ნინო გაბულდანი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. ჯვარის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხია სასკოლო ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი, რადგან სასწავლო მიზნამდე მისვლას ვზომავთ და სენსიტიური, რადგან მოსწავლეები, და მათთან ერთად მშობლებიც, ძალიან მგრძნობიარენი არიან შეფასების მიმართ. ამ შემთხვევაში, მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია. უპირველესად, მან უსაფრთხო სასწავლო გარემო უნდა შექმნას, რაშიც შფოთვის ხარისხის შემცირება მოიაზრება. ამის მიღწევა შესაძლებელია სწორად დაგეგმილი გაკვეთილით, რომელიც გაჯერებული იქნება მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით.
როგორც ცნობილია, არსებობს შეფასების ორი ტიპი: განმსაზღვრელი და განმავითარებელი. შეფასების პროცესზე ხანგრძლივი დაკვირვება გვაჩვენებს, რომ განმსაზღვრელი შეფასება (მიუხედავად ჩაშლილი კრიტერიუმის გაცნობისა), ხშირად, მოსწავლეთა და მშობელთა შფოთვის მიზეზი ხდება, რადგან, გარდა ცოდნის გაზომვისა, ის ოფიციალურ სასკოლო დოკუმენტში, ჟურნალშიც, იწერება. ამ ფონზე, განმავითარებელი შეფასება თითქოს უმნიშვნელო ხდება, მაგრამ პრაქტიკა განსხვავებულ სურათს გვაჩვენებს. ამიტომ, ვფიქრობთ, სასურველი იქნება, თუ საკლასო ჟურნალშიც შესაძლებელი გახდება მისი ასახვა.
გაკვეთილის დაგეგმვის დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა აქტივობაზე მიიღოს უკუკავშირი. ეს დაეხმარება მას, სტანდარტით გათვალისწინებული მიზანი შედეგში გადაიყვანოს. ამიტომაც, გაკვეთილის მსვლელობის პროცესში, განმავითარებელი შეფასების წილი უმნიშვნელოვანესია. საბოლოოდ მიღებული შედეგი კი, განმსაზღვრელი შეფასებით გაიზომება.
შემოგთავაზებთ ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილის გეგმას, თავისი შეფასების ინსტრუმენტებით:
კლასი: XI (14 მოსწავლე)
თემა: ილია ჭავჭავაძე — „ოთარაანთ ქვრივი“ და ჯიბრან ხალილ ჯიბრანის „შვილები“ (შედარებითი ანალიზი)
სტანდარტი და მისაღწევი შედეგი
ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
ადარებს ერთი და იმავე თემების, იდეების, პრობლემების ინტერპრეტაციას სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში: ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივსა“ და ჯიბრან ხალილ ჯიბრანის „შვილებში“ და მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე.
რესურსები
ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო
„ოთარაანთ ქვრივიდან“ — „ორი თვალი“
ოთარაანთ ქვრივი არჩილთან გასაშვებად ამზადებს გიორგის, ბარგი ჩაალაგა და დაემშვიდობა. გულდაწყვეტილი ოთარაანთ ქვრივი უყურებდა მიმავალ გიორგის და ამბობდა: იქით მიდის, თითქოს თოკით ექაჩებიან, აქეთ თითქოს ძაფიც არ იჭერს, დედაშვილობაში შენჩემობა რად არის, ან ორი თვალი რად უნდა იყოს. თუმცა მე მხოლოდ „შენისად მაყურებელი თვალით-ღა ვივლი და ვიცოცხლებო“.
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი — „შვილები“ (თარგმანი ნინო დოლიძისა)
„ქალმა, რომელსაც თავისი პატარა ბავშვი მკერდზე მიეკრა, უთხრა: გველაპარაკე შვილებზე.
და მან (ბრძენმა — ნ.გ.) თქვა:
თქვენი ბავშვები თქვენ არ გეკუთვნით.
ისინი არიან ვაჟიშვილები და ქალიშვილები ცხოვრების სევდისა საკუთარი თავის გამო.
ისინი თქვენი საშუალებით მოდიან, მაგრამ არა თქვენგან.
და თუმცა თქვენთან ერთად არიან, თქვენს კუთვნილებას არ წარმოადგენენ.
შეგიძლიათ მისცეთ მათ თქვენი სიყვარული, მაგრამ არა აზრები.
რადგან მათ თავიანთი ფიქრები აქვთ.
შეგიძლიათ შეიკედლოთ მათი სხეულები, მაგრამ არა — სულები, რადგან მათი სულები ხვალინდელი დღის მკვიდრნი არიან, თქვენ კი ოცნებაშიც არ შეგიძლიათ მომავლის მონახულება.
შესაძლოა, ესწრაფოდეთ, მიემსგავსოთ მათ, მაგრამ ნუ ეცდებით დაიმსგავსოთ ისინი, რადგან ცხოვრება უკან-უკან არ მიდის და გუშინდელ დღესთან არ ყოვნდება.
თქვენ მშვილდები ხართ, რომლიდანაც თქვენი შვილები, როგორც ცოცხალი ისრები, წინ-წინ გაიჭრნენ.
მსროლელი ხედავს მიზანს უსასრულობის ბილიკზე და ის გღუნავთ თქვენ თავისი ძალით, რომ მისი ისრები სწრაფად და შორს გაფრინდნენ.
იყოს თქვენი მოხრილობა მსროლელის ხელში მხოლოდ სიხარულის მომტანი, რამეთუ, როგორც გაფრენილი ისარი, ისევე უყვარს მას მშვილდი, რომელიც ადგილზე რჩება.“
აქტივობები და დრო
გონებრივი იერიში
შეკითხვები წინარე ცოდნის გააქტიურებისა და ახლის მისაღებად (10 წუთი)
შეაფასეთ ოთარაანთ ქვრივის, როგორც დედის, პოზიცია. რა პრინციპს იცავს იგი?
გაიხსენეთ მოთხრობა „კაცია ადამიანი?!“ რისთვის უნდა ლუარსაბს შვილი?
გაავლეთ პარალელი და იმსჯელეთ პერსონაჟთა ხასიათზე, თვისებებზე, ცხოვრების წესზე.
რატომ უშვებს ოთარაანთ ქვრივი გიორგის არჩილთან ასე დატვირთულს? რომელი ადამიანური სისუსტე დაძლია ქვრივმა?
წინარე ცოდნა
ა) მოსმენილი აქვთ ვიდეოლექცია (https://www.youtube.com/watch?v=iF0mjvh2I2U ლალი დათაშვილი, დედაშვილობა);
ბ) მოსწავლეებმა იციან „ოთარაანთ ქვრივიდან“ „ორი თვალი“.
წვდომის ფაზა
მუშაობა ჯგუფებში — 20წთ.
მოსწავლეები დაიყოფიან სამ ჯგუფად, წაიკითხავენ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის „შვილებიდან“ ამონარიდს. შეადარებენ წაკითხულ საპროგრამო ტექსტს და მოამზადებენ საპრეზენტაციო მასალას.
მასალის წარდგენის ფორმა:
ა) სავალდებულო
მოსწავლეები წერენ ხუთაბზაციან ესეს;
ბ) არჩევითი
მოსწავლეებს შეუძლიათ, წარმოადგინონ ორივე ტექსტისთვის ვენური დიაგრამა ან გამოიყენონ აქტივობა „მოვლენათა ჯაჭვი“ (იხ. მანანა ბოჭორიშვილი — ტექსტის გააზრების არალინგვისტური ხერხები და წიგნიერება. http://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/bochor.pdf)
პრეზენტაცია — 10წთ.
ა) პრეზენტატორი წარმოადგენს ჯგუფში მომზადებულ სავალდებულო დავალებას — ხუთაბზაციან ესეს;
ბ) არჩევით დავალებებს წარმოადგენენ ჯგუფის ის წევრები, რომელთაც აირჩიეს და შეასრულეს დავალება.
რეფლექსია
შევაფასოთ — 5წთ.
ჯგუფური მუშაობის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა:
ა) სავალდებულო დავალება
ბ) არჩევითი დავალება
საშინაო დავალება
წერითი დავალება
ესე — დედაშვილობა დღეს
წარმოდგენილ გაკვეთილში წინმსწრებია განმავითარებელი შეფასება ჯგუფური მუშაობის წარმართვის დროს. დასრულებული სამუშაოს შესაფასებლად კი, განმსაზღვრელ შეფასებას მივმართეთ, რადგან ის „გამოიყენება სასწავლო თემაზე/საკითხზე მუშაობის დასრულების შემდეგ. მისი მიზანია, დაადგინოს, თუ როგორია მოსწავლის შედეგები სტანდარტით განსაზღვრულ მიზანთან მიმართებით და რა ქულას იმსახურებს იგი“ („შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“, მარინა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი, 2018წ. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი).
როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასებების უამრავი ინსტრუმენტი არსებობს. მე მხოლოდ რამდენიმე შემოგთავაზეთ. თუმცა, ვფიქრობ, ყველა გაკვეთილი ინდივიდუალურია და ხშირად არის საჭირო შეფასების რუბრიკების მოდიფიცირება. უფრო მეტიც, ერთსა და იმავე თემაზე სხვადასხვა დროს ჩატარებული გაკვეთილი ხშირად განსხვავებულ მიდგომას ითხოვს.
შეფასების თვალსაზრისით, არსებობს მწვავე გამოწვევებიც. ხშირია შემთხვევა, როცა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლები თავს არიდებენ დიაგნოსტიკას/შეფასებას. მათ აქვთ სტიგმის შიში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება არ არის ინფორმირებული ინკლუზიური განათლების საჭიროების შესახებ. ეს კი მნიშვნელოვნად აფერხებს განვითარების პროცესს, რადგან შეფასების/დიაგნოსტიკის გარეშე სასწავლო პროცესში ვერ ჩაერთვება სპეცმასწავლებელი და ვერც ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ვერ შედგება. სად ვეძებოთ გამოსავალი? უპირველესად, უნდა ვისწავლოთ პრობლემისთვის თვალის გასწორება, შიშის დაძლევა და ვიყოთ განვითარებაზე ორიენტირებულები. ეს, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, თუმცა შევძლებთ, გადაწყვეტილებები ბავშვების სასარგებლოდ მივიღოთ, თუ ძალისხმევას გამოვიჩენთ.
უამრავი სირთულის წინაშე დაგვაყენა პანდემიამ. ამ დროს კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა დისტანციური სწავლება, თუმცა ცოცხალ პროცესს მაინც არაფერი შეედრება. შემცირებული საგაკვეთილო დრო ზღუდავს აქტივობების რაოდენობას, შესაბამისად რთულია შეფასებაც. ამ შემთხვევაში, „მნიშნელოვანია, რომ სასწავლო მიზანი იყოს გაზომვადი“ („შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“, მარინა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი, 2018წ. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი). იმ სკოლებში, რომლებშიც წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს, ვფიქრობ, უპრიანია დავეყრდნოთ განმავითარებელ შეფასებას, თუმცა ხანგრძლივი დროით დისტანციურ სწავლებას მხოლოდ ერთი ტიპის შეფასებას ვერ მოვარგებთ. განსაკუთრებით მტიკვნეულია იმ მოსწავლეთა მდგომარეობა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ვერ ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში. ამ შემთხვევაში, მასწავლებლის კეთილი ნება მნიშნელოვანია, მაგრამ მთავარი სიტყვა სახელმწიფომ უნდა თქვას.
ბოლოს კი მინდა გითხრათ, რომ შეფასებასთან დაკავშირებული სირთულეების დასაძლევად, უპირველესად, საჭიროა კეთილგანწყობილი გარემო, რომლის შექმნაც, უპირობოდ, მასწავლებელს ევალება. თუ დაცულობის განცდა არ ახლავს სასწავლო პროცესს, იქ შეფასებაც რთულია.