთვის, თუკი რაიმე შეცდომას დავუშვებთ, ვაღიაროთ. საერთო ჯამში, ალბათ, ეს განაპირობებს ცენტრის წარმატებას“.
ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახა ჯამბურიამ გაიხსენა როდის და როგორ შეიქმნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და როგორ გაუმკლავდა ერთი პატარა ჯგუფი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გამეფებულ კორუფციას. ბევრისთვის ცენტრის დაარსება ეროვნულ გამოცდებსა და ალექსანდრე ლომაიას სახელს უკავშირდება, მაგრამ ეს გაცილებით ადრე მოხდა, როცა მაშინდელმა განათლების მინისტრმა, ალექსანდრე კარტოზიამ შემოიკრიბა პროფესიონალთა ჯგუფი და იმ დროისთვის წარმოუდგენელი საქმის კეთებას შეუდგა, პირველი ცენტრალიზებული ტესტირება ჩაატარა. სწორედ ამ ჯგუფის მაღალმა პროფესიონალიზმმა და კომპეტენციამ განაპირობა შემდგომში როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების, ასევე მთლიანად შეფასებისა და გამოცდების ცენტრის წარმატებული საქმიანობა.
„მე თვითმხილველი და მონაწილე ვარ ამ პროცესების. 1998 წელს, განათლების ახალმა მინისტრმა, ალექსანდრე კარტოზიამ სრულიად მოულოდნელი და, ერთი შეხედვით, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო – საქართველოს ყველა სკოლის მე-6 და მე-9 კლასებში, ყველა საგანში, ერთდროულად, ჩატარდა ცენტრალიზებული ტესტირება. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ამ უზარმაზარ ღონისძიებას არანაირი დაფინანსება არ ჰქონდა. არც ტესტის შემქმნელებს, არც ადმინისტრატორებსა და მეთვალყურეებს, არც გამსწორებლებს ერთი თეთრიც არ აუღიათ და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ამ ტესტირების დაწყებამდეც იყო ცნობილი. და მაინც კარტოზიამ ეს მოახერხა! როგორ? მხოლოდ და მხოლოდ პირადი კონტაქტების წყალობით.
მან შეძლო, ჩაეტარებინა პირველი ცენტრალიზებული ტესტირება საქართველოს მასშტაბით: ჯერ თავის ნაცნობ-მეგობრებს გვთხოვა და შეიქმნა (როგორც მომდევნო წლებმა გვაჩვენა, არც ისე მაღალი დონის) ტესტები ყველა საგანში, მე-6 და მე-9 კლასებისთვის, შემდეგ სამინისტროში შეიკრიბა სრულიად სხვადასხვა პროფესიის ხალხი, ვისაც გული შესტკიოდა ამ ქვეყანაზე და მინისტრის წესიერებაში ეჭვი არ ეპარებოდა. ისინი წავიდნენ სკოლებში, რომ დასწრებოდნენ ტესტირებას, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს პროცესი სამართლიანად და ობიექტურად ტარდებოდა. მერე კი დაიწყო ყველაზე რთული და დამღლელი ნაწილი: 100 000-ზე მეტი ტესტი (ყველა საგანში!) უნდა გაგვესწორებინა წინასწარ შედგენილი ტრაფარეტების მიხედვით. ვისხედით უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკაში, სადაც ათეულობით ადამიანი თავაუღებლად მუშაობდა“.
ამის შემდეგ, ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც განათლების მინისტრმა მიაღწია შეთანხმებას მსოფლიო ბანკთან. 1999 წელს ოთხკაციანი ჯგუფი, ორი კვირით, ჰოლანდიაში, ქალაქ არნემში, იქაურ შეფასების ცენტრში გაემგზავრა, ცენტრალიზებული გამოცდების სისტემის გასაცნობად. „მე დამევალა შემესწავლა, როგორ აფასებდნენ მშობლიური ენის ცოდნას, მაია მიმინოშვილს – მათემატიკის ცოდნის შეფასების მექანიზმი უნდა ესწავლა, ერთი ადამიანი ფსიქომეტრიკის სასწავლებლად იყო წამოსული, ჯგუფის ხელმძღვანელი კი იყო შესანიშნავი ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ამ პროექტის შექმნის დროს, ანუ ცენტრალიზებული შეფასების სისტემის დაგეგმვის პროცესში. მაგრამ მხოლოდ პროექტის დაწერა არ იყო პრობლემა – ამას დაახლოებით ერთი წელი მოვანდომეთ, რადგან მსოფლიო ბანკი ითხოვდა თორმეტ წელზე გაწერილ დეტალურ გეგმას, რომლის შემუშავებასაც ალბათ ვერც შევძლებდით იმ საერთაშორისო კონსულტანტების დახმარების გარეშე, რომელთა ჩამოყვანაც ისევ და ისევ განათლების მინისტრმა მოგვიხერხა“.
უამრავი პრობლემისა და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დახვდა წინ ალექსანდრე კარტოზიას წამოწყებას, 2001 წელს ჩატარდა პირველი ცენტრალიზებული სახელმწიფო გამოცდები მე-9 კლასში, 2002 წელს კი ოფიციალურად დაარსდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. 2003 წლიდან უკვე ეროვნული გამოცდების მომზადების პროცესი დაიწყო.
კახა ჯამბურიამ აღნიშნა, რომ ეროვნულმა გამოცდებმა (ისევე, როგორც ცენტრის მიერ მომზადებულმა სხვა გამოცდებმა) თავისი როლი უკვე შეასრულა და საჭიროა ახალი ნაბიჯების გადადგმა და არა მუდმივად წარსულის მიღწევებზე საუბარი: „თუმცა უმადურობა ცუდი სენია – უნდა გვახსოვდეს ვინ და როგორ დაიწყო, რომ კიდევ უფრო ნათლად წარმოვიდგინოთ – რა გვინდა და საით მივდივართ“.
კონფერენციაზე ცენტრმა საზოგადოებას გააცნო ახალი პროექტი – „შეფასება განვითარებისთვის“, რომლის მიზანია, ელექტრონული პლატფორმის დახმარებით, მეოთხე და მეექვსე კლასელების მიღწევების შეფასება, სასწავლო წლის ბოლოს, როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში.
ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ, პროექტზე საუბრისას, აღნიშნა, რომ შეფასება სრულად ელექტრონულ ფორმატში მიმდინარეობს, მომავალი წლიდან კი, საერთაშორისო შეფასებებიც, რომელშიც ქართველი მოსწავლეებიც მონაწილეობენ და რომლის მიხედვითაც დგება ქვეყნების რეიტინგი, სრულად გადადის ელექტრონულ შეფასებაზე. „ამიტომ, თუ გვინდა, რომ ჩვენც ავუწყოთ ფეხი საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენი მოსწავლეებიც უნდა შეეჩვიონ ელქტრონულად ტესტის შესრულებას. თავისთავად, შემდეგ მათ აღარც საერთაშორისო შეფასებებში გაუჭირდებათ ელექტრონულად ტესტირების გავლა. რაც შეეხება პროექტის მთავარ მიზანს, საუკეთესო საშუალებაა მასწავლებლისთვის, მოსწავლეების შედეგები თითოეული დავალების მიხედვით დაინახოს, კონკრეტული მოსწავლის საჭიროებები გამოკვეთოს და შეადაროს თუნდაც პარალელური კლასის შედეგებს ან თავისი კლასის საშუალო ქულა ქვეყნის საშუალო ქულას შეადაროს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მყარ წარმოდგენას შეუქმნის იმაზე, რა ეტაპზე არიან მისი მოსწავლეები, სხვა მოსწავლეებთან შედარებით.
ამ ეტაპზე, შემიძლია გითხრათ, რომ კარგი შედეგები გვაქვს, კარგად მივდივართ წინ, თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, ვიდრე ეროვნულ დონეზე დაინერგება. საკმაოდ მოცულობითი პროექტია და ახლა მთავარია, შედეგები, რომელსაც სკოლები ამ შეფასებებით მიიღებენ, იმისთვის გამოიყენონ, რომ უკეთ დაგეგმონ სასკოლო პროცესი“.
სასკოლო შეფასების პროექტის გამოწვევებსა და სარგებელზე ვრცლად ისაუბრა პროექტის მენეჯერმა, ეკა ჯელაძემ. მისი განმარტებით, დიაგნოსტიკური შეფასება მნიშვნელოვან ბერკეტად უნდა აქციონ სკოლებმა სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად, მოსწავლის, კლასისა თუ სკოლის დონეზე.
დღის მეორე ნახევარი დაეთმო თემატური ჯგუფების დაკომპლექტებას და დისკუსიას, თუ როგორ შეიძლება შეფასების შედეგების მიზანმიმართული და ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად, რა მხარდაჭერის მექანიზმებია საჭირო სკოლის დონეზე, რა რისკები ახლავს შედეგების გამოყენებას და რა გზებითაა შესაძლებელი ამ რისკების შემცირება, მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით.
ეკა ჯელაძე: „ამ ეტაპზე, დიაგნოსტიკური შეფასებები მეოთხე-მეექვსე კლასებში ტარდება. გვინდა, რომ სკოლამ თითოეული მოსწავლის დონეზე დაინახოს საჭიროებები, სად აქვს სისუსტე კონკრეტულ მოსწავლეს და დაანახოს მშობელსაც. შემდეგ მიღებული მონაცემების გამოყენება შეძლოს სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.
შეფასების ასეთი სისტემის დანერგვა სიახლეა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც. ბევრი ევროპული ქვეყანა ახლა გეგმავს მსგავსი შეფასების სისტემის დანერგვას. ბუნებრივია, არიან ისეთი ქვეყნებიც, სადაც წლების განმავლობაში მიმდინარეობს ასეთი შეფასებები და მათ გამოცდილებასაც ვიზიარებთ. თუმცა, ჩვენთვის ნამდვილად გამოწვევაა, ააგო სისტემა, სადაც მოსწავლეთა დიდი ნაკადი შევა და სხვადასხვა დავალებებს შესარულებს, შემდეგ ანგარიშების ავტომატურად გენერირება მოხდება და ა.შ. პირველ რიგში, სისტემა კარგად რომ გაიმართოს, ეს არის ყველაზე მთავარი გამოწვევა; მეორე – ონლაინ შეფასების სისტემა კარგადაც რომ გაიმართოს, არაჩვეულებრივი ტესტებითა და დავალებებით, თუ სკოლამ ეს მონაცემები იმის ბერკეტად არ გამოიყენა, რომ, ამაზე დაყრდნობით, შეცვალოს სწავლა-სწავლების ხარისხი, გამართული სისტემაც და კარგი ტესტიც ჰაერში დარჩება. ამიტომ, ახლა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, დავარწმუნოთ სკოლები, რომ ეს მათთვის სასარგებლო ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებითაც, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეუძლიათ მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და არა ინტუიციით.
გამოწვევებს შორის კიდევ ერთს დავასახელებ – ინტერნეტს. ბუნებრივია, როცა ონლაინ რეჟიმზე ვსაუბრობთ, სკოლებში ინტერნეტი უნდა იყოს შესაბამისად ხელმისაწვდომი, სხვაგვარად ძალიან გაგვიჭირდება, შეფასება სრულ მასშტაბზე დავგეგმოთ და პროცესში ყველა სკოლა ჩავრთოთ. გამოწვევაა ასევე მოსწავლეების ისტ კომპეტენციებიც, განსაკუთრებით რეგიონებში. თუმცა, პანდემიის პერიოდში ვითარება შედარებით გამოსწორდა. ამჯერად, მოსწავლეებს მინიმალური ტექნიკური უნარები სჭირდებათ იმისათვის, რომ ტესტირებაში ჩაერთონ. წერითი დავალება (მაგალითად, მცირე თხზულება) სპეციალურად არ ჩავაშენეთ, რადგან ეს ბეჭდვის უნარებთანაა დაკავშირებული. მომავალში, თუ გვინდა, რომ კარგად გამოვიყენოთ შეფასების ელექტრონული სისტემა, თავისი სარგებლით, ბუნებრივია, აქ ისეთი ინსტრუმენტები შემოდის, რომლებიც უფრო მეტ ტექნიკურ უნარებს მოითხოვს მოსწავლისგან, ამასთანავე, საუკეთესო შესაძლებლობაა კარგად დავინახოთ მოსწავლის სააზროვნო უნარებიც, მაგალითად, როგორ მივიდა რაღაც გადაწყვეტილებამდე და ა.შ. ამისათვის შეიძლება ტესტში სიმულაციების ჩაშენება.
უკვე ჩატარდა 4 პილოტი და, ყოველ ეტაპზე, თანდათან ვზრდით მოსწავლეთა რაოდენობას. თებერვალში მომდევნო პილოტი იგეგმება და მზად ვართ, 15000 მოსწავლე ჩავრთოთ შეფასებაში. იმედი გვაქვს, სტარტი, რომელიც პროექტმა აიღო, წარმატებით გაგრძელდება. უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, ასევე მნიშვნელოვანი ბარიერები — გადალახული, ამის თქმის საშულებას გვაძლევს თუნდაც ონლაინ პლატფორმის აწყობა, ტესტური დავალებების ფორმატის განსაზღვრა. ვფიქრობ, ჩვენი პროექტიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ განხორციელებული სხვა პროექტები“.
ლალი ჯელაძე