14 დეკემბერი, შაბათი, 2024

შეფასებები

spot_img

მიხეილ ჩხენკელის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად დანიშვნას აფასებენ განათლების ექსპერტები – შალვა ტაბატაძე, სიკო ჯანაშია და განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია

შალვა ტაბატაძე

ჩხენკელის მობრუნება რთული საკომენტაროა – მიჭირს თქმა ან რა დამსახურებების გამო გაუშვეს თავის დროზე, ან რა დამსახურებების გამო დააბრუნეს ახლა. რეალურად, ან ერთი ვარიანტია, რომ ის გარდამავალი მინისტრია, რომელიც დროებითაა დანიშნული, ან მეორე – განაცხადი უნდა იყოს სამთავრობო გუნდისგან, რომ ეს ადამიანი იქნება ჩემი მომავალი მინისტრი ამა და ამ ხედვების გამო. არც ერთი განაცხადი არ გაკეთებულა. ერთადერთი ეჭვი, რომელიც მაქვს, სულ სხვა რამეს უკავშირდება. ის საკმაოდ კარგი ინტელექტუალია და ამის გამო, პოზიტიური განწყობაც შეიძლება იყოს მის მიმართ. მისი მინისტრობის პერიოდიდან რაც მახსენდება, ხშირი შეხვედრები და ინტერაქციაა სხვადასხვა ჯგუფებთან. სავარაუდოდ, ახლაც ამ ფუნქციას იკისრებს წინასაარჩევნოდ, ხოლო სხვა სტრუქტურებს, რომლებიც, სამწუხაროდ, განათლების სისტემაში აქტიურად მონაწილეობენ, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობები, მეტი მექანიზმები ექნებათ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ სისტემაში, რასაც ჩხენკელი ნაკლებად გაუწევს წინააღმდეგობას, განსხვავებით ისეთი მინისტრისგან, რომელიც, შესაძლებელია, მართვის უფრო ეფექტურ მექანიზმებზე ფიქრობდეს.

მიუხედავად მისი პოზიტიური იმიჯისა, როგორც მკვლევრის, ეჭვი მეპარება განათლების სისტემაში რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთება შეძლოს. მისმა 8-თვიანმა მოღვაწეობამ არანაირი ხელშესახები კვალი არ დააჩნია, თავის დროზე, ამ სფეროს. შესაბამისად, არა მგონია, ჩხენკელმა ახლა შეძლოს ამის გაკეთება. არც პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ყოფნის პერიოდში გამოირჩეოდა თავისი მოღვაწეობით. მიუხედავად იმისა, რომ იმავე წინა პრემიერ-მინისტრს ბევრი ინიციატივები ჰქონდა განათლებაში, ჩხენკელი, როგორც ამ ინიციატივების გენერატორი, არ გამოირჩეოდა, არავის არ ახსოვს არც ერთი მისი კონკრეტული ინიციატივა განათლების სფეროში. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, რაიმე მოლოდინი არც ამ გარდამავალ პერიოდში მაქვს – ცვლილებებს მისი მხრიდან სისტემაში არ ველოდები.

სიკო ჯანაშია

მიხეილ ჩხენკელის დანიშვნა კარგი ნიშანია, თუ მთავრობა პოპულისტური ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს არჩევნების დროს. ცუდი ნიშანია, თუ მთავრობა თვლის, რომ ის იმდენად სუსტი იქნება, რომ დავალებებს შეასრულებს და ამიტომ მოიყვანეს. რაღაც დადებითი იმაშიც არის, რომ წინა მინისტრების განგრძობითობა უფრო მეტად მოხდეს – ჩხენკელი, ბატიაშვილის დროს, მონაწილეობდა შეხვედრებსა და განხილვებში, ჩართული იყო გადაწყვეტილებების მიღებაშიც.

 

ერთადერთი, რაც მას სხვა მინისტრებისგან განასხვავებდა, ის იყო, რომ არ ჰქონდა სწრაფი, ზედაპირული იდეები, დიდხანს ემზადებოდა და სწორედ მაშინ მოხსნეს, როცა გეგმებზე საუბარი დაიწყო. თუმცა, მისი რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მახსენდება.

უფრო პოპულისტი მინისტრის დანიშვნას ველოდი, ძალიან კარგი, რომ ასე არ მოხდა. თუმცა, მეორე მხრივ, ცოტა უფრო აქტიური ადამიანი ცუდი არ იქნებოდა. მთავარია, საარჩევნო კამპანიაში არ ჩაერთოს და საარჩევნო მანქანის ინსტრუმენტი არ გახდეს, ეს მინიმალური მოთხოვნაა მის მიმართ.

გიორგი ჭანტურია

გაუგებარია მიხეილ ჩხენკელის მინისტრად დაბრუნება. ის 8 თვის განმავლობაში უკვე იყო მინისტრი და სტრატეგიის წარდგენის შემდეგ, რამდენიმე დღეში შეცვალეს. მაშინაც გაურკვეველი იყო როგორც მისი დანიშვნის, ისე გაშვების პრინციპები. მაშინ, როცა სისტემაში მართლაც უამრავი გამოწვევაა და განათლებაში არსებულ მძიმე მდგომარეობას არაერთი კვლევა ადასტურებს, მინისტრების ასეთი სიხშირით ცვლილებით კიდევ დამატებითი რყევების შექმნა გაუგებრობას იწვევს – ყველა ფიქრობს, რატომ ინიშნება ან ერთი, ან მეორე მინისტრი, ან რატომ ხსნიან ასეთი ინტენსივობით. ერთი ვარაუდია (ამას პრაქტიკა აჩვენებს), ეს მოვლენები მიბმულია არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ წინა მინისტრმა გადადგომა პირად მიზეზებს დაუკავშირა, არჩევნების მოახლოება გვაფიქრებინებს, რომ მან უარი თქვა რაღაცებზე, რასაც არჩევნების პირობებში არ დათანხმდებოდა, ჩხენკელი კი შეიძლება დათანხმდეს, ან საერთოდ არ იცოდეს რაზე თანხმდება. რეალურად არსად გაცხადებულა ამ ცვლილების მიზეზი, რატომ დაინიშნა ჩხენკელი.

მისი მინისტრობის მოკლე პერიოდში, სასკოლო განათლების მიმართულებით, მისგან არანაირი ინიციატივა არ ყოფილა, ძირითადად, ინტერნაციონალიზაციასა და უმაღლეს განათლებაზე იყო ორიენტირებული, სავარაუდოდ, თსუ-ს პრორექტორობიდან გამომდინარე. თუმცა, ამ შემთხვევაში, ის მაინც არის კარგი, რომ გუნდი რჩება უცვლელი. ამას მართლა მივესალმებით, კარგია, რომ გუნდის გამოცვლით მაინც აღარ შეარყიეს სისტემა.

სავარაუდოდ, ჩხენკელი დროებითი, მოკლე პერიოდის მინისტრია. ალბათ, საზოგადოების უმეტესობაც ასე ფიქრობს. ძალიან მნიშვნელოვანია პირადად მინისტრისგან მოვისმინოთ კითხვაზე პასუხი – რატომ დათანხმდა მეორედ მინისტრობას? მეტიც, რა მისია ჰქონდა მის პირველად დანიშვნას, მერე მოხსნას და ახლა თავიდან დანიშვნას? ერთია შემოთავაზება და მეორეა დათანხმება, მით უფრო, როცა არჩევნების წინა პერიოდია და ამ პერიოდში, განათლების სისტემაში, განსაკუთრებით, ზოგად განათლებაში, სერიოზული რაღაცები ხდება – სამწუხაროდ, ის პირდაპირაა მიბმული არჩევნების პროცესებს. ამას პრაქტიკა აჩვენებს. დღევანდელი გადაწყვეტილება კი, კიდევ უფრო ამყარებს ამ ვარაუდს – წინასაარჩევნოდ უშვებ მინისტრს და აბრუნებ ძველ კადრს, რომლის მინისტრობა არაფრით იყო გამორჩეული, რაც გაფიქრებინებს, რომ ეს, მინიმუმ, არჩევნებთანაა კავშირში და ტოვებს განცდას, რომ ჩხენკელი იქნება, სავარაუდოდ, შუალედური მინისტრი, ვიდრე გრძელვადიან მინისტრს შეარჩევენ.

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო კრიზისული სიტუაცია იქმნება და, სამწუხაროდ, სისტემაში ძირეული ცვლილებების შანსიც მცირდება. ამ თემაზე, განათლების კოალიცია, მოგვიანებით, დეტალურ განცხადებას გააკეთებს და ჩვენს მოსაზრებებს აუცილებლად გავასაჯაროებთ.

მოამზადა ლალი ჯელაძემ 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები